სილქნეტი მიესალმება კომუნიკაციების კომისიის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმების პროცესის დაწყებას

სილქნეტი ეხმაურება კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მობილური მომსახურების (საცალო) სატარიფო რეგულირებიდან გასვლის შესახებ და გაცხადებულ მზადყოფნას, გააუქმოს ადრე მიღებული გადაწყვეტილება ვირტუალური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო დაშვების ნაწილში.

საქართველოში დღეს მოქმედი რეგულაციები, არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის დასკვნით, აღიარებულია, როგორც ევროპულ პრაქტიკასთან შეუსაბამო. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მობილური მომსახურების საცალო სატარიფო რეგულირება ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს. ასევე, ვირტუალური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო დაშვების რეგულაცია ევროკავშირის მხოლოდ 5 ქვეყანაში მოქმედებდა, ხოლო 2007 წლის შემდეგ არცერთ ქვეყანაში არ შემოღებულა და დღეისათვის არსად აღარ მოქმედებს. ამის გათვალისწინებით, კომისიის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმება მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯი იქნება საქართველოში მოქმედი რეგულაციების თანამედროვე ევროპულ პრაქტიკასთან ჰარმონიზაციისათვის.

სილქნეტი, როგორც დუბლინის Euronext ბირჟაზე წარმოდგენილი კომპანია, მუდმივად ზრუნავს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე. ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში არსებული რეგულაციები იყოს გამჭვირვალე, საერთაშორისო ინვესტორთათვის გასაგები და ქმნიდეს მოტივაციას, ტელეკომუნიკაციებში ახალი ინვესტიციების მოსაზიდად და მომდევნო თაობის (5G) ტექნოლოგიების დასანერგად. ამ მხრივ, კომისიის მზაობა გადახედოს ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებს და პარლამენტთან თანამშრომლობით, მოახდინოს საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობების სასწრაფო და სრული ჰარმონიზაცია, უდაოდ პოზიტიური სიგნალი იქნება ინვესტორებისათვის.

პანდემიის პერიოდში, შეზღუდული მიმოსვლისა და გაჩერებული ტურიზმის პარალელურად, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მუშაობა და სწავლა სახლიდან მოუწია. ამან საგრძნობლად გაზარდა დატვირთვა ქსელზე, როგორც კავშირის ხარისხის, ისე გამტარიანობის მხრივ. მობილური და ფიქსირებული მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად სილქნეტმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ოპერატორებისგან განსხვავებით, რომლებსაც მუშაობაში შეფერხებები წარმოეშვათ, ქართულმა სატელეკომუნიკაციო სექტორმა პანდემიის ამ გამოწვევებს წარმატებით გაართვა თავი, რაც კომუნიკაციების კომისიის 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშშიც აისახა.

სილქნეტი ტელეკომუნიკაციების დარგის განვითარებაზე ორიენტირებული ქართული კომპანიაა, რომელიც ნერგავს უახლეს ტექნოლოგიებს და სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვან, მაღალი ხარისხის სერვისებსა და ევროპის მასშტაბით ერთერთ ყველაზე დაბალ ტარიფებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს მობილური ბაზარი კონკურენტულია, ოპერირებს სამი სრულფასოვანი (MNO) მობილური ოპერატორი (4G, 4.5G, 4.9G ქსელებით) და კონკურენციის ეს ხარისხი სრულად შეესაბამება ევროპულ პრაქტიკას. ამასთანავე, სილქნეტი მზადაა განიხილოს მობილურ ქსელზე ვირტუალურ ოპერატორად (MVNO) დაშვების მსურველი ავტორიზებული კომპანიების მოთხოვნა და აწარმოოს მათთან მოლაპარაკება, სილქნეტის აბონენტებისა და მხარეთა კომერციული ინტერესების გათვალისწინებით. კომუნიკაციების კომიისის საჯარო განცხადების შესაბამისად, სილქნეტი მოელის, რომ პირველივე ასეთი მოლაპარაკების წარმატებით დასრულებისა და ვირტუალური ოპერატორის (MVNO) საკუთარ ქსელში დაშვებაზე ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, კომუნიკაციების კომისია გააუქმებს სავალდებულო დაშვების შესახებ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებას.

სილქნეტი იმედს გამოთქვამს, რომ კომისიასთან სამომავლო თანამშრომლობა კონსტრუქციული, საქართველოს ტელეკომუნიკაციების ტექნოლოგიურ განვითარებაზე ორიენტირებული და ევროპულ პრაქტიკასა და რეგულაციებთან მისადაგებული იქნება, რაც მათ შორის მოიცავს პროგნოზირებადი სარეგულაციო გარემოს შექმნას და რეგულაციებში შესატანი ცვლილებების დეტალურ განხილვას ბაზრის მონაწილეებთან ერთად.

(R)

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს