ხათუნა ბურკაძე - მნიშვნელოვანია, მე-10 მოწვევის პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის შესახებ

ჰიბრიდული საფრთხეები

ტექნოლოგიური მიღწევები არის გასაღები საზოგადოების განვითარებისთვის. თუმცა საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების პირობებში მზარდი ჰიბრიდული საფრთხეები განაპირობებენ უსაფრთხოების პოლიტიკის მიდგომების შეცვლას. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც კომპიუტერული ქსელების გამოყენებით შესაძლებელია ომის თანამედროვე ფორმით წარმოებაც. მეტიც, მომავალში სახელმწიფოები ალბათ კიბეროპერაციებს სპეციალური რობოტების მეშვეობითაც განახორციელებენ.

მზარდი ტექნოლოგიური მიღწევების გამო კიბერშეტევები უფრო იხვეწება და იკარგება კონტროლი ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურაზე.

2007 წელს ესტონეთისა და 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა კიბერშეტევებმა თვალსაჩინო გახადა კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების აუცილებლობა. ესტონეთისგან განსხვავებით 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ კიბერშეტევები ტრადიციული საომარი მოქმედებების პარალელურად განხორციელდა. აღნიშნული ჰიბრიდული გამოწვევის წინაშე საქართველო დგას დღემდე, განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა, რომელიც გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებისა და სერვერების ფუნქციონირების შეფერხებას. საბოლოო ჯამში, კიბერშეტევის შედეგად ხსენებული ორგანიზაციების სერვერები და მართვითი სისტემები დაზიანდა.

აღნიშნული კიბერშეტევის მიზანი იყო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფა, საქართველოს მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება და საზოგადოებაში მღელვარების დათესვა სხვადასხვა ორგანიზაციის, მათ შორის სახელისუფლებო სტრუქტურების ფუნქციონირების შეფერხებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2020 წლის 1 სექტემბერს საქართველო კვლავ აღმოჩნდა კიბერშეტევის სამიზნე. კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

შეიძლება ითქვას, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების ერაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჰიბრიდულ გამოწვევებთან გამკლავება და ამ კონტექსტში მშვიდობიანი, უსაფრთხო კიბერსივრცის განვითარება აუცილებელი წინაპირობაა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველსაყოფად. მით უფრო, რომ თანამედროვე ეპოქაში ეროვნული უსაფრთხოება მოიცავს არა მხოლოდ საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო თავდაცვით კომპონენტებს, არამედ კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას. მეტიც, კიბერსივრცე არ არის შემოფარგლული კონკრეტული საზღვრებით, რაც კიბერსივრცის თანმდევ გამოწვევებს მასშტაბურ ხასიათს სძენს. შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შტოებისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს საერთო, კოორდინირებული მიდგომების გასავითარებლად.

ამდენად, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების პირობებში მზარდი ჰიბრიდული საფრთხეები კიბერინციდენტების, კიბერშეტევების, დეზინფორმაციული კამპანიებისა თუ ანტიდასავლური პროპაგანდის სახით განაპირობებენ სახელმწიფო დონეზე ერთიანი ხედვის შემუშავებისა და ჰიბრიდული გამოწვევების დაძლევის ინსტიტუციური მექანიზმების განვითარების საჭიროებას.

ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები

რეკომენდაცია N1 - საქართველოში ჰიბრიდული გამოწვევების დაძლევის სისტემური ხედვის განვითარება და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგიის მიღება

საკანონმდებლო დონეზე, მნიშვნელოვანია, მე-10 მოწვევის პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის შესახებ. აღნიშნული რეზოლუცია, ერთი მხრივ, გამოკვეთს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სისტემური ხედვის შემუშავების მნიშვნელობას და, მეორე მხრივ, განსაზღვრავს კიბერინციდენტებისა და კიბერშეტევების, დეზინფორმაციის, პროპაგანდისა და სხვა ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებს. მოქმედი კანონმდებლობისა და „ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის საფუძველზე საქართველოს მთავრობა ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგიას მიიღებს.

ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგია შეეხება თანამედროვე ჰიბრიდული საფრთხეების ტიპებს, მათ შორის, დეზინფორმაციას, პროპაგანდას, კიბერინციდენტებს, საბოტაჟს. დოკუმენტი მკაფიოდ წარმოაჩენს ჰიბრიდული გამოწვევების არასამხედრო მახასიათებლებს, ტაქტიკას, გაანალიზებს მათ შესაძლო გავლენას ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ პროცესებზე და მათთან ბრძოლის გზებს გამოკვეთს.

ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგია ასახავს აღნიშნულ გამოწვევებთან ბრძოლის სამკომპონენტიან მექანიზმს (ეს ეფუძნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გამოცდილებას):

  • ჰიბრიდული საფრთხეებისთვის მომზადება, რაც გულისხმობს შესაძლო ჰიბრიდული აქტივობების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზსს, ასევე, გადაწყვეტილებების მიმღებთა აღჭურვას შესაბამისი მონაცემებითა და ცოდნით;
  • ჰიბრიდული საფრთხეების შეკავება, რაც ნიშნავს შესაბამისი სამთავრობო უწყებების ინსტიტუციურ გაძლიერებას, რათა მათ დროულად და ეფექტიანად შეძლონ ჰიბრიდული გამოწვევის შესაძლო ნეგატიური, დესტრუქციული შედეგის თავიდან აცილება;
  • თავდაცვა - თუ შეკავების პოლიტიკამ ვერ მიაღწია სასურველ სტრატეგიულ მიზანს, აუცილებელია ჰიბრიდულ საფრთხეებთან სწრაფი რეაგირების შესაძლებლობების განვითარება.

სასურველია, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში ჰიბრიდული საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირების, შეფასების, ანალიზისა და პროგნოზირების მიზნით, შესაბამის სამთავრობო უწყებებს შორის რეგულარული კოორდინაციის გაძლიერება.

მნიშვნელოვანია, შემუშავდეს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგიის ორი ვარიანტი: ერთი - ფართო საზოგადოებისთვის (ადაპტირებული ვერსია), მეორე - საიდუმლო ნაწილი, რომელშიც გააანალიზებენ შიდა და გარე ფაქტორების როლს ჰიბრიდული საფრთხეების, მათ შორის, დეზინფორმაციული აქტივობების ხელშეწყობის თვალსაზრისით და განსაზღვრავენ მათთან გამკლავების, დროული რეაგირების გზებს, ინსტრუმენტებს.

სასურველია, სტრატეგიის საჯარო ვერსიის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებმა.

რეკომენდაცია N2 - ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგიის საფუძველზე, კიბერუსაფრთხოების სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს. სასურველია, აღნიშნული გეგმა შემდეგ ინიციატივებს მოიცავდეს:

  • კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის დამატებითი სტანდარტების, მექანიზმების შემუშავებას;
  • კიბერსაფრთხეების ანალიზის მიზნით, კიბერუსაფრთხოების პოლიტიკაზე პასუხისმგებელ უწყებებში შესაბამისი ანალიტიკური ჯგუფების განვითარებას და გამოწვევების ანალიზისას სათანადო მეთოდოლოგიის დანერგვას, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებითაც;
  • უფრო მეტი სიხშირით ერთობლივი სიტუაციურ სცენარებზე მორგებული ტრენინგებისა და კიბერსავარჯიშოების ჩატარებას პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ამერიკელ, ესტონელ კოლეგებთან. ასევე, ამ მიმართულებით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობების გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას;
  • კიბერინციდენტებზე სწრაფი რეაგირებისა და კიბერკრიზისების ეფექტიანად მართვის მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას;
  • საჯარო და კერძო სექტორის აქტორების ჩართულობით სახელმწიფო დონეზე კიბერუსაფრთხოების მუდმივმოქმედი პლატფორმის საბოლოოდ ჩამოყალიბება;
  • კიბერუსაფრთხოების სფეროში ადამიანური კაპიტალის განვითარების მიზნით, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განვითარებასა და შესაბამისი სპეციალისტების, მკვლევარების მომზადებას;
  • კიბერმედეგობის გაზრდის მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტების მეტი სიხშირით განხორციელება.

რეკომენდაცია N3 - დეზინფორმაციასთან, როგორც ჰიბრიდულ გამოწვევასთან ბრძოლის თვალსაზრისით, აუცილებელია სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება. ისინი შესაძლოა შემდეგ კომპონენტებს მოიცავდნენ:

  • როგორ უნდა ავიცილოთ დეზინფორმაცია;
  • როგორ გამოვავლინოთ დეზინფორმაცია;
  • როგორ შევაფასოთ მისი გავლენა აუდიტორიაზე;
  • როგორ შევქმნათ ფაქტებზე დაფუძნებული ნარატივი დეზინფორმაციის შედეგად გამოწვეული ნეგატიური, დესტრუქციული გავლენის დასაძლევად;
  • როგორ მივიტანოთ ფაქტებზე დაფუძნებული ნარატივი აუდიტორიამდე;
  • როგორ განვახორციელოთ მონიტორინგი შედეგის გასაანალიზებლად;
  • როგორ დავგეგმოთ სამომავლო აქტივობები დეზინფორმაციის მოსალოდნელი შემდეგი ციკლის თავიდან ასაცილებლად.

ამასთანავე, დეზინფორმაციის გავლენების შესასწავლად მნიშვნელოვანია ანალიტიკური საშუალებების, მათ შორის, შესაბამისი პროგრამების განვითარება, რათა მოცულობითი ციფრული მონაცემები დროულად დამუშავდეს. ასევე, უწყებებს შორის აუცილებელია დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ ინფორმაციის დროული გაცვლა (‘Action Plan against Disinformation’. European Commission. 2018).

დეზინფორმაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, საზოგადოებრივი მედეგობის უზრუნველყოფა გულისხმობს სპეციალიზებული ტრენინგების, საჯარო კონფერენციებისა და დებატების რეგულარულად ჩატარებას. ასევე, განსაკუთრებული ყურადღებაა გასამახვილებელი მედიაწიგნიერების პროექტების გაძლიერებაზე. ფაქტების დამოუკიდებელი გადამმოწმებლები და მკვლევარები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში. შესაბამისად, აუცილებელია ისეთი ციფრული პლატფორმების დაფინანსება, რომლებიც გააერთიანებენ დამოუკიდებელ მულტიდისციპლინურ ჯგუფებს. აღნიშნული ქსელები ხელს შეუწყობენ, ფაქტების შემოწმების გზით, დეზინფორმაციის დადგენასა და გამოვლენას (‘Action Plan against Disinformation’. European Commission. 2018).

საბოლოო ჯამში, კოორდინირებული და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება უზრუნველყოფს ჰიბრიდულ გამოწვევებთან ბრძოლის მდგრადი ინსტიტუციური მექანიზმის ფორმირებას და ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაცვას. ასევე, სიტუაციური ცოდნა (არსის გაგება) და საზოგადოების ინფორმირება თანამედროვე გამოწვევებთან მიმართებით ქვეყნის მედეგობას გააძლიერებს.

ხათუნა ბურკაძე

„ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორი, პროფესორი, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებული

გიორგი კაჭარავა - რაც არ უნდა მოხდეს ამ ეტაპზე აფხაზეთში და ვინც არ უნდა მოვიდეს აფხაზეთის „სათავეში“, ძალადობრივი თუ სხვა გზით, რუსეთის „დამოკლეს მახვილი“ არსად გაქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2024
ახალი მოთხოვნა ევროპაში მოგზაურობისთვის: ყველაფერი ETIAS-ის შესახებ
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს