ვაჟა ბერიძე - ვითარება არა მარტო გართულებულია და ჩიხისკენ მიექანება, არამედ სახეზეა პოლიტიკური კრიზისი, მეტიც,  ჩვენ ჩიხში კი არ შევდივართ, უკვე დეპოში ვართ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ, ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, 5 ივლისის მოვლენების შემდეგ პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში არა მარტო დაჩქარდა, არამედ ერთმნიშვნელოვნად შეიძლება თქმა იმისა, რომ ვითარება არა მარტო გართულებულია, არამედ ჩიხისკენაც კი მიექანება.

5 ივლისის მოვლენებს, ოპოზიციის ქუჩაში და პარლამენტში გააქტიურების თემებს, ასევე ჩვენი პარტნიორების თხოვნებისა და გაფრთხილებების მიუხედავად მმართველი გუნდის მიერ მოსამართლეების დამტკიცებას, 5 ივლისის შემდეგ ხელისუფლების მოქმედებებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით, მაგრამ ალბათ უპრიანი იქნება თუ ჩვენს საუბარს დღეისათვის ჩამოყალიბებული რეალობების შეფასებით დავიწყებთ. თქვენ როგორ შეაფასებდით 5 ივლისის დღესა და შემდეგ დღეებში განვითარებულ მოვლენებს?

- 5 ივლისი იყო მორიგი რგოლი მოვლენათა განვითარების უწყვეტ ჯაჭვში. უმნიშვნელო კორექტივს შევიტან თქვენს კითხვაში - ვითარება არა მარტო გართულებულია და ჩიხისკენ მიექანება, არამედ უკვე სახეზეა პოლიტიკური კრიზისი. უფრო მეტიც, - ჩვენ ჩიხში კი არ შევდივართ, უკვე დეპოში ვართ.

ამის პროგნოზირება ძნელი არ იყო და არაერთგზის, მათ შორის, თქვენთან საუბრებში, ასეთი სამწუხარო პერსპექტივა არაერთხელ დავაფიქსირე. სამწუხაროდ, არ შევცდი.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სუსტი ხელისუფლება მხოლოდ მოცემული პოლიტიკური ძალის პრობლემა არ არის. ის ქვეყნის, თითოეული ჩვენგანის პრობლემაა და არ გულისხმობს მხოლოდ მთავრობის უსუსურობას. ამჟამინდელი კრიზისი სისტემურია და მოიცავს ხელისუფლების ყველა შტოს.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის მიერ გაჩერებული ეკონომიკის გამოცოცხლება სახეზეა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ფუნქციობს, საერთაშორისო ძალისხმევის შედეგად პარლამენტის ერთპარტიულობაც თითქოსდა გადავლახეთ, არც მოსამართლეები დამსხდარან, ჯერჯერობით, ქუჩაში, ბრეხტის არ იყოს, არც ხაზინის კოლაფსი არ გვაქვს, არსებული რეალობა პოლიტიკური კრიზისის სერიოზულ ნიშნებს ატარებს და მყიფეა სტაბილურობის თვალსაზრისით.

არაერთხელ მითქვამს, რომ დამოუკიდებლობა ოდენ ატრიბუტიკა არ არის, განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, სადაც ტერიტორიების 22% ოკუპირებულია, დეპოპულაციის პროცესი აღმავალი და შეუქცევადი, ეროვნული ვალუტა რაღაც შუალედში ლამის თოკით დაბმული, - ასეთი ქვეყნის დამოუკიდებლობას სერიოზული გამოცდა ელის.

მით უმეტეს, რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით, იმის კონსტატაციით, რომ აზერბაიჯანს ნავთობი და გაზი აქვს და მფარველი ერთგული მოძმე ჰყავს თურქეთის სახით, სომხეთს მფარველი, რომელმაც სულ ახლახანს დასაჯა, მაგრამ მაინც მისი იმედი აქვს და კიდევ უძლიერესი ლობის საფრანგეთში, ბრიტანეთში, შტატებში და რუსეთში.

ჩვენ კი მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ვართ და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების, რომლის წარმომადგენელმა, ელჩმა დეგნანმა, პრაიდთან დაკავშირებით აბსოლუტურად გაუგებრად გამოიდო თავი. არადა, მას მრჩეველიც ბევრი ჰყავს, ინფორმირებულიც კარგადაა და ინფორმატორებიც არ აკლია ამერიკული ფონდების მიერ მსუყე გრანტებით უზრუნველყოფილი არასამთავრობო სექტორის სახით.

ცხადია, დიდი მისნობა და მჩხიბავობა არ იყო საჭირო იმის მისახვედრად, რომ პრაიდი რუსთაველზე შეხლა-შემოხლით და მასშტაბური აურ-ზაურით დამთავრდებოდა.

ცხადია, დიდი მისნობა და მჩხიბავობა არ იყო საჭირო იმის მისახვედრად, რომ პრაიდი რუსთაველზე შეხლა-შემოხლით და მასშტაბური აურ-ზაურით დამთავრდებოდა

რადიკალური მემარჯვენე-კონსერვატიული დაჯგუფებების პროტესტი უეჭველად მოჰყვებოდა, თუნდაც მცირერიცხოვანი ლგბტქ+ თემის წარმომადგენელთა ჩავლას რუსთაველზე, მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციისა და მისი ცალკეული რადიკალი იერარქების მოწოდებების გათვალისწინებით.

თუ ჩვენი პროდასავლური მისწრაფებების გამოცდა სურდა ქალბატონ დეგნანს, ბატონ ჰარცელს და სხვა ჩვენს დასავლეთელ მოკეთეებს, საამისოდ ამ სამარცხვინო აურ-ზაურის მოწყობა არ იყო საჭირო. ისედაც ცხადი იყო, რა მოჰყვებოდა „ღირსების მარშს“ რუსთველზე.

მკითხეთ, 5 ივლისსა და შემდეგ დღეებში განვითარებული მოვლენების თაობაზე. ყველაფერი ზუსტად ისე წარიმართა, როგორც მოსალოდნელი იყო. თუ ვინმეს დღევანდელი ხელისუფლების ფსევდო პრო-დასავლურობის მხილება უნდოდა, აშკარად ჩაფლავდა, რადგან წააგო ქვეყანამ, მთავრობამ, თითოეულმა ჩვენგანმა, თავად ელჩებმა, რომლებიც შიგადაშიგ გუბერნატორებს და მთავარმმართებელს გაგონებენ, თუმცა, კომპარტიის ცეკას მოსკოვიდან დანიშნულ მეორე მდივნობამდე ვერ ქაჩავენ.

მთავრობას კი რა დარჩენია, - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კარს მოსდგომია. გახარია ხმების გაყოფით ემუქრება. პრაიდის მხარდაჭერით ვერავის მოიმხრობდა, არჩევნებამდე ცოტა დროა და ისევ კონსერვატიული ხედვებით გამორჩეულმა ღარიბაშვილმა ეროვნულ პატრიოტული განწყობის მოქალაქეების მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს.

ესენი კი ის ხალხია, ვინც 5 ში რუსთაველზე გამოვიდა მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად.

- 5 ივლისის შემდეგ ხშირად ვიმეორებ ხოლმე, რომ ამ მოვლენებს და მას შემდეგ განვითარებული პროცესების დინამიკას მრავალი განზომილება ჰქონდა. ლგბტქ თემთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ საბაბი იყო პოლიტიკურ ველზე ვითარების გამწვავებისათვიას.

ახლა ბევრი ცდილობს იმის გარკვევას ამ მოვლენებით ვინ მოიგო და ვინ წააგო, მაგრამ რეალურად ვხედავთ, რომ დაზარალებულია ქვეყნის იმიჯი, რადგან ხელისუფლებამ ვერ შეძლო რადიკალური ჯგუფებისაგან მოქალაქეების დაცვა, კრიტიკულ ვითარებაში სახელისუფლებო ორგანოებმა ვერ შეძლეს თავისი ფუნქციის შესრულება.

თქვენი დაკვირვებით 5-6 ივლისის მოვლენებმა და მას შემდეგ განვითარებულმა პროცესებმა რეალურად რა დაგვანახვა?

- კარგით. მივყვეთ თანმიმდევრობით. რა მოჰყვა 5-6 ივლისის მოვლენებს. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჩვენ მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე თუ ვისწავლით რამეს, სხვათა შეცდომებზე სწავლა არ შეგვიძლია.

ამიერიდან მაინც ყველა გაიგებს, შინაურიც და გარეულიც, მტერიც და მოყვარეც, რომ საქართველოში „ღირსების მარშის“ ჩატარება შეუძლებელია. ასეა დღეს. თუ ვინმეს აურ-ზაურის და არეულობის პროვიცირება უნდა, კი ბატონო. ასეა დღეს და ასე იქნება ხილულ პერსპექტივაში.

როდის გახდება ეს შესაძლებელი, ძნელი სათქმელია. სტამბულში ლგბტქ+ აღლუმი ჩატარდა, მაგრამ პოლიციამ დაარბია და გაფანტა. სამეზობლოში, ჯერჯერობით, არსად ტარდება. მოძმე კავკასიური ხალხების დამოკიდებულება თემისადმი ცალსახად ნეგატიურია.

მეორე მხრივ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით, სულ სხვა დამოკიდებულებაა. თუმცა, გამონაკლისები იქაც არის პოლონეთის, უნგრეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის სახით.

ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში არავინ აყენებს ეჭვქვეშ ლგბტქ+ თემის უფლებებს, ტრადიციული ქართული ტოლერანტობის ფონზე, თუმცა, თუ ასე დადგება საკითხი - ევროკავშირის წევრობა გინდათ და ღირსების მარშები თუ წევრობა ყოველგვარი ამდაგვარი აღლუმების გარეშე, აქ ქართული საზოგადოების პასუხი მარშის სასარგებლო ნამდვილად არ იქნება. ასეთია ჩვენი რეალობა და ის ყველამ უნდა მიიღოს.

ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში არავინ აყენებს ეჭვქვეშ ლგბტქ+ თემის უფლებებს, ტრადიციული ქართული ტოლერანტობის ფონზე, თუმცა, თუ ასე დადგება საკითხი - ევროკავშირის წევრობა გინდათ და ღირსების მარშები თუ წევრობა ყოველგვარი ამდაგვარი აღლუმების გარეშე, აქ ქართული საზოგადოების პასუხი მარშის სასარგებლო ნამდვილად არ იქნება. ასეთია ჩვენი რეალობა და ის ყველამ უნდა მიიღოს

უკიდურესი დრამატიზება ამ ვითარების არ ივარგებს. უკეთესი იქნებოდა უცხოელ დიპლომატებს მეტი შორსმჭვრეტელობა გამოეჩინათ, მათ კეთილგანწყობაში ჩვენი ქვეყნის მიმართ ეჭვი არ მეპარება, ხოლო პრემიერ ღარიბაშვილს მართებდა ვითარების სწორად შეფასებასთან ერთად, 5-ში დილით, გაეუქმებინა მარში და არ შემოფარგლულიყო ზოგადი მოწოდებით პრაიდის ორგანიზატორების მიმართ.

- ამ თემებზე უამრავი მოსაზრება კი გამოითქმის, მათ შორის ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ახლა ჩვენში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ბევრი რამის მიმართ საზოგადოებაში გაჩენილი უნდობლობა. ეს ხელისუფლებასაც ეხება და ოპოზიციასაც.

უნდობლობის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მოსაზრებებისა და მტკიცებულებების სიმრავლის მიუხედავად, რეალურად არსებობს აქტუალური და პასუხგაუცემელი კითხვები.

ასე მაგალითად - რატომ ვერ შეძლო პოლიციამ 6 საათის განმავლობაში რადიკალური ჯგუფების ქუჩაში თარეშის აღკვეთა? რატომ გამოწერეს კლინიკიდან ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც გარდაცვალებამდე გამოჯანმრთელება აშკარად არ ეტყობოდა? ვითარებაში, როცა უმძიმესი ტკივილების გამო ლაშქარავას რამდენიმე დღე უკეთებდნენ მორფინს, ექსპერტიზის დასრულებამდე რატომ შეეცადა გამოძიება იმის მტკიცებას, რომ იგი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო?

თქვენთვის დღეისათვის ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი რომელი პასუხგაუცემელი კითხვაა?

- ვფიქრობ, პოლიცია არ აღმოჩნდა მზად მოვლენათა ამდაგვარი განვითარებისთვის. ჩანს, წესრიგის დამცველებმა იფიქრეს, რომ რახან ლგბტქ+ თემის წარმომადგენლები რუსთაველზე არ ჩანდნენ, პრაიდის მოწინააღმდეგეები ჩაივლიდნენ რუსთაველზე, 5 საათზე ქაშუეთში პარასკლისს დაესწრებოდნენ და დაიშლებოდნენ.

ისინი აშკარად არ ელოდნენ აგრესიას ჟურნალისტებზე, რადგან ასეთ მასობრივ დევნას ჟურნალისტების საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლიან პერიოდში ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება ლექსო ლაშქარავას ტრაგიკულ ისტორიას, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო ლექსო ლაშქარავას კლინიკიდან ნაადრევად გამოწერა. მესმის, რომ გარკვეულ წინაპირობად მოჩანს თავისუფალი მედიის უცნაური ტრანსფორმაცია ბოლო 10-15 წელიწადში. დაბალანსებული და თავისუფალი ჟურნალისტიკა თანდათან შეცვალა ტერმინმა - კრიტიკული მედია, ბევრი მედიასაშუალება ამა თუ იმ პარტიის პრესცენტრი გახდა. ეს ეხება ოპოზიციის და ივანიშვილის კონტროლირებად მედიასაშუალებებსაც.

პარტიული მედია კი თავისუფალი მედია მთლად ვეღარ არის და იმ პარტიის მოწინააღმდეგეების, რომელსაც ემსახურება, უკიდურეს აგრესიას იწვევს. მაინც უნდა გაეცეს კითხვას პასუხი - რამ გამოიწვია საზოგადოების ნაწილის ასეთი აგრესია ჟურნალისტების მიმართ.

ბუნებრივია, ვგულისხმობ, რომ ეს რადიკალებიც ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ჩვენი დები, ძმები, ნათესავები, შვილები და ბევრ მათგანს შესაძლოა, ჩვენზე მეტადაც უყვარს ეს ქვეყანა.

მათი ლიდერებისგან კი კარგი იქნებოდა პასუხი კითხვაზე, რატომ გამოიწვია ასეთი აღტკინება, ტაში და ვაშა რუსეთში თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა, რასაც ჩვენი გმირის, ზაზა გახელაძის გათავისუფლება მოჰყვა.

რა თქმა უნდა, რუსებისთვის ჩვენი პატრიარქი ავტორიტეტია, მაგრამ, თუ რუსულ ოფიციოზს მოვუსმენთ ან წავიკითხავთ, ჩვენი გმირის, ზაზა გახელაძის გათავისუფლება ქართული საზოგადოების იმ ნაწილისთვის ჯილდოდ აღიქმება, რომელმაც 5-ში რუსთაველზე არეულობები მოაწყო.

რუსებისთვის ჩვენი პატრიარქი ავტორიტეტია, მაგრამ, თუ რუსულ ოფიციოზს მოვუსმენთ ან წავიკითხავთ, ჩვენი გმირის, ზაზა გახელაძის გათავისუფლება ქართული საზოგადოების იმ ნაწილისთვის ჯილდოდ აღიქმება, რომელმაც 5-ში რუსთაველზე არეულობები მოაწყო

- უკვე ვიცით რომ შაბათს პარლამენტში დაგეგმილია შს მინისტრის გომელაურის მისვლა. გაქვთ მოლოდინი, რომ პარლამენტში მისულ მინისტრ გომელაურს ამგვარ კითხვებზე პასუხები ექნება?

- მინისტრს პასუხები ექნება, მაგრამ უფრო საინტერესოა, რატომ არ აღკვეთა არეულობები ოპერატიულად და ეს მხოლოდ გომელაურის საპასუხო კითხვა არ არის. ძალოვან უწყებას ნებისმიერ არაორდინარულ სიტუაციაში უნდა შეეძლოს ეფექტური მოქმედება, მაგრამ ასეთი ჩავარდნები მხოლოდ ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს.

მინისტრს პასუხები ექნება, მაგრამ უფრო საინტერესოა, რატომ არ აღკვეთა არეულობები ოპერატიულად და ეს მხოლოდ გომელაურის საპასუხო კითხვა არ არის

თუმცა, მაგალითად, წლების წინანდელ ბათუმის არეულობებს, უწყებისთვის, დასკვენების გამოსატანად, გარკვეული გამოცდილება უნდა შეეძინა.

- კვირის დასაწყისში კონფლიქტოლოგმა გიორგი კანაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - მოახლოებულ არჩევნებშიშუაკიდევ ერთხელ გაიკრიფება, .. შუას გაკრეფაში გახარია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებზე გახარია ყველაზე მეტ ხმებს მმართველ გუნდს წაართმევს. მეტიც, იგი ხმებს ასევე ბევრ სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს წაართმევს ხმებს.

ბევრი იმაზეც საუბრობს, რომ რადგან ახლა „ქართულ ოცნებას“ ხმების 43%-ის მიღების პრობლემა რეალურად აქვს, მმართველი გუნდი შეეცდება გახარიასთან მოლაპარაკებას, რომ მან და მისმა გუნდმა ამ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ გახარიამ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება და 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში მართლაც არ მიიღოს მონაწილეობა?

- რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული „შუის“ კიდევ ერთხელ გაკრეფა, ამ პერსპექტივას შეიძლება ხელი ბარიერის ოდენობამ შეუშალოს. საერთოდ, ჩვენი პოლიტიკური სიტუაციის სირთულეს განაპირობებს თავისებურება, რომ საზოგადოებას მთლიანად აქვს „ქართული ოცნების“ მოყირჭების სინდრომი. იგი დღესაც ყველაზე რეიტინგული პარტიაა, მაგრამ ძნელი სათქმელია, რომ 43%-იან ბარიერს საშემოდგომო არჩევნებში უეჭველად გადალახავს.

აქ გახარია მთავარი დესტრუქტანტია. თუ გახარიამ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, იგი „ოცნების“ ხმებს შუაზე გაყოფს. ამიტომ, ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა უნდა აიძულოს გახარია ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვას. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება „ქართულ ოცნებას“ 43%-ის აღების შანსი. რამდენად რეალურია ეს, დღეის გადასახედიდან ძნელი სათქმელია.

თუ გახარიამ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, იგი „ოცნების“ ხმებს შუაზე გაყოფს. ამიტომ, ვფიქრობ, ივანიშვილმა უნდა აიძულოს გახარია ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვას. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება „ქართულ ოცნებას“ 43%-ის აღების შანსი. რამდენად რეალურია ეს, დღეის გადასახედიდან ძნელი სათქმელია

და კიდევ ერთი არსებითი თავისებურება - საქართველოში ხელისუფლების ვინაობას განსაზღვრავს სწორედ ის „შუა“, რომლის გაკრეფასაც მსხვილი და მთავარი მოთამაშეები ლამობენ, რათა მიითვისონ, შეითვისონ და შეისრუტონ, გადაიბირონ ელექტორატის ეს ნაწილი.

დღეს ეს „შუა“ „ოცნების“ საკმაო ნაწილსაც მოიცავს და ამ „შუას“, რომელიც ფაქტობრივად უმრავლესობაა, მობეზრდა „ოცნება“, მაგრამ არ უნდა „ნაციონალები“ და მისი მოკავშირეები. ასევე კატეგორიულად არ უნდა სხვადასხვა კალიბრის და კონფიგურაციის პრორუსები, თავიანთი რადიკალებიანად.

დღეს ეს „შუა“ „ოცნების“ საკმაო ნაწილსაც მოიცავს და ამ „შუას“, რომელიც ფაქტობრივად უმრავლესობაა, მობეზრდა „ოცნება“, მაგრამ არ უნდა „ნაციონალები“ და მისი მოკავშირეები. ასევე კატეგორიულად არ უნდა სხვადასხვა კალიბრის და კონფიგურაციის პრორუსები, თავიანთი რადიკალებიანად

თამაშს ან მე ან „ნაციონალები“ და მიშა, ყავლი გაუვიდა. მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილის ფორმალური განდგომილობის და განდეგილობის პირობებში. ამიტომ, გახარია ყველასთვის გამოსავალია და რაც მთავარია, ამ ქვეყნის მყიფე პოლიტიკური სტაბილურობისთვის, რომელიც შეიძლება თურმე რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ჭრელა-ჭრულა სუბიექტის გავლამ ამოაყირაოს.

თუმცა, რასაც გახარია და მისი გუნდი აკეთებს, საიმედოდ არ განგაწყობს. ჯგუფი ვიწროა, ჯერჯერობით რაღაც შეთქმულთა და შერისხულთა კასტას უფრო მოგაგონებს, ვიდრე პოლიტიკურ პარტიას.

იოლი არ იქნება ახალი პარტიისთვის სრულფასოვანი პოზიციონირება მოკლე დროში, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, გახარიასთან ვერ ვხედავთ პოლიტიკურ ფიგურებს, ვერ ვხედავთ ინტელექტუალებს, ჯერჯერობით გაუგებარია ხედვები, მრწამსი და და პოლიტიკური მიმართულება. ამიტომაც, ჯერ ჭირს რაიმე გარკვეულის თქმა. სხვა შემთხვევაში, სხვა ახალი ალტერნატივის მოძიება მოგვიწევს. ეს რებუსი, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე, უნდა ვინმეს თუ არა, ბიძინა ივანიშვილის ამოსახსნელია.

- ამ პროცესების ფონზე პარლამენტში ვითარება აშკარად დამძიმებულია. პარლამენტში შესული ოპოზიცია პრაქტიკულად ბოიკოტის რეჟიმზეა გადასული. მეტიც, ოპოზიცია აპირებს ინიციატივის დარეგისტრირებას, რომლითაც იგი მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს.

პარლამენტში ძალთა ბალანსის გათვალისწინებით ამგვარი პერსპექტივა აშკარად არარეალისტურად გამოიყურება, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ საპარლამენტო ოპოზიციას ახლა თავისი დღის წესრიგი აქვს.

იმის გათვალისწინებით, რომ გახშირდა განცხადებების იმის თაობაზე, რომ დროა ოპოზიცია პარლამენტიდან გამოვიდეს, არაა გამორიცხული, რომ ამ ინიციატივის ჩაგდების შემდეგ ოპოზიციამ მართლაც გადადგას ეს ნაბიჯი.

როგორ შეაფასებდით 5 ივლისის მოვლენების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციის ქმედებებსა და სხვადასხვა მიმართულებით მათ მიერვე გადადგმულ ნაბიჯებს?

- მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ მმართველობის საპარლამენტო მოდელისთვის არც ქვეყანა და არც ვითარება მის გარშემო, არ არის მზად. რახან ამ ფორმაზე გადავედით მმართველობის, უნდა მივყვეთ და თან ცალი თვალით ისრაელის გამოცდილებასაც ჩავხედოთ - დაახლოებით იმავე მასშტაბის პრობლემები აქვს, თუმცა ჩვენზე გაცილებით წინაა წასული თავის გავლენიან დიასპორასთან ერთად.

ორ წელიწადში სამი არჩევნები, თვეები მთავრობის გარეშე, მთავრობის დაკომპლექტების შეუძლებლობა ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა ისრაელში. იქნება ბოიკოტის რეჟიმი და ძალიანაც კარგი. იქნება აურზაური - ასატანია.

მთავარია, პოლიტიკური პროცესი არ გაჩერდეს და ქუჩა რუსთაველი და თავპირის მტვრევა 24 საათიან რეჟიმში არ გადავიდეს სასესიო დარბაზში. თუმცა, ამასაც მოევლება და აიტანს კაცი. მაგრამ ხაზს გავუსვამ, მთავარია, ხალხი დაბრუნდეს პოლიტიკაში, ხალხი გაძევებული პოლიტიკიდან ბოლო 30 წლის განმავლობაში, 1990 წლის 28 ოქტომბრის უზენაესი საბჭოს არჩევნების შემდეგ.

მთავარია, ხალხი დაბრუნდეს პოლიტიკაში, ხალხი გაძევებული პოლიტიკიდან ბოლო 30 წლის განმავლობაში, 1990 წლის 28 ოქტომბრის უზენაესი საბჭოს არჩევნების შემდეგ

სხვა შემთხვევაში, შტატები იქნება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი თუ ევროკავშირი, დასავლეთისკენ გავაგრძელებთ სვლას, რუსეთის ორბიტაზე დავბრუნდებით თუ დაახლოებით კრასნოდარის მხარის სტატუსით შევალთ ევრაზიულ კავშირში, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, რადგან პოლიტიკური პროცესი, ტემპერამენტიანი ქართველების შესრულებით პერმანენტულ კრიზისებს გულისხმობს, რომელთა განმუხტვა მხოლოდ ხალხს შეუძლია არჩევნებით, რეფერენდუმით თუ პლებისციტით.

ყველა სხვა შემთხვევაში ხალხის როლი უნდა ჩაანაცვლოს სტრატეგიულმა პარტნიორმა ქვეყანამ, მისმა ელჩმა, ან არაფორმალურმა ლიდერმა ან რომელიმე ვეშაპი-ქვეყნის ელჩმა. ასეთია რეალობა.

- უკვე ვიცით, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში სავარაუდოდ, 18-19 ივლისს ჩამოვა. როგორც კი ეს ინფორმაცია გავრცელდა, ყველამ გაიფიქრა, რომ სტუმარი მისი მედიაციით ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებით დაინტერესდება.

შემდეგ გაირკვა, რომ მისი ვიზიტი ბათუმში სხვა ღონისძიებებს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, ბატონი მიშელი 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიმდინარეობას მოიკითხავს.

სავარაუდოდ, რა კორექტივები შეიძლება შეიტანოს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიზიტმა?

- რაც შარლ მიშელთან დაკავშირებით ხდება, უბრალოდ არასერიოზულია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დიდ დროს უთმობს ჩვენს ქვეყანას, აქ ვიზიტებს, წარმომადგენელიც მოავლინა, შეთანხმების დოკუმენტიც შექმნა. ეს არ არის რიგითი ყოველდღიურობა, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დაუშვებელია 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობა. თუ ბიძინა ივანიშვილი არ ფიქრობს, რომ რუსეთის ორბიტაზე ჩვენი დაბრუნება გარდუვალია, მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე უარის თქმა, ძვირი დაუჯდება ქვეყანას და არა თვითონ ივანიშვილს.

დაუშვებელია 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობა. თუ ბიძინა ივანიშვილი არ ფიქრობს, რომ რუსეთის ორბიტაზე ჩვენი დაბრუნება გარდუვალია, მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე უარის თქმა, ძვირი დაუჯდება ქვეყანას და არა თვითონ ივანიშვილს

მნიშვნელობა არა აქვს, რა არის ამჯერად შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლის რეალური მიზეზი, ყველა შემთხვევაში, ეს ვიზიტი იქნება ხაზგასმა, მიღებული და ხელმოწერილი დოკუმენტის შესრულების აუცილებლობაზე.

როგორც მისი ყოფილი მრჩეველი (მცირე ხნით), ვურჩევ ბიძინა ივანიშვილს, დათმოს კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე. ეს გარდუვალი და აუცილებელია. ჩვენ გვახსოვს, როგორ ყალიბდებოდა ახალი ქართული სასამართლო. რეფორმა იყო ხანგრძლივი და მრავალსაფეხურიანი, დაიხარჯა დიდი ფინანსები და დიდი დრო, რის შედეგადაც, სააკაშვილის მმართველობის წლებში, მივიღეთ მის მიერ პროკურატურის მეშვეობით კონტროლირებადი სასამართლო, თავისი მრუდე სამართლით.

ახლა დასავლეთი კატეგორიულად მოითხოვს ცვლილებებს სასამართლო ხელისუფლებაში, რასაც „ოცნება“ ეწინააღმდეგება ივანიშვილის ხელდასმით. ვიცი, რომ ბიძინას ამ ქვეყნის სიკეთე უნდა და თუ ამას არ გააკეთებს, ქვეყნის საქმე წინ ვერ წავა, დემოკრატიაზე, ევროკავშირსა და სამართლიან არჩევნებზე საუბარი საერთოდ უადგილო იქნება.

5 ივლისს მომხდარ მოვლენებში დამნაშავე კონკრეტული პირები, რა თქმა უნდა, სათანადოდ უნდა დაისაჯონ. ამავე დროს, საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, რა ფული დგას თითოეული მედიასაშუალების უკან, რა ინტერესი ახდენს სარედაქციო პოლიტიკის ფორმირებას

- 5 ივლისსა და შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ერთერთი აქტუალური თემაა დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება მედიის, განსაკუთრებით ტელევიზიების მიმართ.

განცხადებები იმის თაობაზე, რომ ტელევიზიები ოპოზიციური პარტიების სამსახურში არიან და მათ ოპოზიციის ლიდერები აფინანსებენ, ბევრს არც არაფერს ნიშნავს, რადგან ამგვარი რამ დღევანდელ მსოფლიოში კარგა ხნის წინ დამკვიდრებული ტენდენციაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მმართველი გუნდიც იგივეს აკეთებს.

სულ ცოტა ხნის წინ, ხელისუფლება მედიასივრცის გაუმჯობესებით იწონებდა თავს, მაგრამ ბევრი თვლის, რომ 5 ივლისს მომხდარი ჟურნალისტებისათვის „ჭკუის სწავლების“ ოპერაციაც იყო, და იმავდროულად ჩვენში არსებულ მედიასივრცეში სერიოზული კორექტივების შეტანისაკენ გადადგმული ნაბიჯი.

უახლოესი მომავალი გვიჩვენებს ამ თვალსაზრისით რა სურათი გვექნება, მაგრამ როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები მმართველ გუნდსა და იმ ტელევიზიებს შორის, რომლებსაც ხელისუფლება „სააკაშვილის მიერ დაფინანსებულ“ ტელევიზიებად მოიხსენიებს?

- ვისიც არ უნდა იყოს მედია, რომელი პარტიის, თუ ოლიგარქის დაფინანსებული და მის გავლენის ქვეს მყოფი, იგი ხელშეუხებელია, როგორც ერთი ცალკე არსებული ჟურნალისტი. ამდენად, 5 ივლისს მომხდარ მოვლენებში დამნაშავე კონკრეტული პირები, რა თქმა უნდა, სათანადოდ უნდა დაისაჯონ. ამავე დროს, საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, რა ფული დგას თითოეული მედიასაშუალების უკან, რა ინტერესი ახდენს სარედაქციო პოლიტიკის ფორმირებას.

ამ სფეროს „ზედამხედველები“, რომელთაც საერთაშორისო უცხოური ფონდები დიდ ფულს აძლევენ, ფაქტობრივად ვერ ცვლიან არსებულ მიუღებელ რეალობას. ტელემედია მკაფიოდ არის გაყოფილი ორ მტრულ ბანაკად, რომელთა შენახვაზეც ბიძინა და მიშა, მათი კონტროლირებადი ღია თუ ფარული ოლიგარქები, უზარმაზარ ფულს ხარჯავენ და მერე, ბუნებრივია, ბენეფიტებს პოლიტიკის და სახელმწიფოს გაკონტროლებიდან ეს რეალობა მიუღებელია.

ის სინამდვილეც მიუღებელია, რომ ტელეეთერი, ძირითადად, ამ ორი დაპირისპირებული მხარის მიერ მათთვის ხელსაყრელად ინტერპრეტირებული ახალი ამბებითაა გაჯერებული, ხოლო ყოველდღე ორივე მხარის ერთი და იგივე შემადგენლობის პროპაგანდისტული რაზმი ცდილობს დამკვეთების სასარგებლოდ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ტვინის გამორეცხვას, თან, ხშირად, ყოველგვარი საწინააღმდეგო თვალსაზრისის დაფიქსირების გარეშე.

ეს ევროკავშირისკენ მიმავალი ქვეყნის რეალობა არ არის. ეს „ძლიერთა ამა სოფლისათა“ მომსახურე მედიაა და ეს სინამდვილე უნდა შეიცვალოს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა