ლევან იოსელიანის განცხადებით, პარტიები თანხმდებიან ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე, რაც საარჩევნო კომისიების ფორმირებას და თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესს უკავშირდება

„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე, რაც საარჩევნო კომისიების ფორმირებას და თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესს უკავშირდება, განხილვა კი მხოლოდ დეტალებზე მიმდინარეობს.

როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმ საკითხების გამო, რაზეც აზრთა სხვადასხვაობაა, პროექტის მიღებას საფრთხე არ დაემუქრება.

„ვენეციის კომისიის რეკომენდაციები განვიხილეთ დეტალურად და პრინციპში არ არის საკითხი, რომელზეც ოპოზიციის და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ვერ შევთანხმდით. ვფიქრობ, მეორე მოსმენაზე და კომიტეტზეც ყველა საკითხზე გვექნება შეჯერებული პოზიცია. ხელში მიჭირავს ორი განსხვავებული ბიულეტენი, როგორიც შეიძლება საპილოტე ვერსია იყოს.

ასეთ დეტალებზე მიდის საუბარი. ზოგი პოლიტიკური პარტიისთვის ერთი ბიულეტენია მისაღები, ზოგისთვის მეორე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, შევთანხმდებით და ეს არაა ის საკითხები, რის გამოც შეიძლება ამ პროექტის ჩაგდებას საფრთხე დაემუქროს. მთავარი არის ის, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე, რაც დაკავშირებულია კომისიების ფორმირებასთან და თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესთან, არსებობს შეთანხმება. მთავარი, რასაც ვენეციის კომისია ამბობს, ისაა, რომ თუ პოლიტიკურ პარტიები შევთანხმდებით რამეზე, თუნდაც ეს მათ რეკომენდაციას არ ემთხვეოდეს, ეს მათთვის მისაღებია. მთავარია, ჩვენი ქვეყნის შიგნით რაზე ვთანხმდებით“, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, იაგო ხვიჩია, ლევან იოსელიანი, პაატა მანჯგალაძე, ანა ნაცვლიშვილი, ასევე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე.

კონსულტაციის მთავარი თემა საარჩევნო კოდექსზე ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციები იყო.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი