საბა ბუაძე - „ქართულ ოცნებაში" ვერც აცნობიერებენ, რომ ეს იქნება ის სასამართლო, რომელიც მათ შეჭამს - ირაკლი კობახიძეს ცინიზმი და ირონია ძალიან ცუდად მოუბრუნდება, ვურჩევ, ნუ დაავიწყდებათ, რასთან აქვთ საქმე

ვერც აცნობიერებენ იმას, რომ ეს იქნება ის სასამართლო, რომელიც მათ შეჭამს, როგორც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები შეჭამა, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის" წევრმა, საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განმარტებით, 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებაში მკაფიოდ წერია, რომ მოსამართლების დანიშვნა დროებით უნდა შეჩერდეს, ვიდრე სასამართლო სისტემის რეფორმა არ განხორციელდება.

„ყველა რესურსს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ პარლამენტშიც დავუპირისპირდეთ იმ უმსგავსობას, რასაც „ქართული ოცნება“ ეწევა. პირდაპირ ცდილობენ, რომ შეთანხმება დაარღვიონ, რადგან ამ შეთანხმების ტექსტში ძალიან მკაფიოდ წერია, უნდა შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნა იქამდე, სანამ რეფორმები არ განხორციელდება. ამაზე უფრო ანეკდოტური და ტრაგიკომიკული რა შეიძლება იყოს, აშშ-ის საელჩომ გაუყვითლა „ქართულ ოცნებას“ ის ვალდებულებები, რომელიც მათ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით აიღეს და რომელშიც წერია, რომ სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს. კობახიძეს ეს არ აწუხებს, რადგან ვანო ზარდიაშვილის თანამებრძოლია. ეს ადამიანები ჯერ კაცმა არ იცის, სად იყვნენ 2012 წლამდე, თუმცა, ვიცით, რომ ვანო ზარდიაშვილი „კლანის“ ერთ-ერთი სახეა და 2012 წლამდე ყველა სიბინძურესთან იყო ასოცირებული მისი საქმიანი ბიოგრაფია. ირაკლი კობახიძე, ოხანაშვილი და სხვები შემალულები იყვნენ უნივერსიტეტის ოთახებში მაშინ, როდესაც „ზონდერ“ მოსამართლეები ადამიანების გაუბედურებით იყვნენ დაკავებულები. ამიტომ, ისინი ვერ გრძნობენ ამას, როგორც პრობლემას. ისინი მაშინ ემსახურებოდნენ ამ მანკიერებას და ახლა თავად გადმოიბარეს ეს ინსტრუმენტი, უბრალოდ, ვერც აცნობიერებენ იმას, რომ ეს იქნება ის სასამართლო, რომელიც მათ შეჭამს, როგორც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები შეჭამა. ამიტომ გვინდა ჯანსაღი მართლმსაჯულების სისტემა, რომ ამ ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგუროს“,-განაცხადა ბუაძემ.

მისი შეფასებით, „ლელო“ ყველა ბერკეტს გამოიყენებს იმისთვის, რომ მოსამართლეების დანიშვნა შეჩერდეს.

როგორც საბა ბუაძემ აღნიშნა, მმართველ გუნდს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნით „კლანის“ გაძლიერება სურს.

„ქართული ოცნება“ ემსახურება „კლანის“ გაძლიერებას“, ისინი თითქოს უპირისპირდებოდნენ იმ ხელისუფლებას, რომელმაც ეს „კლანი“ შექმნა, თუმცა საქმე გვაქვს ქმედებასთან, რომელიც სრულად არის წინააღმდეგობაში ჩვენი ყველა დასავლელი პარტნიორის და კეთილის მსურველის მოწოდებებთან, რომ სასამართლოში შეიქმნას სასამართლო, თუ ამ ქვეყანაში ნორმალური მართლმსაჯულება არ იქნება, ვერანაირ პროგრესს ვერ განვიცდით ვერცერთი მიმართულებით“,-განაცხადა ბუაძემ.

მან შესაძლო ბოიკოტთან დაკავშირებით „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაც შეაფასა და განმარტა, რომ „ბოიკოტი არის ლეგიტიმური და ძლიერი ინსტრუმენტი ისეთ თავგასულ ხელისუფლებაზე ზემოქმედებისთვის, როგორიც „ქართული ოცნებაა“.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხვალ ვაპირებთ დავტოვოთ მანდატები და პარლამენტიდან გამოვიდეთ. ჩვენ ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ და „ქართულ ოცნებას“ კომფორტს ნამდვილად არ შევუქმნით. ყველა საპარლამენტო ინსტრუმენტს გამოვიყენებთ და თუ ამ ყველაფერმა არ გაჭრა და „ქართულმა ოცნებამ“ ისევ გააგრძელა შეთანხმების დარღვევა, ვერ მივცემთ მათ საშუალებას, მოატყუონ საზოგადოება, საერთაშორისო პარტნიორები და ჩვენ. ყველა პოლიტიკურ მექანიზმს, მათ შორის ბოიკოტსაც გამოვიყენებთ. ბოიკოტი არის ლეგიტიმური და ძლიერი ინსტრუმენტი ისეთ თავგასულ ხელისუფლებაზე ზემოქმედებისთვის, როგორიც „ქართული ოცნებაა“. ეს ცინიზმი და ირონია ირაკლი კობახიძეს ძალიან ცუდად მოუბრუნდება უკან. ამიტომ, მათ ვურჩევ, ნუ დაავიწყდებათ, რასთან აქვთ საქმე“,-განაცხადა ბუაძემ.

ამასთან, მან ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს შორის შესაძლო შეხვედრაც შეაფასა და გავრცელებულ ინფორმაციას მიმდინარე ამბების ფონზე, „აბსოლუტურად უინტერესო და თითიდან გამოწოვილი თემა“ უწოდა.

„ბევრი საინტერესო რაღაც იხარშება ხოლმე ირაკლი კობახიძის თავში. „სიცრუის მანქანა“ რომ არსებობს და ძალიან ბევრი სიბინძურის ტირაჟირებას აკეთებს, ეს ჩვენ საკუთარ თავზე გამოგვიცდია. სხვა პოლიტიკოსებმა ახლა თუ აღმოაჩინეს ქვეყანაში სიცრუის მანქანის არსებობა, ძალიან სამწუხაროა და მათ არაგულწრფელობაზე უფრო მეტად მეტყველებს. არავისთვის საინტერესო არ არის ერთი ბანაკის ორი ჯგუფი რაზე დავობს ერთმანეთთან და რას აბრალებენ ერთმანეთს“,-განაცხადა ბუაძემ.

მან IPSOS-ის კვლევის შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ პარტიებთან დაკავშირებით ყველაზე კარგი ტესტი არჩევნებია.

„ბევრი მინახავს არჩევნებამდე შექმნილი და გამქრალი პარტია, ამისთვის არჩევნების შედეგებს ვიყენებთ, როგორც საუკეთესო ინდიკატორს“,-განაცხადა ბუაძემ.

გარდა ამისა, საბა ბუაძეს მიაჩნია, რომ პანდემიის დროს გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერა წინასაარჩევნოდ ამომრჩეველზე ზემოქმედების და მათი გულის მოგების ძალიან სამარცხვინო მეთოდია. მისი შეფასებით, „ეს არის პოლიტიკური კორუფცია და კანონის უზენაესობით მანიპულირება“.

„ახლა ცდილობენ, ძალიან დაღმავალი რეიტინგი შეინარჩუნონ ასეთი იაფფასიანი ტრიუკებით, რაც დამაზიანებელია ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობისთვის. რა პასუხი აქვს ხელისუფლებას იმ ადამიანებთან, რომლებმაც ჯარიმა გადაიხადეს? ფულს დაუბრუნებენ უკან?“,-განაცხადა ბუაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა