ბოლნისში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა - შენახვა - ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქალაქ ბოლნისში მიმდინარე წლის 19 ივნისს, მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, 1991 წელს დაბადებული ი.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა - ტარების ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისში მომხდარი დაპირისპირებისას, რა დროსაც 1 პირი სასიკვდილოდ დაიჭრა, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ი.ჩ.-ც, რომელსაც თან ჰქონდა სამართალდამცველების მიერ ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა - ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს ," - ნათქვამია ინფორმაციაში.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.