საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალაჭრელიძეს ესაუბრა.
- ბატონო ალექსანდრე, რადგან მას შემდეგ, რაც ოპოზიცია პარლამენტში შევიდა და საშინაო პოლიტიკამ ქუჩიდან პარლამენტის შენობაში გადაინაცვლა, თუ ჩვენს საუბარს პარლამენტში მიმდინარე პროცესებით დავიწყებთ, ალბათ სწორიც იქნება.
გადაჭარბებული აღმოჩნდა მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 19 აპრილის შეთანხმების რეალიზაციაზე ზრუნვას ერთობლივად შეეცდებოდნენ.
მხარეები ვერ შეთანხმდნენ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიის ერთობლივ კანონპროექტზე და ხელისუფლების მიერ შემუშავებულ კანონპროექტს კენჭი უკვე ორჯერ ისე ეყარა, რომ მასში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.
ისეთი პირი უჩანს, რომ ასევე შეუსრულებელი დარჩება შეთანხმების მეორე პუნქტი, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში სერიოზული ცვლილებების შეტანას ეხებოდა. აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების რჩევების მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაელოდა ამ თემებზე პარლამენტში მსჯელობას და იუსტიციის საბჭოში 4 ახალი მოსამართლე შეიყვანა. გარდა ამისა, მათ პარლამენტს მათ მიერვე მოსამართლეებად წარდგენილი კანდიდატები დასამტკიცებლად წარუდგინეს.
რბილად რომ ვთქვათ, ამ სიტუაციით ყველაზე მეტად უხერხულ მდგომარეობაში ახლა ის დეპუტატები არიან ოპოზიციიდან, რომლებმაც პირველებმა მოაწერეს ხელი 19 აპრილის შეთანხმებას და პარლამენტში შევიდნენ. ცალკე საუბრის თემაა ის, რომ ამ შეთანხმებაზე ხელმოწერას „ნაციონალები“ არ აპირებენ.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმ პროცესს, რომელიც შეძლებისდაგვარად აღვწერე და სავარაუდოდ რას შეიძლება ნიშნავდეს იგი?
- თქვნ ერთმანეთთან, მართალია, დაკავშირებული, მაგრამ მაინც დამოუკიდებელი პროცესები აღწერეთ. ამიტომ გიპასუხებთ თანმიმდევრობით და შეძლებისდაგვარად, მოკლედ.
პირველი. პარლამენტებში უმრავლესობისა და ოპოზიციის ურთიერთადამოკიდებულება შეხმატკბილებული როდია. ამ თვალსაზრისით, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, იაპონიის პარლამენტი გამოირჩევა, სადაც დებატები ზოგჯერ მუშტი-კრივში გადადის.
ნორდული პარლამენტებისგან განსხვავებით, იტალიის, საბერძნეთის პარლამენტებში, ისრაელის ქნესეტში, დეპუტატები ხშირად ემოციებს ვერ იოკებენ და ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ. ამიტომ საქართველოს პარლამენტი არმაგედონი ნამდვილად არ არის.
ახლა ორიოდე სიტყვა კანონზე ამნისტიის შესახებ. მე შარლ მიშელის დოკუმენტი სამ ენაზე მაქვს წაკითხული და ამიტომ არა მგონია, რომ რომელიმე მისი ნიუანსი, რომელიც თარგმანის დროს იჩრდილება ხოლმე, გამომრჩენოდა.
შარლ მიშელის დოკუმენტის პათოსი მარტივია - მოდით, გადავფურცლოთ ისტორიის არც თუ ისე სასიამოვნო ფურცელი და, ინგლისელი ფილოსოფოსის ჯონ ლოკის ტერმინოლოგიას თუ ვიხმართ, ყველაფერი სუფთა დაფიდან დავიწყოთ.
შარლ მიშელის დოკუმენტის პათოსი მარტივია - მოდით, გადავფურცლოთ ისტორიის არც თუ ისე სასიამოვნო ფურცელი და, ინგლისელი ფილოსოფოსის ჯონ ლოკის ტერმინოლოგიას თუ ვიხმართ, ყველაფერი სუფთა დაფიდან დავიწყოთ
ამ თვალსაზრისით, როგორც, თუ არ მეშლება, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ კონცეფცია უფრო თანმიმდევრულია - თუ ამნისტიაა, იგი ყველას უნდა შეეხეოს. ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება.
მიკერძოვებულობაში ნუ ჩამითვლით, მაგრამ ის, რასაც 20 ივნისს ტელეეკრანიდან ვიხილე, იყო პარლამენტის შტურმი და რევოლუციის მცდელობა. თუ კაპიტოლიუმის შტურმით აღება არ შეიძლება და ყველა ამ გადატრიალების მცდელობის მონაწილე უნდა დაისაჯოს, მაშინ რატომ არის დასაშვები ქართულ პარლამენტში ქუჩიდან შეჭრა?
ოპოზიციის კანონპროექტში კი მსოფლმხედველურად მარტივი რეალობები გადატრიალებულია - შტურმის მონაწილენი გმირები არიან, ნიკა მელიას თაოსნობით, ხოლო პოლიციელები - დამნაშავეები.
რასაკვირველია, მე არ მაქვს მხედველობაში დანაშაული პიროვნების წინააღმდეგ. აქ ყველაფერი ცალსახადაა. მაგრამ, იმასაც უნდა შევეჩვიოთ, რომ შავს შავი დავარქვათ და თეთრს თეთრი.
ახლა, იმის შესახებ, რაც ხდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მაპატიეთ, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ცოტა უნდა მაცალოთ.
ჩემი ღრმა რწმენით, თანაც ვენეციის კომისიის მგზნებარე ხელშეწყობით, ჩვენი სასამართლო სისტემის რეფორმა არასწორი მიმართულებით წარიმართა. ჯერ ყველა დონეზე სასამართლოები ოდიოზური ფიგურებისგან უნდა გაგვენთავისუფლებინა, შემდეგ კი სასამართლო სისტემისთვის სრული დამოუკიდებლობა მიგვენიჭებინა. მოხდა კი პირიქით.
ჩვენი სასამართლო სისტემის რეფორმა არასწორი მიმართულებით წარიმართა. ჯერ ყველა დონეზე სასამართლოები ოდიოზური ფიგურებისგან უნდა გაგვენთავისუფლებინა, შემდეგ კი სასამართლო სისტემისთვის სრული დამოუკიდებლობა მიგვენიჭებინა. მოხდა კი პირიქით
იმის სათქმელად, რომ აგერ, ნახეთ, საქართველოში სასამართლო რეფორმა წარმატებულია, ჩვენ პირდაპირ, ლუსტრაციის გარეშე, სასამართლო სისტემას საკონსტიტუციო დონეზე სრული დამოუკიდებლობა მივანიჭეთ.
შედეგად, იგი დღეს წარმოადგენს წინააღმდეგობრივ სტრუქტურულ კონგლომერატს, რომელიც მოიცავს ძალიან ზოგადი წესებით გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფს, სადაც არიან კეთილსინდისიერი, პროფესიონალი, ზნეობრივი ადამიანები და მჯერა, რომ ისინი უმრავლესობაში არიან, მაგრამ, რასაკვირველია, მათ გვერდით დგანან სხვა პიროვნებები, რომელთა სამოქმედო გეგმა თვიდგადარჩენის ინსტინქტს ეფუძნება. საუბედუროდ, ისინი მმართველ რგოლს დაეუფლნენ.
ამ ფონზე საქმე გვაქვს აშკარა პარადოქსთან. ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ მოდით, უზრუნველყავით ზეწოლა სისტემაზე, რომლის დამოუკიდებლობა კონსტიტუციით გარანტირებულია და აიძულეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომ მან შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნა. ეს კანონის უზენაესობის პრინციპის აშკარა დარღვევაა.
არსებულ სიტუაციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, წარმოიდგინეთ, დიპლომატიური კორპუსის მოწოდებები მსოფლმხედველურად, სტრატეგიულად და ტაქტიკურად მცდარია.
არსებულ სიტუაციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, წარმოიდგინეთ, დიპლომატიური კორპუსის მოწოდებები მსოფლმხედველურად, სტრატეგიულად და ტაქტიკურად მცდარია
მე ის კი არ უნდა მაინტერესებდეს, ჩინჩალაძე, მურუსიძე თუ ვინმე სხვა გაარჩევს ჩემ საქმეს, მე ის უნდა მაინტერესებდეს, რომ ვინც არ უნდა გაარჩიოს ჩემი საქმე, კეთილსინდისიერი მოსამართლე იქნება იგი თუ არა. მას სისტემურად არ მიეცეს უსამართლო და არაკანონიერი, ხშირად ეს ორი ცნება ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია გადაწყვეტილების მიღების საშუალება.
ხოლო თუ ის მაინც თავისას არ მოიშლის, უნდა არსებობდეს მოქნილი და ეფექტიანი კონტროლისა და არაკეთილსინდისიერი მოსამართლის დასჯის მექანიზმი.
სხათა შორის, ბატონ შარლ მიშელსა და მის აპარატს ეს ეგზისტენციური აუცილებლობა კარგად ჰქონდათ გააზრებული და რეფორმის პათოსი სწორედ აქითკენ წარმართა.
ამიტომ მოდით, კინკლაობაზე დროს ნუ ვკარგავთ, არა აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა რამდენ წევრს დანიშნავს პარლამენტი უზენაეს სასამართლოში. ჯობია მივეხმაროთ პარლამენტს ისეთი რეფორმა შეიმუშავოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოისპოს პროტექციონიზმის, პოლიტიკური ზეწოლის, კორუფციის შესაძლებლობა მოსამართლეთა პიროვნული თვისებების მიუხედავად.
ან კიდევ ყველა დონეზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემა დავაწესოთ, რაც, მერწმუნეთ, ცუდი გამოსავალი არ არის.
- ახლა როცა არჩევნებამდე სულ ნაკლები დრო რჩება, აქტუალური თემებია თუ რა ხდება ერთი მხრივ მმართველ გუნდში, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციაში. დავიწყოთ მმართველი გუნდით.
მას შემდეგ, რაც პრემიერმა გახარიამ თანამდებობა დატოვა და შემდეგ პოლიტიკურ მოედანზე თავისი გუნდით დაბრუნდა, პარლამენტში ოპოზიციის შესვლით მმართველი გუნდი თავს ისე კომფორტულად აღარ გრძნობს, როგორც მანამდე, შეიძლება ითქვას, რომ თუ „ქართულ ოცნებაში“ მთლიანად არა, მის ლიდერშიფში გაუგებარ მოძრაობებს ვადევნებთ თვალს.
რა ხდება მმართველ გუნდში? რატომ ჰქონდა მმართველი გუნდის ლიდერშიფს პოლიტიკურ სცენაზე გახარიას გამოჩენაზე მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება?
- პოლიტიკაში გახარიას მოსვლა მარტო მმართველ გუნდს კი არა, რადიკალურ ოპოზიციასაც არ ეპიტნავა. დიახ, მოსვლა, მე სწორი ტერმინი ვიხმარე, მოსვლა და არა დაბრუნება.
ბატონი გიორგი, მართალია, ბევრ სამთავრობო პოსტს იკავებდა, პრემიერ-მინისტრობის ჩათვლით, მაგრამ იგი ტექნოკრატული ფიგურაა და მისი ენერგია სახელმწიფო მართვას და არა პოლიტიკურ დებატებს ხმარდებოდა. იგი, მართალია, ოპოზიციას თავისი ჩვეული სიხისტით პასუხობდა, მაგრამ ეს უფრო თამაშის წესები იყო: ფეხბურთს ხელით ვერ ითამაშებთ.
პრემიერ-მინისტრის პოსტზე გახარიამ საკმაოდ დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა და ყველას ესმის, რომ ეს მისი პირადი ავტორიტეტია, როგორი პილიტიკური განცხადებებიც არ უნდა კეთდებოდეს ორივე მხრიდან. ძალიან მომწონს, რომ ის ნაკლებად პასუხობს კრიტიკას, რომელიც ხშირად პარადოქსულად კომიკურია.
ეხლა, „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაცმოძრაობასაც“ ჰყავს თავისი ერთგული ამომრჩევლები, მაგრამ მათი მხარდაჭერა არჩევნების მოსაგებად არასაკმარისია. ბატონმა გიორგიმ კი უთხრა როგორც მმართველ პარტიას, ისე რადიკალურ ოპოზიციას, მისივე ტერმინოლოგიას თუ ვიხმართ, „ქართლ ჯიგრულ პონტში“, აბა, პაწა ჩააიწიეთ, თქვენ მარცხნივ, თქვენ კი მარჯვნივ, შუაში მე უნდა ჩავდგე.
ბატონი გიორგის ძირითადი რესურსია მმართველი ძალისა და რადიკალური ოპოზიციის მიმართ ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩეველთა ის 50%, რომელიც ბოლო არჩევნებზე არ დადიოდა, მაინც არაფერი შეიცვლებაო.
ბატონი გიორგის ძირითადი რესურსია მმართველი ძალისა და რადიკალური ოპოზიციის მიმართ ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩეველთა ის 50%, რომელიც ბოლო არჩევნებზე არ დადიოდა, მაინც არაფერი შეიცვლებაო
რასაკვირველია, ბატონი გიორგის პოლიტიკაში მოსვლა მეტად არასასიამოვნო სიურპრიზია ორივე ერთმანეთის მიმართ რადიკალურად განწყობილი ფრთისთვის - იქმნება ის ცენტრი, რომელმაც ჩვენი საზოგადოება უნდა გააჯანსაღოს.
ახლა თქვენ კითხვას ვუბრუნდები - რასაკვირველია, მე არავითარი ინფორმაცია არა მაქვს, რა ხდება მმართველი გუნდის წიაღში და, მართალი გითხრათ არ მაინტერესებს. ჩვენ სამომავლოდ მოვლენებს და არა მათ გამომწვევ წინაპირობებს გავაანალიზებთ. მაგრამ „ანტიგახარიული“ სტრატეგია ჯერ კიდევ შემუშავებული არ არის. შესაძლებელია როგორც ტაქტიკის, ასევე ამ ტაქტიკის განმხორციელებელი პიროვნებების გადახედვა მოხდეს. ვნახოთ, მომავალი გვჩვენებს.
ისე, ხუმრობით, „ქართული ოცნების“ წონასწორობიდან გამოსვლის მიზეზებს კარგად ვხედავ - რვა წელი ვებრძოდით „ნაცმოძრაობას“, უკვე თითქმის ბეჭებზე დავაგდეთ და არ გამოგვიხტა ახალი თავსატეხი?
- „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გახარიას უამრავი ბრალდებები წაუყენეს. გახარიამ პროკურატურას წერილობით მიმართა და ბრალდებების გამოძიება მოითხოვა, მაგრამ ეს ჯერ არ ხდება.
გაქვთ მოლოდინი, რომ პროკურატურა გახარიას წინააღმდეგ კობახიძე-მდინარაძისა და სხვების ბრალდებებზე გამოძიებას დაიწყებს და შედეგებს არჩევნებამდე დადებს?
- მოდით, ზუსტნი ვიყოთ ყველაფერში. პროკურატურას გახარიამ კი არა, მისმა ახლად დაფუძნებულმა პარტიამ მიმართა. თქვენ კითხვას კი რომ ვუპასუხო, მოდით, მარტივად გავერკვეთ, რასთან გვაქვს საქმე.
ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა ლიდერის დემარში წინდაუხედავი იყო, სულსწრაფობამ წაძლია, რაც პოლიტიკაში დაუშვებელია. „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მე მოკლედ ვისაუბრე იმაზე, თუ რა ედო საფუძვლად გიორგი გახარიას გადადგომას. ახლა ამაზე არ შევჩერდები, ამას ამ მომენტში მნიშვნელობაც არა აქვს. ამის მაგივრად კი მოკლედ ჩამოთვალოთ, თუ როგორ განვითარდა ბოლოდროინდელი მოვლენები.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდა ლიდერის დემარში წინდაუხედავი იყო, სულსწრაფობამ წაძლია, რაც პოლიტიკაში დაუშვებელია
მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა გიორგი გახარიამ ახალი პარტია დააფუძნა, ირაკლი კობახიძემ იგი „ნაცმოძრაობასთან“ და პირადად მიხეილ სააკაშვილთან კავშირში დაადანაშაულა. ამ დასკვნამდე იგი, მისივე სიტყვებით, ლოგიკური მსჯელობის შედეგად მივიდა.
მან თქვა - გიორგი გახარიამ მოითხოვა ნიკა მელიას დაკავების ორი დღით გადადება. ეს მიუღებელი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ ვინაიდან მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამ ორ დღეში ჩამოყალიბდებოდა ალტერნატიული მთავრობა, ოციოდე ძალოვანი მიხეილ სააკაშვილის მხარეს გადავიდოდა, ხოლო ეს უკანასკნელი სარფის საბაჟოდან შტურმით შეაღწევდა საქართველოში.
რა მოხდა სინამდვილეში - პირველი, ნიკა მელიას დაკავება ორი კი არა, ექვსი დღის შემდეგ მოხდა, მეორე, გიორგი გახარიას გადადგომამ შექმნა სამთავრობო კრიზისი და მთავრობა რამდენიმე დღით პრემიერ მინისტრის გარეშე დარჩა. ანუ შეიქმნა იდეალური სიტუაცია ირაკლი კობახიძის მიერ ჩამოთვლილი ქმედებების განსახორციელებლად.
რეალურად როგორ განვითარდა მოვლენები - ალტერნატიული მთავრობა არ შექმნილა, ძალოვანი სტრუქტურების არც ერთმა წარმომადგენელმა თავის ფიცს არ უღალატა, მიხეილ სააკაშვილი კი სადაც იყო, დღესაც იქ არის.
ასეთ ვითარებაში, რას გააკეთებს პროკურატურა, გიორგი გახარიისთვის აბსოლუტურად სულერთია. მოვლენები სამი სცენარით შეიძლება განვითარდეს: 1) პროკურატურა უმოქმედოდ დარჩება: 2) პროკურატურა გახარიას წინააღმდეგ თავიდანვე განწირულ საქმეს აღძრავს; 3) პროკურატურა დაამტკიცებს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა. მიხვდებით, რომ სამივე სიტუაციაში გამარჯვებული მხოლოდ გიორგი გახარიაა.
ახლა თქვენ წინა კითხვას დავუბრუნდები - გამოცდილ პოლიტიკოსს აუცილებლად ეს მარტივი რეალობები უნდა გაეანალიზებინა და მხოლოდ ამის შემდეგ გაეკეთებინა პოლიტიკური განცხადებები.
მმართველ პარტიაში, ალბათ, მიხვდნენ, რომ გახარიასთან მიმართებაში დიდი პოლიტიკური შეცდომა იყო დაშვებული. აბა, სულ მთლიანად უნიათონი ხომ არ არიან. ამიტომ მე პარტიის წიაღში საკადრო ცვლილებებს არ გამოვრიცხავდი.
მმართველ პარტიაში, ალბათ, მიხვდნენ, რომ გახარიასთან მიმართებაში დიდი პოლიტიკური შეცდომა იყო დაშვებული. აბა, სულ მთლიანად უნიათონი ხომ არ არიან. ამიტომ მე პარტიის წიაღში საკადრო ცვლილებებს არ გამოვრიცხავდი
- ვხედავთ, რომ პარლამენტში შესვლამდე და პარლამენტში შესვლის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ სტრატეგია არ შეცვლილა.
ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობა“ მანამდეც ცდილობდა და ახლაც ცდილობს მთელი ოპოზიციური ფლანგის გაერთიანებას, მაგრამ მათ გარეშე ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლამ გვანახა, რომ ახლა მათ ამის გაკეთება კიდევ უფრო გაუჭირდებათ.
ვხედავთ მცდელობებს, რომ ნიკა მელია აღმოჩნდეს მთელი ოპოზიციის გამაერთიანებელი. როგორც ჩანს, მოახლოებული არჩევნების წინ ეს იქნება „ნაცმოძრაობის“ სტრატეგია. რა შანსები აქვს ნიკა მელიას და „ნაცმოძრაობას“ რომ შემოდგომის არჩევნებზე შეძლონ მთელი ოპოზიციური სპექტრის მათ გარშემო გაერთიანება?
- არავითარი. წინა ინტერვიუში, თუ არ მეშლება, უკვე ამის შესახებ მოგახსენეთ. „ნაცმოძრაობას“ კი, ახალი იდეების სრული არარსებობის პირობებში, პარტიის ტაქტიკა და სტრატეგია ერთმანეთში აერია.
ჩვენ პარტიის ფორმალური თუ არაფორმალური ლიდერებისგან ვისმენთ უკვე ხავსმოკიდებულ, იგივე უცვლელი სიტყვებით გამოხატულ სენტენციებს - ნიკა მელია იმუქრება, რომ ყურებით გამოათრევს მმართველ პარტიას პარლამენტიდან, სხვანი, ვინც ბიჭობას იფიციბდნენ, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, ახლა გაუწითლებლად კონფორტულად სხედან საპარლამენტო სავარძლებში და ასე შემდეგ.
„ნაცმოძრაობა“ თავისი ექსტრემისტული რიტორიკის მძევალია და ახლა, როცა ნაბიჯ-ნაბიჯ უკან დახევა უწევს, იგი ყოველდღიურად რეიტინგს კარგავს. მეტიც, მათ ინტელექტუალური პოტენციალი ხელიდან ეცლება.
„ნაცმოძრაობა“ თავისი ექსტრემისტული რიტორიკის მძევალია და ახლა, როცა ნაბიჯ-ნაბიჯ უკან დახევა უწევს, იგი ყოველდღიურად რეიტინგს კარგავს. მეტიც, მათ ინტელექტუალური პოტენციალი ხელიდან ეცლება
ოპოზიციაში კი მრავლადაა საკმაოდ ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო „ნაცმოძრაობასთან“ და ისინი ნიკა მელიას ხელში ატაცებულ ალამს არ გაყვებიან. ძალიან კარგად იცით, ვინ მყავს მხედველობაში.
- 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერ ოპოზიციონერებს, რომლებიც პარლამენტში „ნაცმოძრაობაზე“ ადრე შევიდნენ ახლა ორი ფრაქცია აქვთ. ერთი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბაზაზეა შექმნილი, ხოლო მეორე „ლელოს“
ორივე ძალა საკმაოდ კრიტიკულადაა განწყობილი როგორც „ქართული ოცნების“, ისე ნაციონალების“ მიმართ და ამას საჯარო სივრცეში აფიქსირებს. ფაქტია, რომ სხვადასხვა მიზეზთა გამო მათი ერთიან ძალად გაერთიანება ძნელად წარმოსადგენია.
რა შანსები აქვთ ამ, ან სხვა პოლიტიკურ ძალებს შემოდგომის არჩევნებზე აღმოჩდნენ მესამე პოლიტიკური ძალა, რომელსაც, როგორც ყველა კვლევა ადასტურებს, ასე მოუთმენლად ელოდება ამომრჩეველი?
- მე ფსონს უფრო გიორგი გახარიაზე დავდებდი. მაგრამ პოლიტიკური რეალობის ყველაზე მნიშვნელოვანი იმპერატივი შემდეგში მესახება. თუ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რისი ალბათობა ახლა რეალურია, ან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ჩემი აზრით, ვერც ერთი პარტია გადამწყვეტ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს.
ამიტომ კოალიციის აუცილებლობა შეიქმნება. რატომღაც მეჩვენება, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც კოალიციის შექმნის უპირობო მზადყოფნას გამოხატავს, ქართველი ამომრჩევლის გულს მოიგებს. ჩვენ ხომ ასე მოგვბეზრდა აბსოლუტურად უნაყოფო კონფრონტაცია.
რატომღაც მეჩვენება, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც კოალიციის შექმნის უპირობო მზადყოფნას გამოხატავს, ქართველი ამომრჩევლის გულს მოიგებს
ამ თვალსაზრისით, ისევ გიორგი გახარია ჯერ-ჯერობით მარათონის ლიდერია, ვინაიდან იგი კოალიციას არც ერთ ძალასთან არ გამორიცხავს. ჩემი აზრით, რაც მეტს აგინებენ ოპოზიციონერები გიორგი გახარიას, მით მეტ ამომრჩეველს დაკარგავენ. ჩვენ ერთობა გვსურს.
- რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება მტკიცება, რომ თუ ოპოზიციამ არჩევნებამდე ასე გააგრძელა პოლიტიკურ ველზე აქტიურობა, შემოდგომის არჩევნებზე გამარჯვებული ისევ „ქართული ოცნება“ დარჩება?
- ისე ამბობთ ოპოზიცია, თითქოს ერთიანი ძალა იყოს. ოპოზიციურ ფრთაზე დიდია განსხავავებები, წინააღმდეგობები და ლიდერობისთვის პაექრობა. ის პოლიტიკური სუბიექტები, ვინც სწორ სტრატეგიას აირჩევს, ალბათ, ბევრი ამომრჩევლის გულს მოიგებს.
თქვენ კითხვაში კი გიორგი გახარიას ფაქტორი დაგავიწყდათ. ის, ჩემი აზრით, დამოუკიდებელ პოლიტიკას გაატარებს და სხვა პარტიებთან კოალიციის შესახებ მხოლოდ არჩევნების შემდეგ, არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, დაიწყებს მოლაპარაკებებს. რაც რაციონალურია. ასე, რომ ბურთი მრგვალია და შედეგი მხოლოდ მსაჯის სასტვენით ფიქსირდება.
- რადგან თქვენთან ეკონომიკურ საკითხებზე საუბარი ყოველთვის საინტერესოა, ახლაც მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მხოლოდ ერთ ეკონომიკურ თემაზე გავამახვილო თქვენი ყურადღება.
გასულ კვირას გახდა ცნობილი, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ მიმდინარე წლის პირველი კვარტალი 54, მილიონ 381 ათასი ლარის ზარალით დაასრულა. მეტიც, ამ თემებით დაინტერესებული ექსპერტების მტკიცებით, ბოლო წლებში „საქართველოს რკინიგზის“ ზარალი 1 მილიარდ ლარზე მეტს აჭარბებს.
არადა, „საქართველოს რკინიგზა“ სარკინიგზო გადაზიდვებში ლამის მონოპოლისტია და გაუგებარია, როგორ ახერხებენ იმას, რომ კვარტლებსა და წლებს ზარალით ასრულებს.
თუ ამას, იმასაც დავუმატებთ, რომ თურმე „საქართველოს რკინიგზა“ აუდიტსაც არ უშვებს შესამოწმებლად, სურათი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდება. რა ხდება „საქართველოს რკინიგზაზე“? „საქართველოს რკინიგზას“ გასასხვისებლად ხომ არ ამზადებენ? თუ კი, მყიდველი ვინ შეიძლება იყოს?
- გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ყველაფერი ასეა და ასეც არ არის. „საქართველოს რკინიგზის“ ზარალი, ძირითადად, კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული ლოქდაუნითაა გაპირობებული. მაგრამ კომპანიას დიდი პოტენციალი აქვს, რაზეც მოწმობს მისი წარმატებული აქტივობა ლონდონის ბირჟაზე, სადაც, მოგეხსენებათ, წაგებულ და წამგებიან მოთამაშეებს არ გუობენ. სახელმწიფომ კი თავისი ურთიერთობა მის მიერ დაფუძნებულ კომპანიასთან თვითონ გაარკვიოს.
ვიხელთებ დროს და გეტყვით, რომ ნორმალურ ქვეყნებში ბუნებრივი მონოპოლიების მმართველი კომპანიები, როგორც წესი, ღია ტიპის სამოქალაქო სააქციო საზოგადოებებია, სადაც აქციონერები მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეები არიან.
ვიხელთებ დროს და გეტყვით, რომ ნორმალურ ქვეყნებში ბუნებრივი მონოპოლიების მმართველი კომპანიები, როგორც წესი, ღია ტიპის სამოქალაქო სააქციო საზოგადოებებია, სადაც აქციონერები მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეები არიან
დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ საზოგადოებებად უნდა გადაიქცეს „საქართველოს რკინიგზა“, საქართველოს ენერგოსისტემა, „ჯორჯიან უოტერ ენდ პოუერი“, „თბილისი ენერჯი“, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ენერგოპროჯორგია და მრავალი სხვა.
- ბაიდენ-პუტინის ჟენევაში გამართული შეხვედრა დასრულდა, მაგრამ მის სავარაუდო შედეგებზე არ წყდება მსჯელობა და კამათი როგორც ამერიკულ, ისე რუსულ, ევროპულ და თუნდაც ქართულ მედიაში.
სავარაუდო შედეგების თვალსაზრისით თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ბაიდენ-პუტინის შეხვედრამ?
- რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ნებისმიერი ქვეყნის მასმედიამ, ჩვენ ამ შეხვედრის შესახებ არაფერი ვიცით. შეხვედრა დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა, ხოლო ზოგადი სიტყვებით შემოფარგლული პრეს-კონფერენციები - რამდენიმე წუთს.
შეხვედრის ძირითადი შედეგები გასაიდუმლოებულია და მათ შესახებ, თუ არ მოხდა ინფორმაციის გაჟონვა და ასეთი ინფორმაციის მოპოვების დიდოსტატები ამერიკული მედიაჰოლდინგებია, ჩვენ შედეგების შესახებ მხოლოდ რამდენიმე თვეში შეგვეძლება ვისაუბროთ.
ბაიდენ-პუტინის შეხვედრის შედეგებზე ჩვენ მხოლოდ რამდენიმე თვეში შეგვეძლება ვისაუბროთ
დღეს ჩვენ ვიცით მხოლოდ რამდენიმე ფაქტი - პუტინი და ლავროვი შეხვედრის წინ ძალიან დაძაბულები იყვნენ, ბაიდენი და ბლინკენი - კი მშვიდები და თვითდაჯერებულები.
მეორე. პუტინს შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკები გაყვნენ, ბაიდენს კი - აშშ-ს დაზვერვის მაღალჩინოსნები.
მესამე. ბაიდენი შეხვედრაში G7-სა და ნატოს სამიტების შემდეგ მიიღო მონაწილეობა. ამ სამიტებზე მოხდა, ვიტყოდი, ურთიერთობების ისტორიული აღდგენა და ერთობლივ სტრატეგიასა და ქმედებებზე შეთანხმება.
და მეოთხე. ორი თვის წინ თეთრმა სახლმა გამოქვეყნდა აშშ-ს სტრატეგია პანდემიის დამარცხების შემდეგ. იქ ლაპარაკია ერთგული პარტნიორების უპირობო მხარდაჭერაზე დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ვფიქრობ, რომ ბაიდენი ამ პრინციპების ერთგულია და პუტინთან საუბარი ამ თვალთახედვით მიმდინარეობდა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი