ყვარლის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

ყვარლის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სტიქიის ზონაში ცოტა ხნის წინ კახეთის გუბერნატორი ჩავიდა და დაზარალებულ ადგილობრივებს შეხვდა.
ირაკლი შიოშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ზიანი საკმაოდ დიდია და სახურავების გადახურვის საკითხს ცენტრალურ ხელისუფლებასთან დააყენებს. მანამდე კი მოსახლეობას დროებითი გადახურვის ტენტებით უზრუნველყოფენ.
წინასწარი ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ახალსოფელში, ჭიკაანსა და მთისძირში 60-მდე საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშე დარჩა. გარდა ამისა, დაზიანდა სახლის კედლები, საყოფაცხოვრებო ნივთები და გალავნები.
ასევე ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი და ინტერნეტის ხაზები.
გვიან ღამით ქარმა ყვარლის მუნიციპალიტეტში მრავალწლოვანი ხეებიც წააქცია.
სტიქიის ზონაში მუშაობას აგრძელებს სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ზუსტ ოდენობას დაადგენს.

























