გორში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გორში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. ბრალდების მხარის პოზიციას იზიარებს დაცვის მხარეც, თუმცა, ამავდროულად, ბრალდებულის ადვოკატი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნასაც მოითხოვს. თამარ თედლიაშვილი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მკურნალობა ესაჭიროება.
,,აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბრალდების მხარის პოზიციას ვიზიარებთ, აქვე აღვნიშნავ, რომ უნდა დაინიშნოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. არსებობს შესაბამისი სამედიცინო ისტორია, რაც მოწმობს, რომ ჩემის დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ის იღებდა სპეციალიზებულ მედიკამენტებს“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ ბრალდებულის ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს.
„მან გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა. მისი გამოკითხვა გარკვეული პერიოდი ვერ ხერხდებოდა მისი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო“, - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, 24 ივნისს, გორში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, 21 წლის ახალგაზრდა თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციელს ცხვირის მიდამოში რბილი ქსოვილის ნაფლეთოვანი დაზიანება აღენიშნება. დაკავებულს ბრალი სსკ-ის 353 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე. წინასასამართლო პროცესი 20 აგვისტოს გაიმართება.

























