ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2021

რა პასუხები აქვთ ამირან გამყრელიძეს და ეკატერინე ტიკარაძეს ვაქცინების დეფიციტზე - ვაქცინაციის პროცესის აუდიტი დაიწყო

სააკაშვილი-გახარიას შეხვედრა არ შემდგარა, თუმცა ამაზე ინფორმაციის გავრცელება აწყობდა „ოცნებასაც“ და „ნაცმოძრაობასაც“ - იგორ კვესელავა

***

რა პასუხები აქვთ ამირან გამყრელიძეს და ეკატერინე ტიკარაძეს ვაქცინების დეფიციტზე - ვაქცინაციის პროცესის აუდიტი დაიწყო

“აუდიტის სამსახური დაავადებათა კონტროლის ცენტრში შევიდა. მას შემდეგ რაც ვაქცინაციის პროცესში ასტრაზენეკას გადანაწილებაზე ლოჯისტიკური პრობლემები შეიქმნა, ჯანდაცვის სამინისტრომ საკითხის შესწავლა გადაწყვიტა. რამ გამოიწვია შეფერხება, ეს სპეციალური ჯგუფის მუშაობის შემდეგ გაირკვევა. ცენტრში აუდიტის შესვლას ადასტურებს მისი გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, თუმცა აცხადებს, რომ საქმე გვაქვს დეფიციტური ხარჯვასთან და არა ვაქცინების გაქრობასთან ან დანაკლისთან: „გიდასტურებთ მხოლოდ იმას, რომ სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს ამ შემთხვევებს, რაც მოხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ზოგადად იმ ფაქტს, რომ არის დეფიციტური ხარჯვა. დღესაც გახლდნენ ჩვენთან. არავითარი დანაკლისი და არავითარი გამქრალი ვაქცინები არ გახლავთ,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა პასუხები აქვთ ამირან გამყრელიძეს და ეკატერინე ტიკარაძეს ვაქცინების დეფიციტზე - ვაქცინაციის პროცესის აუდიტი დაიწყო

"მისი თქმით, ის პირები რომლებსაც 10-12 კვირა უსრულდებათ პირველი აცრიდან, ასტრაზენეკათი ვაქცინაციას შეძლებენ: „ასტრაზენეკაზე ვერ ვცრით პირველი დოზით მოქალაქეებს და ვცრით და ავცრით ყველა ადამიანს, სანამ შემოვა კიდევ მესამე პარტია, ვისაც პირველი აცრიდან უსრულდება 10-12 კვირა,“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ სხვა ვაქცინების მსგავსად ასტრაზენეკას მთლიანი მარაგის ორად გაყოფა არ ხერხდებოდა. მისივე თქმით, შექმნილი პრობლემის მიზეზს აუდიტი გაარკვევს: „აუდიტი გაარკვევს, გამოიკვლევს, დადებს. წაიღეს ყველა საბუთი, როდის მოვიდა, სად მოვიდა, რამდენი მოვიდა, რა კონტრაქტი იყო, როგორი იყო და ასე შემდეგ. ვერ მოგვაწოდა კოვაქსმა და ჩვენ თითოეულ დოზას, როგორც სხვა ვაქცინებზე ვქენით, რომელსაც ერთ თვეში მეორე დოზა უწევს ამას ვერ გავყოფდით შუაზე,“ - აღნიშნა პაატა იმნაძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"აუდიტის სამსახური დაავადებათა კონტროლის ცენტრის შემდეგ რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც შევიდა, კლინიკაში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი დარჩა რევაქცინაციის გარეშე. შემოწმების გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო. რამდენად სწორად მიმდინარეობდა იმუნიზაცია და დღის განმავლობაში რამდენი ერთეული ვაქცინა იყო გამოყენებული პროცესს აუდიტორები შეისწავლიან. პარალელურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კლინიკაში ვაქცინის შენახვის პირობები შეამოწმა. რამ გამოიწვია ვაქცინის დეფიციტი? - ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის პროცესის შეფერხება და რისკები ერთის მხრივ პრეპარატის მწარმოებელ კომპანიას დაუკავშირა და მეორეს მხრივ კონკრეტული პირების პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებაც არ გამორიცხა. მინისტრი დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამერიკის ელჩთან ერთად იმყოფებოდა. აშშ საქართვლოს ვაქცინაციის პროცესში დაეხმარება. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისულმა ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში საქართველოს მილიონი დოზა ვაქცინა ექნება. მანამდე კი საქართველო ასტრაზენეკა-ს 43 ათას დოზას ელოდება. დღეიდან რეგისტრაციის ფანჯარა გაიხსნა იმათთვის, ვინც პირველი აცრიდან 10-12 კვირის პერიოდში იმყოფება. დანარჩენებს რამდენიმე დღე ლოდინი მოუწევთ. პირველი აცრისთვის რეგისტრაცია გავლილებს პრეპარატის არ არსებობის გამო ჯავშანი გაუქმებული აქვთ. დაავადებათა კონტროლი მათ სურვილის მიხედვით სხვა ვაქცინებს სთავაზობს”, - დასძენს გამოცემა.

"კლინიკური განვითარების მენეჯერი და ქართულ-ამერიკული კლინიკის დამფუძნებელი გიორგი კავკასიძე „რეზონანსის“ კითხვაზე, ვინ უნდა აგოს პასუხი ჩავარდნილ ვაქცინაციის პროცესზე, გვპასუხობს, რომ როდესაც პანდემიის მართვა დაიწყო, არავის არასდროს უთქვამს ამ ყველაფერზე მთავარი პასუხისმგებელი პირი ვინ არის. დღემდე არ ვიცით, ვინ იყო პასუხისმგებელი სამკურნალო პროტოკოლებზე, ვაქცინის შემოტანაზე და მის განაწილებაზე. „ეს არის კოლექტიური პასუხისმგებლობა, ვითომ ყველაა პასუხისმგებელი, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება, არავინ პასუხისმგებელი არ არის. ამ ვაქცინაციის განაწილების საკითხზეც ასეა. არვინ ამბობს რეალურად ვინ უნდა აგოს პასუხი. ვინ იყო ის ადამიანი, ვინც ვაქცინის შემოტანაზე, დისტრიბუციაზე, დასაწყობებაზე და განაწილებაზე პასუხს აგებს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მოსახლეობის მხრიდან ისედაც მთავრობის მიმართ ძალიან დიდი უნდობლობა იყო, რაც ამ ჩავარდნილმა ვაქცინაციის პროცესმა კიდევ უფრო გაართულა. ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ანტივაქსერია, ახალ კი სოციალურ ქსელებში წავიკითხე, რომ ის ვაქცინები, რაც მეორე დოზად უნდა გაეკეთებინათ უბრალოდ გაყიდეს. ეს ეჭვი ხელისუფლებამ როგორ უნდა გააქარწყლოს წარმოდგენა არ მაქვს. როდესაც ნდობაა დაკარგული და ამ ნდობის აღდგენის მაგივრად პირიქით, საქმეს უფრო აფუჭებ, რა მასობრივ ვაქცინაციაზე ვსაუბრობთ? კაცი შვილამ არ იცის ვინაა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. მე მაგალითად დღემდე ვერ გავიგე ვინ ხელმძრვანელობს კონკრეტულად ვაქცინაციის პროცეს“, - ამბობს კავკასიძე "რეზონანსთან“. მისივე თქმით, შარშან ივლისში გვითხრეს, რომ საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, სადაც ვაქცინაცია დაიწყებოდა. იმის შემდეგ კი ყველას ვისაც არ ეზარებოდა რაღაცა დაპირებებს იძლეოდა. ამიტომ კავკასიძეს მიაჩნია, რომ ჩავარდნილი ვაქცინაციის პროცესი მოსახლეობის უნდობლობას კიდევ უფრო გაზრდის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. ჯანდაცვის დარგის სპეციალისტი ამბობს, რომ თუ ეროვნულ გეგმას გავყვებით, წლის ბოლოს 60% მოსახლეობის ზრდასული ასაკის უკვე აცრილი უნდა იყოს და გამოდის, რომ დღეში 19 000 ადამიანს უნდა ვცრიდეთ. არადა დღეში სულ 500 დოზა ვაქცინა კეთდება. ხოლო ამ 60%-ზე სწორება სრულიად არარეალურია. „ვაქცინაციის ტემპებით დღეს ჩვენზე წინ შრი-ლანკა, ბანგლადეში და ზიმბაბვეა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაზე გაცილებით ჩამორჩენილები არიან. ახლა ჩვენთან ვნახოთ, როგორი შეუსაბამო სიტუაცია გვაქვს. ერთის მხრივ ქვეყანა იხსნება, რაც აბსოლუტურად კარგია. თუმცა ამ გახსნის ფონზე ვაქცინა არა გვაქვს, რაც კატასტროფაა. რეალურად ქვეყანაში აცრილი 5%-იც არ არის“, - ამბობს კავკასიძე "რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.

სააკაშვილი-გახარიას შეხვედრა არ შემდგარა, თუმცა ამაზე ინფორმაციის გავრცელება აწყობდა „ოცნებასაც“ და „ნაცმოძრაობასაც“ - იგორ კვესელავა

„ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა დიდი ალბათობით არ შემდგარა, აქ მთავარია თუ ვის აწყობდა ამ ინფორმაციის გავრცელება. ჩემი აზრით ეს აწყობს „ოცნებასაც" და „ნაცმოძრაობასაც" - ამის შესახებ „რეზონანსთან" პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ განაცხადა, რომლითაც პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაშინგტონში შესაძლო შეხვედრას გამოეხმაურა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სააკაშვილი-გახარიას შეხვედრა არ შემდგარა, თუმცა ამაზე ინფორმაციის გავრცელება აწყობდა "ოცნებასაც“ და "ნაცმოძრაობასაც“ - იგორ კვესელავა.

„იგორ კვესელავას თქმით, სააკაშვილი თავის დროზე აცხადებდა, პოლიტიკური თამაშების აკადემიკოსი ვარო, გახარიაც და სააკაშვილიც ქარიზმატული ფიგურები არიან, საქართველოში კი ასეთ პიროვნებებს პატივს სცემენ. მიშას აწყობს, რომ გახარიას ავტორიტეტი ამით თანდათანობით ჩააჩოჩოს და რეიტინგი დააკარგვინოს. ტელევიზიით ვნახე, რომ იმ სასტუმროს წინ გაბადრული და კმაყოფილი სახით მოდიოდა. „ნაცმოძრაობას" ეს იმიტომ სჭირდებოდა, რომ ის გახარიაში თავის მოწინააღმდეგეს ხედავს. მე არ ვიცი სასტუმროში პირველი ვინ მივიდა, მაგრამ თუ მიშამ იცოდა, რომ გახარიას ვაშინგტონში ტურნე ჰქონდა, არაა გამორიცხული, რომ ეს სპეციალურად გაეკეთებინა. ესაა პოლიტიკური თამაშის ნაწილი, ერთის მხრივ სურდა, რომ „ნაცმოძრაობისთვის" ქულები დაეწერა, ხოლო მეორეს მხრივ გახარიასთვის ქულები წაერთმია. ხომ არის საუბარი, გახარია „ნაცმოძრაობიდან" გარკვეულ ხმებს წაიღებსო, იგი ასევე წაიღებს „ოცნებიდანაც". ახლა კი ის ხდება, რომ „ოცნების" მხარდამჭერი, რომელიც მერყეობდა, გახარია თუ „ქართული ოცნება", ამ ნაბიჯით გახარიას ხმას არ მისცემს, რადგან ვინც „ნაცმოძრაობის" მოძულეა, ის, ბუნებრივია, ექსპრემიერის მიმართ ნეგატიურად განეწყობა. ვფიქრობ, ეს შეხვედრა არ შედგა, მაგრამ აქ მთავარია, რომ ინფორმაცია გავრცელებულიყო. ახლა ამტკიცონ, რომ შეხვედრა არ ყოფილა, ეს უკვე გავრცელდა და მათ უკვე არ აინტერესებთ, რეალურად რა მოხდა. მინდა გავიხსენო ერთი რამ, ობამა მიხეილ სააკაშვილს არ ხვდებოდა, მაგრამ სააკაშვილმა მოახერხა და შეხვდა. მან მიიღო ინფორმაცია, რომ დერეფანში უნდა გამოევლო, სწორედ მაშინ მოახერხა შესვლა. ერთმანეთს შეხვდნენ და ხელი ჩამოართვეს. ობამამ არ იცოდა, ეს ყველაფერი წამებში მოხდა და ფოტოზე დააფიქსირეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

„კორესპოდენტის კითხვაზე, ამ ინფორმაციის გავრცელებით გახარია თუ იქნებოდა კმაყოფილი, კვესელავას აზრით, მედალს ორი მხარე აქვს, მაგრამ გამორიცხული არაა, თუ ჩვენ დავუშვებთ იმას, რომ გახარიამ „ნაცმოძრაობიდან" ხმები უნდა წამოიღოს - საუბარია იმ მერყევ ელექტორატზე, რომელიც ზღვარზე დგას. ასეთ სიტუაციაში გამორიცხული არაა, რომ ასეთმა ხალხმა გახარიასკენ გადადგას ნაბიჯი. ჩემი აზრით, ამ ინფორმაციის გავრცელებით სამივე ძალამ მოიგო, ყველამ თავისი სარგებელი მიიღო. მოდის არჩევნები და ვფიქრობ, რომ შეიქმნება კოალიციური მთავრობა და ზუსტად ამ სამ ძალას შორის მოხდება ადგილების გადანაწილება. რაც შეეხება „იფსოსის" კვლევებს, კვესელავას თქმით, გახარიას ხმები 10-15%-ში მერყეობს, „ქართულ ოცნებას" 32% ექნება, „მთავარი" მას ხმებს არ მოუმატებდა და ჩემი აზრით, რეალური რეიტინგი 32-35%-ზე მერყეობს. ყოველ შემთხვევაში 43% არაა. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას", ერთი პერიოდი მათი რეიტინგი დაეცა, მაგრამ მელია როცა დაიჭირეს და გამოვიდა, პარტიიდან ელექტორატის დენა შეაჩერა. ასევე რეიტინგი დასავლურმა ტურნეებმაც შეუნარჩუნა. ჩემი აზრით, ახლა „ნაცმოძრაობის" რეიტინგი 15-18%-ში მერყეობს. ბუნებრივია „მთავარი" იმას არ გააკეთებდა, რომ მესამეზე ენმ ყოფილიყო და მეორეზე გახარია”, - განაგრძობს გამოცემა.

„კორესპოდენტის თქმით, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმედგაცრუებული იყო იმით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეობის კანდიდატები წარუდგინა, რაც მისი თქმით, ცალსახად 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება არაა. ამბობს, რომ ახლა პარლამენტის უფლებამოსილებაა, დროებით შეაჩეროს პროცესი, ვიდრე რეფორმის სრულად განხილვა მოხდება. კვესელავას აზრით, ესაა საკმაოდ მკაცრი და ფანქრით ხაზგასმული განცხადება, რომ ეს ასე უნდა იყოს და ასე უნდა მოხდეს. ესაა კატეგორიული მოთხოვნა. ამ ადამიანს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ აქ უცხოური დიპლომატებიც ვნახეთ, რომლებიც ძალიან სიტყვაძუნწები იყვნენ და შეფარვით გამოთვქმდნენ სათქმელს. დიპლომატიაში მთავარი ესაა. უნდა ვკითხოთ და რჩევები უნდა მივიღოთ, მაგრამ ეს დიქტატში და მოთხოვნაში არ უდა გადაიზარდოს. ეს ხელისუფლების კურსზე დარტყმაა. ის ამ პროცესში უკვე შუა გზაშია და უკან ვერ დაიხევს. თუმცა ეს კურსი მცდარია თუ არა ეს სხვა საკითხია”, - დასძენს გამოცემა.

„კორესპოდენტის თქმით, ევროკავშირში გერმანიისა და საფრანგეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა პარტნიორებს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით პრეზიდენტ პუტინთან ერთობლივი სამიტის გამართვის იდეა შესთავაზეს. კვესელავას აზრით, ევროკავშირი ესაა ერთიანი პოლიტიკური და ეკონომიკური ერთობა, ისე როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირი იყო, თუმცა აქ თავისუფლება და დემოკრატიაა. ეს შეხვედრა შესაძლოა ჩვენთვის არაფრისმომცემი აღმოჩნდეს. იქ არა მგონია, რომ საქართველოს საკითხი დადგეს. ეს ინიციატივაა და თუ პუტინი მიიჩნევს, რომ შეხვედრა რუსეთისთვის მომგებიანია და რაღაცას მისცემს, მაშინ შედგება, მაგრამ თუ ის რუსეთისთვის არაფრისმომცემი იქნება, მაშინ არ შედგება. თუ ეს შეხვედრა შედგა, მაშინ ვფიქრობ, რომ ეს ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება, ვიდრე პოლიტიკური, რადგან „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობა გერმანიისთვისაც და რუსეთისთვისაც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ სიტუაციას, კვესელავას აზრით, ისე ვართ პოლიტიკურ ჩიხში შესული, რომ ამ ეტაპზე ყველა ასპექტით ჩვენი გადსამრჩენელი კოალიციური მთავრობაა, რომელშიც სამი-ოთხი ძირითადი ძალა იქნება წარმოდგენილი, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ურთულესია, მომზადებული არ ვართ, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, სომხეთში რომ არჩევნები ჩატარდა, პოლიტიკური კულტურით უფრო მაღლა დადგა, დიდი გართულებები არ ყოფილა, როგორც შეიძლება პარტიის მხრიდან 43%-იანი დათქმა იყოს, ეს რა შუაში იყო. ვთქვათ პარტიების ის რეიტინგი, რაც აღვნიშნე, ისე დარჩა, მაშინ პრემიერი „ოცნების" წარმომადგენელი იქნება, მაგრამ „ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი 2-3 მინისტრი აუცილებლად იქნება. ასევე იქნებიან გახარიას გუნდის წარმომადგენლები. ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით რიგგარეშე არჩევნები უნდა იყოს, რომლის განმსაზღვრელი ადგილობრივი არჩევნებია. საქართველოში აუცილებლად კოალიციური მთავრობა იქნება”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა