კორნელი კაკაჩია - მმართველი გუნდი დასავლეთთან ღირებულებით კონფლიქტში შევიდა, რაც სახიფათო გზაა - ძალაუფლების შენარჩუნების ტაქტიკა, რომელიც აირჩია „ქართულმა ოცნებამ“ კონტრპროდუქტიულია არა მხოლოდ მათთვის, არამედ ქვეყნისთვის

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“, თსუ-ს პროფესორს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

- ბატონო კორნელი, პარლამენტის სხდომა, რომელზეც შს მინისტრ გომელაურს 5-6 ივლისის მოვლენებზე უამრავ კითხვებზე უნდა გაეცა პასუხი, ჩაიშალა. თუ როგორ განვითრდა პროცესები პარლამენტში ვნახეთ. თქვენ როგორ შეაფასებდით პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს?

- პარლამენტში განვითარებული მოვლენები ძირს უთხრის როგორც ქართულ პარლამენტარიზმს, ისე ქვეყნის სტაბილურობას.

პარლამენტში შს მინისტრ გომელაურის მონაწილეობით ჩაშლილმა სხდომამ გამოაშკარავა ის, რომ ხელისუფლებას ძალიან ცოტა რესურსი აქვს დარჩენილი ქვეყნის ნორმალურ კალაპოტში დასაბრუნებლად.

- პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სხდომის ჩაშლა მიზანმიმართულად იყო ორგანიზებული. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ მაინც მგონია, რომ ხელისუფლებას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ სხდომა შემდგარიყო.

ჟურნალისტების მიერ გამოფენილი ბანერი, რომლის აღებაც მოითხოვა მმართველმა გუნდმა, 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენენის ფონზე ხელისუფლებისთვის გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო. ასეა თუნდაც იმიტომ, რომ ჟურნალისტების ბანერზე ეწერა - დასაჯეთ მოძალადეები!, აიღეთ პოლიტიკური პასუხიმგებლობა!

თუ ამ მოწოდებინად პირველს მაინც - დასაჯეთ მოძალადეები, ეთანხმება ხელისუფლება, სხდომა შეიძლეობოდა ჩატარებულიყო...

- დიახ, ასეა თუნდაც იმიტომ რომ ეს მოთხოვნები საჯაროა და საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი იზიარებს. ამ ტიპის ბანერების გამოჩენა ხელისუფლებისთვის სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო.

ვითარებაში, როცა ხელისუფლება მედიასთან დაპირისპირებულია, მეც მიკვირს თუ რატომ გაუკვირდა ხელისუფლებას ჟურნალისტების მიერ ამ შინაარსის ბანერების გამოკიდება. ჟურნალისტების ბანერები არ უნდა გამხდარიყო საბაბი იმისა, რომ 5-6 ივლისის მოვლენებზე მინისტრის მოსმენა პარლამენტში არ ჩატარებულიყო.

ჟურნალისტების ბანერები არ უნდა გამხდარიყო საბაბი იმისა, რომ 5-6 ივლისის მოვლენებზე მინისტრის მოსმენა პარლამენტში არ ჩატარებულიყო

იმის შემდეგ, რაც 5-6 ივლისს მოხდა, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა თავისი საკონსტიტუციო ვალდებულებების შესრულება და მოქალაქეების მოძალადეებისგან დაცვა, ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორც წესი, პრემიერი, შს მინისტრი და ქალაქის პოლიციის უფროსი გადადგებოდნენ.

ამიტომ ვთვლი, რომ მმართველ გუნდს პარლამენტში პოლიტიკური ოპოზიციისა და ჟურნალისტების მოქმედება არ უნდა გაკვირვებოდა. ხელისუფლებამ ხომ სხვაზე უკეთ იცის, რომ 5 ივლისს კრიტიკულ ვითარებაში მისმა უმოქმედობამ უკიდურესად დაძაბა ვითარება ქვეყანაში.

- გასული კვირა საკმაოდ რთული იყო ბევრი თვალსაზრისით. განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ხელისუფლების მისამართით გაკეთებული განცხადებებით.

ვინც ქართულ პოლიტიკას უკანასკნელი 30 წელი ადევნებს თვალს, ალბათ დამეთანხმება, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ქვეყნის არც ერთ ხელისუფლებას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ამდენი შენიშვნა არ ჰქონია.

თქვენ აზრით რას შეიძლება ნიშნავდეს და როგორ შეაფასებდით ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ საკმაოდ კრიტიკულ განცხადებებს?

- ხელისუფლებაში ღარიბაშვილის ფრთის დაბრუნების შემდეგ „ქართულ ოცნებასა“ და მმართველ გუნდში საკმაოდ გაიზარდა რადიკალური ელემენტების ზომა და წონა. შესაძლოა ეს განპირობებული იყოს საარჩევნო დღის წესრიგითაც.

„ქართული ოცნების“ ამომრჩევლების საკმაოდ დიდი ნაწილი კონსერვატიული შეხედულებების ამომრჩეველია. „ქართულ ოცნებაში“ რადიკალების ფრთას არ უნდა დაკარგოს იმ ადამიანების ხმები, რომლებიც კონსერვატიული შეხედულებების არიან და მათი რიცხვი ქვეყანაში საკმაოდ დიდია. მითუმეტეს ახლა, როცა მოახლოებულ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ მართლაც ექნება ხმების 43% მიღების პრობლემა.

ამ არჩევნებში წაგება „ქართული ოცნებისთვის“ ნიშნავს მთელი პარტიის ჩამოშლას. ასეა იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ არ გახლავთ კლასიკური გაგებით იდეოლოგიური შეხედულებებით გაერთიანებულთა პარტია. თუ მმართველი გუნდი შემოდგომის არჩევნებზე დამარცხდება, არავინ იცის იგი გააგრძელებს თუ არა საქმიანობას როგორც პარტია.

საარჩევნოდ მხარდამჭერების კონსოლიდირების პროცესში მყოფი მმართველი გუნდი დასავლეთთან ღირებულებით კონფლიქტში შევიდა, რაც საკმაოდ სახიფათო გზა გახლავთ. რუსეთთან კონფრონტაციის პირობებში დასავლეთმა საქართველოს იმდენი დახმარება აღმოუჩინა, რომ ამგვარი გზა არის გზა არსაით და ჩიხისკენ. თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებში საკმაოდ რთული და სახიფათო პერიოდი ელის.

საარჩევნოდ მხარდამჭერების კონსოლიდირების პროცესში მყოფი მმართველი გუნდი დასავლეთთან ღირებულებით კონფლიქტში შევიდა, რაც საკმაოდ სახიფათო გზა გახლავთ

როცა პარტნიორები უკვე არ ერიდებიან სანქციებზე საუბარს, საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, ამგვარი რამ წარმოუდგენლად ცუდი პერსპექტივაა. და ეს მაშინ, როცა რამდენიმე წლის წინ საქართველო ერთერთ იმედისმომცემ დემოკრატიად ითვლებოდა. მართალია, საუბარი არა ქვეყნისთვის სანქციების დაწესებაზე, არამედ ხელისუფლების ცალკეულ პირებზე, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება.

დასავლეთთან ურთიერთობების საქმეში ერთერთი შემაფერხებელი იქნება მიშელის 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობა. ფაქტია, რომ დასავლეთისთვის მისი შეუსრულებლობა საქართველოსთვის „წითელი ხაზია“.

19 აპრილის შეთანხმება კომპრომისული შეთანხმება იყო. ის გახლდათ შესაძლებლობა რომ ქვეყანა ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაბრუნებოდა. ხელისუფლების მხრიდან მისი შეუსრულებლობა ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯი იქნებოდა, არადა ამგვარი ტენდენციები რომ თანდათანობით იკვეთება, ვხედავთ.

ეს სახიფათოა იმ თვალსაზრისით თუ ქვეყანა იზოლაციაში აღმოჩნდება. ამის ნიშნები ჩანს იქედან გამომდინარე თუ რა განცხადებები კეთდება პარტნიორების მხრიდან და რა ტიპის განცხადებებით პასუხობს მათ პრემიერი ღარიბაშვილი.

- ხელისუფლების განცხადებები 19 აპრილის შეთანხმების პუნქტებთან, იგივე დასავლელი პარტნიორების კრიტიკაზე გაკვირვებას იწვევს იმ თვალსაზრით, რომ ისინი გვეუბნებიან - შეთანხმებას არ ასრულებთ, ხელისუფლება პასუხობს - ვასრულებთო.

თუ თქვენი ნათქვამი სწორად გავიგე - ხელისუფლებისთვის ამოცანაა ძალაუფლების შენარჩუნება, მაგრამ რის ხარჯზე - დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭების ხარჯზე?

- ეს არის ყველაზე მთავარი ფუნდამენტური კითხვა, რომელიც შეიძლება ადამიანმა დასვას. ხელისუფლება ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ უკანასკნელ პერიოდში გადადგმული ნაბიჯებით ღირებულებით კონფლიქტში შევიდეს დასავლეთთან.

დასავლეთმა საქართველოში ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება დახუჭოს თვალი, მაგალითად დემოკრატიულ ჩავარდნებზე, ეკონომიკურ პრობლემებზე, მაგრამ აქამდე რაც ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან გამოგვყოფდა, გახლდათ ის, რომ საქართველო ითვლებოდა იმედისმომცემ დემოკრატიად, რომელიც ნელა, მაგრამ თანდათანობით წინ მიიწევდა და რაც მთავარია, ის შესაბამისობაში იყო იმ დემოკრატიულ პრინციპებთან რაც დასავლეთისთვის იყო მისაღები.

ახლა ის განცხადებები, რაც ჩვენ გვესმის ხელისუფლებისაგან, ეს არის გზა ორბანიზაციისკენ, ანუ იმისკენ, რომ უნგრეთის მსგავსად განვითარდეს პროცესები საქართველოში. ვხედავთ ევროკავშირის დაპირისპირებას უნგრეთთან. ფაქტიურად ხდება უნგრეთის იზოლაციაში აღმოჩენა. არადა ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი ქვეყანაა.

განცხადებები, რაც ჩვენ გვესმის ხელისუფლებისაგან, ეს არის გზა ორბანიზაციისკენ, ანუ იმისკენ, რომ უნგრეთის მსგავსად განვითარდეს პროცესები საქართველოში

ყველაზე ცუდი ისაა, რომ ხელისუფლება ახლა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზეა გადასული. ტაქტიკა, რომელიც აირჩია მმართველმა გუნდმა კონტრპოდუქტიულია არა მხოლოდ მათთვის, არამედ ქვეყნისთვის.

„ქართულმა ოცნებამ“ კიდეც რომ მოიგოს 2021 წლის არჩევნები დასავლეთი ხელისუფლების იმ კონფიგურაციას, რაც დღეისთვის გვაქვს, დასავლეთი დიდი ვარაუდით არ მიიღებს.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ ხელისუფლება ახლა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზეა გადასული. ტაქტიკა, რომელიც აირჩია მმართველმა გუნდმა კონტპროდუქტიულია არა მხოლოდ მათთვის, არამედ ქვეყნისთვის

- 19 აპრილის შეთანხმება იგივე მოსამართლეებთან და მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით ითვალისწინებდა ამ პროცესში ოპოზიციის მონაწილეობას. მაგრამ ასე არ მოხდა.

ახლა თვალს ვადევნებთ პროცესს, როცა პარლამენტი ვერ ამტკიცებს ცესკო-ს თავმჯდომარეს, რომლის დამტკიცებაში მონაწილეობა ოპოზიციამაც უნდა მიიღოს. თუ სწორად მახსოვს 100 დეპუტატის ხმა სჭირდება ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის დამტკიცებას. არადა, არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ვითარებაში როცა კომპრომისებია საძებარი, მმართველი გუნდი ხისტად მოქმედებას არჩევს. ასეთ ფონზე გამოსავალიც არ ჩანს...

- ეს გახლავთ იმ პოლიტიკის შედეგი, რა მოქმედების გზა აირჩია მმართველმა გუნდმა. ხელისუფლებამ საკუთარი პოზიციის რადიკალიზაციით, ოპონენტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ ხისტი დამოკიდებულებით, მათთან საურთიერთობოდ შერჩეული ტონით, ფაქტიურად ხიდი დაწვა მასსა და დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს შორის.

სამწუხაროდ, ამაში ხელისუფლებმა ჩაითრია მედიაცა და სამოქალაქო საზოგადოებაც. თავისი მოქმედებით ხელისუფლებამ არ დატოვა არავითარი სივრცე ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის და იმ კომპრომისული ვარიანტების მოსაძებნად რომელიც დღეს სჭირდება ქვეყანას. ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული ისტორიაც ამის თვალსაჩინო მაგალითია. ეს ისტორია იმის მაგალითიცაა, თუ რატომაა საჭირო ზოგადად კონსენსუსზე ორიენტირებული პოლიტიკა.

თავისი მოქმედებით ხელისუფლებამ არ დატოვა არავითარი სივრცე ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის და იმ კომპრომისული ვარიანტების მოსაძებნად რომელიც დღეს სჭირდება ქვეყანას

არა მგონია ხელისუფლების ის შემადგენლობა, რომელიც გვაქვს, თავის ქცევაში რამეს შეცვლას აპირებდეს. კიდეც რომ დაიწყოს შეცვლა, არა მგონია გამოუვიდეს, რადგან ხელისუფლებას ამის არც ადამიანური, არც ინტელექტუალური და არც პოლიტიკური რესურსი რეალურად არ აქვს. არადა, არჩევნებამდე ძალიან ნაკლები დრო რჩება.

- ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევას რომ თავი დავანებოთ, თუ ასე გაგრძელდა, თუ სხვა დინამიკა არ შეიძინა პოლიტიკურმა პროცესმა არაა გამორიცხული პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებიც ვერ მიიღოს და პროცესებმა არასასურველი განვითარების დინამიკაც შეიძინოს...

- დიახ, ასეა. არაა გამორიცხული. თუ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ქვეყნის არჩევნებისთვის მომზადება, ამან შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს სიტუაცია და მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე.

თუ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ქვეყნის არჩევნებისთვის მომზადება, ამან შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს სიტუაცია და მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე

19 აპრილის შეთანხმების არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ქვეყანას დაეძლია ეს კრიზისი სამართლებრივად და კონსტიტუციის ჩარჩოებში. ამიტომ იყო, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში ჩაერთო აშშ და ევროკავშირი.

- გაქვთ იმედი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში სერიოზულ კორექტივებს შეიტანს იმ არასასურველ დინამიკაში, რაც ჩვენს საშინაო პოლიტიკას კარგა ხანია აქვს და ვითარება დიამეტრალურად შეიცვლება?

- დიამეტრალურად რამდენად შეცვლის არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მას ამ თემებზე ექნება საუბარი. მეორე საკითხია, თუ რამდენადაა ხელისუფლება მზად შესრულოს ის პუნქტები, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაში წერია.

ვიმეორებ, ხელისუფლებისთვის სასწორის პინაზე დევს ძალაუფლების გადარჩენის საკითხი. ხელისუფლებამ მოსამართლეების დაჩქარებული წესით დანიშვნა იმიტომ განახორციელა, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში სწორედ მოსამართლეების იმედი აქვს. ამიტომაა, რომ ისინი მოსამართლეების თემას ვერ თმობენ.

ხელისუფლებაში თვითგადარჩენის ინსტიქტი იმდენად ძლიერია, რომ მიშელისა და დასავლელი პარტნიორების შეგონებები მათთვის აბსოლუტურად არც არაფერს ნიშნავს.

ხელისუფლებაში თვითგადარჩენის ინსტიქტი იმდენად ძლიერია, რომ მიშელისა და დასავლელი პარტნიორების შეგონებები მათთვის აბსოლუტურად არც არაფერს ნიშნავს

- გვერდს ვერ აუვლით ხელისუფლებისა და მედიის ურთიერთობის თემას. განსაკუთრებთ იმ ტელევიზიებთან ურთიერთობას, რომლებთანაც მმართველმა გუნდმა გადაწვიტა ბოიკოტის რეჟიმში იყოს.

ფაქტია, რომ ეს გზა, გახლავთ გზა არსაით და წარმოუდგენელია ეს ხელისუფლებაში არ ესმოდეთ და არ ოცოდნენ, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება...

- ხელისუფლების მოვალეობაა იზრუნოს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე, იმათზეც ვინ მას ხმას არ მისცა. როცა ხელისუფლება მედიის ნაწილთან ბოიკოტში ყოფნას ამჯობინებს, ის თავად ადგება პროცესების რადიკალიზაციის გზას. ასეთი ხელისუფლება დამარცხებისთვის განწირულია. მითუმეტეს, თუ ის მედიას უპირისპირდება.

როცა ხელისუფლება მედიის ნაწილთან ბოიკოტში ყოფნას ამჯობინებს, ის თავად ადგება პროცესების რადიკალიზაციის გზას

მედიის ნაწილთან გაბუტვის რეჟიმში ყოფნა იმ იმედით რომ კრიტიკული მედიის მარგინალიზაცია მოხდება, თუ ჩვენს უახლოეს 30 წლის წარსულს გადავხედავთ, ყოველთვის კონტრპროდუქტიული იყო. არა მგონია ეს წაადგეს როგორც ქვეყანას, ისე თავად ხელისუფლებას.

ვითარებაში, როცა პოლარიზაციის დონე ისედაც მაღალია, ახლა მედიაზე წნეხის განხორციელება არა მგონია ქვეყნის სტაბილურობას წაადგეს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს