ზუგდიდში მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ზუგდიდში მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი კიდევ ერთხელ გმობენ 5 ივნისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და მთავრობისგან პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვენ, „ტვ პირველის“ ოპერატორის ლაშა ლაშქარავას გარდაცვალების გამო.
"ძალიან ძნელია რამე თქვა, უბრალოდ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ და ცალსახად მოვითხოვთ, რომ დაისაჯონ დამნაშავეები დაუყოვნებლივ და რომ ვინმემ აიღოს მომხდარზე ბოლოს და ბოლოს პასუხისმგებლობა და შეეშვან ერთმანეთზე გადაბრალებას. ცოტა ხნის წინ რაც მოვისმინეთ შს სამინისტროს განცხადება მომხდარზე, იყო ყოვლად მიუღებელი ჩემთვის, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ჩვენთვის. ჩვენი მოთხოვნა არის დაისაჯოს დამნაშავეები", - განაცხადა ინტერნეტ გამოცემა "ლაივპრესის" ჟურნალისტმა ნანა ხუბუტიამ.
მედიის პროტესტს ადგილობრივები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეუერთდნენ. ისინი მოძალადეების უმკაცრესად დასჯას და პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მოითხოვს საქართველოს პრემიერ - მინისტრის გადადგომას და შსს მინისტრის გადადგომას თანამდებობიდან დაუყოვნებლივ, იმ ძალიან მძიმე და ტრაგიკული მოვლენების მერე რაც მივიღეთ 5-6 ივლისის აქციის დროს. მოგეხსენებათ გარდაიცვალა "ტვ პირველის" ოპერატორი. ფაქტია საქართველოს მთავრობამ ხელი არ შეუშალა აქციის ძალადობრივ ფორმაში გადასვლას, მიუხედავად იმისა წინასწარ ჰქონდათ ამ კონტრაქციის წარმომადგენლებს დაანონსებული, მათ არ გადადგეს ქმედით ნაბიჯები", - განაცხადა " საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ.
აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლეს და მომხდარი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

























