ფოთში, „ნაცმოძრაობის“ წევრებმა „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავებულ მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა გამოუცხადეს

ფოთში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს. შეკრებილებმა რამდენიმე დღის წინ თბილისში განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს და „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავებულ ოპერატორებს, ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ოპოზიციის განცხადებით, ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა, ხელისუფლების მხრიდან იყო წახალისებული. მათივე თქმით, შესაბამისმა უწყებებმა აქციისას მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება ვერ უზრუნველყვეს.
„არა მარტო დღეს ვაპროტესტებთ, იმ დღიდან მოყოლებული ყოველთვის ვაპროტესტებთ და საკრებულოშიც ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, პროტესტის ნიშნად დავტოვე სხდომა. განსაკუთრებული აგრესიულობით გამორჩეული პრემიერ - მინისტრის მითითებით გაკეთდა ეს ყველაფერი. არანაირი „პრაიდის“ მიმართ მიმართული. „პრაიდი“ საერთოდ არ ჩატარებულა, ეს იყო მიმართული იმისკენ, რომ კარვები დაენგრიათ და სამოქალაქო სექტორი დაერბიათ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ.

























