აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე შუახევის გაზრდილი ბიუჯეტი წარადგინეს

აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე შუახევის გაზრდილი ბიუჯეტი წარადგინეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხდომაზე გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი მასშტაბური პროექტები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, როგორიცაა განახლებული რეგიონების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში შუახევის კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

„შუახევში ტურისტული მიზიდულობის მნიშვნელოვანი ცენტრები იქმნება. ჭვანას ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 10 მილიონი ლარია გამოყოფილი. ასევე დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაიხარჯება ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინის მოწყობისთვის. ჯვარიმინდორზე დაიწყო თავშესაფრის და საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მშენებლობა. იგეგმება კავიანის ციხის გავლით ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებზე გარდამავალი საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკის მოწყობა.

დაწყებულია გომარდულის განვითარების მასშტაბური პროექტი. საერთაშორისო კომპანიის მიერ მომზადდა სპორტული ტურიზმის განვითარების კვლევა აჭარაში, რომელიც გომარდულის განვითარებას მოიცავს. წელს ინფრასტრუქტურის მოწყობა იწყება.

ფაქტობრივად ყველა კომერციული საქმიანობა გომარდულში ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია.

გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაბა შუახევის და შუახევის სოფლების ცენტრების კეთილმოწყობა განხორციელდება. შუახევის სისტემური განვითარება სრულიად ახალი შესაძლებლობების გაჩენას შეუწყობს ხელს.

გზების რეაბილიტაციისთვის შუახევის მუნიციპალიტეტში 10 883 580 ლარი დაიხარჯება.

წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტის 17 სოფელში თანამედროვე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები შეიქმნება.

მიმდინარეობს 240 მოსწავლეზე გათვლილი, დაბა შუახევის სკოლის მშენებლობა. რეაბილიტაცია ექვს სკოლას ჩაუტარდება. მუნიციპალიტეტს სამი ახალი ბაღი შეემატება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.