ფოთში, სამკერვალო ფაბრიკაში, სადაც რამდენიმე თანამშრომელი, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა, სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცავები იმყოფებიან

ფოთში, სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილში“, სადაც რამდენიმე თანამშრომელი, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა, სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცავები იმყოფებიან. საწარმოს დირექტორის, გია ლომინაძის ინფორმაციით, ფაბრიკას საკვები პროდუქტებით ერთ- ერთი კომპანია უზრუნველყოფს და ასეთი შემთხვევა აქამდე არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, ყველა კითხვას პასუხი მალე გაეცემა.
„კომპანიაში ყოველდღიურად მიმდინარეობს საკვებით უზრუნველყოფა ჩვენი დასაქმებულების. გვყავს დაქირავებული კომპანია, ვისთანაც გვაქვს სახელშეკრულებო ურთიერთობა და გვაწვდის საკვებს. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მაგრამ პირველადი მონაცემებით, ვარაუდი არის ის, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო საკვები, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ 1 500 ადამიანია ამ კონკრეტულ საწარმოში დასაქმებული და მხოლოდ 15 თუ 17 ადამიანია გადაყვანილი საავადმყოფოში. აქედან გამომდინარე, ზუსტ ანალიზს ვერ ვაკეთებთ რა შეიძლება ყოფილიყო გამომწვევი მიზეზი ამ ფაქტისა. დაველოდებით შესაბამისი სამსახურების დასკვნებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს საწარმოში მაქსიმალურად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. სისტემატურ კავშირში ვართ საავადმყოფოებთან და ფაქტობრივად, ყველას მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა „აჭარა ტექსტილის“ დირექტორმა, გია ლომინაძემ.
შეგახსენებთ, სამკერველო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილში" სავარაუდოდ, საკვები პროდუქტით 20-მდე ადამიანი მოიწამლა. ისინი კლინიკა „ლაზიკამედში“ არიან მოთავსებული და შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

























