კატასტროფა იყო, როდესაც რამდენიმე მოსამართლემ შეფასების დონეზე თქვა, რომ 2012 წლამდე ქართული სასამართლო იყო თავისუფალი და დამოუკიდებელი, ეს ხალხი დღეს თავიდან არის წარდგენილი, რომ გამწესდეს მუდმივ მოსამართლედ, - ასე აფასებს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების განწესებას.
გახარიას შეფასებით, ის რაც ახლა ხდება კატეგორიულად მიუღებელია.
,,ვინმე გამოვა კიდევ და „საქართველოსთვის“ და გახარიას პოლიტიკურ ანგაჟირებულობაზე დაიწყებს ლაპარაკს მაშინ, როდესაც მოსამართლეებად წარდგენილი ჰყავთ ადამიანები, რომლებიც მტკიცებით ფორმაში ამბობენ, რომ თურმე საქართველოში 2012 წლამდე ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო გვქონია! კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც ხდება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მოსამართლეების შერჩევის პროცესს საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების დარღვევად და სახელმწიფოსთვის მადისკრედიტირებელს უწოდებს.
,,როდესაც შენ - ხელისუფლება, ვალდებულებას იღებ, საერთაშორისო თანამშრომლობის, საერთაშორისო შუამდგომლობის და მედიაციის პირობებში შეთანხმებას აწერ ხელს, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ ვალდებულებები გაქვს და შემდგომ ეძებ შემოვლით გზებს, რომ ეს ვალდებულებები არ შეასრულო და არ გაითვალისწინო - ეს, რა თქმა უნდა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის და სახელმწიფოს დისკრედიტაციას ახდენს - ესეც ყველას უნდა გვესმოდეს და გავითვალისწინოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მონიტორინგის მესამე ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის 19 აპრილს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში ხელი მოაწერეს ევროკავშირის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებას, რომლის თანახმად, იღებდნენ ვალდებულებას ამ საკითხების განხილვამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების წარდგენა. ამის მიუხედავად, პარლამენტმა ვერ უზრუნველყო ფორმალური სამართლებრივი საფუძვლის შექმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რათა შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ვაკანტურ ადგილებზე.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"