ურეკში, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულების ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ

ურეკში, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულების ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები მუხლის გადაკვალიფიცირებას, დაკავებულთათვის სასჯელის შემსუბუქებას და აღნიშნული საქმით უფლებადამცველის დაინტერესებას მოითხოვენ. ამ წუთებში მათ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.
„მთელი სოფლის ახალგაზრდები დაიჭირეს. ამათ ისეთი არაფერი დაუშავებიათ, რომ არ აპატიონ და არ გამოუშვან. მოვითხოვთ, რომ ჩატარდეს ობიექტური და სამართლიანი გამოძიება, ასევე მოვითხოვთ გადაკვალიფიცირდეს მუხლი,“- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
შეგახსენებთ, გუშინ, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ურეკში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 25 ივნისს გურიაში 13 პირი დააკავა. პროკურატურამ ცამეტივე დაკავებულს ბრალი დაუმძიმა და 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც შვიდიდან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

























