რატი იონათამიშვილი - მოვუწოდებ უილიამ კორტნის, მოერიდოს ქვეყნის შიდა საქმეებში ასეთი უხეში ფორმით ჩარევას და მომავალში განცხადებები უფრო მაღალი პასუხისმგებლობით გააკეთოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის განცხადება გააკრიტიკა და მას შემაშფოთებელი უწოდა. როგორც იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ყოფილ ელჩს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ის წარსულში მსახურობდა, „მას ეკისრება პასუხისმგებლობა, რაიმე მოვლენაზე მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებამდე, მოიძიოს ყველა ინფორმაცია ამ მოვლენის შესახებ“.

„მინდა, გამოვეხმაურო საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის შემაშფოთებელ განცხადებებს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ყოფილი ელჩი აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების თემა პოლიტიკური მიზნებისთვის შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული.

დამეთანხმებით, რომ ყოფილ ელჩს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ის წარსულში მსახურობდა. მას ეკისრება პასუხისმგებლობა, რაიმე მოვლენაზე მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებამდე, მოიძიოს ყველა ინფორმაცია ამ მოვლენის შესახებ.

მაგალითად, როდესაც იგებ, რომ ადამიანი გარდაიცვალა, ჯერ უნდა გაარკვიო, მართლაც ხომ არ მიაკითხა მას საეჭვო რეპუტაციის მქონე მეგობარმა ფონიჭალაში წასაყვანად; ხომ არ აცხადებს ეს მეგობარი, რომ ფონიჭალაში ნარკოტიკული ნივთიერების საყიდლად წავიდნენ; ხომ არ არსებობს კადრები და ხმოვანი ჩანაწერი, რომლებიც ამტკიცებს, რომ მეგობარი გარდაცვლილის ნარკოტიკების ზედოზირებიდან „ნარკანით“ გამოყვანას ცდილობდა; ხომ არ არის კადრები, რომლებიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილი სახლში ძლიერი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ დაბრუნდა; ხომ არ აღმოჩნდა გარდაცვლილის ორგანიზმში რამდენიმე ნარკოტიკული ნივთიერების კვალი; ხომ არ აღმოჩნდა გარდაცვლილის სხეულზე ინექციის რამდენიმე კვალი და ა.შ.

როდესაც ამ ყველაფრით არ ინტერესდები და აშშ-ის ყოფილი ელჩი უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებ, ეს ღრმა შეშფოთებას იმსახურებს.

სამართალდამცავი უწყებების დასკვნების ეჭვქვეშ დაყენება იმ პირობებში, როდესაც ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს და როდესაც შეგიძლია ეს დასკვნები შენ სახელმწიფო უწყებებს გადაამოწმებინო, რისი არაერთი პრეცედენტიც გვქონია საქართველოში, არავითარ გამართლებას არ ექვემდებარება.

მოვუწოდებ უილიამ კორტნის, მოერიდოს ქვეყნის შიდა საქმეებში ასეთი უხეში ფორმით ჩარევას და მომავალში განცხადებები უფრო მაღალი პასუხისმგებლობით გააკეთოს", - განაცხადა იონათამიშვილმა.

თბილისში, 5-6 ივლისს მიმდინარე მოვლენებს, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი „ამერიკის ხმასთან“ გამოეხმაურა. კორტნის განცხადებით, ავტოკრატიულ საზოგადოებებში, ხშირად იყენებენ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ყალბ ბრალდებას მათთან ოპოზიციაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ. მისივე თქმით, ეს არ არის ქმედება, რომელსაც აშშ საქართველოსგან ელის, რადგან დასავლეთი საქართველოს უყურებს, როგორც მზარდ დემოკრატიას, „ასეთი საქციელი კი ავტოკრატიულ მთავრობებს ახასიათებთ“.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება