ვახტანგ ძაბირაძე - გიორგი გახარია ამ ეტაპზე თავის ტკივილია „ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ თუ პარტიულ მშენებლობას სწორად წაიყვანს, თავის ტკივილი იქნება ოპოზიციისთვისაც

გიორგი გახარია ამ ეტაპზე „ქართული ოცნებისთვის“ არის თავის ტკივილი - თუ გახარია სწორად წაიყვანს პარტიულ მშენებლობას და ზოგადად ოპოზიციურ პროცესს, ის თავის ტკივილი იქნება როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის და პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ IPSOS-ის და Edison Research-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, კვლევების შედეგებით გამოიკვეთა, რომ გიორგი გახარიას კარგი სტარტი აქვს.

„თუ ამ კვლევების მიხედვით ვიმსჯელებთ, გიორგი გახარიას საკმაოდ წარმატებული სტარტი აქვს, თუმცა ასეთ პროცენტებს ნამდვილად არ ველოდი. ვფიქრობდი, რომ სადღაც 6-7%-ის ფარგლებში იქნებოდა მისი რეიტინგი. უნდა ითქვას, რომ საარჩევნო პროცესი ჯერ არ დაწყებულა და ახლა ასეთი რეიტინგები ნიშნავს, რომ სტარტი კარგია, მაგრამ თუ ამ სტარტს შესაბამისი გაგრძელება არ ექნება, მისი რეიტინგი შემცირდება. ზოგადად მგონია, რომ 5%-ის ფარგლებში დარჩება გიორგი გახარიას რეიტინგი იმიტომ, რომ ბევრი ფაქტორი მუშაობს ადგილობრივი არჩევნების პირობებში და რაც მთავარია, წარმატების მისაღწევად აუცილებელია გამართული პარტიული სისტემა. ეს სისტემა გახარიას ჯერ არ აქვს, ბევრი სამუშაოა. ჩემი აზრით, მან დააგვიანა პარტიის ჩამოყალიბება. გიორგი გახარია ამ ეტაპზე „ქართული ოცნებისთვის“ არის თავის ტკივილი, რადგან მისი ხმები ეს არის „ქართული ოცნების“ ხმები, ხოლო იმის და მიხედვით თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესი და თუ გახარია სწორად წაიყვანს პარტიულ მშენებლობას და ზოგადად ოპოზიციურ პროცესს, შემდეგ თავის ტკივილი იქნება როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის და პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ახლა გიორგი გახარია საფრთხე არის „ქართული ოცნებისთვის“ იმიტომ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ 43%-ის აღების ვალდებულება აქვს და სხვა ოპოზიციურ პარტიებს ამ შემთხვევაში ის პრობლემებს ვერ შეუქმნის. შემდეგ უკვე თუ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, სერიოზული კონკურენტი იქნება დანარჩენი ოპოზიციური სპექტრისთვის, თუ ის პროცესს სწორად წარმართავს“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულამ“ Edison Research-ის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად მოსახლეობის 57% ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მიმართ დადებითადაა განწყობილი, გამოკითხულთა 50%-ს კი თბილისის მერის, კახა კალაძის მიმართ დადებითი განწყობა აქვს; 47%-ს პოზიტიური განწყობა აქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ.

ამასთან, ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გამოქვეყნებული IPSOS-ის კვლევის შედეგებით - კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? - IPSOS-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 23% "ნაციონალურ მოძრაობას", 8% კი გიორგი გახარიას პარტიას - "საქართველოსთვის".

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა