ესპანეთში დაკავებული ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

ესპანეთში დაკავებული ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

ესპანეთში დაკავებული ქართველი მეზღვაურები ნუკრი გოგიტიძე, სულიკო ბერიძე, დანიელ ცეცხლაძე და ლაშა ცეცხლაძე დახმარებას ითხოვენ.

მეზღვაურების ოჯახის წევრებმა მიმართვა „ლელოს“ აჭარის ორგანიზაციიდან გააკეთეს.

ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ და საკუთარი მოქალაქეების დაცვას სთხოვენ.

ოჯახის წევრების განცხადებით, ქართველი მეზღვაურები რამდენიმე თვეა უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან. მათი განცხადებით, მეზღვაურების დამსაქმებელი თურქული კომპანიის მხრიდან დაკავებულებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ ზეწოლა მიმდინარეობს.

„ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, აუცილებელია დაკავებული მეზღვაურების საქმეში საქართველოს მთავრობის აქტიური ჩართვა, რომლებიც პრაქტიკულად ესპანეთში არიან უპატრონოდ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 4 თებერვალს ესპანელმა სამართალდამცავებმა მათ ტერიტორიულ წყლებში მცურავი გემი დააკავეს, რომელზეც 3 ტონა კოკაინი აღმოჩნდა. ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრები ამასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ კოკაინის შესახებ მეზღვაურებს ინფორმაცია არ ჰქონდათ და ისინი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ.