ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2021

როდის შეძლებენ “ასტრაზენეკას” მეორე დოზით აცრას მოქალაქეები

“ამ 6-მა თვემ რაღაც ხომ უნდა ასწავლოს ჩვენს ოპოზიციას” - ვახტანგ ძაბირაძე

გერმანიაში ლეგალურად დასაქმებული ქართველები სასწრაფოდ სამშობლოში მოემგზავრებიან და სასამართლოში ჩივილს იწყებენ

* * *

როდის შეძლებენ “ასტრაზენეკას” მეორე დოზით აცრას მოქალაქეები

“კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების მოხსნას ქვეყანა ვაქცინების დეფიციტით ხვდება - 22 ივნისის მონაცემებით, საქართველოში, 5000-მდე მოქალაქეს “ასტრაზენეკას” ვაქცინის მიღების პრობლემა შეექმნა - ამათგან უმეტესობა მეორე დოზას ელოდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, დაზარალებულთათვის ვაქცინაცია ავტომატურად უნდა გადადებულიყო, რასთან დაკავშირებითაც ჯანდაცვის სამინისტრომ განმარტება გააკეთა, რომ ეს ლოჯისტიკური ხარვეზი იყო და უწყება ამას საფუძვლიანად შეისწავლის. ასტრაზენეკას ვაქცინის მოწოდების შეფერხების გამო, თქვენი ჯავშანი გადადებულია. ახალ თარიღთან დაკავშირებით მოგაწოდებთ დამატებით ინფორმაციას. ბოდიშს გიხდით უხერხულობის შექმნისთვის - ამ შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება ასობით მოქალაქემ მიიღო, ვინც „ასტრაზენეკას” მეორე დოზით უახლოეს დღეებში უნდა აცრილიყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როდის შეძლებენ “ასტრაზენეკას” მეორე დოზით აცრას მოქალაქეები / “როცა ადამიანს ეუბნები, რომ მეორე აცრა ზუსტად ამ რიცხვში უნდა გაგიკეთოთ, ის უნდა გადადებულიყო, შენახულიყო, ეს თავიდანვე გათვლილი უნდა იყოს”.

“ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის თქმით, “კოვაქს პლატფორმიდან” შესყიდული “ასტრაზენეკას” ვაქცინის მოწოდებაში შექმნილი დროებითი შეფერხების გამო, ვერ ხორციელდება ვაქცინის პირველ დოზაზე და მეორე დოზაზე რეგისტირებული მოქალაქეების აცრა მათ მიერ განსაზღვრულ თარიღში. ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა აცრა “ასტრაზენეკას” ვაქცინით უახლოეს პერიოდში მიეცემათ აცრის ჩატარების შესაძლებლობა. “მოგეხსენებათ, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინა ქვეყანაში ორჯერ შემოვიდა, 43 000-43 000 დოზა, ანუ ერთად 86 600-მდე. პირველად შემოვიდა 13 მარტს, მეორე აპრილის შუა რიცხვებში და მესამედ უნდა შემოსულიყო მაისის შუა რიცხვებში - ეს იყო “კოვაქსით” შესყიდული ვაქცინა. შედეგ მოწოდების ეს ვადა გადავიდა ივნისზე, ჯერ ივნისის დასაწყისში და შემდეგ დადასტურება იყო, რომ მოგვეწოდებოდა 22 ივნისს, გამთენიისას. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მოწოდებაში არის სერიოზული შეფერხება, რომელიც დაკავშირებულია ბევრ ფაქტორთან, რომელსაც ახლა არ ჩავუღრმავდები, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ვერ მოხდა მოწოდება. ამიტომ, ჩვენ შეგვექმნა „ასტრაზენეკას" დაახლოებით 4 000-დან 5 000-მდე ვაქცინის დეფიციტი”, - განაცხადა გამყრელიძემ, რომლის განმარტებით, “ასტაზენეკა” არის ვექტორზე დაფუძნებული ვაქცინა, რომელიც კეთდება ორჯერადად და ის კეთდება ინსტრუქციის მიხედვით 4-დან 12 კვირის შუალედში. ანუ მეორე რევაქცინაცია შეიძლება ჩატარდეს 4-დან 12 კვირამდე”, - აღნიშნავს გამოცემა.

გაყრელიძე დასძენს, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინის დეფიციტი ძირითადად რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში და ე.წ. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში შეიქმნა. ყველაზე მეტ აცრებს ორი წამყვანი კლინიკა - რესპუბლიკური და ხეჩინაშვილის კლინიკები ახორცილებენ. “ამ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს, იმიტომ, რომ არ დავმალავ და გარკვეული ლოჯისტიკური ნაკლოვანებებია, ამ პასუხისმგებლობას იზიარებს დაავადებათა კონტროლის ცენტრიც, მაგრამ ეს არ არის ის, რომ ადამიანის ჯანმრთელობას მიადგეს ზიანი”, ამბობს გამყრელიძე. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, “ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა აცრა “ასტრაზენეკას” ვაქცინით უახლოეს პერიოდში მიეცემათ აცრის ჩატარების შესაძლებლობა, რაზეც დამატებით გაკეთდება განცხადება. ამასთან, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაჯავშნილი ჰქონდა რევაქცინაცია პირველი დოზაიდან 10-12 კვირის პერიოდში შეფერხების გარეშე შეძლებენ აცრას მათ მიერ შერჩეულ თარიღში”... გამყრელიძის თქმით, “ცენტრი კიდევ ერთხელ იხდის ბოდიშს შექმნილი უხერხულობისთვის”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით კი, სამინისტრომ “ასტრაზენეკას” განაწილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების საფუძვლიანი შესწავლა დაიწყო. “ამ შემთხვევაში ლოჯისტიკის ნაწილში ჩართულია დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მიმღები კლინიკა, რომელიც აწარმოებს ვაქცინაციის პროცესს და ბუნებრივია, ის ითხოვს ვაქცინების იმ რაოდენობას, რომელიც სჭირდება რეგისტრირებული მოქალაქეების ასაცრელად და ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები. ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ამ შემთხვევის საფუძვლიანი შესწავლა, რომ გამოიკვეთოს, რა ეტაპზე გვქონდა შეცდომა თუ ხარვეზი, რადგან დაუშვებელია ისეთი მასშტაბური ვაქცინაციის პირობებში, რომელსაც ჩვენ ივლისიდან დავიწყებთ, როდესაც ვაქცინების ასეთი დიდი რაოდენობა ქვეყანაში შემოვა და მას შესაბამისი ადმინისტრირება სჭირდება, მსგავსი ლოჯისტიკური შეცდომები რომ კიდევ განმეორდეს”, - თქვა გაბუნიამ, რომლის განცხადებით, “ამ საკითხს სამინისტრო ძალიან სერიოზულად შეისწავლის და შესაფერისი რეაგირებაც ექნება ადმინისტრაციულ დონეზე”, - დასძენს გამოცემა.

“პირველ რიგში, უნდა გამოიკვეთოს რა ეტაპზე აღმოცენდა ლოჯისტიკური ხარვეზი და რა სახის პასუხისმგებლობას უკავშირდება ეს ხარვეზი. შემდეგ რეაგირებაც იქნება შესაბამისი. სრულიად გამოვრიცხავ იმას, რომ ადამიანს, რომელსაც სჭირდება ვაქცინაცია, მას შეექმნება ამის პრობლემა. აუცილებლად, ინდივიდუალურად, თითოეულ მოქალაქესთან იმუშავებენ ჩვენი სამსახურის ოპერატორები, რომ შეატყობინონ მათ ვაქცინაციის შეცვლილი თარიღი, მიიღებენ შეტყობინებასაც და ინდივიდუალურადაც მოვიწვევთ”,- აღნიშნა გაბუნიამ. კითხვაზე კონკრეტულად როდის შეძლებენ “ასტრაზენეკას” მეორე დოზაზე რეგისტრირებული მოქალაქეები ვაქცინაციას “რეზონანსს” ჯანდაცვის სამინისტროში ეს პასუხი გაგვცეს, რომ “ვაქცინების მილიონი დოზა ორ კვირაში ჩამოვა”, თუმცა, რომელი ვაქცინა შემოვა და კონკრეტულად რა რიცხვში, ამბობენ, რომ ეს დაზუსტდება”, - წერს სტატიის ავტორი.

“პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ ვაქცინის მილიონი დოზა ორ კვირაში შემოვა, რომელი ვაქცინა შემოვა და როდის, ეს დაზუსტდება და ამასთან დაკავშირებით გვექნება კომუნიკაცია. “ამირან გამყრელიძემაც და მინისტრის მოადგილემაც განმარტა, რომ ლოჯისტიკური ხარვეზი იყო და მაგის გამო შეიქმნა პრობლემა”, - განგვიცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში. როგორც ეპიდემიოლოგი და ექსპერტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, “ასტრაზენეკას” მეორე დოზის დეფიციტი დიდი ალბათობით ლოჯისტიკის პრობლემაა, კითხვებზე ზუსტ პასუხს კი პარლამენტში დაბარებული ჯანდაცვის მინისტრი გასცემს. რაც შეეხება ექიმ-ინფექციონისტის ალექსანდრე გოგინავას შეფასებას, იგი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ “ასტრაზენკას” ვაქცინის დეფიციტი ლოჯისტიკის პრობლემაა და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“ეს სწორედ, რომ ლოჯისტიკის პრობლემაა, იმიტომ, რომ როცა ადამიანს ეუბნები, რომ მეორე აცრა ზუსტად ამ რიცხვში უნდა გაგიკეთოთ, ის უნდა გადადებულიყო, შენახულიყო, ეს თავიდანვე გათვლილი უნდა იყოს. სამწუხაროდ ამიტომაცაა ჩვენი მინისტრი დაბარებული პარლამენტში და ალბათ იქ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ამ ქვეყანაზე ყველაფერი ხდება, შესაძლოა კომპიუტერული შეცდომა იყო, ან რაღაცა, ჩვენც ადამიანები ვართ, რა თქმა უნდა, დამნაშავე ადრე თუ გვიან გამოიკვეთება, ფაქტია, რომ ეს ძალიან არასასიამოვნო ამბავია. თუმცა, თუ მაქსიმუმ ერთ კვირაზე იქნება საუბარი, ეს დიდ პრობლემას არ შექმნის, მაგრამ თუ 1-2 თვემდე გაიწელა, რა თქმა უნდა პრობლემაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე და შეკითხვაზე - “რამდენად შეიძლება, რომ ადამიანმა პირველი დოზა “ასტრაზენეკა” გაიკეთოს, ხოლო მეორე დოზა იყოს სხვა ჩვენთან უკვე აპრობირებული რომელიმე ვაქცინა?” - პასუხობს:

“რამდენადაც ვიცი ჯერჯერობით “ფაიზერი” უნდა შემოვიდეს, რომელიღაცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თავიდან “ასტრაზენეკა” ჰქონდა გაკეთებული და რადგან ასაკოვანი იყო და სისხლის შედედების პრობლემები ჰქონდა, მას პირდაპირ მისცეს რეკომენდაცია და მეორე დოზით ფაიზერით აცრეს, ამიტომ თუ “ფაიზერი” შემოვიდა, ეს ძალიან კარგი იქნება, არა მხოლოდ ყველასთვის, არამედ ამ პაციენტებისთვისაც. უბრალოდ ძალიან არასასიამოვნო ფაქტია, როცა შეპირებულ ადამიანს მიიყვან და აცრას არ გაუკეთებ...”

“ლოჯისტიკის პრობლემაა, მაგრამ რა რგოლში იქნა დაშვებული, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, პასუხი უნდა გაეცეს და უნდა გამოვლინდეს თუ ეს გაუგებრობა რატომ მოხდა, რამაც ვაქცინაცია შეაფერხა. ზოგადად სიტუაცია, რომ ვაქცინა არ გაქვს და რეგულაციები მოიხსნა, საზოგადოებას მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდებ და ვთვლი, რომ რეკომენდაციების დაცვაა მნიშვნელოვანი. დახურულ სივრცეში პირბედეები აუცილებლად გამოვიყენოთ და ღია სივრცეში პირბადის გამოყენების რეკომენდაცია მაინც არის და იქ სადაც დისტანცირება ვერ ხერხდება ვთვლი, რომ აქაც უნდა იქნას გამოყენებული. საკურორტო სეზონს რაც შეეხება, განსაკუთრებით ბათუმში, სადაც დიდი რაოდენობით ადამიანებია და მობილობაც დიდია, შარშანდელი წლიდან გამომდინარე, რეკომენდაციები იქაც უნდა დავიცვათ. სახელმწიფოს მხრიდან კი ეს ხარვეზები აღმოფხვრილი უნდა იქნას და კითხვებს, რომლებიც საზოგადოებაშია, უფრო მკაფიო პასუხები უნდა გაეცეს და მილიონი ვაქცინის მოწოდება, რაზეც საუბარია, დროულად უნდა მოხდეს, რადგან სხვანაირად სტაბილური ეპიდსიტუაციის შენარჩუნება გაგვიჭირდება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“ასტრაზენეკას” შემდეგ, მსოფლიოში “ფაიზერის” გაკეთების პრეცენდენტი არსებობს, არაერთი შემთხვევა ყოფილა და სხვადასხვა კვლევებმა საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა და ატისხეულები საკმაოდ მაღალ ტიტრში გამომუშავდა. რაც შეეხება სხვა ვაქცინების გაკეთებას, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციები არ გვაქვს, მაგალითად “ასტრაზენეკას” შემდეგ ჩინური ვაქცინის გაკეთება რამდენად ეფექტურია, ამიტომ ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით”, - დასძენს გოგინავა.

“ამ 6-მა თვემ რაღაც ხომ უნდა ასწავლოს ჩვენს ოპოზიციას” - ვახტანგ ძაბირაძე

“მმართველი გუნდი თუ შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტებს არ შეასრულებს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი დაიწყება, “ლელო” პარლამენტს დატოვებს. ასეთ განცხადებას აკეთებს “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციას ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. "ჩვენ პარლამენტიდან გავალთ და დარჩებით მარტო"- ასეთია მამუკა ხაზარაძის ულტიმატუმი მმართველი გუნდისადმი. ”ოცნების” პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციის და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართება. მისი თქმით, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება და პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა შესრულებულია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ამ 6-მა თვემ რაღაც ხომ უნდა ასწავლოს ჩვენს ოპოზიციას” - ვახტანგ ძაბირაძე.

"ბოიკოტთან დაკავშირებით “ლელოს” ინიციატივას ოპოზიციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. რიგი პარტიები ჯერჯერობით ამ ინიციატივას არ იზიარებენ. ნაწილი კი პარტნიორებთან კონსულტაციების გავლას აპირებს. განსხვავებული მოსაზრება აქვთ “ნაცმოძარობაში” - მათი სიით გასული დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესიის გაგრძელების შემთხვევაში მონაწილეობა აღარ მიიღონ პარლამენტის მუშაობაში. გადავა თუ არა ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმში, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე არ ფიქრობს, რომ ოპოზიცია მანდატებს ჩააბარებს, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ “ნაცმოძრაობასთან” კონსულტაციების შემდეგ, მიიღოს გადაწყვეტილება მონაწილეობა არ მიიღონ საპარლამენტო მუშაობაში. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ოპოზიციას კონსულტაციები უნდა ჰქონდეს დასავლეთის პარტნიორებთან, რადგან ცალკე ოპოზიცია საკმარისი არ არის აიძულოს ხელისუფლება კომპრომისზე წავიდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ბოიკოტის რეჟიმში გადასვლა ადვილია, მაგრამ ხომ უნდა გაითვალისწინო, მოიტანს თუ არ მნიშვნელოვან შედეგს? ამ 6 თვემ რაღაც ხომ უნდა ასწავლოს ჩვენს ოპოზიციას. ოპოზიცია არ არის საკმარისი, რომ ხელისუფლება აიძულო კომპრომისზე წავიდეს. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია უნდა მიჰყვეს პროცესს, გამოიყენოს საპარლამენტო ტრიბუნა, რათა პარლამენტში მოახდინოს მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება. ჩემი აზრით, აუცილებელია კონსულტაციები გაიარონ ჩვენ დასავლელ პატნიორებთან და გამოიყენონ მათი ძალისხმევა, რათა არ აღმოჩნდნენ იმ მდგომარეობაში, რომელშიც აღმოჩნდა “ნაცმოძარობა”, რომელიც ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს და კარგავს პარტნიორების მხარდაჭერას”, აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

გერმანიაში ლეგალურად დასაქმებული ქართველები სასწრაფოდ სამშობლოში მოემგზავრებიან და სასამართლოში ჩივილს იწყებენ

“გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამა ჩავარდნის პირასაა. ქართველების ნაწილი სამშობლოში დაბრუნებასა და დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს. როგორც ირკვევა, სამუშაო პირობები არასათანადოა, ანაზღაურება კი - შემცირებული და დაგვიანებული. გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულთა უმეტესობა შრომის პირობებით უკმაყოფილოა. პრობლემის შესახებ უკვე რამდენიმე კვირაა, ცნობილია. საქმეში ჩართული არიან ქართული მხარეც და გერმანიის ელჩიც, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. ქართველები სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანეს, თუმცა პრობლემებმა თავი იქაც იჩინა. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, ჯაბა ჩაჩანიძემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც სხვაგან გაანაწილეს, ანაზღაურება შეუმცირეს და არასათანადო პირობებში იმყოფებიან...”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “5 ლარი მაქვს ჯიბეში და ამით მოვდივარ უკან, ვალით წამოვედი და უფრო დიდი ვალით ვბრუნდები” / გერმანიაში ლეგალურად დასაქმებული ქართველები სასწრაფოდ სამშობლოში მოემგზავრებიან და სასამართლოში ჩივილს იწყებენ.

“გერმანული მხარის წარმომადგენლები იყვნენ, შეამოწმეს ყველაფერი: შრომითი პირობები, საცხოვრებელი პირობები და დამსაქმებელი შეგვიცვალეს, სხვა ქალაქში გადაგვიყვანეს. საცხოვრებელთან დაკავშირებით პრეტენზია არ გვქონდა, მაგრამ ისევ ანაზღაურების პრობლემებს წავაწყდით. ძველ დამსაქმებელთან გვიხდიდნენ 3 ევროს ერთ მოკრეფილ ყუთზე და აქ - 2,5 ევროს. საათობრივად უფრო ნაკლები ანაზღაურებაა. 8 საათზე მეტსაც ვმუშაობდით, მაგრამ მაინც არ გამოდიოდა საათობრივი ანაზღაურება. გარდა ამისა, შესვენების გარეშეც ვმუშაობდით. სამუშაოდ ვართ წამოსული, მაგრამ კიდევ გაურკვევლობაში, ახალ პრობლემებში აღმოვჩნდით და 10-მა ადამიანმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ხუთშაბათს უკან დავბრუნდეთ. არავითარი სანქცია არ დამეკისრება, რადგან კონტრაქტი თვითონ დამსაქმებელმა დამირღვია. ჩვენ იურისტებთან კონსულტაციები გავიარეთ და ვაპირებთ, რომ სარჩელი შევიტანოთ ქართული მხარის, ანუ დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ. 3 ადამიანი უკვე წამოსულია, ისინი 5 დღით ადრე წამოვიდნენ და კარანტინში არიან. სავარაუდოდ, ჩვენც ასე გაგვიშვებენ და დაახლოებით 8-10 დღის შემდეგ ვაპირებთ, ერთად შევიკრიბოთ და ერთობლივი ძალებით ერთობლივი სარჩელი შევიტანოთ დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ. 10 ადამიანი მოვდივართ და 10 რჩება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯაბა ჩაჩანიძე.

“ახალი ბილეთი ჩვენივე ხარჯებით შევიძინეთ, რადგან პრობლემა შეგვექმნა და ძველი ბილეთი ვერ გადავცვალეთ, რომლითაც აგვისტოში წამოსვლა გვიწევდა, ამიტომ ახალი ბილეთის აღება მოგვიწია. ხარჯი ხარჯს დაემატა და პრობლემა - პრობლემას. ჩვენ გავაპროტესტეთ შრომითი პირობები და გითხრეს, ვისაც არ მოგწონთ, შეგიძლიათ, წახვიდეთო. სწორედ ამიტომ წამოსვლას ვაპირებთ... საქართველოს საელჩოს არავითარი ყურადღება არ გამოუჩენია. 10 დღე ისე გავიდა, საელჩოდან ერთი ზარი არ შემოსულა. როცა დავრეკე, გვიპასუხეს, უი, პრობლემა არ მოგიგვარდათ? გვეგონა, მოგვარებული იყოო. ხომ შეიძლება, ელემენტარულად დარეკო და მოიკითხო, საქართველოს მოქალაქეები ვართ. აქ მყოფი დანარჩენი ადამიანები მცირე იმედს ჩაებღაუჭნენ, იქნებ, რამე შეიცვალოსო, მაგრამ ამ იმედის ძებნაში უკვე თვეზე მეტი გავიდა. საცხოვრებლის, კვების, ინტერნეტისა და სხვა ხარჯები ჩვენი იყო. საქართველოდან ვალით წამოვედი, აქედან რომ მივდივარ, კაპიკი არ მაქვს და ისევ ვალით მივდივარ, ასეთ პირობებში მუშაობა არ შემიძლია. 9 მაისს წამოვედით და 1,5 თვე გავიდა. 5 აგვისტოს გვიწევდა საქართველოში ჩამოსვლა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ეს დასაქმების პროგრამა სიცრუეა, ყველაფერი ფარსზეა აგებული, აბსოლუტურად ყველა ხარჯი ჩვენ გავიღეთ. გერმანიაში რომ წამოვსულიყავი, 800 ევრო ვისესხე. უკან რომ დავბრუნდე, ამისთვის კიდევ 300 ევრო ვისესხე. 5 ლარი მაქვს ჯიბეში და ამით მოვდივარ უკან. სულ ნულზე დავრჩი. მირჩევნია, ისევ საქართველოში ჩამოვიდე, ვიდრე ამათ ვემონო. ზარალის კომპენსაციას აუცილებლად მოვითხოვთ”, - დასძენს ჯაბა ჩაჩანიძე. ბიზნესის სამართლის სფეროს სპეციალისტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი იმ სამართლებრივ მხარეებზე საუბრობს, რა პროცესებიც შეიძლება დაიწყოს სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კარგი იქნება, თუ ეს ყველაფერი მოხდება ორგანიზებულად და გერმანიიდან ჩამოსული ქართველების ერთობლივი მიდგომით, რათა პროცესი უფრო გამჭვირვალე იყოს. როდესაც მოთხოვნა დადგება, ჯანდაცვის სამინიტროსა და შრომითი ურთიერთობების დამარეგულირებელს გაუჩნდებათ გარკვეული ვალდებულება, რომ ხალხს შესაბამისი პასუხი მისცენ, თუ როგორი იყო პირობები, იყო თუ არა რაიმე შეთანხმება მათთან, რაიმე სპეციალური ხელშეკრულება დაიდო თუ არა საგადასახადო აღრიცხვიანობის კუთხით, როგორ წესრიგდებობდა შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ. თუ ეს საკითხები იქნება ორგანიზებულად მოგვარებული, ვფიქრობ, ყველასთვის საინტერესო პასუხები გამოიკვეთება და ყველა დარწმუნდება იმაში, თუ რამდენად სამართლიანია მათი მდგომარეობა, ვინც ამ სქემაში მიიღო მონაწილეობა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ჩარგეიშვილი.

“რადგან აქ საუბარია ვადაზე ადრე ჩამოსვლაზე, ის ადამიანები, სავარაუდოდ, ფიქრობენ, რომ მათთვის კონტრაქტის პირობები დაირღვა. აქ, პირველ რიგში, უნდა შევხედოთ იმას, თუ ვინ დაარღვია ხელშეკრულება, მან, ვინც სამუშაო დატოვა და საქართველოში დაბრუნდა თუ მან, ვინც პირობა დადო და არ დაახვედრა ის პირობები, რომელიც გათვალისწინებული იყო. ამიტომ ცალსახად იმის თქმა, რომ ხელშეკრულებას არღვევენ თუ არა (ვინაიდან ვადაზე ადრე ჩამოდიან), ამის იურიდიული საფუძველი, მოკვლევისა და შესწავლის გარეშე, არ გვაქვს”, - განმარტავს იურისტი. ქართველების დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვემენ “სოლიდარობის ქსელში”, სადაც პირდაპირ ამბობენ, რომ სამშობლოში დაბრუნებულ ქართველებს, სურვილის შემთხვევაში, დაეხმარებიან”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჩვენ მათ გვერდით დგომასა და მხარდაჭერას ვაპირებთ. მათი სურვილის შემთხვევაში, მზად ვართ, რომ ყველაფერში დახმარება გავუწიოთ. ნებისმიერ საკითხში მხარდაჭერა შეგვიძლია, იქნება ეს სამართლებრივი კუთხით, თუ ორგანიზების მხრივ”, - განუცხადა “რეზონანსს” სოფო ჯაფარიძემ. დასაწყისში, პროგრამის ამუშავებისთანავე, უამრავმა ქართველმა გამოთქვა გერმანიაში წასვლის სურვილი, თუმცა, როგორც ირკვევა, ვალდებულებები არ სრულდება და შეიძლება, ეს კარგი მაგალითი გამოდგეს მათთვის, ვისაც შემდგომში უცხოეთში წასლა და დასაქმება ლეგალურად მოუნდება. ერთ-ერთი ასეთია გიორგი ლომსაძე, რომელიც პორტალზე დარეგისტრირდა, თუმცა გერმანიაში დასაქმებულ პირთა სიაში ვერ აღმოჩნდა. ახლა მან აზრი შეიცვალა და აღარ უნდა სამშობლოდან უცხოეთში გამგზავრება”, - დასძენს გამოცემა.

“საქართველოში ერთ-ერთ რესტორანში ვმუშაობდი. პანდემიის გამო უმუშევარი დავრჩი და როდესაც პროგრამის შესახებ გავიგე, გერმანიაში წასვლა და იქ დასაქმება გადავწყვიტე, მაგრამ მე არ შემარჩიეს. ახლა, როდესაც ასეთ ამბებს ვიგებ, მიხარია, რომ არ წავედი და საქართველოში დავრჩი. სანამ ასეთი ფაქტები გავრცელდებობდა, ისრაელის პროგრამამაც დამაინტერესა, მაგრამ ახლა აზრი შევიცვალე. მირჩევნია, ჩემს ქვეყანაში მოვძებნო სამსახური და მშვიდად ვიყო, ვიდრე რისკზე წავიდე და უცხოეთში მონურ პირობებში აღმოვჩნდე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ლომსაძე.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა