ეკა მიშველაძე - ვდგებით აქ, ვიქნებით სტუდიებში, ვიყვირებთ ხმამაღლა, გამხელთ ყოველთვის და მეტსაც ვიზამთ - მთელს მსოფლიოს გავაგონებთ ჩვენს ხმას

მერე რა, რომ ლექსო თქვენი შვილი არ არის, მერე რა, რომ თქვენი ძმა არ არის, მერე რა, რომ თქვენი მამა არ არის, მერე რა, რომ თქვენი ოჯახის წევრი არ არის, ხვალ თქვენს შვილებს მოადგებიან, თქვენს ძმებს მოადგებიან, ყველას მოადგებიან, იმიტომ, რომ ხვალ არ მოეწონებათ ის, რასაც თქვენი შვილები აკეთებენ, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ პარლამენტის წინ მედიის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განცხადებით, 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები ხელისუფლების ორგანიზებით მოქმედებდნენ და ეს იყო განხორციელებული სადამჯელო ღონისძიება მედიის წინააღმდეგ. მიშველაძის შეფასებით, ხელისუფლებამ აჩვენა, რომ ის ავტორიტარიზმის გზას ადგას.

„დღეს არ მოსწონთ ის, რასაც ვაკეთებთ ჩვენ ჟურნალისტები, არ მოსწონთ, რომ ვამხელთ ამ ხელისუფლებას, რომელიც დღენიადაგ გატყუებთ, რომელმაც ვერ გაგიკეთათ ვერაფერი, რომელმაც უბრალოდ ვერ აგცრათ, რომელმაც ჩაგახრჩოთ ამ ტყუილებში, რომელმაც ვერც სამუშაო მოგცათ, ვერც თავისუფლება და ბოლოს გდიათ ბოლომდე, სანამ არ მოგკლათ. გდიათ სანამ არ მოკლა ლექსო და სწორედ მათ მოკლეს ლექსო, მათმა მოწოდებებმა, მათმა წამახალისებელმა განცხადებებმა, მათ მიერ ორგანიზებულმა ფაშისტურმა დაჯგუფებებმა და ეს მათი ნაწილია და ეს ყველაფერი გამოჩნდა ამ დღეების განმავლობაში. თქვენ თვითონ ხედავდით, თქვენ თვითონ კითხულობდით, რომ ისინი ერთნი არიან, რომ ისინი აცოცხლებენ ერთმანეთს, რომ მოგვიქსიეს, რომ ჩვენ მიმართ სადამსჯელო ღონისძიება განახორციელეს. იცით რატომ? - იმიტომ, რომ არ უნდათ, რომ ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი, იმიტომ რომ არ უნდათ, რომ თქვენ იცხოვროთ თავისუფლად. დღეს თუ ჩვენი პროფესია არ მოსწონთ, ხვალ არ მოეწონებათ ვიღაცის დაკრული მუსიკა, ვიღაცის გამომცხვარი პური, ხვალ არ მოეწონებათ, რომ ქერა თმა გაქვთ, რომ წვერს არ ატარებთ, ან ატარებთ. ასე რომ, ყველას მოგაკითხავენ, იმიტომ, რომ ისინი დგანან ავტორიტარიზმის გზაზე. ჩვენ კი ბოლომდე ვიბრძოლებთ,“- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

მიშველაძის თქმით, ქართველ ხალხს ევროპისკენ და თავისუფლებისკენ სვლა სურს, სურს თანასწორობა და კანონის უზენაესობა, რათა ქვეყანაში აღარ განმეორდეს 5 ივლისის მსგავსი ფაქტები.

„ქართველ ხალხს არ უნდა რუსეთი, უნდა ევროპა. გვინდა თავისუფლება. ჩვენ გვინდა ევროპული გზა და როცა გვეუბნებინ, რომ ერთი კაცის სიკვდილზე რა ამბავი ატეხეთო, დაგავიწყდათ ეტყობა, რომ ქრისტეც ერთი კაცი იყო და გრცხვენოდეთ, როცა ამას ამბობთ. ერთი კაცისთვის კი არა, ყველა ჩვენგანისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილიშვილებისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, კანონის უზენაესობისთვის, რომ ვეღარასოდეს, ვერავინ ამ ქვეყანაში ვეღარ გაბედოს ის, რასაც ამ დღეების განმავლობაში ვუყურებთ. ამის გამო ვდგებით აქ, ვიქნებით სტუდიებში, ვიყვირებთ ხმამაღლა, გამხელთ ყოველთვის და მეტსაც ვიზამთ, რეგიონებიდანაც გაგაგონებთ ჩვენს ხმას, მთელს მსოფლიოს გავაგონებთ ჩვენს ხმას. ჩვენ აუცილებლად გაიძულებთ, რომ პასუხი აგოთ ამ ყველაფერზე, რაც ჩაიდინეთ, რომ დაისაჯოს ყველა მოძალადე და გადადგეს მოძალადეების წამხალისებელი, მათი მფარველი მათი მმართველი - ირაკლი ღარიბაშვილი. გეშინიათ! უკვე ისე გეშინიათ, რომ არსად აღარ გვეძახით, ჩვენ აღარ გველაპარაკებით, ჩვენი არხის ჟურნალისტებს. სად დაიმალებით? რისი გეშინიათ? ჩვენც თქვენსავით კომბლებით კი არ დავრბივართ! ჩვენი ძალა მხოლოდ სიტყვაა და ნუ გარბიხართ და ნუ გეშინიათ კითხვების, რომლებსაც აუცილებლად უნდა გასცეთ პასუხი,“- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო