ქუთაისში „ცისკოს" წარმომადგენელმა ქუთაისელმა ახალგაზრდებმა ინტერნეტ-ტექნოლოგიების თემაზე საჯარო ლექცია ჩაატარეს

საერთაშორისო კომპანია „ცისკოს" (სილიკონის ველი, კალიფორნია, აშშ) წარმომადგენლებმა, ქუთაისელმა ახალგაზრდებმა დავით ნოზაძემ და გიორგი მაღლაკელიძემ, ინტერნეტ- ტექნოლოგიების თემაზე საჯარო ლექცია ქუთაისში ჩაატარეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, თანამედროვე ტექნოლოგიებზე საჯარო ლექცია ქუთაისის მერიის ინიციატივით და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, ინტერნეტ-ტექნოლოგიებით დაინტერსებული მოსწავლეები და სტუდენტები. „ცისკოს" ტექნიკური ლიდერის, დავით ნოზაძის პრეზენტაციის თემა იყო „გამოწვევები ინტერნეტ-ტექნოლოგიებში".
„ცისკოს" სიგნალის მთლიანობის ინჟინერმა გიორგი მაღლაკელიძემ კი წარმოადგინა თემა "თავსებადობის პრობლემები თანამედროვე მოწყობილობებში". „ძალიან საინტერესო ლექცია გამართეს „ცისკოს" წარმომადგენელმა ჩვენმა თანაქალაქელმა ახალგაზრდებმა. მათ ქუთაისში დაამთავრეს სკოლა - დავით ნოზაძემ ფიზიკა-მათემატიკური, გიორგი მაღლაკელიძემ კი მე-13 საჯარო სკოლა. ისინი ახლა სილიკონის ველზე მუშაობენ. ეს ბიჭები არიან იმის დასტური, რომ თუ მოინდომებ, ყველაფერს მიაღწევ, მთავარია განათლების მიღება და ინტერესი. სწორედ ამის შესახებ ისაუბრეს მათ თანაქალაქელ ახალგაზრდებთან. მადლობა მინდა გადავუხადო დავითს და გიორგის, საინტერესო ლექციისთვის , ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ალექსანდრე თევზაძეს, რომელმაც დაგვაკავშირა ამ ახალგაზრდებთან. ჩვენ მომავლისთვის გაცილებით ფართომასშტაბიანი ურთიერთობები და ღონისძიებები დავგეგმეთ“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

























