სტუ-ის კანცლერი - მოვუწოდებთ ყველა თანამშრომელს, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში და მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები

რამ განაპირობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტრუქტურული რეორგანიზაციის წარმართვა და რატომ დადგა დღის წესრიგში ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის კონკურსის ჩატარების აუცილებლობა, რა მიზანს ისახავს კონკურსი, როგორია მისი პირობები და რა ეტაპების გავლა მოუწევს აპლიკანტს. ამ თემებზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, დოქტორი კარლო კოპალიანი საუბრობს.

დიდი ხანია, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მსგავსი ღონისძიება არ გატარებულა. შეიცვალა თანამედროვე მიდგომები უმაღლესი განათლების სფეროში. შესაბამისად, უნივერსიტეტის შიგნითაც იცვლება მიდგომები და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას დღეს უკვე სხვა კვალიფიკაციის სპეციალისტები სჭირდება, სხვაგვარად, უნივერსიტეტის გამართულად ფუნქციონირება და მისი განვითარება წარმოუდგენელია.

კონკურსი, რომლის ჩატარებაც დაგემილი გვაქვს, დახურული ტიპისაა და თავისი არსით ატესტაციას უახლოვდება. მასში მხოლოდ ჩვენი თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას. გვაინტერესებს გავზომოთ, რა შესაძლებლობები გააჩნიათ ჩვენს თანამშრომლებს და რამდენად შეესაბამებიან დაკავებულ თანამდებობებს. კონკურსი ლოგიკური გაგრძელებაა ტექნიკურ უნუივერსიტეტში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციისა. არ არის დასამალი, სტრუქტურაც საკმაოდ მოძველებული იყო. მეტიც, ადგილი ჰქონდა სტრუქტურულ დუბლირებებს - ერთი და იგივე ფუნქცია შეიძლება ორ სხვადასხვა დეპარტამენტს ჰქონოდა. მაქსიმალურად ვეცადეთ, მსგავსი ხარვეზი ბოლომდე აღმოგვეფხვრა. გარდა ამისა, ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულების რაოდენობა არაგონივრულად იყო გაზრდილი - ჯამურად ფუნქციონირებდა 40-მდე დეპარტამენტი. რეორგანიზაციის შედეგად, მოვახდინეთ ოპტიმიზაცია: უფრო მობილური, მოქნილი სტრუქტურა შევიმუშავეთ და ადმინისტრაციული ერთეულების რაოდენობა 20-მდე დავიყვანეთ. უნდა აღვნიშნო, რომ კონკურსის ჩატარების უმთავრესი მიზანი თანამშრომელთა კვალიფიკაციის გაზომვაა. სწორედ ამიტომაა ეს კონკურსი შიდა. სამწუხაროდ, შესაძლოა, თანამედროვე მოთხოვნებისა და უნივერსიტეტის ახალი სტრუქტურის გათვალისწინებით, ზოგიერთმა აპლიკანტმა ვერ დააკმაყოფილოს საკონკურსო მოთხოვნები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული თანამედროვე მიდგომები თანამშრომლების მხრიდან აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს გარკვეული სტანდარტებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ასევე, შესაბამისი უნარ-ჩვევების ფლობას. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი და 100-წლოვანი ტრადიციების მქონე საინჟინრო-ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლა, მისი ადმინისტრაცია მუდმივად უნდა ცდილობდეს სტანდარტების შენარჩუნებასა და ხარისხის უზრუნველყოფას.

სტრუქტურული რეორგანიზაცია იმითაც იყო განპირობებული, რომ დაგვეძლია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა - სპეციალისტების მიზერული ანაზღაურება, 300 და 400-ლარიანი ხელფასების არსებობა, რაც რეორგანიზაციის შემდეგ შეიცვლება. გარდა ამისა, საშტატო ანაზღაურება არ იყო სისტემატიზირებული და რანჟირებული. რეაორგანიზაცია ითვალისწინებს ამ ყველაფრის სრულყოფას და ერთიან სისტემაში მოქცევას. უკვე 15-20%-ით გაიზარდა აკადემური პერსონალის ანაზღაურება. ამ ეტაპზე, გათვალისწინებულია ადმინისტრაციის თანამშრომლების, სპეციალისტების ანაზღაურება 50%-ით და უფრო მეტადაც გაიზარდოს.

პარალელურად, არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც - პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ უნივერსიტეტის ბიუჯეტი ფორმირდება სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასურით. ეს მეტად ფაქიზი თემაა. სწორედ ამის გათვალისწინებით, უნივერსიტეტის ბიუჯეტი უნდა მოხმარდეს სტუდენტის სწავლა-განთლებასა და უნივერსიტეტის განვითარებას, რისთვისაც საკმარისი სახსრები უნივერსიტეტს აღარ რჩებოდა. რეორგანიცაციის შედეგად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უნდა გაუჩნდეს განვითარების რეალური შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს უპასუხოს.

რას ითვალისწინებს საკონკურსო პირობები და რა ეტაპები ექნება აპლიკანტს გასავლელი?

კონკურსი უკვე გამოცხადებულია და შესაბამისი მოთხოვნები ატვირთულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე. რექტორის ბრძანების თანახმად, შექმნილია საკონკურსო და საპრეტენზიო კომისიები. მიმდინარეობს დამხმარე პერსონალის ინფორმირება რეორგანიზაციის თაობაზე. კანონის თანახმად, რეორგანიზაციის შესახებ დოკუმენტი ყველა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს გადაეცათ გასაცნობად.

კონკურსი შედგება შემდეგი ორი ეტაპისაგან - ეს არის ტესტირება და გასაუბრება.

აპლიკანტთა რეგისტრაცია წარმოებს 12 ივლისის ჩათვლით, უნივერისტეტის კანცელარიის მეშვეობით.

ტესტირება გულისხმობს კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემოწმებას. მომზადებულია საკონკურსო დავალებები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრის კვალიფიციური სპეციალისტები კი მაღალ დონეზე უზრუნველყოფენ ტესტირების ჩატრებას. იმისთვის, რომ ტესტირება გავლილად ჩაეთვალოს, აპლიკანტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უნდა გადალახოს. კონკურსის მონაწილეს მოუწევს საშუალო სირთულის დავალების შესრულება, რაც წესით და რიგით, არ უნდა წარმოადგენდეს სირთულეს უნივერსიტეტის თანამშრომლისთვის.

კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება მიმდინარე წლის 15 ივლისს, ხოლო შედეგები ცნობილი გახდება 16-დან 19 ივლისამდე. საპრეტეზიო განაცხადის შეტანის ვადა განსაზღვრულია 21 ივლისამდე. ნებისმიერ აპლიკანტს შეეძლება მიმართოს საპრეტენზიო კომისიას.

პირველი ეტაპის გადალახვის შემდეგ, 19-დან 29 ივლისის ჩათვლით, ჩატარდება საკონკურსო მომდევნო ეტაპი - გასაუბრება. ვადები გათვლილია ისე, რომ აპლიკანტმა თავისუფლად მოასწროს საპრეტენზიო განაცხადის შეტანა და დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, 29 ივლისამდე გასაუბრების გავლაც. გასაუბრების შედეგზე საპრეტენზიო განაცხადის ვადა განსაზღვრულია 29 ივლისიდან 3 აგვისტომდე.

ჩვენ დავუშვით ამგვარი მიდგომა: აპლიკანტს საკონკურსო განაცხადის შეტანა შეუძლია არა მხოლოდ თავის პოზიციაზე, არამედ განსხვავებულ პოზიციაზეც. ვფიქრობთ, ამით ყველას მივეცით ფართო არჩევანის საშუალება. მით უმეტეს, რომ არის დეპარტამენტები, რომლებიც უქმდება და თანამშრომლებს ეძლევათ საშუალება, საკონკურსო განაცხადი სხვა სასურველ თანამდებობებზეც შეიტანონ. ცხადია, უმაღლესი განათლება მთავარი მოთხოვნაა, თუმცა არის გარკვეული დაშვებები, მაგალითად, ლაბორანტებად შესაძლებელია სტუდენტებიც მივიღოთ.

როგორ ფორმირდება საკონკურსო კომისია და რას გაითვალისწინებს ის?

აპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იმოქმედებს სამუშაო ჯგუფი და ორი საკონკურსო კომისია. სამუშაო ჯგუფი კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს შეაფასებს, ხოლო კომისიები - გასაუბრების შედეგებს შეაფასებენ. ამ ორი კომისიიდან, ერთი ადმინისტრაციის დამხმარე პარსონალის კვალიფიკაციას შეაფასებს, ხოლო მეორე - ფაკულტეტების დამხმარე პერსონალის კვალიფიკაციას. ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა - უნივერსიტეტს მრავალრიცხოვანი პერსონალი ჰყავს და ერთი კომისია ეფექტურად ვერ უზრუნველყოფდა შედეგების მოკლე დროში წარდგენას. ამიტომ, რექტორის ბრძანებით, გასაუბრების ეტაპისათვის, ორი კომისიის შექმნა გადაწყდა.

იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომელი, საპატიო მიზეზის გამო, ვერ შეძლებს კონკურსში მონაწილეობის მიღებას, რამდენად იქნება მისი მდგომარეობა გათვალისწინებული და უფლებები დაცული?

რა თქმა უნდა, იქნება გათვალისწინებული. პირველ რიგში, პანდემიას ვგულისხმობ, და არა მხოლოდ. აქ იგულისხმება ჯანმრთელობის გაუარესების სხვა შემთხვევებიც, ოჯახის წევრის გარდაცვალება ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაციებიც. ასეთ დროს, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტი 30 ივლისამდე. მათ მიეცემათ საშუალება, გაიარონ ორივე საკონკურსო ეტაპი და საჭიროების შემთხვევაში, საპრეტენზიო კომისიასაც მიმართონ.

როდის გახდება ცნობილი კონკურსის საბოლოო შედეგები და რა ვადაში დაკომპლექტდება უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები?

კონკურსის საბოლოო შედეგები 2021 წლის 6 აგვისტოს გამოცხადდება და სტრუქტურული ერთეულების დაკომპლექტებაც მალევე მოხდება.

რამდენად აისახება უნივერსიტეტის სამომავლო საქმიანობაზე კონკურსის შედეგები, უფრო ზუსტად, რა მოლოდინი გაქვთ აღნიშნული კონკურსიდან?

სტრუქტურული მოწყობის საკითხებზე ჩვენ არაერთი კონსულტაცია გავიარეთ ჩვენს დამეგობრებულ უნივერსიტეტებთან, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. რაც შეეხება რეორგანიზაციას, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეკონომიკური ეფექტის მიღებაა. ჩვენი გათვლებით, რეორგანიზაციის პირველი დადებითი ეფექტი, რომელიც უკვე მივიღეთ, აკადემიური პერსონალის გაზრდილი ანაზღაურებაა. მეორე მოსალოდნელი ეფექტი იქნება უნივერსიტეტის განვითარებისთვის რესურსების მობილიზება და სტუდენტებისთვის გაუმჯობესებული საუნივერსიტეტო სერვისების შეთავაზება. ამასთან ერთად, შესაძლებელი იქნება ყველა მიმართულებით შეიქმნას საუნივერსიტეტო თემატური სამეცნიერო-კვლევითი კლასტერები, რომელშიც პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, სტუდენტებიც ჩაერთვებიან.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ნამდვილად ღირდა რეორგანიზაციის განხორციელება და მასშტაბური ეფექტის მომსწრენიც მალე გავხდებით - მომავალ წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს განახლებული სასწავლო ინფრასტუქტურით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაკომპლექტებული პერსონალით, შრომის გაუმჯობესებული პირობებითა და მოქნილი სტუდენტური სერვისებით შევხვდებით. ასევე, დიდი სურვილი გვაქვს, სტუდენტებისთვის თანამედროვე ტიპის სარეკრეაციო სივრცე მოვაწყოთ, რისთვისაც უკვე მოვიძიეთ თანხა რეორგანიზაციის შედეგად.

რეორგანიზაციის დადებითი ეფექტი, რასაკვირველია, უნივერსიტეტის პერსონალზეც დადებითად აისახება. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა თანამშრომელს, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში და მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები, შეარჩიონ სასურველი პოზიცია და გააგრძელონ მუშაობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარებისთვის.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
ქართული პრესის მიმოხილვა 26.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
საქართველოს რეგიონალური პოზიციონირება ყარაბაღის კონტექსტის გათვალისწინებით: ცალკეული ასპექტები
საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი პროპარკო (Groupe Agence Française de Développement) კრედო ბანკის აქციონერი გახდა
„ემბავუდმა“ ოქროს ბრენდის წოდება მოიპოვა