გერმანიის ელჩი - ეკლესიისა და სახელმწიფოს სფეროების საერთო პრინციპს უნდა წარმოადგენდეს ყველანაირი ძალადობის მკაცრი და უპირობო უარყოფა

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარეს მიტროპოლიტ გერასიმეს „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით წერილს უგზავნის და აღნიშნავს, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს სფეროების საერთო პრინციპს უნდა წარმოადგენდეს ყველანაირი ძალადობის მკაცრი და უპირობო უარყოფა.

ქნირშის წერილს გერმანიის საელჩო ავრცელებს.

ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო დღეები არ გამოიწვევს დაპირისპირებას საზოგადოებაში და უკეთესი თანაცხოვრებისაკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ელექტრონული მედიასაშუალებების მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რომლითაც საპატრიარქო ასევე მიმართავს თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და მოუწოდებს მათ, გარკვეული პოზიცია დაიკავონ თბილისში დაგეგმილ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით.

გამოვხატავ რა ეკლესიისა და მისი წარმომადგენლების მიმართ ღრმა პატივისცემას, არ მინდა, ეს განცხადება უპასუხოდ დავტოვო. მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა ძალიან პრინციპულ საკითხებს ეხება, დროთა განმავლობაში ამ საკითხებთან დაკავშირებულმა დისკუსიამ მაინც წინ წაიწია. იმედი მაქვს და მჯერა, რომ შესაძლებელია ურთიერთგაგების საფუძვლების მოძებნა.

რელიგიისა და სახელმწიფოს პრინციპები ქრისტიანულ სამყაროში ყოველთვის გამიჯნული იყო ერთმანეთისაგან. მათეს სახარება ამასთან დაკავშირებით იესოს სიტყვებს გვახსენებს: „მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა“. ისტორია თავის სვლას აგრძელებს, კეისრის მაგივრად დღეს ჩვენ ქვეყნებში საბედნიეროდ დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს. ის, რაც ჩვენს ქვეყნებს პირველ რიგში აერთიანებს, არის ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემა და მათი დაცვა. ამ უფლებებს შორის არის ასევე საკუთარი აზრის თავისუფალი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება.

თუ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთს თავ-თავიანთ სფეროებში პატივს სცემენ, მაშინ მათ შეეძლებათ, გაუმკლავდნენ თავიანთ ერთობლივ პასუხისმგებლობას ადამიანების საკეთილდღეოდ. ინტერესით შევიტყვე, რომ მართლმადიდებლობას ამ იდეალისთვის ნაპოვნი აქვს მცნება „სიმფონია“.

ეკლესიისა და სახელმწიფოს სფეროების (ამ უკანასკნელს განეკუთვნება ასევე სახელწიფოს საერთაშორისო კავშირები) საერთო პრინციპს უნდა წარმოადგენდეს ყველანაირი ძალადობის მკაცრი და უპირობო უარყოფა. დემოკრატიული სახელმწიფო ჩვენგან არ მოითხოვს, რომ გვიყვარდეს ჩვენი თანამოქალაქეები, მაგრამ ჩვენგან ელის, რომ მათ არაფერი დავუშავოთ და გავიყოთ მათთან საჯარო სივრცე. ამ დროს ჩვენ ხანდახან იმაზეც ვართ პასუხისმგებლები, რასაც სხვები აკეთებენ. არცერთი ჩვენი გამონათქვამი არ უნდა იქნეს გამოყენებული იმ პირების მიერ, ვინც ძალადობისათვის გამართლებას ეძებს.

პატივცემულო ბატონო მიტროპოლიტო, თქვენთან ერთად მეც იმედი მაქვს, რომ მომდევნო დღეები არ გამოიწვევს დაპირისპირებას საზოგადოებაში, არამედ უკეთესი თანაცხოვრებისაკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება“,- წერს ჰუბერტ ქნირში.

ცნობისთვის, 29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მიმართა თხოვნით, თავი შეიკავონ ,,თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა