ეს საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების პურ-ფუნთუშეულის საწარმო იქნება, რომელიც როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონულ დონეზე მომხმარებლებს მრავალფეროვან ასორტიმენტს შესთავაზებს.
აღსანიშნავია, რომ საწარმო ერთგვარი რეგიონული ჰაბი გახდება „მაკდონალდსის“ ქსელის რესტორნებისთვის, რადგან 2022 წლიდან „ბრედილდში“ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გავა.
„ბრედფილდის“ ინვესტიციის მოცულობა 26 მილიონ ლარს შეადგენს და მასში დასაწყისისთვის 30, ხოლო უახლოეს მომავალში, წარმოების გაფართოებასთან ერთად, 100 ადამიანი დასაქმდება.
„მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტმა, თემურ ჭყონიამ მედიის წარმომადგენლებს დღეს საწარმო დაათვალიერებინა და როგორც წარმოების პროცესი, ასევე კომპანიის სამომავლო გეგმები გააცნო.
მისი განცხადებით, „ბრედფილდი“ საკუთარი პროდუქციით ქსელის 18 ადგილობრივ რესტორანს მოამარაგებს. გარდა ამისა, თემურ ჭყონიამ კვალიფიციური კადრების მოზიდვაზე უსაუბრა და განმარტა, რომ კომპანია ადგილობრივი კადრების გადამზადებას, მათ ხელშეწყობასა და მცირე ბიზნესის მხარდაჭერას გეგმავს.
„ახალი საწარმოს ინვესტიციის მოცულობა 26 მილიონი ლარია, რომელიც 60 მილიონ საექსპორტო პროდუქციაზეა გათვლილი. საწარმო მეოთხეა ევროპაში, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგითაა აღჭურვილი და იმ ხარისხის მიღება შეგვიძლია, რასაც ჩვენგან ერთგული მომხმარებელი ასე ელოდება. ჩვენ მიერ მიღებული პროდუქცია უმაღლეს ხარისხს პასუხობს. ახლა ექსპორტსაც დავიწყებთ.
ახლახან აეროპორტის გზაზე აუქციონი მოვიგეთ. ეს იქნება მეცხრამეტე რესტორანი. თითოეულ რესტორანს მინიმუმ ერთი მილიონი შეაქვს ბიუჯეტში. მარტო „მაკდონალდსიდან“ ჩვენი შენატანი ბიუჯეტში წელიწადში 18 მილიონი ლარია, საერთოდ ჩვენს ჯგუფს შეაქვს დაახლოებით 98 მილიონ ლარამდე.
მთავარია, ტექნოლოგიები და ჭკვიანი ადამიანები იყოს ბევრი, მაშინ არის სახელმწიფო მდიდარი. დღეს ტექნოლოგიური ხაზების მომსახურე პერსონალის ყველაზე დიდი დეფიციტია. თუ ადამიანები სწორ ტრენინგს გაივლიან, ჩვენ ამაში ხელს შევუწყობთ ახალგაზრდებს, პროფესიული სასწავლების სტუდენტებს და მათ მივცემთ შესაძლებლობას, ანალოგიურ საწარმოებში მაღალანაზღაურებადი სამსახური მიიღონ“,-განაცხადა ჭყონიამ.
(R)