ორმა ოპოზიციურმა ფრაქციამ ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ინტერფრაქციულ საპარლამენტო მემორანდუმს მოაწერა ხელი

პარლამენტში, ოპოზიციურმა ფრაქციებმა ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ინტერფრაქციულ საპარლამენტო მემორანდუმს მოაწერეს ხელი. კერძოდ, დოკუმენტს ფრაქციები "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შეუერთდა.

დოკუმენტში საუბარია საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებასთან დაკავშირებით. მემორანდუმში აღნიშნულია მიზნობრივი საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმის შექმნის საჭიროებაზე, რათა ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იყოს ნატო-ში წევრობისკენ.

„საქართველომ და უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანება დასახა ეროვნული უსაფრთხოების და დემოკრატიის გაძლიერების საფუძვლად. ორი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები ასახულია სახელმწიფოთა კონსტიტუციებში. ორივე ქვეყანას გააჩნია ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის დეკლარაციის დაპირება, რომ ჩვენი ქვეყნები გახდებიან ნატო-ს წევრები. ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველოსა და უკრაინისა გაწევრიანება ნატო-ში მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონში მოკავშირეთა უსაფრთხოებისათვის. ჩვენს რწმენას ამყარებს პრაქტიკაც, რომ ნატო გაფართოებისას პრიორიტეტს რეგიონულ დინამიკას ანიჭებს. ამისათვის, აუცილებელია შევქმნათ მიზნობრივი საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმა, რათა ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იყოს ნატო-ში წევრობისკენ. პროცესი ღია და გახსნილი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისათვის. მიზნის მისაღწევად ვგეგმავთ განვახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

საპარლამენტო დონეზე შევიმუშაოთ ერთობლივი სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით ვაწარმოებთ აქტიურ კომუნიკაციას, როგორც მეგობარ ქვეყნებთან, ასევე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. პროცესში ჩასართავად მოვიწვევთ ქართველ და უკრაინელ დეპუტატებს, ისევე როგორც ნატო-ს ასპირანტი და წევრი ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

ინიციატივის ფარგლებში ჩვენ დავიწყებთ საერთო ეროვნულ განხილვებს, რათა ყველას მიეცეს პროცესში ჩართულობის შესაძლებლობა. პერიოდულად ინტერფრაქციულ სამუშაო ფორმატში ფართო საზოგადოების ჩართულობით განვიხილავთ პროგრესს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

განვახორციელებთ საპარლამენტო ზედამხედველობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს, ნატო-ს სტანდარტების შესრულება ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობისა და თავდაცვის სფეროში ნატო-სთან თავსებადობის ხარისხის ასამაღლებლად.

ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი მუდმივად იყოს ნატო-ს მაღალი ოფიციალური შეხვედრების დღის წესრიგში,"- აღნიშნულია დოკუმენტში.

მემორანდუმის ინიციატორები არიან საპარლამენტო ფრაქციები "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" და “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის", მემორანდუმი ღიაა სხვა პარტიებისთვისაც.

იხილეთ ვიდეო:ორმა ოპოზიციურმა ფრაქციამ ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ინტერფრაქციულ საპარლამენტო მემორანდუმს მოაწერა ხელი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო