დავით მათიკაშვილი - მოსამართლეების დანიშვნის პროცესი სრულ შესაბამისობაშია იმ ვალდებულებასთან, რაც შარლ მიშელის დოკუმენტშია გათვალისწინებული

უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი სრულ შესაბამისობაშია იმ აღებულ ვალდებულებასა და სულისკვეთებასთან, რომელიც მედიატორ შარლ მიშელის დოკუმენტშია გათვალისწინებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა.

„უმნიშვნელოვანესი პროცესი და გამჭვირვალე პროცედურა დაინერგა ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში, როდესაც პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩია. დღევანდელი პოლიტიკური და სამართლებრივი მოცემულობა არის შემდეგი - შარლ მიშელის დოკუმენტში აბსოლუტურად გათვალისწინებულია ყველა ვალდებულება, რომელიც ხელმომწერმა მხარეებმა აიღეს. კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ“ აღებული ვალდებულება შეასრულა, შესაბამისი რეფორმა განახორციელა, დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა და მხოლოდ შემდგომ გაგრძელდა ის პროცედურა, რომელიც სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტით იყო „ქართული ოცნების“ მიერ აღებული ვალდებულება. პროცესი წარმოადგენს სრულ შესაბამისობას იმ აღებულ ვალებულასთან და სულისკვეთებასთან, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტით არის“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ დგას საკითხის ლეგიტიმურობის პრობლემა იმ ფონზე, როდესაც პარლამენტში დაგეგმილი კანდიდატების მოსმენას სახალხო დამცველი და ოპოზიცის ნაწილი არ დაესწრება, მათიკაშვილმა უპასუხა, რომ „პროცესი სრულიად გამჭვირვალეა“.

„ეს არის უაღრესად გამჭვირვალე პროცედურა, რომელიც ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში მიიღეს და მოიწონეს საერთაშორისო პარტნიორებმა. მნიშვნელოვანია ყველა მხარემ გამოიყენოს ის კვოტები, რომელიც ამ პროცედურით არის გათვალისწინებული, ანუ ყველა დაესწროს მოსმენებს. რა თქმა უნდა, დასწრების საკითხი უშუალოდ მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველი უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში ჩართვაზე მანამ, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, დღეს არსებული მდგომარეობა მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმას და მის გატარებამდე, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევა ისევ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა