თბილისის საქალაქო სასამართლოში განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ ვატო ყიფიანის პროცესი მიმდინარეობს. მისი უფლებადამცველი მარიკა ფხალაძის განცხადებით, ვატო ყიფიანი არის უკანონო პატიმარი და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
„დაცვის მხარეს აქვს არგუმენტები, რომ მისი დაკავების მომენტში დაირღვა საპროცესო კანონმდებლობა. ჩვენი ცალსახა პოზიციაა, რომ ის არის უკანონო პატიმარი და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან ყოველგვარი გირაოსა და დამატებითი ალტერნატივების გარეშე. მოლოდინი არის ნაკლები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს იგივე მოსამართლე, რომელმაც მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო”, - აღნიშნა მარიკა ფხალაძემ.
ცნობისთვის, ვატო ყიფიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადება, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და 25,236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღების ორგანიზება) წარედგინა.