ამირან სალუქვაძე - პოლიტიკური კულტურის ამაღლების გარეშე დავდგებით კოალიციების საჭიროების წინაშე, რაც ქვეყანას პერმანენტულ ქაოსურ პროცესებში გადაიყვანს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.

- ბატონო ამირან, კარგია, რომ პოლიტიკურმა ცხოვრებამ პარლამენტის კედლებში გადაინაცვლა, მაგრამ გადაჭარბებული აღმოჩნდა მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას ერთობლივად შეუდგებოდნენ.

ჯერ იყო ამნისტიის კანონპროექტზე ვერ შეთახმდნენ, შემდეგ იმავე შეთანხმების მეორე პუნქტზე, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებს შორის მსჯელობასა და კონსულტაციებს ავალდებულებდა მხარეებს.

მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ 19 აპრილის შეთანხმება ითვალისწინებდა მართლმსაჯულების საკითხებზე „პაუზის აღებას“ და „არა პროცესის შეჩერებას.“ სწორედ ამ ფონზე განაცხადა კობახიძემ - ქართული ოცნებისგადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება“.

კობახიძის ამ განცხადებას ხაზარაძის განცხადება მოჰყვა - „თუქართული ოცნებამოსამართლეების დანიშვის პროცესს დაიწყებს, მინდა სრულიად ოპოზიციას მოვუწოდო, რომ ჩვენ პარლამენტიდან გავალთ დაოცნებადარჩებით მარტო“.

რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება მმართველი გუნდის მტკიცება, რომ იგი სასამართლოსთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებას არ არღვევს?

- 19 აპრილის შეთანხმებას დღემდე არ აწერს ხელს „ნაცმოძრაობა.“ აქამდე ამნისტიას იმიზეზებდნენ. ახლა ახალი საბაბი გაუჩნდათ. „ლელოს“ ლიდერმა უკვე გადათქვა თავისი მუქარა, “ოცნებას მარტო არ დავტოვებთო”. სასაცილოა ასეთი ქმედებები და პარტიების, პოლიტიკოსების მოუმწიფებლობაზე მეტყველებს.

რაც შეეხება მოსამართლეთა დანიშვნას. არ გახლავართ ამ სფეროს სპეციალისტი. არ მიყვარს ყველაფრისტები. თუმცა, ამ შემთხვევაში საქმე ძალიან მარტივადაა. როგორც ვატყობ, პოლიტიკოსებს არ წაუკითხავთ რაზე მოაწერეს ხელი. გადახედონ მიშელის შეთანხმების მე-3 პუნქტის “გ” და “დ” ქვეპუნქტებს.

მიშელის შეთანხმების “გ” ქვეპუნქტში საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეების დანიშვნები “არსებული წესით შეჩერდეს”, ხოლო “დ” ქვეპუნქტში კი არის ვალდებულება “უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა”.

ამავე ქვეპუნქტშია ვალდებულება საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. ძველი წესებით დანიშვნები შეჩერდა. ახალი კანონი ძალაში შევიდა. შესაბამისად დანიშვნები ახალი კანონით იწყება. უკეთ წაიკითხონ.

თუ საუბარი იმაზეა, სანამ თავად არ მოვლენ ხელისუფლებაში, მანამდე მოსამართლეები არ დაინიშნონ, არ ვიცი. თუ მიშელის შეთანხმების შესრულებაა მოთხოვნა, რაც იქ წერია, სიტყვასიტყვით მოგახსენეთ.

- აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ირაკლი კობახიძემ უპასუხა, მაგრამ სასამართლოს თემაზე თუნდაც იგივე „ლელოს“ წარმომადგენლის, ანა ნაცვლიშვილის განმარტებებიც მოვისმინეთ.

ხაზარაძის გარდა, ოპოზიციის მიერ პარლამენტის სავარაუდო დატოვების შესახებ განცხადება „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმაც გააკეთეს. ისეთი პირი უჩანს, რომ თუ 19 აპრილის შეთანმების განხორციელების პროცესის მონიტორინგში ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ ჩაერივნენ, ბევრი არც არაფერი გამოვა. თუ ოპოზიციამ პარლამენტი მართლა დატოვა საკონსტიტუციო ცვლილებები ნამდვილად ვერ განხორციელდება.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ოპოზიციამ მართლა დატოვოს პარლამენტი? და თუ მართლაც ასე მოხდა, საშინაო პოლიტიკაში რა სურათს მივიღებთ?

- ეტყობა ანა ნაცვლიშვილსაც არ წაუკითხავს მიშელის შეთანხმება. არ მგონია ვინმემ დატოვოს პარლამენტი. ეს იქნება ჩვენი პარტნიორების მედიაციით მიღწეული შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა. ეს ერთი მხრივ.

მეორე მხრივ საპარლამენტო საქმიანობის მუდმივი ბოიკოტირება არის ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ საბოტაჟური საქმიანობა. დეპუტატები თავად უნდა იყვნენ სათანადო სიმაღლეზე და მოსახლეობას კანონმორჩილების მაგალითს აძლევდნენ.

კეთილი ინებონ და პოლიტიკური საკითხები პარლამენტში მოაგვარონ. საერთოდ, უნდა ისწავლონ, რომ პარლამენტში უმრავლესობით წყდება ყველაფერი.

საპარლამენტო საქმიანობის მუდმივი ბოიკოტირება არის ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ საბოტაჟური საქმიანობა. დეპუტატები თავად უნდა იყვნენ სათანადო სიმაღლეზე და მოსახლეობას კანონმორჩილების მაგალითს აძლევდნენ.

თუ რაღაც საკითხებს ვერ წყვეტ, რადგან ხმები არ გყოფნის, უნდა შეეგუო. შესთავაზონ საზოგადოებას უკეთესი არჩევანი, ვიდრე ხელისუფლებაა და შემდეგ პარლამენტში უკეთეს შედეგს მიაღწევენ.

კიდევ ერთი. „ოცნებას“ რომ აშინებენ მუდმივად, თავად “ოცნებამ” რომ “დატოვოს”პარლამენტი, ანუ დღესვე გამოიწვიოს ვადამდელი არჩევნები, სად მიდიან? ბევრი მათგანი 1%-ან ბარიერსაც ვეღარ გადალახავს და მანდატებს, ძირითადად, ისევ “ოცნება” და ენმ გაიყოფენ.

ჩემთვის ორი მიზეზითაა ვადამდელი არჩევნები მიუღებელი. ძვირი ჯდება მისი ჩატარება და ეს თანხები სჯობს სხვა პროექტებს მოხმარდეს. ასევე, ახალი, ჯანსაღი ძალები ვერ მოასწრებენ ფორმირებას. თორემ, თუ სურთ ყოველ წელს ჩაატარონ. ერთი კი არის საინტერესო. თავად ხაზარაძემ თქვა არჩევნები 400 მილიონი დაჯდაო და საიდან აქვთ პარტიებს ამოდენა ფინანსური რესურსები?

- მამუკა ხაზარაძის განცხადება რომ უსაფუძვლო არ გახლდათ, ფაქტია. მხედველობაში მაქვს ის, რომ სასამართლოს მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე 2 ივლისს სასამართლო ჩანიშვნა.

არადა, თი-ბი-სი ბანკის მიერ ე.წ. „ფულის გათეთრების“ საქმე რომ აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული იყო, ამაზე არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი საკმაოდ კვალიფიციური იურისტები კარგა ხანია საუბრობენ.

სხვათა შორის, ამ თემაზე პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისთვის ბრალი საერთოდ არ უნდა წარედგინათ, რადგან წარდგენილი ბრალდება ფულისგათეთრებისნიშნებს არ შეიცავს.

ვითარებაში, როცა პროკურატურა არ იძიებს გახარიას მიმართ ბადრი ჯაფარიძის ხმაურიან ბრალდებას მისთვის „წერილის გადაცემაზე,“ სასამართლოს მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსმენის დაანონსება პოლიტიკურად მოტივირებულს ძალიან ჰყავს.

19 აპრილის შეთანხმების შესრულება-არშესრულებას, დეგნანის განცხადებაზე კობახიძის პასუხსაც რომ თავი გავანებოთ, თქვენ არ გრჩებათ განცდა, რომ სასამართლო და პროკურატურა ახლა ისევ ისე გამოიყენება პოლიტიკურ იარაღად, როგორც წინა ხელისუფლების მმართველობისას?

- თავად ამ თემის აჟიტირებაა პოლიტიკურად მოტივირებული და ზემოთ ეს დავამტკიცე მიშელის შეთანხმებიდან ჩანაწერის მოყვანით. ნინო ლომჯარია არც ჩემთვის, არც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის თავად არ არის პოლიტიკურად მიუკერძოებელი.

ჩვენ გვჭირდება სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერება, არჩევის ახალი წესების შემუშავება. პარტიებს და ე.წ. ენჯეოებს ამ პროცესთან შეხება არ უნდა ჰქონდეთ. იქნებ გვეფიქრა და საყოველთაო არჩევნებით აგვერჩია?!

კეთილი ინებონ და პოლიტიკური საკითხები პარლამენტში მოაგვარონ. საერთოდ, უნდა ისწავლონ, რომ პარლამენტში უმრავლესობით წყდება ყველაფერი

რაც შეეხება სასამართლო სისტემას და პროკურატურას. რომელ ქვეყანაშია იდეალური? ვფიქრობ ასეთ ქვეყანას ვერ დავასახელებთ. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს კითხვაში არაა სიმართლე. მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ საგრძნობი წინსვლაა.

ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო რეიტინგი. მე სხვა კუთხით გეტყოდით. მოსახლეობას აქვს პრეტენზიები სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. ათასობით ადამიანმა, ვინც დაზარალდა წინა ხელისუფლების დროს, 2012 წელს შემდეგ სამართლიანობა ვერ იპოვა. ჰოდა, ვინ იყენებს პროკურატურას, მოქმედი ხელისუფლება, თუ ყოფილი?

თიბისი ბანკის საქმე კი ჩემთვის არაა მაჩვენებელი. შესაძლოა, ეს არ იყოს ფულის გათეთრების კლასიკური მაგალითი, მაგრამ ყალთაბანდობა აშკარად იყო. 17 მილიონის სესხად გაცემა, ოფშორში გადატანა და ა.შ. აღარ შევალ დეტალებში. მოკლედ, მაგალითისთვის არ გამოდგება.

საერთოდ, დროში გაწელილი პროცესები კითხვებს ტოვებს. რომ ამბობენ მოსამართლეები საკმარისიაო, მოიკითხონ ჩვეულებრივი სამოქალაქო სასამართლო დავები რამდენ წელს იწელება ხოლმე და რა მიზეზითაა?

ამიტომ, ოპოზიცია ხალხის ინტერესებიდან არ იბრძვის ამ სისტემის გაუმჯობესებისთვის. უბრალოდ სასამართლო რეფორმას იყენებენ პოლიტიკური ბრძოლისთვის, თორემ სასამართლოებით და პროკურატურით კმაყოფილი მოსახლეობა არასდროს ყოფილა და, იმის მიუხედავად, რომ წინა ცხოვრებაზე უკეთესი მდგომარეობაა, ჯერ შორს ვართ სასურველი შედეგისგან.

ჩვენ გვჭირდება სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერება, არჩევის ახალი წესების შემუშავება. პარტიებს და .. ენჯეოებს ამ პროცესთან შეხება არ უნდა ჰქონდეთ. იქნებ გვეფიქრა და საყოველთაო არჩევნებით აგვერჩია?!

- არჩევნებამდე 4 თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი. ფაქტია, რომ ყველა პოლიტიკური ძალის ძალისხმევა სწორედ შემოდგომისათვის დაგეგმილ არჩევნების გეგმებზეა მორგებული. ეს გასაკვირი სულაც არაა.

რომ არა მოახლოებული არჩევნები, ძნელი დასაჯერებელია, რომ პანდემიის დროს 245 ათასი მოქალაქისათვის და 344 იურიდიული პირისთვის ჯარიმები ხელისუფლებას ვინმესთვის ეპატია. ალბათ, ეკონომიკური პრობლემების ფონზე არ მოხდებოდა სკვერების მშენებლობისთვის 500 მილიონი ლარის გამოყოფაც. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ხელისუფლება სწორედ ასე მოიქცეოდა.

ახლა როცა მოახლოებულ არჩევნებზე უნდა გადაწყდეს ჩატარდება თუ არა ვადამდელი არჩევნები, თქვენი დაკვირვებით როგორ გამოიყურება მმართველი გუნდი, რომლის მიმართ პრეტენზიები საკმაოდ განსხვავებულ პოლიტიკურ თუ სოციალურ ჯგუფებს აქვთ?

- 500 მილიონი მხოლოდ სკვერებს არ ხმარდება. ყურადღებით ვაკვირდები ასეთ თემებს. რეგიონებში ბევრი რამ კეთდება ამ თანხის მიღმაც. პრემიერის ამ ინიციატივის ფარგლებში კი რეგიონებმა თავად გადაწყვიტეს რა პროექტები უნდა განეხორციელებინათ.

რაიონებში პარკებიც საჭიროა, მუზეუმებიც, ტურისტული ობიექტებიც და სხვა ინფრატრუქტურაც. ამავე დროს ნახევარი მილიარდის დახარჯვა ნიშნავს წარმოებების დატვირთვას, სამუშაო ადგილებს და ჩვენი რაიონების გალამაზებას.

რაც შეეხება ამნისტიას, თუ ციხეებიდან ვუშვებთ ხალხს ამნისტიით, რატომ არ შეიძლება ასეთი ხასიათის ამნისტია? იმავე “ქართულმა ოცნებამ,” პანდემიის დროს, უამრავ კომპანიას გაუკეთა შეღავათი, ასევე, არჩევნებამდეც, არჩევნების შემდეგაც, მოსახლეობას ფულადი დახმარებები გაუწია და ა.შ. ჯარიმების პატიებაც იგივე ხასიათისაა. ვერ ვხედავ პრობლემას. ეჭვი მეპარება ამომრჩეველს 4 თვის შემდეგ ეს გაახსენდეს. მმართველი გუნდი კი, არსებული ოპოზიციის ფონზე გაცილებით მომგებიანად გამოიყურება.

დღეს „ოცნებას“ ისევ ის პოლიტიკური ძალები უპირისპირდებიან, რომლებსაც პერსპექტივა არ აქვთ. პირადად წლებია მოვუწოდებ განახლებისკენ. თითქოს დაიწყო რაღაც პროცესი, თუმცა შეჩერდა გარკვეული მოვლენების შემდეგ. პარლამენტში კი, ოპოზიციის მხრიდან, მეტწილად ავტორიტეტის არმქონე პარლამენტარები მივიღეთ.

ოპოზიცია ხალხის ინტერესებიდან არ იბრძვის ამ სისტემის გაუმჯობესებისთვის. უბრალოდ სასამართლო რეფორმას იყენებენ პოლიტიკური ბრძოლისთვის, თორემ სასამართლოებით და პროკურატურით კმაყოფილი მოსახლეობა არასდროს ყოფილა და, იმის მიუხედავად, რომ წინა ცხოვრებაზე უკეთესი მდგომარეობაა, ჯერ შორს ვართ სასურველი შედეგისგან

აგერ სომხეთის მაგალითს გადავხედოთ. ფაშინიანს დაუპირისპირდა მოსახლეობისთვის მიუღებელი “ძველი ელიტა”. შედეგი სახეზეა. ასე რომ ოპოზიციის მთელი გათვლა მხოლოდ იმაზეა, რომ როგორმე “ოცნებამ” 43% ვერ აიღოს. უკვე ეს გარემოებაა სამარცხვინო მთელი ოპოზიციისთვის.

უკვე ეს მიუთითებს, რომ იმის მიუხედავად გადალახავს თუ არა „ოცნება“ 43%-ს, ერთ პარტიას ძალიან მაღალზე აქვს თამასა აწეული, მთელ დანარჩენ ოპოზიციას კი ერთი მიზანი აქვს, “ოცნებამ” შედეგი ვერ დაადასტუროს.

რომ იყოს პარტია, რომელიც პირველობისთვის იბრძოლებდა, მაშინ შეიძლებოდა გვემსჯელა თქვენი კითხვის ბოლო ნაწილზე. მანამდე ისევ იგივეა, რაც ადრე: “ყველა ერთის წინააღმდეგ!”

- დამკვირვებელთა ნაწილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს ახლა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა ნებისმიერი კანონის მიღება შეუძლია, მას შემდეგ რაც პარტია ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ დატოვა, „ქართული ოცნება“ საკმაოდ დასუსტებულია.

ამის მაგალითად ბევრი რამ სახელდება. ექსპრემიერ გიორგი გახარიას მიმართ ხმაურიანი განცხადებები, რომელთა გამოძიების მოთხოვნით გახარიას გუნდმა პროკურატურას მიმართა, ასევე ლგბტ ჯგუფების მისამართით ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, როგორც მინიმუმ, საჯარო სივრცისთვის გაუმართლებელი განცხადებები.

მნიშვნელობა არა აქვს ვის რა დამოკიდებულება აქვს ლგბტ ჯგუფების მიმართ. ამ თემაზე ირაკლი კობახიძის განცხადებები ვასაძისა და „პატრიოტთა ალიანსის“ ამომრჩევლებზე „ნადირობად“ შეფასდა.

თუ „ქართულ ოცნებას“ არჩევნების წინ ელექტორატის პრობლემა არ აქვს, თქვენი აზრით რაში დასჭირდა მას ერთი მხრივ თავის ყოფილ პრემიერზე, ხოლო მეორე მხრივ ლგბტ ჯგუფებზე იერიშის მიტანა?

- ელექტორატის პრობლემა ყველა დროში, ყველა ქვეყანაში ყველა პარტიას ჰქონდა და ექნება. ყველა ელექტორატისთვის ბრძოლობს.

პასუხი ორად გავყოთ. ადრე ეჭვებს ავრცელებდნენ, რომ გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი იყო. დღეს მგონი დარწმუნდა ყველა, რომ ეს ასე არაა. შესაბამისად, რატომ უნდა გვიკვირდეს ელექტორატისთვის ბრძოლა, მით უმეტეს, რომ ერთი წიაღიდან არიან?!

სხვათა შორის, ასევე ერთი წიაღიდან გამოსული ენმ და ევროსაქები კარგი მაგალითია, ერთმა “შეჭამა” მეორე. დღეს ევროსაქებს პულსი აღარ ესინჯება. დასპონსორებულ ვიდეო რგოლს სულ რაღაც 2600 ნახვა და 26 უარყოფითი კომენტარი აქვს.

იგივე იქნება „ოცნებასა“ და ყოფილ „ოცნებას“ შორის. მე-3 თუ მე-4 ტალღაა და ელექტორატისთვის იბრძოლებენ და ერთმა მეორე უნდა “შეჭამოს”, ან პირიქით.

რაც შეეხება ომს. ომი არ დაუწყია „ოცნებას.“ „ოცნებამ“ გააკეთა მძიმე განცხადებები გადადგომის გამო, რაც მოსალოდნელი და ლოგიკური უნდა ყოფილიყო. მგონი ყველამ ვიგრძენით, რომ ხელისუფლებამ სერიოზული დარტყმა მიიღო, როცა სასამართლო განჩინების აღსრულებისას, ქვეყნის პრემიერი გადადგა. ისტორიაში მსგავსის გახსენება რთულია. ამის შემდეგ იყო პაუზა. პაუზის დროს ხმები, რომ გახარია წავიდა, თუ მოდის და ა.შ.

ამ დროს იყო „ოცნების“ ლიდერების განცხადებები, “შევხედავთ რას იზამს, როგორი პოზიციონირება ექნება და შემდეგ გავაკეთებთ შეფასებებს.” ამოიღეთ არქივი. უცებ, ყველასათვის მოულოდნელად „ოცნების“ 6 დეპუტატი გადის უმრავლესობიდან, რამაც “ოცნება” კიდევ ერთხელ დააყენა რისკის ქვეშ.

საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ ამას მოჰყვებოდა ჯაჭვური რეაქცია. ხომ გახსოვთ რა დასახელდა მათი გასვლის მიზეზად? კორუფცია და ნეპოტიზმი იყო და ამიტომ მივდივართო. ეს არ იყო ომის გამოცხადება?

რა თქმა უნდა “ოცნება” გადავიდა კონტრშეტევაზე და ამ რეჟიმში გააგრძელებს. სხვა მოლოდინი რატომ უნდა ყოფილიყო?! შემდეგ აღმოჩნდა, რომ არც კორუფციაა, არც ნეპოტიზმი. კორუფციის რისკები ყოფილა. მერე ვიდეო რგოლი მოჰყვა, სადაც მხოლოდ გახარიას ნეპოტისტურ კავშირებზე იყო საუბარი. კარგი იქნებოდა იმავე ენთუზიაზმით სხვებიც გამოგვევლინა. თუმცა, ვიმეორებ, ომის გამოცხადებას მოჰყვა პასუხი.

მე არ დავეთანხმე მის გადადგომას, არც გაჟღერებულ მიზეზს, ანუ პოლარიზაციის შემცირების სურვილს. იმ დღესვე დავწერე, რომ პოლარიზაცია ასე ვერ შემცირდება. პოლარიზაციის მიზეზი უსამართლობა და წინა ხელისუფლების მიუღებლობაა.

ხალხი არ იღებს იმ რეალობას, როცა სამართლიანობა სრულად ვერ აღდგა. ესაა მიზეზი და არა ამომრჩევლის დაყოფა პარტიების მიხედვით. ამომრჩეველი დაყოფილი უნდა იყოს ისედაც.

მაგრამ, დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკოსები ვერ უნდა პოლიტიკოსობდნენ. აქეთკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები. მაშინ შემცირდება პოლარიზაცია.

დღესოცნებას ისევ ის პოლიტიკური ძალები უპირისპირდებიან, რომლებსაც პერსპექტივა არ აქვთ. პირადად წლებია მოვუწოდებ განახლებისკენ. თითქოს დაიწყო რაღაც პროცესი, თუმცა შეჩერდა გარკვეული მოვლენების შემდეგ. პარლამენტში კი, ოპოზიციის მხრიდან, მეტწილად ავტორიტეტის არმქონე პარლამენტარები მივიღეთ

მოკლედ, “ოცნებას” და გახარიას შორის “ომი” გაგრძელდება, რადგან სასწორზე ძალიან ბევრია ამ შემოდგომით.

რაც შეეხება ლგბტ კვირეულს. ვასაძის ელექტორატზე ბრძოლას არ დავარქმევდი ამას. „ოცნებას“ თავად ჰყავს ამომრჩეველი, რომელსაც ტრადიციული ღირებულებები აქვს, არ მოსწონთ პრაიდები, კვირეულები. ნუ დაგავიწყდებათ, რომ საკონსტიტუციო ჩანაწერი ოჯახთან დაკავშირებით პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით ჩაიწერა.

ასევე, „ოცნების“ ამომრჩეველი არ თვლის, რომ საქართველოში სექსუალური ნიშნით ვინმეს უფლებები ირღვევა. ამიტომ სხვისი ელექტორატისთვის კი არ იბრძვის, ცდილობს საკუთარი არ დაკარგოს. ამ დროს, შეიძლება, სხვისიც გადმოიბიროს.

ირაკლი კობახიძემ გააკეთა მინიშნებები, რატომ არ დართეს ნება ე.წ. კვირეულს. სხვათა შორის, ახლახან, ამერიკაში ლგბტ მსვლელობა გადაიდო იმ მიზეზით, რომ მსვლელობას ავტომანქანა დაეჯახა. ასე რომ არც ამერიკაშია ერთგვაროვანი დამოკიდებულება. ზუსტად ეს ექსცესები არ სურთ აქ.

აქვე ისიც შესამჩნევია, რომ ლგბტ აქტივისტებს არჩევნების წინ ააქტიურებენ. მარტივი გათვლაა, ორუჯრედიანია. თუ „ოცნება“ კვირეულს ჩაატარებდა, ცალკე თავის ამომრჩეველს დაკარგავდა, ცალკე პრორუსული ძალები გააქტიურდებოდნენ, რასაც ოპოზიცია ისევ “ოცნების” წინააღმდეგ გამოიყენებდა. თუ აკრძალავდა, ოპოზიცია შეეცდებოდა “ოცნების” წინააღმდეგ დასავლეთი აემხედრებინა. “ოცნებამ” აკრძალვა არჩია.

დასავლეთმა კი უნდა გაიგოს, რომ თუ არ სურთ საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, თავზე არ უნდა მოგვახვიონ ფსევდოღირებულებები. აქ პრობლემები არ აქვთ არანაირ უმცირესობებს და ნუ აპოლიტიზირებენ ამ თემას.

დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკოსები ვერ უნდა პოლიტიკოსობდნენ. აქეთკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები. მაშინ შემცირდება პოლარიზაცია

- „ქართული ოცნების“ ლიდერშიფი აგრძელებს მტკიცებას, რომ გახარია-სააკაშვილი ერთმანეთთან თანამშრომლობის რეჟიმში არიან. ასეა მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი რამ თავად გახარიამ კატეგორიულად უარყო.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რატომღაც რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილ-გახარიას თანამშრომლობაზე მეტად ვაშინგტონის პოლიტიკურ ველზე, აშშ-ს სახელისუფლებო წრეებთან დაკავშირებულ წრეებსა და კორიდორებში გახარიას გამოჩენა უფრო ადარდებს.

სხვათა შორის, არაა გამორიცხული იგივე აწუხებდეს „ნაცმოძრაობასაც“. მნიშვნელობა არ აქვს, გახარიას მოქმედება ივანიშვილთანაა შეთანხმებიული თუ ძალის სხვა ცენტრებთან. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ თემებზე ერთი მხრივ „ქართული ოცნების“, ხოლო მეორე მხრივ „ნაციონალების“ ლიდერშიფის განცხადებებს?

- კონკურენტ პარტიებს შორის მსგავსი “ეჭვიანობა” ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩემთვის სამწუხაროა გიორგი გახარიაზე რომ მიწევს ასეთ კონტექსტში საუბარი. მისი გადადგომიდან 6 დეპუტატის გასვლამდე პერიოდში მქონდა მოლოდინი, რომ გახარიას პარტია შესაძლოა ყოფილიყო 2024 წელს კოალიციური მთავრობის თანამონაწილე.

სამწუხაროდ, როგორც ვისაუბრეთ, “ომის” გზით წარიმართა. ეს ქართული პოლიტიკის ტრადიცია და მიდგომაა. თუ ხელისუფლებას ებრძვი, ე.ი. ოპოზიცია ხარ, თუ ღიად არ ეომები, ან თუ ოპოზიციასაც “დაარტყამ”, მაშინ მართული ხარ. სხვა სიტყვებით შეგვიძლია ფანჩატურიზაცია დავარქვათ. იგივენაირად უდგებიან მედიას, “ენჯეოებს”, ექსპერტებს.

მე ვირჩევდი, რომ პარტიებმა ამომრჩეველს ესაუბრონ და კრიტიკასთან ერთად, უკეთესი პროგრამები შემოგვთავაზონ. ამომრჩევლისთვის იბრძოლონ. ამ საკითხზე ბევრჯერ გვისაუბრია.

მოდით კონსპირაციებს რომ თავი დავანებოთ, ვისაუბროთ ფაქტებზე და ინტერესებზე. „ნაცმოძრაობის“ და სხვა ზოგიერთი პარტიის ინტერესია ვადამდელი არჩევნები. ეს “მიშელის შეთანხმებით” მოხდება, თუ “ქართული ოცნება” ვერ აიღებს 43%-ს ან მეტ ხმას, ხომ?

დღევანდელი რეალობაში, როცა ოპოზიციამ სრული კრახი განიცადა ამ 7-თვიან ძიძგილაობაში და დასავლეთსაც კი დაანახა მათი დესტრუქციულობა. გვახსოვს განცხადებები რუსულ ინტერესებთან დაკავშირებით.

ერთადერთ მაშველ რგოლად რჩება გახარიას მიერ იმდენი ხმის აღება, რაც ვადამდელ არჩევნებს გამოიწვევს. ვერ დავადაშაულებ მას. საკუთარი გათვლები აქვს. პოლიტიკაა. ამავე დროს გახარიას ფაქტორი რომ „ნაცმოძრაობის“ ინტერესებშია, ეს ხომ ეჭვს არ იწვევს?!

ვადამდელი არჩევნები ორი მიზეზითაა ჩემთვის მიუღებელი. ვადამდელი არჩევნებით ისევ ორი პოლუსი სარგებლობს. პლუს ახალი საბიუჯეტო ხარჯები. ახლა შევხედოთ სხვა კუთხით.

დასავლეთმა უნდა გაიგოს, რომ თუ არ სურთ საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, თავზე არ უნდა მოგვახვიონ ფსევდოღირებულებები. აქ პრობლემები არ აქვთ არანაირ უმცირესობებს და ნუ აპოლიტიზირებენ ამ თემას

განვიხილოთ ვარიანტები. დავუშვათ „ოცნებამ,“ გახარიას ფაქტორის გამო ვერ აიღო 43%. ჩატარდება ვადამდელი არჩევნები. ადგილობრივი არჩევნები ხომ ძალაში დარჩება? ამ შემთხვევაში ადგილობრივ საკრებულოებში „ოცნებას“ არ ექნება უმრავლესობა და საჭირო გახდება კოალიციის შექმნა.

გახარია „ოცნებასთან“ შეკრავს კოალიციას, თუ ენმ-თან და დანარჩენ ოპოზიციასთან? კითხვაა, ხომ? იგივე კითხვა იქნება, თუ „ოცნებამ“ აიღო 43 ან მეტი პროცენტი, მაგრამ რომელიმე საკრებულოში არ ექნება უმრავლესობა? ღირებულებებით გახარია „ოცნებას“ შეეკვრება თუ ოპოზიციას?

დავუშვათ ჩატარდა ვადამდელი არჩევნები გაზაფხულზე. დავუშვათ ვადამდელ არჩევნებზე „ოცნებას“ ასევე დასჭირდა კოალიციის შექმნა. იგივე ამოცანა ექნება ოპოზიციას. ვინ ვისთან შეკრავს კოალიციას მთავრობის შესაქმნელად?

ერთ მხარეს იქნება “ოცნება” არასაკმარისი ხმებით, მეორე მხარეს “ფანჩატური”, ასევე არასაკმარისი ხმებით. შესაძლოა გახარიას აღმოაჩნდეს “საკონტროლო პაკეტისთვის” საჭირო ხმები. საით გადაიხრება? აი ესაა ჩემთვის კითხვები და ესაა საწყენი, რადგან შანსს აძლევს ენმ-ს, რითაც საბოლოოდ ორმოს გაითხრის. მერჩივნა სხვა სცენარი.

ამ მხრივ დამატებითი კითხვები გააჩინა ვაშინგტონურმა ვოიაჟმა. მეგონა რომ ერთ სასტუმროში მიმღებმა მხარემ განათავსა ყველა. აღმოჩნდა რომ “დამთხვევა” ყოფილა. შეეკითხეთ ალბათობის თეორიის სპეციალისტებს როგორი დასამთხვევია ერთი და იგივე დღე ერთსა და იმავე სასტუმროში, როცა თეთრი სახლის და კაპიტოლიუმის ირგვლივ ათობით მაღალი დონის სასტუმროა. სხვათა შორის უფრო იაფიც.

ამ დროს ზოგმა თქვა ერთ სასტუმროში არ ვიყავითო. ზოგმა ენმ-ს არ შეხვედრიაო და ა.შ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთ სასტუმროშიც იყვნენ, მელიასაც შეხვდა ვარჯიშზე და ა.შ.

აქეთ ფორმულა ირჯება რეიტინგებით. მე ამ შემთხვევაში საკუთარ პოზიციას არ გამოვხატავ, არამედ მიმდინარე ფაქტების მიმოხილვას ვახდენ. პირადი პოზიცია გამოვხატე იმ მხრივ, რომ ვადამდელ აეჩევნებში საზოგადოების ინტერესს ვერ ვხედავ, ამიტომ წინააღმდეგი ვარ. თუმცა მე ვერაფერს ვწყვეტ.

გიორგი გახარია ენმ-ისგან 100% იზოლირებულად რომ მოქმედებდეს, ენმ მას მაინც დაეხმარება, რათა “ოცნებამ” 43% ვერ აიღოს. ამ ფონზე ნუ გვექნება მოლოდინი, რომ “ოცნებას” გახარიაზე რეაქცია არ ექნება. მეტიც, ამ თვეებში უფრო გამწვავდება.

ვადამდელი არჩევნები ორი მიზეზითაა ჩემთვის მიუღებელი. ვადამდელი არჩევნებით ისევ ორი პოლუსი სარგებლობს. პლუს ახალი საბიუჯეტო ხარჯები

ჩემი აზრით გიორგი გახარიას ჰქონდა სცენარი, რომელიც არც ვადამდელ არჩევნებს გახდიდა სავარაუდოს და ორთავე პოლუსს, „ოცნებას“ და ენმ-ს ზიანს მიაყენებდა. ასე არ ხდება. რიტორიკულ კითხვას დავსვამ. “ოცნების” ადგილას სხვა როგორ მოიქცეოდა?

- ვხედავთ, რომ ამ მოვლენების ფონზე უცნაურადაც კი ვითარდება პროცესები ოპოზიციურ ფლანგზე.

პარლამენტში ახლადშესული ოპოზიციის ქმედებები გარდა იმისა, რომ არც მათთვის და არც ზოგადად პოლიტიკური პროცესისათვის არაფრისმომცემი აღმოჩნდა, გაუგებარია დარჩენილ დროში რა შეიძლება მოასწრონ ოპოზიციის მიერ დაანონსებულმა კომისიებმა. იქნება ეს კორუფციის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი, თუ კიდევ სხვა კომისიები.

თქვენ როგორ შეაფასებდით ოპოზიციის ქმედებებს მას შემდეგ, რაც ისინი პარლამენტში შევიდნენ?

- დანარჩენი ოპოზიცია მიხვდა, რომ ფანჩატურში ჯდომით მათ ჩაყლაპავდა ენმ და მოუკლავდა მათ დამოუკიდებლად არსებობის და განვითარების პერსპექტივას. ამიტომ ისინი გააგრძელებენ საკუთარი დღის წესრიგით ცხოვრებას. გამქრალი ევროსაქების მაგალითი სახეზე აქვთ. ოპოზიციის ნაწილი თემატურად ითანამშრომლებს ენმ-თან, ოღონდ ფანჩატურიზაციაში და დასავლეთის იგნორირებაში არ ჩაყვებიან.

გიორგი გახარია ენმ-ისგან 100% იზოლირებულად რომ მოქმედებდეს, ენმ მას მაინც დაეხმარება, რათაოცნებამ” 43% ვერ აიღოს. ამ ფონზე ნუ გვექნება მოლოდინი, რომოცნებასგახარიაზე რეაქცია არ ექნება. მეტიც, ამ თვეებში უფრო გამწვავდება

მათი პერსპექტივა დამოკიდებული იქნება რამდენად სწორად წარმართავენ საკუთარ საქმიანობას და მოახერხებენ თუ არა დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. აქედან რამდენიმე პარტიაზე აქვე შეიძლება ითქვას, რომ მათ პერსპექტივას ვერ ვხედავ.

როგორც შეკოწიწდნენ, ისე დაიშლებიან. არ დავაკონკრეტებ. “სიცოცხლის” გახანგრძლივების ერთი შანსი აქვთ - დარჩნენ საარჩევნო ციკლში და 2024-სთვის საკუთარი შანსები გაზარდონ. ვადამდელის შემთხვევაში უბრალოდ პულსი არ გაესინჯებათ. ვის ეხება, თავად შეაფასონ.

- ოპოზიციის ამოცანაა არჩევნებამდე დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ „ქართული ოცნების“ ალტერნატივაა. მაგრამ, ამას ჯერჯერობით ვერც ერთი ძალა ვერც ცალ-ცალკე და ვერც ერთად ვერ ახერხებს.

ოპოზიციური სპექტრიდან რომელ პოლიტიკურ ძალას აქვს მეტი შანსი დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ სწორედ ისაა „ქართული ოცნების“ ალტერნატივა?

- კოალიციის გარეშე დღეს ასეთი პარტია არ არსებობს და ეს სავალალო რეალობაა. ამიტომ უნდა ვიზრუნით პოლიტიკური კულტურის ამაღლებაზე. უნდა დალაგდნენ იდეოლოგიების, მიმდევრობების, ღირებულებების მიხედვით.

დღეს ოპოზიცია აჯაფსანდალს ჰგავს. უნდა შევეშვათ ძიძგილაობას, ქვეყნის რყევებს და პარტიებმა დაიწყონ განახლებები, პარტიების საფუძვლიანი მშენებლობა, ფუნდამენტური და რეალური განახლებები. ამ შემთხვევაში გვაქვს შანსი 2024-ს არჩევნებისთვის განსხვავებული სურათი მივიღოთ და ალტერნატივაც გაჩნდეს.

როცა დავდგებით კოალიციების საჭიროების წინაშე, პოლიტიკური კულტურის ამაღლების გარეშე, ქვეყანა პერმანენტულ ქაოსურ პროცესებში გადავა.

- არჩევნებამდე დარჩენილ დროში ბევრი რამ უნდა მოხდეს თუნდაც პარლამენტის კედლებში, რომ მოახლოებული არჩევნები ახალი სტანდარტით ჩატარდეს. თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები არჩევნებამდე დარჩენილ დროში?

- საკმაოდ სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებები ხორციელდება და აბსოლუტურად სხვა საარჩევნო გარემოს მივიღებთ. იმედია ასეთ პირობებში მორიგ საბოტაჟს აღარ მივიღებთ და ნებისმიერი შედეგების შემთხვევაში გავაგრძელებთ ცხოვრებას კანონის ფარგლებში.

იმედი მაქვს ვიხილავთ საინტერესო წინასაარჩევნო პერიოდს, იმედია ვიხილავთ პროგრამების ჭიდილს, რაც ვერ ვნახეთ ვერც ერთ მანამდელ არჩევნებში. დიდი იმედი არც ახლა მაქვს.

ამ დროს „ქართული ოცნება“ აგრძელებს რეგიონებში მუშაობას. იგივე 500-მილიონიანი სამთავრობო ინიციატივა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა წამოიწყო, რეგიონებში დაიხარჯება და ყოველ რაიონში რამდენიმე პროექტს ვიხილავთ.

ოპოზიციის ნაწილი თემატურად ითანამშრომლებს ენმ-თან, ოღონდ ფანჩატურიზაციაში და დასავლეთის იგნორირებაში არ ჩაყვებიან

ამავე დროს სხვა უწყებებიც მუშაობენ, ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა. დღეს ვისაც თვალები აქვს, დაინახავს სხვაობას 2012 წლის სოფლის მეურნეობასა და დღევანდელს შორის. 2012 წლის ადგილობრივ წარმოებასთან და დღევანდელს შორის. ჩემს ველზე შეუძლია მკითხველს მოიძიოს ინფორმაცია ასობით საწარმოს შესახებ. 2012 წლის საგზაო ინფრასტრუქტურასა და დღევანდელს შორის.

ამ გაკეთებული საქმეების გამო, „ოცნებას“ სამუდამოდ ხელისუფლებაში ყოფნის ილუზია არ უნდა ჰქონდეს. კარგად უნდა გაარკვიონ ხალხის უკმაყოფილებაც და ახალი მოთხოვნებიც და მოერგონ ახალ რეალობას.

მეორე მხრივ, თუ ოპოზიცია აქაურ რჩევებს არ გაითვალისწინებს და ისევ კიევური სცენარით იმოქმედებენ, ნუ ექნებათ წარმატების ილუზია. ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი საარჩევნო ჯიხურში კითხულობს შემოთავაზებულ მენიუს და ამ მენიუდან აკეთებს ბოლო არჩევანს.

ჩემი აზრით, ჯერ-ჯერობით, „ოცნებაც“ და ოპოზიციაც ტრაფარეტულად მიდიან. სიახლეს ვერ ვხედავ. გაზეთით რჩევების გაცემას არ შევუდგები. „ოცნებისთვის“ ყველაზე უარეს შემთხვევაში, 43%-ს თუ ვერ აიღებენ, ლიდერად რჩებიან, ვადამდელამდე ხელისუფლებაში იქნებიან და, ამ ვითარებაში, ვადამდელსაც მოიგებენ.

თუ არ ეყოფათ ხმები, დიდი შანსი აქვთ მოკავშირეები გამონახონ და შეკრან კოალიცია. რომც ვერ შეკრან, რას მოგვცემს ეს ყველაფერი, თუ ოპოზიციური ფლანგი კარდინალურად არ შეიცვალა? ვფიქრობ არაფერს.

ეს ყველაზე ცუდი ვარიანტი აღვწერე. თუ კარგად წარმართავენ საარჩევნო კამპანიას, აქვთ უკეთესი შედეგის შანსი.

რა შანსები აქვს ოპოზიციას და რა გათვლები? ჯერ ამ გათვლებს ვერ ვხედავ. ერთადერთი აქცენტი აქვთ როგორმე არ ააღებინონ ოცნებას 43%. ამომრჩეველს რას სთავაზობენ, ან ვინ სთავაზობს? ანალოგიური საუბრები გვქონდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ. შედეგი ვნახეთ. იგივე მოლოდინები მაქვს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო