თბილისის საქალაქო სასამართლოში, აეროპორტის ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიტიკოს გიგი უგულავას პროცესი გაიმართა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ.
გიგი უგულავას ადვოკატის გიორგი გელხაურის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე დაიკითხა სამი ექსპერტი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ დაზარალებული ძიუდოისტის გავაშელიშვილის მაისური იყო დახეული და სხეულის არეში დაზიანებები ჰქონდა მიღებული, თუმცა რა ვითარებაში მიიღო ეს დაზიანებები ,,ექსპერტებმა ვერანაირ კითხვას ვერ გასცეს პასუხი”.
მისივე თქმით, აეროპორტის კამერების ჩანაწერები საქმეში გამოძიებამ არ ჩადო, თუმცა არსებობს დათვალიერების ოქმი, რომელიც ფაქტობრივად გამამართელებელი განაჩენია გიგი უგულავას მიმართ.
„დღევანდელ პროცესზე დაიკითხა სამი ექსპერტი. ამ ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ გავაშელიშვილის მაისური იყო დახეული, ასევე გავაშელიშვილს ჰქონდა დაზიანება და პარკაძესაც სახის არეში. ეს დაზიანებები რა ვითარებაში მიიღეს, როგორ მიიღეს, ან მაისურის დახევა როგორ მოხდა, ამ გარემოებაზე ექსპერტებმა ვერანაირ კითხვას ვერ გასცეს პასუხი.
აეროპორტის კამერების ჩანაწერები საქმეში გამოძიებამ არ ჩადო, არ ჩათვალა საჭიროდ კამერების წარმოდგენა, თუმცა საქმეში დევს დათვალიერების ოქმი, სადაც მითითებულია როგორ მოხდა ჩასაფრება და როგორ დაესხნენ თავს გიგი უგულავას. დათვალიერების ოქმს ხელს აწერს გამომძიებელი, ექსპერტი და მე. სასამართლოსთვის ეს ოქმი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია და ფაქტობრივად არის გამამრთლებელი განაჩენი გიგი უგულავას მიმართ”, - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.