ქართული პრესის მიმოხილვა 28.06.2021

ვახტანგ ძაბირაძე - “მინიშნება ასეთია: აშშ-ში კი არ უნდა ირბინოთ, თქვენს ქვეყანაში უნდა მოიპოვოთ მოსახლეობის მხარდაჭერაო”

უნდა შემოვუშვათ თუ არა რუსი ტურისტები - რუსეთში ეპიდემიის აფეთქებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია

ბადრი ჯაფარიძე - “დღის წესრიგში უნდა დადგეს სანქციების დაწესება იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც კლანის წევრებად ითვლებიან”

“ოცნებაში” აშშ-ს მიერ მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების არ სჯერათ

ვახტანგ კალოიანი - “ვაქცინაციის გარეშე შეზღუდვების მოხსნა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა”

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “მინიშნება ასეთია: აშშ-ში კი არ უნდა ირბინოთ, თქვენს ქვეყანაში უნდა მოიპოვოთ მოსახლეობის მხარდაჭერაო”

“როცა დღეს ხელისუფლება ლაპარაკობს 10-წლიან გეგმაზე, ეს ყოვლად გაუგებარია უპირველესად იმიტომ, რომ საპარლამენტო მმართველობა გვაქვს და ხვალ რომ ხელისუფლება შეიცვალოს, რა ეშველება ამ გეგმას? გავიხსენოთ, რომ ამ ცოტა ხნის წინ გეგმა ჰქონდა წინამორბედ პრემიერსაც, რაც, სხვათა შორის, პარლამენტშიც გაახსენეს “ქართულ ოცნებას”, მაგრამ სად არის დღეს ეს პრემიერი და მისი გეგმა? მახსოვს, გეგმა ჰქონდა კვირიკაშვილსაც... რა 10-წლიან გეგმაზეა ლაპარაკი, როდესაც ხვალ-ზეგ რა იქნება, კაცმა არ იცის. ჩემი აზრით, ეს გამიზნული იყო წინასაარჩევნოდ ამომრჩეველზე ზემოქმედებისთვის. კვლავაც დაპირებებით ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პრემიერის ანგარიში, ქართული “შტურმი” ვაშინგტონში ანუ რაზე მიანიშნა სენატორმა რიშმა ქართველ პოლიტიკოსებს / “საზოგადოებაში არ არის აგრესია, შესაბამისად, ოპოზიციის აგრესიულობა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების ნიველირებასაც კი ახდენს” / “რიშის განცხადებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მინიშნება ასეთია: აშშ-ში კი არ უნდა ირბინოთ, თქვენს ქვეყანაში უნდა მოიპოვოთ მოსახლეობის მხარდაჭერაო”.

“თუ ლაპარაკია შინაარსზე, რაც ითქვა, მშვენიერი გეგმაა, თუმცა არც მისი შესრულების გზები და არც ის, რა დრო აქვს “ქართულ ოცნებას” ამისთვის, ცნობილი არ არის. მოკლედ, ეს გეგმა არარეალურია. ხვალ რომ შეცვალონ ღარიბაშვილი, მისი გეგმა არქივში წავა. რომც არ შეცვალონ, მაინც არქივისთვისაა განწირული, რადგან ის მიმართულებები, რაზეც იქ ლაპარაკობს, საკითხავია, თუ რამდენად შეესაბამება დღევანდელ ჩვენს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ვითარებას, თან ყოველივე ეს ხომ ცვალებადია. კი ითქვა, რომ 5 წელიწადში გადავხედავთ და კორექტივებს შევიტანთო, მაგრამ ისიც უცნობია, 5 წლის შემდეგ რა იქნება ქვეყანაში. ამიტომაც მგონია, რომ უკეთესი იქნებოდა, ღარიბაშვილს იმის გეგმა წარმოედგინა, 2024 წლამდე რას აპირებენ, როგორ უნდა დასძლიონ ეკონომიკური კრიზისი... 2024 წლამდე გასაკეთებელ საქმეებზე, იცით, რატომ ვერ ლაპარაკობენ? იმიტომ, რომ მაგ დროს არჩევნებია და დღეს რომ დაპირებები გასცენ, ამაზე პასუხი მოეთხოვებათ, აი, 10 წლის მერე კი, კაცმა არ იცის, რა იქნება...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ღარიბაშვილმა არ ილაპარაკა იმაზე, თუ სასამართლო რეფორმისთვის რა იგეგმება, არც საარჩევნო კოდექსზე უთქვამს დიდად რამე, იმ თემებზე იმდენად არ ყოფილა ლაპარაკი, რამდენიც პრობლემაა ქვეყანაში... ამის დასტური იყო დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემის ნაწილიც, როდესაც, ფაქტობრივად, მხოლოდ უმრავლესობის წევრებს უპასუხა. დანარჩენს - ოპოზიციის შეკითხვებს, ძირითადად, აგრესიულად, აგდებით და არასაგნობრივად გამოეხმაურა. მოკლედ, “ქართული ოცნებისთვის” მტკივნეული თემები ღარიბაშვილმა უპასუხოდ დატოვა. ეს საანგარიშო გამოსვლა დაახლოებით იმის მაჩვენებელი იყო, არჩევნებზე რა ლოზუნგებით გამოვა “ქართული ოცნება”. იყო ლაპარაკი მუნიციპალური განვითარებისთვის დასახარჯ 500.000 მილიონზე, რაც პირდაპირ უკავშირდება თვითმმართველობის არჩევნებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ოპოზიციის ქცევაში არსებითად არაფერი შეცვლილა, ისევ ერთსა და იმავეს იმეორებენ. რაზეც ლაპარაკობენ, მტკივნეული თემებია, მაგრამ ხელისუფლებისადმი მათი დამოკიდებულება კვლავაც უკიდურესად აგრესიულია, რაც არ პასუხობს მოსახლეობის განწყობას. საზოგადოებაში არ არის აგრესია, შესაბამისად, ოპოზიციის აგრესიულობა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების ნიველირებასაც კი ახდენს.ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო “ლიბერთი ბანკისა” და პენსიონერების, ასევე ვეტერანების თემის წამოწევა და ვიცით, რომ ხელისუფლებაც აპირებს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს კითხვები დაისვას უფრო ზუსტად და პარლამენტარები დროს შეფასებებში არ კარგავდნენ. ეს ყველას არ შეეხება, მაგრამ ოპოზიციის დიდი ნაწილი უფრო შეფასებებით გამოდიოდა და კითხვებს ნაკლებად სვამდა. ველოდი, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ ოპოზიციის ქცევაში დიდი არაფერი შეიცვლებოდა, უბრალოდ, ქუჩიდან გადაინაცვლებდნენ შენობის კედლებში და ასეც მოხდა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“რაც შეეხება აშშ-ში ქართველ ოპოზიციონერთა გახშირებული ვიზიტებს ერთხელ ვიხუმრე, ქართველი “უფლისწულები” აშშ-ში, როგორც “ოქროს ურდოში”, ისე მიდიან, რათა კურთხევა მიიღონ-მეთქი, და იგივე ხდება ახლაც. ყველა ოპოზიციური პარტია ჩადის და ცდილობს ის იქცეს ვაშინგტონის ფავორიტად და საქართველოში დაბრუნდეს მხარგაშლილი, როგორც ძალა, რომელზეც ფსონს დადებენ. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მუდმივად არის სამი მოთამაშე: ადრე თუ რუსეთი იყო მესამე ძალა, ახლა ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან ერთად, უკვე დასავლელი პარტნიორები არიან, თუმცა რიშის განცხადებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მინიშნება ასეთია: აშშ-ში კი არ უნდა ირბინოთ, თქვენს ქვეყანაში უნდა მოიპოვოთ მოსახლეობის მხარდაჭერაო. პოლიტიკურ პარტიებს - არც სახელისუფლებოს და არც ოპოზიციურს, საქართველოში რეალური მხარდაჭერა არა აქვთ”, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

“უნიკალური აღმოჩნდა დასავლელი პარტნიორების ძალისხმევა, განსაკუთრებით ნოემბრის არჩევნების შემდეგ. არ მახსენდება სხვა მაგალითი იმისა, რომ ევროკავშირი ასე ჩარეულიყოს რომელიმე ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ ზოგჯერ ეს შეიძლება ცოტა გამაღიზიანებელიც იყოს, მაგრამ ამას განაპირობებს სწორედ ჩვენი ხელისუფლებისა და ოპოზიციის არასწორი, ინფანტილური ქცევა. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციონერები აშშ-ში ვისაც შეხვდნენ, ყველას იმას უმტკიცებდნენ, “ქართულ ოცნებას” მხარდაჭერა არა აქვს, 43%-ს ვერ აიღებს და თუ არჩევნების შედეგად მაინც ასე გამოაცხადეს, ესე იგი გააყალბესო. სინამდვილეში დღეს “ქართული ოცნება” თუ წარმატებულია, ამას სწორედ ოპოზიციის უსუსურობა განაპირობებს. ცალკე აღებულ “ოცნებას” შეიძლება არც ჰქონდეს მხარდაჭერა, მაგრამ დანარჩენი ოპოზიციის მხარდაჭერის გათვალისწინებით მაინც ახერხებს ხელისუფლებაში დარჩენას. რიშის ნათქვამიც სწორედ ამაზე მიანიშნებს. ვერაფერს ვიტყვი იმაზე, აიღებს თუ არა “ქართული ოცნება” 43%-ს, მაგრამ ამის სათქმელად აშშ-ში ჩასვლა უფრო ოპოზიციას წარმოაჩენს არაადეკვატურად, ვიდრე ხელისუფლებას”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“მივრბივართ და ვჩივით შარლ მიშელთან, რომ თურმე “ქართული ოცნება” არღვევს შეთანხმებას. ცხადია, არღვევს, კელი დეგნანის განცხადებაც აშკარად აჩვენებს, რომ სასამართლოს საკითხში ხელისუფლება მართლაც არასწორად იქცევა, არ ითვალისწინებს პარტნიორების აზრს, მაგრამ აქაც არის ერთი საკითხი - მოსამართლეების დანიშვნის თემა ძირითადად პოლიტიკურ პროცესში ჩართულ პირებს აინტერესებთ, რიგითი სტატისტიკური ქართველისთვის ეს ნაკლებად საინტერესოა. ეს იცის “ქართულმა ოცნებამ” და ამიტომაც იქცევა ასე. კი, ოპოზიციამ ამაზე აქცენტები უნდა დასვას, მაგრამ ამასთან სხვა თემები აქვს წამოსაწევი, თან მასშტაბურად და არა ლოზუნგების დონეზე”, - თვლის ექსპერტი და შეკითხვაზე - “სააკაშვილსა და გახარიას შორის ალიანსს შეიძლება ველოდოთ? საქართველოში არაერთი გამაოგნებელი პოლიტიკური ალიანსი გვინახავს...”, -პასუხობს:

“ნაკლებად რეალური მგონია, რომ სააკაშვილმა და გახარიამ კონფიდენციალური შეხვედრა დაგეგმეს და თანაც ერთ სასტუმროში გადაწყვიტეს ცხოვრება. როგორც ჩანს, ეს შემთხვევით მოხდა, მით უფრო, როგორც ქართველი პოლიტიკოსებისგან გავიგეთ, ამ სასტუმროს მდებარეობიდან გამომდინარე, მას საქართველოდან ჩასული პოლიტიკოსები თურმე ხშირად სტუმრობენ. მართალი ბრძანდებით, საქართველოში რა ალიანსები არ გვინახავს, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნების წინ გიორგი გახარიას ორ ძალასთან ალიანსს გამოვრიცხავ, “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობასთან”. რაც შეეხება დასავლეთის გახარიათი დაინტერესებას, ეს ცხადად ჩანს, მაგრამ უკვე ვთქვი და გავიმეორებ - მართალია ოპოზიციურ ძალებს დასავლელ პარტნიორებთან კავშირი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ მხარდაჭერა აქ, საქართველოში უნდა ეძებონ”.

“გამოკითხვები ცხადყოფს რომ პარტიებმა, რომლებიც გახარიას გამოჩენამდე იყვნენ პოლიტიკურ ასპარეზზე, მნიშვნელოვნად დაკარგეს მიზიდულობის ძალა. სურდათ თუ არა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ასე ვთქვათ, ერთ, “ნაციონალური მოძრაობის” ქვაბში მოიხარშა ყველა. პოლიტიკურ ველზე შემოსული გახარია კი ყურადღების ცენტრში მოექცა. მას იცნობდნენ როგორც პრემიერს, როგორც შს მინისტრს და ახლა აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ანგარიშგასაწევი ძალა, თუმცა “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს არ მოხდეს. თუ გახარია მოახერხებს პროცესის სწორად წარმართვას, ნამდვილად იქცევა მესამე ძალად. დღეს გახარიას პარტიის რეიტინგის დიდი ნაწილი მაინც “ქართული ოცნების” ამომრჩევლის ხარჯზეა, თუმცა, ვფიქრობ, პატარა პარტიებსაც წაართვა უკვე ელექტორატის მცირე ნაწილი. უმნიშვნელოდ დააზარალა “ნაციონალური მოძრაობაც”, მაგრამ თუ მესამე ძალის ცენტრად იქცა, მაშინ შეიძლება “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილიც ვეღარ დარჩეს გულგრილი გახარიას მიმართ”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

უნდა შემოვუშვათ თუ არა რუსი ტურისტები - რუსეთში ეპიდემიის აფეთქებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია

“რუსეთში კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელებით გამოწვეული კრიტიკული ეპიდსიტუაციის გამო, სხვადასხვა ქვეყნებში რუსეთიდან ჩასული მოქალაქეების მიმართ მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა, ზოგიერთმა სახელმწიფომ კი საერთოდ ჩაკეტა საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისათვის. ქართველ ინფექციონისტთა უმრავლესობა ტურისტული სეზონის წინ ხელისუფლებას იგივეს გაკეთებას ურჩევს, რადგან ქვეყანაში რუსი ტურისტების მასობრივად და უკონტროლოდ შემოსვლის შემთხვევაში ეპიდემიის ახალი აფეთქება გარდაუვალი იქნება და ამან შესაძლოა ტურისტული სეზონი საერთოდ ჩაშალოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უნდა შემოვუშვათ თუ არა რუსი ტურისტები - ინფექციონისტები შემაშფოთებელ პროგნოზებს აკეთებენ / რუსეთში ეპიდემიის აფეთქებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ევროპული ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით კეტავენ საზღვრებს რუსებისათვის.

“იმის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, თუ რა შეიძლება მოყვეს რუსეთიდან ტურისტების უკონტროლო შემოსვლას, ოკუპირებული აფხაზეთია. ბოლო რამდენიმე კვირაა აფხაზეთის კურორტები რუსი დამსვენებლებითაა სავსე, რაც, ერთის მხრივ, ადგილობრივთა კმაყოფილებას იწვევს, რადგანაც ტურიზმი დღეს აფხაზეთში შემოსავლის მთავარი წყაროა. თუმცა, ამის პარალელურად, ივნისიდან კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა სტაბილურად იზრდება და დაავადებულთა რაოდენობა სწრაფად უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისა და დე ფაქტო ხელისუფების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. უშუალოდ რუსი ტურისტების გარდა, სერიოზული საფრთხის შემცველია ასევე რუსეთში სტუმრობაც. მაგალითად, ფინეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო დღეებში ახალი შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი მატება დაიწყო და ამ ახალი აფეთქების მთავარი მიზეზი ევრო-2020-ია. კერძოდ კი ფინელი ფეხბურთის გულშემატკივრების სტუმრობა სანკტ-პეტერბურგში გამართულ რუსეთი-ფინეთის ჯგუფური ეტაპის მატჩზე. სამინისტროს ინფორმაციით, სამშობლოში დაბრუნებულმა ფინელმა გულშემატკივრებმა დელტა შტამი ჩამოიტანეს, რასაც ეპიდსიტუაციის მკვეთრი გაუარესება მოჰყვა. უშუალოდ რუსეთში პრაქტიკულად ყოველდღე ახალი ანტირეკორდი მყარდება. ბოლო დღეებში ინფიცირების ახალი შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა 20 ათასს გადასცდა და სტაბილურად იზრდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსეთში არსებული კრიტიკული სიტუაციის გამო, გერმანია და საფრანგეთი რუსი ტურისტების შეშვების წესებს ამკაცრებენ. “რობერტ კოხის ინსტიტუტის” ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გერმანიაში შესული რუსი ვიზიტორისთვის 14-დღიანი სავალდებულო კარანტინია დაწესებული, რომლის ხანგრძლივობაც არ შემცირდება კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც და რომელიც სავალდებულოა მათთვისაც, ვინც ორჯერადადაა აცრილი და ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა. გერმანიას რუსეთი 29 ივნისიდან იმ ქვეყნების სიაში შეჰყავს, სადაც კორონავირუსის ახალი ვარიანტები აქტიურად ვრცელდება. ამ სიაში ყოფნა ასევე ნიშნავს, რომ ავიაკომპანიებს, რკინიგზას და ავტობუსებს რუსეთიდან მხოლოდ გერმანიის მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მქონე მგზავრების გადაყვანის უფლება ექნებათ. რაც შეეხება საფრაგეთს, ქვეყნის ხელისუფლებამ 25 ივნისიდან შეწყვიტა შენგენის მრავალწლიანი ვიზის მოქმედების ვადის გახანგრძლივება რუსეთის იმ მოქალაქეებისათვის, რომელთა ვიზებსაც ეპიდემიის პერიოდში გაუვიდა ვადა. მანამდე კი საფრანგეთმა რუსეთი “წითელ ზონაში” შეიყვანა. მოსკოვში საფრანგეთის საელჩო იტყობინება, რომ ვიზების დამუშავება მას შემდეგ განახლდება, რაც რუსეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გამოსწორდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან ჩანდის, ზაფხულის დასაწყისიდან კორონავირუსულმა შემთხვევებმა და სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე კვირას კორონავირუსის დელტა შტამით 285 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 34 ბავშვია. გასულ კვირას კი 220 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 32 მცირეწლოვანია. ამასთან ექიმები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის “ინდური შტამით” ახალგაზრდები უფრო ხშირადს ავადდებიან. “ჩვენთან შემოდიან მოზარდები 16 წლიდან და მათი მდგომარეობა სწრაფად მძიმდება. ძირითადა ინფიცირება ჯგუფურად ხდება. ინფიცირებულები ერთსა და იმავე ღონისძიებებს ესწრებოდნენ, მაგალითად, რაიმე დღესასწაულს ან ქორწილს”, - განაცხადა სოხუმის ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ასტამურ გუნიამ. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ მასობრივი ღონისძიებები საერთოდ აიკრძალა”, - დასძენს გამოცემა.

“პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე მიიჩნევს, რომ რუსეთში ეპიდმდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო, საზღვარზე რუსეთიდან შემოსული მოქალაქეებისათვის დამატებითი ფილტრი უნდა შეიქმნას. როგორც მან “რეზონანსს” განუცხადა, სასურველია ამ შემთხვევაშიც დაახლოებით იმგვარი რეგულაციები ამოქმედდეს, რომელიც თავის დროზე ინდოეთიდან შემოსული მოქალაქეებისათვის იყო დაწესებული. “ქვეყნის მთავარი ინტერესია, რომ თავისუფალი და “მწვანე ზონა” იყოს, ანუ პასუხისმგებელი უნდა იყოს ნებისმიერი სტუმრის მიმართ და მეორე - გარანტორი იყოს, რომ ისეთი გარემოება არ შეიქმნას, რომ მის “სიმწვანეს” რაიმე საფრთხე დაემუქროს. ამიტომ ყველა ის გამოცდილება უნდა გავითვალისწინოთ, რომელსაც დამატებით ღონისძიებების შემოღებამდე მივყავართ. ჩვენ ასეთი რამ გარკვეული ხნის წინ ინდოეთიდან მომავალ ადამიანებზე გავამკაცრეთ, ამიტომაც უპრიანი იქნება და ცუდი არ იქნება, თუ დამატებითი ფილტრი შეიქმნება, რომელიც იმ ადამიანებისთვისაც იქნება ცნობილი, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას დაგეგმავს”, - ამბობს კახაძე, რომლის აზრით, “არ იქნება ცუდი, თუ დამატებითი “პი-სი-არ” ტესტი იქნება. 14-დღიანი საკარანტინე რეჟიმის გამოცხადების პირობებში კი ტურისტებისთვის აზრი ეკარგება, რომ ქვეყანაში შემოვიდნენ. ამიტომ ეს თავად ტურისტმა უნდა განსაზღვროს, რომელიც გადაადგილდება”, - წერს სტატიის ავტორი.

“არ მინდა ეს ვინმემ ისე აღიქვას, რომ რუსეთი ჩვენი მტერია და ამიტომ გავამკაცრებთ. აქ მთავარია ეპიდუსაფრთხოება. ნებისმიერი ქმედება საფრთხეების გათვალისწინებით ანალიზზეა დამყარებული. ეს გონივრული ნაბიჯი უნედა იყოს და თუ ჩვენ ამ კუთხით ვიმოქმედებთ, ვფიქრობ, რომ ნაწყენი არავინ დაგვრჩება, რადგან არ გვინდა გაუარესება არც ჩვენი მდგომარეობის და არც ტურისტების. მე ვირუსოლოგების და ეპიდემიოლგების მონაცემებს ვეყრდნობი. რამდენიმე ინფორმაცია გავრცელდა და ერთზე ყველა შეთანხმდა, რომ დელტა შტამი ადვილად გადამდებია, ანუ ძალიან მალე ვრცელდება, რაც საფრთხეს შეუქმნის დაავადებულთა რაოდენობის ზრდას, რომელიც კლინიკების გადატვირთუკლობის მიზეზი იქნება. ეს კი პანიკას შექმნის, შემდეგ ოპონენტის არასწორად ინტერპრეტირებული რამდენიმე აზრი გაჩნდება და ეს არასასურველია. ამიტომაც პირადი ჰიგიენა და დისტანცია დავიცვათ, თავშეყრის ადგილების მინიმიზაცია მოხდეს და დაჩქარდეს ვაქცინაცია”, - განაცხადა კახაძემ „რეზონანსთან" აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.

“ეპიდემიოლოგი და ექსპერტი ირაკლი ხმალაძე რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელებისათვის 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის მომხრეა, რადგან შესაძლოა დამატებითი რეგულაციების გარეშე რუსი ტურისტების შემოდინებამ სიტუაცია ისე გააუარესოს, რომ ტურისტული სეზონი საერთოდ ჩაშალოს და უარესი სურათი მივიღოთ. ”ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ 14-დღიან კარანტინს შემოვიღებთ. ჯერ ეს ერთი, რომ ტურისტულად საქართველოში მხოლოდ რუსეთიდან არ ჩამოდის და ამან ტურისტულ სეზონს რაც არ უნდა შეფერხება მისცეს, თუ ამ ხალხისგან ვირუსის მასიური გავრცელება მოხდა, დიდ უბედურებას გადავაწყდებით და ტურისტული სეზონი უფრო ჩავარდება. სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით, რუსეთზე უარესი მდგომარეობა ოკუპირებულ აფხაზეთშია. შესაბამისად, იქაც ძალიან ცუდი მდგომარეობა იქნება. ამიტომაც, სამწუხაროდ, აფხაზეთიდან გადმოსული ადამიანებისგანაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს”, - თქვა ხმალაძემ. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კი უფრო რადიკალური ზომების მომხრეა და მიიჩნევს, რომ ინდური შტამის სწრაფი გავრცელების პრევენციის მიზნით, იმ ქვეყნებიდან ტურისტების მიღება უნდა აიკრძალოს, სადაც აღნიშნული შტამი ფართოდ გავრცელებულია”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

როგორც ბიძინა კულუმბეგოვი “ფეისბუქზე” წერს, “ბრიტანეთის ოფიციალური მონაცემების მიხედვით სიკვდილიანობის მაჩვენებელი შტამების მიხედვით ასე გამოიყურება: - ალფა (ბრიტანული) 2%; - ბეტა (სამხრეთ აფრიკული) 1.5%; - დელტა (ინდური) 0.3%. ერთი შეხედვით სასიხარულო ინფორმაციაა დელტა ვარიანტის სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ ეს განპირობებულია იმით, რომ ბრიტანეთში მოზრდილი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილია. ახლა ინფექცია ძირითადად ახალგაზრდებში ცირკულირებს. სამწუხაროდ არავაქცინირებულ ერებში მაგალითად რუსეთში, ინდოეთში ეს მონაცემი კარდინალურად განსხვავდება. გერმანიამ დელტა ვარიანტის სწრაფი გავრცელების პრევენციის მიზნით აკრძალა რუსეთიდან ტურისტების მიღება. იმედია ჩვენც არ დავაგვიანებთ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ბადრი ჯაფარიძე - “დღის წესრიგში უნდა დადგეს სანქციების დაწესება იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც კლანის წევრებად ითვლებიან”

“სენატში, კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში ნაყოფიერი შეხვედრები გავმართეთ. ჩვენი მიზანია პარტნიორები სრულად იყვნენ ინფორმირებული ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენი ამოცანაა, დავარწმუნოთ ამერიკელი პარტნიორები, რომ მათ საქართველოში ჰყავთ საიმედო და პროგნოზირებადი პარტნიორები ოპოზიციის სახით, კერძოდ, ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” და პარტია “ლელო”. ჩვენი მთავარი პრობლემაა პოლიტიზებული და კონტროლირებადი სასამართლო. ამიტომაც იგეგმება კლანის მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება. ამ საკითხზე საინტერესო საუბრები გვქონდა სენატში. ანალოგიური რამ მოხდა ბულგარეთში - შეერთებულმა შტატებმა სასამართლოს გაკონტროლების მცდელობასა და კორუფციულ გარიგებებში შემჩნეულ კონკრეტულ მოსამართლეებს სანქციები დაუწესა”, - აცხადებს ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ამერიკელი პარტნიორები უნდა დავარწმუნოთ, რომ მათ საქართველოში ჰყავთ საიმედო პარტნიორები ოპოზიციის სახით”.

“დღის წესრიგში უნდა დადგეს სანქციების დაწესება იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში კლანის წევრებად ითვლებიან. თუ კლანის წევრები ისევ გააგრძელებენ დესტრუქციულ ქმედებებს, შეეცდებიან ჩააცემენტონ თავიანთი გავლენა სასამართლო სისტემაში და ხელი შეუშალონ რეფორმებს, აუცილებლად დაუწესდებათ სანქციები. ამ ეტაპზე პოლიტიკოსებისთვის პერსონალური სანქციების შესაძლო დაწესება არ განიხილება. როგორც ჩანს, ჩვენი პარტნიორები ჯერ კიდევ აკვირდებიან, თუ როგორ იმოქმედებენ ისინი. თქვენ უკვე ნახეთ საქართველოში ამერიკის ელჩის ყვითელი მარკერით გახაზული პუნქტები, რომ უნდა შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნა... რაც შეეხება ე.წ. ფულის გათეთრების საქმის გაცოცხლებას, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 6 თვის წინ მკაფიოდ ჩაიწერა, რომ მიმდინარეობს ხაზარაძისა და ჯაფარიძის პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა. ამასთან დაკავშირებით ამერიკელი პარტნიორების დამოკიდებულება არ შეცვლილა. გასაგებია, რომ სასამართლო არ დასრულებულა და პროცესი დანიშნეს. ჩვენ ბრძოლისთვის მზად ვართ! სანამ “ოცნება” ხელისუფლებაშია, მოსალოდნელია პოლიტიკურად მოტივირებული ძველი საქმეების გაცოცხლება და ახლის დაწყება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ჯაფარიძე.

“ანაკლიის თაობაზე ვისაუბრეთ სენატშიც და სახელმწიფო დეპარტამენტშიც. ამერიკულ მხარეს დღემდე უმნიშვნელოვანესად მიაჩნია ანაკლიის პროექტი არა მარტო მათი და ჩვენი სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, არამედ ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისთვისაც. ვფიქრობთ, ამ პროექტის მხარდაჭერა გაიზრდება და დაკარგული ორი წლის გამო მიყენებული ზიანის კომპენსირებაც მოხდება”, - დასძენს რესპონდენტი.

“რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის მუშაობას - ყველა რესურსი გვაქვს, რაც კომისიის შედეგიანი მუშაობისთვის არის საჭირო. გარდა იმისა, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები მზად არიან ამ საქმეში შემოგვიერთდნენ, ინიციატივამ დიდი მხარდაჭერა მოიპოვა ვაშინგტონშიც. ჩვენ დავადგენთ კონკრეტულ ფაქტებს და გამოვააშკარავებთ ამ დანაშაულის უკან მდგარ პირებს და მოპოვებულ მასალას გადავცემთ პროკურატურას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, რადგან კორუფცია მთლიანად ანგრევს ქვეყნის სახელმწიფოებრივ საფუძველს. ჩვენი პრიორიტეტი იქნება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმეები, პოლიტიკური კორუფციის შემთხვევები და ყოველივე ის, რისი შესწავლაც შესაძლებელია კომისიის ფორმატში. მართალია, პროკურატურას არ ვენდობით, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია საზოგადოებამ იცოდეს ყველაფერი. თუ პროკურატურა ახლა არ ჩაატარებს ობიექტურ გამოძიებას, საქმე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მაინც მივა ბოლომდე”, - დაასკვნის ბადრი ჯაფარიძე.

“დასავლეთში კარგად ესმით, თუ რაოდენ კრიტიკული მნიშვნელობა აქვს სასამართლოს სანდოობას. სასამართლოს დაბალი სანდოობის გამო შეუძლებელია ქვეყნის განვითარებაზე, ადამიანის უფლებებზე, ეკონომიკასა და სოციალურ სამართლიანობაზე საუბარი. სასამართლო სახელმწიფოს ფუნდამენტია. ამიტომ გვეუბნებიან დასავლელი კოლეგები, რომ სასამართლოს რეფორმები სასიცოცხლოდ აუცილებელია. ცდილობენ დაგვეხმარონ, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ გავაჯანსაღოთ ეს სისტემა. სიმართლე გითხრათ, ამაში არ ვეთანხმები - დღეს ქართული სასამართლო ისეთ მდგომარეობაშია, გადაკეთება და რეკონსტრუქცია შეუძლებელია”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ხუხაშვილი: “უფრთო ანგელოზებიც რომ დანიშნონ მოსამართლეებად, ვითარება ვეღარ გამოსწორდება”.

“თავად ფუნდამენტია დისკრედიტირებული. სულაც უფრთო ანგელოზები რომ დანიშნონ მოსამართლეებად, ვითარება ვეღარ გამოსწორდება, რადგან თავად სისტემაშია ჩაბუდებული მანკიერება. იმ ძალიან კარგ მოსამართლეებს, რომლებიც შეიძლება დღეს მართლა დანიშნონ, სისტემა თავისი წესებით თამაშს აიძულებს, ან გამოაგდებს. ამის მიზეზია ხელისუფლების მიდგომა, კონკრეტული პირების, ანუ სასამართლო სისტემის ნაღებთან - გაიხსენეთ, რას ამბობდნენ მმართველი გუნდის წევრები “ნაღებ მოსამართლეებზე”. ამ ხალხს ადრე პოლიტიკური ვერდიქტები გამოჰქონდა, მაგრამ ჩვენ მოვახდინეთ სასწაული, სავლესგან პავლე შევქმენით, ესენი უწესონი იყვნენ და ახლა წესიერები გახდნენო. საერთაშორისო ისტორია გვეუბნება, რომ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში წარსულში, თუნდაც ღრმა ახალგაზრდობაში მოსამართლის მცირე გადაცდომის გახმაურება მისი გადადგომის საფუძველი ხდება, მაშინაც კი, თუ ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა. უკანონოზე აღარაფერს ვამბობ...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“არასათანადო საქციელში შემჩნეული მოსამართლეც კი იძულებული ხდება წავიდეს თანამდებობიდან. რატომ? იმიტომ, რომ მის კარიერაში რეპუტაცია უმთავრესია. ჩვენთან ამაზე საერთოდ არ არის საუბარი. როდესაც შევახსენებთ გირგვლიანის ან სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებულ საქმეს, გვეუბნებიან, აბა, სხვა რა უნდა ექნათ მაშინო... ჩვენს პარტნიორებს ეს მშვენივრად ესმით, მაგრამ ვინაიდან სისტემური ცვლილების ინსტრუმენტი არ არსებობს, ცდილობენ რეკომენდაციებით დააკორექტირონ სასამართლოში არსებული ვითარება.... სასამართლომ საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა უკვე დაკარგა. რას მივიღებთ ამის შედეგად? არ გვეყოლება ინვესტორი. თავად განსაჯეთ, ადამიანმა ფული რომ დააბანდოს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკაში, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი ინვესტიციის დაცვის გარანტია, ამისთვის კი სამართლიანი სასამართლო სჭირდება. არც ადგილობრივ ინვესტორს ექნება გრძელვადიანი ინვესტიციის გასაკეთებელი სტიმული. დისკრედიტებული სასამართლო ქმნის არასტაბილურ გარემოს, სადაც მუდმივი რყევები და პრეტენზიებია. ასეთ გარემოში პოზიტიურ დღის წესრიგსა და განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“იმის თქმაც არ შეიძლება, რომ სასამართლო ყოველთვის მმართველი გუნდის კერძო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, მაგრამ ქვეყანაში პოტენციურად არსებობს მექანიზმი, რომლის გამოყენებაც შეიძლება როგორც პოლიტიკური, ასევე კონკრეტული ჯგუფების ინტერესებისთვის. ეს მექანიზმი ყოველთვის არა, მაგრამ იშვიათად გამოიყენება. თუმცა იშვიათი შემთხვევებიც საკმარისია, რომ სასამართლოს სანდოობა იყოს ნულოვანი და სახელმწიფოებრიობასთან ჩნდება კითხვის ნიშნები. ცივილიზებული სამყაროსთვის ინსტიტუციური წესრიგი ნიშნავს, რომ ყველა ინსტიტუცია ერთმანეთის კონტროლითა და ურთიერთდაბალანსებით არის დაკავებული. ჩვენთან ყველა სახელისუფლებო შტო ერთ ვერტიკალზეა, რაც ძალზე უარყოფითად აისახება სასამართლოზე. როდესაც პარლამენტი, სპეცსამსახურები, განსაკუთრებით კი პროკურატურა, აღმასრულებელი ხელისუფლების დომინაციის პირობებში მუშაობს, ძალიან ცუდია, მაგრამ გამოსავალი მაინც არის, თუ მოქალაქეს სასამართლოში მაინც შეუძლია საკუთარი სიმართლის დაცვა. აი, თუ უკვე ამის საშუალებაც აღარ არის და სასამართლო სახელმწიფოს ვერტიკალშია მოქცეული, ასეთ შემთხვევაში აღარაფერზე აღარ შეიძლება საუბარი”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“თუ საზოგადოებას დემოკრატიული განვითარების სურვილი აქვს, ხელისუფლებას ეს ყველაფერი ცუდად მოუტრიალდება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ხალხს პრეტენზია არაფერზე არა აქვს, არც არაფერი მოხდება... მაგრამ მხოლოდ სურვილი არ კმარა, შესაბამისადაც უნდა მოქმედებდე. სამწუხაროდ, ჩვენთან საკმაოდ კონფორმისტული საზოგადოება ჩამოყალიბდა და ხშირად მისაღებად მიაჩნიათ ის, რაც ხდება. ნახეთ, როგორი დამოკიდებულება აქვს ხალხს ჩრდილოვან მმართველობასთან: ბიძინა მართავს ქვეყანას? რა მოხდა, რა უჭირს, რომ ინსტიტუციური პირი არ არის?! ყველაფერი დომინოს პრინციპით ეწყობა. როდესაც ცდილობ ყველაფერი შენს კონტროლს დაუქვემდებარო, აუცილებლად მოექცევა შენს ინტერესებში სასამართლო. როგორ გგონიათ, რატომ იბრძოლა ბიძინა ივანიშვილმა მურუსიძისა და ჩინჩალაძისთვის? იმიტომ კი არა, რომ სხვებს, ნაკლებად კომპრომეტირებულ პირებს ვერ ნახავდა, მაგრამ სპეციალურად აარჩია, იმიტომ, რომ მათი დაქვემდებარება პოლიტიკური ნებისთვის ბევრად მარტივია. დღეს მთელი მართვითი სისტემა კომპრომატებზეა აგებული სასამართლოში კონტროლირებადი პირები არიან”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

“კონსტიტუციის მთავარი მოთხოვნა ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვაა. როდესაც ეს არაფერი გაქვს და კონსტიტუციას იშველიებ მანკიერების ჩასაბეტონებლად, ეს ცინიზმია. ყველა ხელისუფლებას კონსტიტუცია ძალაუფლების განმტკიცების და არა სახელმწიფოებრივი მშენებლობის ინსტრუმენტად მიაჩნდა. თუ სასამართლო არ იქნება დამოუკიდებელი, თუ სასამართლოს არ ექნება ნდობა, იმასაც კი აღარ აქვს აზრი, რა ეწერება კონსტიტუციაში. ის ფარატინა ქაღალდად გადაიქცევა, სადაც ლამაზად წერია, რომ ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს. შეიძლება ითქვას, რომ მმართველი გუნდი ახლა კლანის მძევალია. როდესაც კონტრაქტზე მოაწერინეს ხელი, ღმერთმა უწყის, რა საქმეები აკეთებინეს, და ძალიანაც რომ უნდოდეთ, პროცესს ვეღარ გააჩერებენ. ვალდებულება აქვთ აღებული მოსამართლეების წინაშე. კლანის ერთმა წევრმაც რომ თქვას, იძულებით გამომატანინეს ვერდიქტიო, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება. რაც შეეხება სანქციების საკითხს, ჩვენ ახლა საარჩევნო ციკლში ვართ, სანქციებზე საუბარი პოსტსაარჩევნო პერიოდში იწყება, იმიტომ, რომ დასავლეთის მთავარი ინდიკატორი მაინც არჩევნების შედეგებია. სანამ ჯერ კიდევ არის იმედი, რომ ხელისუფლება რაღაცას შეცვლის, ან თავად შეიცვლება და ახალი გუნდი გაატარებს რეალურ რეფორმას, მანამდე სანქციებზე არ იქნება საუბარი, თუმცა იქნება მწვავე კრიტიკა”, - დასძენს ანალიტიკოსი.

“ოცნებაში” აშშ-ს მიერ მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების არ სჯერათ

“ლელო საქართველოსთვის” აცხადებს, რომ აშშ-ში ე.წ. კლანის წევრ მოსამართლეებზე სანქციების დაწესება უმაღლეს დონეზე განიხილება, რაზედაც “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ეს განცხადება რეალობასთან ახლოს არაა, რადგან ამის შესახებ არცერთ ოფიციალურ პირს არ განუცხადებია. პარტიის “ლელო” - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრები, ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში შეხვედრებს მართავენ. დელეგაციის ერთ-ერთი წევრის, “ლელოს” წარმოდგენელ გრიგოლ გეგელიას ცნობით, ამ შეხვედრებზე მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ “აშშ-ში უმაღლეს დონეზე განიხილება იმ მოსამართლეთათვის სანქციების დაწესება, რომლებიც საქართველოში ინარჩუნებენ კლანს და კვებავენ ამ კლანს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნებაში” აშშ-ს მიერ მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების არ სჯერათ / “გეგელია რას განაცხადებს, ჩვენთვის არც საინტერესოა და არც მნიშვნელოვანი”.

„სენატში გვქონდა საუბარი. პროცესი არის დაძრული, ჩაერთვება სახელმწიფო დეპარტამენტი. პირველ ეტაპზე საუბარია კონკრეტული მოსამართლეებისათვის სანქციების მოგზაურობის შეზღუდვის მიმართულებით დაწესებაზე. მოსამართლეებზე, რომლებიც კლანის გავლენის გაძლიერებასა და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებაში არიან შემჩნეულნი. ასეთი რამ გაკეთდა ბულგარელ, ასევე ალბანელ მოსამართლეთა მიმართებაში და ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და სასამართლოზე იმგვარი გავლენის არსებობას, როგორიც დღეს გვაქვს საქართველოში... ამერიკელი მეგობრები აბსოლუტურად სერიოზულად არიან განწყობლინი ამ მიმართულებით, ასე რომ, უნდა ველოდოთ, რომ ეს სანქციები ამოქმედდება. რა თქმა უნდა პროცესი მოითხოვს დროს, მაგრამ, რაც მთავარია, ის დაძრულია”, - აცხადებს „ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. “ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტარი ალუდა ღუდუშაური “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ მათთვის უცნობია კონკრეტული პოლიტიკოსები შეხვედრებს ვისთან და რა ფორმატში, თუმცა ფიქრობს, რომ “ლელოს” მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეალობასთან ახლოს არაა, მით უმეტეს, რომ ამაზე აშშ-ის არცერთ ოფიციალურ პირს არაფერი არ უთქვამს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“წარმოდგენა არ გვაქვს ცალკეული პოლიტიკოსები რა ვიზიტებს და რა ფორმატში მართავენ. ეს ჩვენთვის არც ცნობილია და არც საინტერესო. ოპოზიცია ასე ცხრა წელიწადია სანქციებს გაიძახის, მაგრამ არ მგონია, რომ რეალობასთან ახლოს იყოს. ჯერ ერთი, სანქციები განიხილება თუ არა, ამაზე არც ერთ ოფიციალურ პირს არ განუცხადებია და ბატონი გეგელია რას განაცხადებს, ჩვენთვის არც საინტერესოა და არც მნიშვნელოვანი... ახალი მოსამართლეების დანიშვნის პროცესი რატომ უნდა შეჩერდეს, ან ამისი მიზეზი რა არის? ესა ღია და გამჭვირვალე პროცესია, კანდიდატებიდან გამომდინარე შერჩევა მოხდება და ვნახოთ, პასუხებზე და კითხვებზე იქნება დამოკდებული, ვიღაცას დავუჭერთ მხარს... უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ესაა ღია და გამჭვირვალე პროცესი, ამ პროცესის შეჩერების არანაირი, არც სამართლებრივი და არც სხვა რაიმე მიზეზი არ არსებობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალუდა ღუდუშაური.

ვახტანგ კალოიანი - “ვაქცინაციის გარეშე შეზღუდვების მოხსნა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა”

“დელტა ვირუსის შედარებით ახალი ვარიანტია და ინფიცირების მაჩვენებელი ბევრგან გაიზარდა, ეს მოულოდნელი არ არის. არსებობს ქვეყნების ორი ჯგუფი. იქ, სადაც აცრის კოეფიციენტი დაახლოებით 60%-ია, მოიმატა შემთხვევებმა, მაგრამ მძიმე პაციენტები მაინც არ არიან. განსხვავებული ვითარებაა იმ ქვეყნებში, სადაც აცრის მაჩვენებელი მაღალი არ არის. ასეთ ქვეყნებში, მაგალითად, შრი-ლანკაში, პორტუგალიაში, მძიმე პაციენტები არიან. დელტას, ანუ ინდური შტამის მიმართ “ფაიზერის” ეფექტიანობა ძალიან მაღალია, ეფექტიანია “მოდერნაც” და მაგალითად, ისრაელში სწორედ ამიტომ მოსალოდნელი ათიათასობით შემთხვევის ნაცვლად დღეში მხოლოდ 200-მდე შემთხვევა აქვთ... სადაც ჩინური ვაქცინით აცრილები ჭარბობენ, ვითარება შედარებით ცუდია, იმიტომ, რომ დელტა შტამის მიმართ “სინოფარმი” და “სინოვაკი” მაინცდამაინც ეფექტიანი არ არის. ჩინური კვლევის მიხედვით, დელტას მიმართ მათი ეფექტიანობა 73%-ია, თუმცა სხვა ქვეყნების, მაგალითად, შრი-ლანკის, პანამის მაგალითები ადასტურებს, რომ ასე არ არის”, - აცხადებს “ნიუ-ჰოსპიტალის" კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ვაქცინაციის გარეშე შეზღუდვების მოხსნა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა“.

“ფაიზერის” და “მოდერნას~ ეფექტიანობა 93-97%-ია. მერე მოდის “ასტრაზენეკა”, მერე _ “ჯონსონი” და მერე - ჩინურები. რაც შეეხება მეორე დოზის გაკეთებას სხვა ვაქცინით, ცნობილია “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერის”, “ასტრაზენეკასა” და “მოდერნას” კომბინაცია და არც ისე ცუდი შედეგები აქვს. “ასტრაზენეკასა” და ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით სამეცნიერო საიტებზე ინფორმაცია არ არის, ასეთი კვლევები არ ჩატარებულა. მე ვეძებე, მაგრამ ასეთი რამ არსად არის აღწერილი. ჩვენთან “ასტრაზენეკას” მეორე დოზა რომ შეფერხდა, როგორმე უნდა მოვიძიოთ. რა თქმა უნდა, შეიძლება “ფაიზერით” გავაგრძელოთ და ცუდი არ უნდა იყოს, თუმცა გვპირდებიან, რომ ჩვენთვის საჭირო ვაქცინები ჩამოვა. პრემიერ-მინისტრმა თავის ანგარიშში დაასახელა რაოდენობაც და ვადებიც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კალოიანი და შეკითხვაზე - “შეზღუდვების მოხსნას ეთანხმებით?” - პასუხობს:

“ვაქცინაციის გარეშე შეზღუდვების მოხსნა, ჩემი აზრით, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. ყველა შეზღუდვის მოხსნას ვგულისხმობ, თორემ გარე სივრცეში პირბადის მოხსნა გასაგებია. ყველა ქვეყანა შეზღუდვების შემცირებას იწყებს მას შემდეგ, რაც მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს მაინც აცრის, ამიტომ ჩვენთან შეზღუდვების ასე ერთბაშად მოხსნა ეპიდემიოლოგიური და სამედიცინო თვალსაზრისით გამართლებული არ არის. ამან შეიძლება მოგვიტანოს ის, რაც სხვა ქვეყნებში მოხდა, კერძოდ, გაიზარდოს ინდური შტამით დაავადებულთა რაოდენობა. სექტემბრისთვის შემთხვევების მატებას უნდა ველოდოთ”.

“წინ ტურისტული სეზონია, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სახიფათოა. რუსეთიდან შემოსული ტურისტების შემოწმება აუცილებელია, რადგან იქ უკვე დიდი აფეთქებაა. რუსეთში უმრავლესობა “სპუტნიკით” აიცრა. “სპუტნიკთან” დაკავშირებით სერიოზული, სანდო მონაცემები არ არსებობს. არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ეს ვაქცინა ეფექტიანია, ახლანდელი სურათით კი დაბეჯითებით ვერაფერს იტყვი, რადგან რუსეთში აცრილი ბევრი არ არის - ჯერჯერობით მოსახლეობის 13%-იც არ აცრილა... საქართველოში დღეისათვის აცრილია საქართველოს მოსახლეობის 2%. ჩვენთან ამ ეტაპზე ცირკულირებს ბრიტანული შტამი და დღითი-დღე იმატებს დელტა შტამი. არ ვიცით, მეოთხე ტალღისას ინფიცირების რამდენი შემთხვევა იქნება, მაგრამ, ძირითადად, სწორედ ინდური შტამი გააქტიურდება. ახლა მასობრივ ვაქცინაციას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სექტემბრისთვის უნდა შევძლოთ, რომ მოსახლეობის მესამედი მაინც იყოს აცრილი”, - დასძენს ვახტანგ კალოიანი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს