ბათუმის მერიაში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ საკითხებზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ბათუმის მერიაში, მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებული საკითხის მოგვარების მიზნით, ცხოველთა მოყვარულებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მერიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, იმყოფებოდნენ არსებული თავშესაფრის ტერიტორიაზე, სადაც მიუსაფარი ცხოველების დასაბინავებლად დამატებითი ვოლიერების მოწყობა გადაწყდა.

გარდა ამისა, დაათვალიერეს ნაგავსაყრელის ტერიტორია, რომელიც მალე დაიხურება, ხოლო ექსპლუატაციაში შევა ცეცხლაურში აშენებული ახალი ნაგავსაყრელი.

„მნიშვნელოვანია, რომ უკვე გათვალისწინებულია შესაბამისი თანხები ჩაქვის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების ცხოველთა თავშესაფრის მოსაწყობად, რომლის მშენებლობაც მალე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერიის პროგრამის ფარგლებში, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაცია, მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში, ოპერაცია და პროგრამით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.

ბათუმის მერია ემიჯნება ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას და იღებს სრულ პასუხისმგებლობას მიუსაფარ ცხოველთა უფლებების დაცვისა და მათზე ზრუნვის ნაწილში”,-აღნიშნავენ მერიაში.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის თქმით, მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით, ინტენსიური შეხვედრები იმართება.

„ბოლო დღეების განმავლობაში, მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით, ინტენსიურ შეხვედრებს ვმართავ ასამთავრობო სექტორთან და მუნიციპალურ სამსახურებთან.

პრობლემა რეალურად დგას ჩვენი ქალაქის წინაშე და მას დიდი ხნის ისტორია გააჩნია. ამ ეტაპისათვის, ჩვენ ძალიან სწრაფად და ეფექტურად უნდა მოვახდინოთ მყისიერი რეაგირება ყველა მიმართულებით, რათა მიუსაფარ ცხოველთა მდგომარეობა, მათი უფლებები და მათზე ზრუნვის ნაწილი იყოს დარეგულირებული. ამაზე პასუხისმგებლობას სრულად იღებს მუნიციპალიტეტი, თუმცაღა, მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება ამ კუთხით და მათთან ურთიერთთანამშრომლობა. ამისათვის, ჩვენ შევქმენით შერეული ჯგუფი, სადაც ჩართულები იქნებიან მუნიციპალური და შესაბამისი სამსახურები, მათი ხელმძღვანელები, კომპანია ,,სევერი“ და ბუნებრივია, არასამთავრობო ორგანიზაციები. პერიოდულად, გაიმართება შეხვედრები აღნიშნული პრობლემატიკის შესწავლის მიზნით, დაისახება კონკრეტული გეგმები და ამოცანები. თუმცა, აქვე, მინდა აღვნიშნო, თქვენ იცით, მუნიციპალიტეტს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რაც უკვე საბიუჯეტო ცვლილებებზე დავაანონსეთ, ახალი თავშესაფრის მშენებლობის შესახებ, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტურად მოაგვარებს პრობლემას. ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხო გარემო, როგორც ცხოველთათვის, ასევე ვიზიტორთათვის. სამედიცინო სფეროდან დაწყებული, ყველა სახის მომსახურება გაეწევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფ უსახლკარო, მიუსაფარ ცხოველებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით”,-აღნიშნავს ჩიქოვანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა