ქართული პრესის მიმოხილვა 08.07.2021

რატომ გახდა სამიზნე მედია და ევროკავშირის დროშა - “ჩვენ დავბრუნდით, იქ საიდანაც დავიწყეთ”

აგვისტოში ინდური შტამი ბრიტანულს თითქმის მთლიანად ჩაანაცვლებს - ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება

ლარის გამყარების ახალი ეტაპი დაიწყო - კურსი თანდათან 3.0-ის ფარგლებში დასტაბილურდება

* * *

რატომ გახდა სამიზნე მედია და ევროკავშირის დროშა - “ჩვენ დავბრუნდით, იქ საიდანაც დავიწყეთ”

“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეების თავდასხმის ფაქტებს საზოგადოების მკაცრი შეფასებები მოჰყვა. ექსპერტები და პოლიტოლოგები კი არ გამორიცხავენ, რომ ბოლო მოვლენები საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიასა და დასავლეთისკენ სწრაფვას. თბილისში, რუსთაველის გამზირზე თავდასხმის შედეგად 16 მედიასაშუალების 55 თანამშრომელი დაშავდა. 6 ივლისს ძალადობის გასაპროტესტებლად შეკრებილ აქციის მონაწილეებზე თავდასხმა ისევ სცადეს, ესროდნენ ქვებს, შუშებს და ბოთლებს. პარლამენტის წინ ჩამოაგდეს ევროკავშირის დროშა, რომელიც შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ თავად აღმართა. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” აცხადებს, ქვეყანა 90-იან წლებში ბრუნდება, როცა ავტომატიანი ადამიანები ქუჩაში დარბოდნენ და ხალხს უსწორდებოდნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ გახდა სამიზნე მედია და ევროკავშირის დროშა - “ჩვენ დავბრუნდით, იქ საიდანაც დავიწყეთ” / “დაძაბულობას ქმნის ყველა - პოზიციაც და ოპოზიციაც, გავლენა არის ორივე მხარეს” - ძაბირაძე.

“პრაქტიკულად ჩვენ დავბრუნდით, იქ საიდანაც დავიწყეთ. დავბრუნდით 9 აპრილის შემდგომ პერიოდში, როცა სიტუაცია ყველამ მიუშვა და დაიწყო არაფორმალური ორგანიზაციებისა და საძმოების შექმნა - ქუჩაში ავტომატებით დარბოდნენ, დღეს ასე არ არის, ერთ თვეში შეიძლება ავტომატიც გამოჩნდეს... ჩემი აზრით, დაძაბულობას ქმნის ყველა - პოზიციაც და ოპოზიციაც, გავლენა არის ორივე მხარეს, მათ შორის ალბათ “თბილისი პრაიდში”. მათი გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად საქართველოში უნდა ჩატარდეს აღლუმი, მოსწონთ თუ არა ეს პრაიდის წარმომადგენლებს, ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია. ამიტომ, როცა გეგმავ რაღაცას, უნდა გაითვალისწინო არსებული ვითარება. ისე ევროპის ქვეყნებშიც ყველა ტაშიკვრით არ ხვდება ასეთ აღლუმებს. ის რაც მოხდა, აწყობს ოპოზციასაც და ხელისუფლებასაც, ოპოზიცია უტევს ხელისუფლებას, ხელისუფლება მომხდარში ადანაშაულებს ოპოზიციას, ამ დროს კი სხვა ხეირობს. ამიტომ ვამბობ, რომ რუსეთი საქართველოდან არ წასულა, ყველგან არის რუსული გავლენები სხვადახვა დოზით და სხვადასხვა აქტივობით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“დროშას ხსნიან პრორუსული ჯგუფები, ხელისუფლება თავიდან აღმართავს, ვეღარ გაიგებ, ისე აიზილა ყველაფერი, ვინ არის პრორუსი და ვინ პროდასავლური. რაც შეეხება ჟურნალისტებზე თადასხმას, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ნერვებს უშლის ჟურანლისტები, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მომხდარში მას უნდა რომ დარჩეს მშრალზე და მიუშვას ეს ჯგუფები ჟურნალისტების დასაშინებულად”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მომხდარში ხელისუფლების მიერ განხორციელუბლ პოლიტიკას ხედავს. მისი თქმით, “ოცნების” ხელისუფლების უმოქმედეობამ წლების მანძილზე პროცესები უმართავი გახადა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ყველაზე დიდი პრობლემას აქ არის ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკა. ვერ ვიტყვი, რომ ექსტრემისტები და რადიკალები ხელისუფლებამ წააქეზა, მაგრამ უმოქმედობა უფრო დიდი დანაშაულია. რატომ გახდა სამიზნე ჟურნალისტები და ევროკავშირის დროშა, მარტივი ახსნა აქვს. ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა ხელისუფლებას ნამდვილად არ აწყობდა, მაგრამ ასევე არ აწყობს დაპირისპირება ეკლესიასთან და ამ კატეგორიის ხალხთან არჩევნების წინ, რომელსაც არჩევნების დროს იყენებს. რაც შეეხება თადასხმას მედიის წარმომადგენლებზე, რადიკალებმა ჟურნალისტებში ხელისშემშლელი ადამიანები დაინახეს. ხელისუფლებისთვის კი კრიტიკული მედია მიუღებელია და ამ საშუალებებით ჟურანლისტებს აშინებენ” - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

აგვისტოში ინდური შტამი ბრიტანულს თითქმის მთლიანად ჩაანაცვლებს - ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება

“საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი გავრცელება და გაზრდილი სიკვდილიანობა შესაძლოა, ინდური შტამთან იყოს დაკავშირებული. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ აგვისტოში ბრიტანული შტამი სრულიად ინდურმა ჩაანაცვლოს. ისინი ყურადღებას აცრებზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ კორონავირუსზე ორჯერადად აცრილ პირებში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამიტომაც ინდური შტამის ლეტალური შედეგების თავიდან არიდების მიზნით მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ. საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების - 1392 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 37 2 685-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5394 პირი ემსხვერპლა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 531 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 35 6 780-მდე გაიზარდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აგვისტოში ინდური შტამი ბრიტანულს თითქმის მთლიანად ჩაანაცვლებს - ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება / “ინფიცირების მაჩვენებელი 0.3 პროცენტია ორჯერ ვაქცინირებულებში, ხოლო 0.8 პროცენტი ერთხელ ვაქცინირებულებში”.

“შტოპცოვ.გე-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 136 კვლევა ტესტით, მათ შორის 17650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 486 Pჩღ ტესტით. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 3,65% შეადგინა, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3,17%, ხოლო 7 დღის მანძილზე - - 3,7% ფიქსირდება. აგვისტოში ინდური შტამი ბრიტანულს თითქმის მთლიანად ჩაანაცვლებს - ეპიდვითარების მოსალოდნელ ცვლილებაზე საუბრობენ მთავარი ეპიდემიოლოგები. მედიკოსები საყურადღებოდ მიიჩნევენ ქვეყანაში ბოლო 10 დღის განმავლობაში არსებულ მდგომარეობას. მათი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ე.წ. ინდური შტამი გაცილებით უფრო მარტივად გადამდებია, მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. ისინი რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ. ეპიდემიოლოგების დაკვირვებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი კლებისკენ მიდის, თუმცა, იზრდება დაინფიცირებულთა დღიური რაოდენობა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების რისკები სერიოზულია, ვინაიდან, მთლიანად ევროპაში ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან ანაცვლებს ბრიტანული შტამის ცირკულაციას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მისივე თქმით, პროგნოზის მიხედვით, აგვისტოს შუა რიცხვებში დელტა ვარიანტი თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულს. სწორედ ამიტომ, გამყრელიძემ მოსახლეობას სიფრთხილის დაცვისა და აუცილებელი რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პირბადის ტარების აუცილებლობასა და დიდი თავშეყრისგან თავის არიდებაზე. “ეპიდემიოლოგიური რისკები სერიოზულია. მოგეხსენებათ, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა ახალი შტამების ხარჯზეა. მთლიანად ევროპაში ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან ანაცვლებს ბრიტანული შტამის ცირკულაციას. პროგნოზით დაახლოებით აგვისტოს შუა რიცხვებში ინდური შტამი თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულს. ამიტომ, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ყველგან, დახურულ შენობებში და ღია სივრცეში, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება, ატაროთ პირბადე. ასევე, რეკომენდებულია, რომ ძალიან თუ არ შეგაწუხებთ, გარე სივრცეშიც ატაროთ პირბადე. მაგალითად, მე გარეთაც ვატარებ, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვის საშუალებაა. ასევე, უარი უნდა ვთქვათ დიდ თავშეყრებზე”, - განაცხადა გამყრელიძემ. მან ყურადღება გაამახვილა აცრების საჭიროებაზე - მისი თქმით, კორონავირუსზე ორჯერადად აცრილ პირებში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ძალიან საყურადღებოა დინამიკა, რაც ბოლო ერთ კვირაზე მეტია, ქვეყანაშია. ზრდის დინამიკაა როგორც ბოლო შვიდი დღის, ისე 14 დღის დადებითობის მაჩვენებელში. ერთადერთი, კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვი იკლებს. ალბათ ათ დღეში გამოვაქვეყნებთ ანალიზს, რამდენი იყო ინფიცირება ერთჯერადი აცრის შემდეგ - ეს მაჩვენებელი დაახლოებით 0.8 პროცენტის ფარგლებშია და რამდენი იყო ინფიცირება ორჯერადად აცრის შემდეგ - დაახლოებით 0.3 პროცენტის ფარგლებშია. სხვადასხვა ვაქცინაზე მაჩვენებელი სხვადასხვაა და ამის შესახებ დეტალები გამოქვეყნდება. მთავარია, რომ ორჯერ აცრილებში ჩვენ კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია, ყოველ შემთხვევაში მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, - თქვა გამყრელიძემ. მისივე თქმით, გუშინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით წამახალისებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. გამყრელიძე ფიქრობს, რომ საკითხზე საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს”, - დასძენს გამოცემა.

“დაიძრა ვაქცინაციის პროცესი. გუშინ გვქონდა ხუთი ათასამდე, პირველ დღეს გვქონდა სამი ათასი, დღეს არის დაჯავშნილი დაახლოებით ექვსი ათასამდე. თანდათან იზრდება აქტიურობა, მაგრამ ტემპი ჯერჯერობით არ გვაკმაყოფილებს. გუშინ სერიოზული მსჯელობა იყო საკოორდინაციო საბჭოზე წამახალისებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. მაგალითად, ის სლოგანი, რითიც გუშინ ჩვენი სამედიცინო უნივერსიტეტი ალმამატერი გამოვიდა, რომ შევხვდეთ შემოდგომას უსაფრთხო უნივერსიტეტებით. ეს უნდა აიტაცოს ყველა უნივერსიტეტმა საქართველოში. შევხვდეთ უსაფრთხო სკოლებით შემოდგომას, იყოს ყველა სასტუმრო, რესტორანი უსაფრთხო, ეს მოძრაობა თანდათან უნდა გაძლიერდეს”, - აღნიშნა გამყრელიძემ, რომლის აზრით, “რაც უფრო გაფართოვდება ვაქცინაცია, ხელმისაწვდომობაც მეტად გაფართოვდება”, - წერს სტატიის ავტორი.

“გუშინ ჩვენ დავაყენეთ საკითხები სავაჭრო მოლებში ამცრელი პუნქტების განთავსებაზე, ასევე ე.წ. დრაივ აცრებთან, აფთიაქარებთან დაკავშირებით და თანდათან ეს უნდა გაიშალოს. დღეს უკვე ვაქცინების მიწოდების დეფიციტი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს მოთხოვნის დეფიციტი. საიტზე რომ შეხვალთ, ნახავთ, რომ ბევრ დაწესებულებაში არის დაუჯავშნელი ადგილი. დღეს დაახლოებით 80 ათასამდე თავისუფალი ადგილია. ამიტომ, მოვუწოდებ მოსახლეობას, დაჯავშნონ ან მიბრძანდნენ და დაჯავშნის გარეშე აიცრან, ადგილზე დარეგისტრირდნენ“, - განმარტავს ამირან გამყრელიძე. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს მონაცემებით, ორჯერადად ვაქცინირებულ პირებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. გაბუნია ყველას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენოს შესაძლებლობა და აიცრას. “დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი ერთჯერ ვაქცინირებულ პირებშიც. 0.3 პროცენტია ორჯერ ვაქცინირებულებში, ხოლო 0.8 პროცენტი ერთხელ ვაქცინირებულ პირებში - ვაქცინაციის მნიშვნელობა ცალსახად ძალიან მაღალია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, სურს კიდევ ერთხელ ყველას მოუწოდოს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და სწრაფად შეუერთდნენ ორჯერ ვაქცინირებულთა რიგებს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ლარის გამყარების ახალი ეტაპი დაიწყო - კურსი თანდათან 3.0-ის ფარგლებში დასტაბილურდება

“ლარმა გამყარების ახალი ეტაპი დაიწყო. რამდენიმეკვირიანი სტაბილიცაზიის შემდეგ, ბოლო დღეებია, კურსი ყოველდღიურად იუმჯობესებს პოზიციებს. შესაძლოა, ეს სწორედ ის პერიოდია, რომელზეც სპეციალისტები რამდენიმე კვირის წინ საუბრობდნენ, რა დროსაც ქართული ვალუტა 3.0-იან ნიშნულამდე ჩამოვა. ბოლო დღეებში ლარი დოლართან მიმართებით 3 თეთრით გამყარდა და დღესდღეობით ერთი ამერიკული დოლარი 3.13 ლარი ღირს. ტენდენცია უდავოდ დადებითია. ახლა ყველა ფაქტორი და მომენტი იქითკენაა მიმართული, რომ ლარის კურსი კიდევ მეტად გამყარდეს. ხელის შემშლელი ფაქტორები მოხსნილია, მოლოდინი - საკმაოდ პოზიტიური. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 9.5%-ზე დატოვება, ზაფხულის ტურიზმის სეზონი, ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებელი, მაისის მაღალი ეკონომიკური ზრდა - ეს ის ფაქტორებია, რომლებიც კურსის მეტად გამყარებას უზურნველყოფს. ფინანსისტი გიორგი ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ ლარმა ნამდვილად გამყარების გზას კიდევ ერთხელ დაადგა და კურსი ამჯერად 3.0-3.10-ის ფარგლებში იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ლარის გამყარების ახალი ეტაპი დაიწყო - კურსი თანდათან 3.0-ის ფარგლებში დასტაბილურდება / ყველა პროგნოზით, ივნისშიც ეკონომიკის მაღალი ზრდა იქნება, შესაბამისად, სტაბილურობა მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.

“ჩემი პროგნოზი იყო კიდევაც, რომ კურსი 3.0-3.10-ის ფარგლებში იქნებოდა. ეს უკავშირდება ეკონომიკის იმ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, რომელიც იყო აპრილ-მაისში. გაზრდილია ექსპორტი, მათ შორის წარმოების სექტორში. ამას დაემატა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორიცაა ტურიზმის აღდგენა. მოლოდინი არის, რომ შეიძლება 45%-ით აღდგეს ტურიზმი იმასთან შედარებით, რაც 2019 წელს იყო. ეს პირდაპირ მოქმედებს სავალუტო ნაკადებზე. ძალიან მნიშვნელოვანი ზემოქმედება აქვს ფულადი გზავნილების დინამიკასაც, რომელიც ასევე მზარდია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობაა. სავალუტო კურსის რყევა ხშირად მოლოდინზეა დამოკიდებული. ყველა პროგნოზით, ივნისშიც ეკონომიკის მაღალი ზრდა იქნება. ეს ფაქტორები კი იძლევა იმის საშუალებას, რომ სტაბილურობა მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.შიდა ფაქტორები გარდა, ლარისთვის გარე ფაქტორებიც ხელსაყრელია. გლობალურ ბაზარზე კრიზისი არ შეიმჩნევა. ეკონომიკა სტაბილიზაციისკენ მიდის და ფაქტიურად, ხდება შოკიდან გამოსვლა, რომელიც პანდემიამ გამოიწვია. ჩვენ ახლა პოსტკრიზისულ პერიოდში ვიმყოფებით და ეს დრო ყველგან პოზიტიურია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ცუცქირიძე.

“დიდი რეცესიის შემდეგ, ეროვნულმა ვალუტამ სწრაფი გამყარებისკენ აიღო გეზი და მოკლე პერიოდში 3.42-იანი ნიშნულიდან 3.16-ზე ჩამოვიდა. მას შემდეგ, რამდენიმე კვირა, სტაბილურად 3.15-3.17-ის გარფლებში ტრიალებდა და უკვე რამდენიმე დღეა, რაც სავალუტო ბაზარზე ლარმა პოზიციები კიდევ მეტად გაიმყარა და 3.13-ზე დაბლა დაეშვა. როგორც აღმოჩნდა, დადებითი მოლოდინის იმედი აქვს საბანკო დარგის სპეციალისტებს. მათი აზრით, ლარის გამყარებისთვის ყველანაირი წინაპირობა არსებობს და თუ მოულოდნელად ხელიშემშლელი ფაქტორი არ გამოჩნდება, ეს ასეც მოხდება. როგორც საბანკო სფეროს ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი აღნიშნავს, ეროვნული ვალუტის გამყარება იმ პროცესის გაგრძელებაა, როდესაც სტაბილიზაციის საკითხის გადაჭრა დაიწყო ხელისუფლებამ”, - აღნიშნავს გამოცემა,

“ღრმა ეკონომიკური დაცემის შემდეგ, ყოველთვის მოსალოდნელია აღმავლობა. დღეს, საქართველო გაჯანსაღების გზას დაადგა. შეიცვალა დამოკიდებულება და გაჩნდა იმედი, რომ ეკონომიკა აღარ ჩაიკეტება. ის რაც ჩაკეტილი იყო, ყველაფერმა დაიწყო აღდგენაც და აღმასვლაც. სწორედ ამან განაპირობა ლარის კურსის გამყარება, რასაც დაემატა წინასწარ აღებული გარკვეული სესხები, რომლებიც ლარის კურსის გამყარებას ეხებოდა და ეს გაგრძელება იმ პროცესის, როდესაც სტაბილიზაციის ნაბიჯების გადადგმა დაიწყო ხელისუფლებამ. გააქტიურდა ექსპორტი, რომელიც გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე იმპორტი. ამან განაპირობა უცხური ვალუტის შემოდინება, რომელმაც გაამყარა ლარის კურსი. ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, რადგან ზრდის ტემპი, რომელიც მაღალი იყო აპრილისა და მაისის თვეებში თანდათანობით შემცირდება და დაუბრუნდება საშუალო ნიშნულს. სწორედ მაშინ დაიწყება იმის გათვლა, თუ რა შეიძლება მოხდეს ეკონომიკაში”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მიხეილ თოქმაზიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო