ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2021

სულ "ლელოს“ ჰკითხავენ "ნაციონალები“ რომელი პორტფელი აიღონ - რამაზ საყვარელიძე

"სრული პოლიტიკური სიგიჟეა - ჯერ არავის უნახავს მაგიდაზე მორბენალი ფეხშიშველი დეპუტატი“ - ედიშერ გვენეტაძე

ვის დაუპირისპირებს ოპოზიცია კახა კალაძეს და ექნება თუ არა რაიმე შანსი ოპოზიციის კანდიდატს

***

სულ "ლელოს“ ჰკითხავენ "ნაციონალები“ რომელი პორტფელი აიღონ - რამაზ საყვარელიძე

"პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, რომ შექმნილი ვთიარებიდან გამომდინარე ოპოზიციამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, გაერთიანდეს და დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, თუმცა დაუშვებლად მიაჩნია მომავალ მთავრობაში ძალოვანი სტრუქტურები ნაცმონალებმა ჩაიბარონ და მოითხოვს, რომ ოპოზიცია ამაზე დღესვე შეთანხმდეს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სულ "ლელოს“ ჰკითხავენ "ნაციონალები“ რომელი პორტფელი აიღონ - რამაზ საყვარელიძე

"მამუკა ხაზარაძის ამ ინიციატივას უკვე მოჰყვა გამოხმაურება როგორც მმართველ გუნდში, ასევე ოპოზიციაში. ბევრი სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციის გაერთიანებას, თუნდაც ჩრდილოვანი მთავრობის დაკომპლექტების საკითხში. საერთოდაც ფიქრობენ, რომ ოპოზიცია "მთავრობანას" თამაშობს. თუმცა იმასაც აცხადებენ, რომ რაღაც რეალობის გრძნობა ოპოზიციას შერჩა, ნაცმოძრაობას ძალოვან სტრუქტერებს რომ არ აკარებენ. "ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ნაცმოძრაობა საერთოდ არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, რადგან მათ არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გაიმეორონ ის, რაც "დაატრიალეს ქვეყანაში 2003 წლიდან 2012 წლის ჩათვლით", - აღნიშნავს გამოცემა.

"სტრატეგია აღმაშენებელში" ლელოს ინიციატივას საინტერესოდ მიიჩნევენ, თუმცა როგორც ამბობენ, უფრო საინტერესო იქნება, თუ პრემიერად განიხილავენ გიორგი ვაშაძეს. ნაცმოძრაობაში ჩრდილოვანი კაბინეტის ფორმირებაზე კონსულტაციების დაწყება ნაადრევად მიაჩნიათ. "ამ საკითხებზე საუბარი ნაადრევია, წინ ჯერ თვითმმართველობის არჩევნებია. უახლოეს დღეებში დავასახელებთ თბილისის მერის კადიდატურას და როცა დავასახელებთ, ისე მოგეწონებათ, რომ ტაშს დაუკრავთ," - განაცხადა "რეზონანსთან" ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ”, - დასძენს გამოცემა.

"პოლიტოლოგ რამაზ საყარელიძეს ეჭვი ეპარება, რომ ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნის საკითხზე ოპოზიცია გაერთიანდეს, რადგან ჯერ მერობის საერთო კანდიდატზეც ვერ შეთანხმებულან. "მე მგონი, რომ ოპოზიციაში ლოგიკა ღალატობთ და მართლაც "მთავრობანას" თამაშობენ. თუ მართლაც უნდათ ქვეყნის მართვა, ასე სამასხარაოდ არ გაიხდიდნენ საქმეს და ფეხშიშველები პარლამენტში მაგიდებზე არ ირბენდნენ. მიტინგებით და საპროტეტსო აქციებითაც ხომ დარწმუნდნენ, რომ მხარდამჭერები არ ჰყავთ. ახლა ნაციონალებს რომ სთავაზობენ, ძალოვნებს არ გაეკაროთო, ისე ვინ არის ოპოზიციაში უმრავლესობა? ხელისუფლებაში მოსვლაზე თუ დადგება საქმე ნაციონალები ვინმეს შეეკითხებიან, რომელი პორტფელი აიღონ? ძალიან გაუგებარი ინიციატივაა "ლელოს" მხრიდან, თანაც იმ პარტიიდან, რომელსაც 3% აქვს მხარდაჭერა. მეტი საქმე არა აქვთ ნაციონალებს ვინმეს ნება მისცენ "თავის ბუდეში კვერცხები ჩადონ". მე ვფიქრობ, რომ მკვახე განცხადებებს და ინიციატივებს ოპოზიცია თავისი ამომრჩელისთვის აკეთებს, რომ ისინიც არ დაკარგონ, ვინც კიდევ უჭერთ მხარს," - განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყარელიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

"სრული პოლიტიკური სიგიჟეა - ჯერ არავის უნახავს მაგიდაზე მორბენალი ფეხშიშველი დეპუტატი“ - ედიშერ გვენეტაძე

"პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე მიმდინარე პროცესებს "სრულ პოლიტიკურ სიგიჟედ" აფასებს და აცხადებს, რომ რასაც დღეს ოპოზიცია აკეთებს, ქართული პოლიტიკისთვისაც იშვიათობაა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "სრული პოლიტიკური სიგიჟეა - ჯერ არავის უნახავს მაგიდაზე მორბენალი ფეხშიშველი დეპუტატი“ - ედიშერ გვენეტაძე

"ოპოზიცია პარლამენტში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურებს იწყებს, მაგრამ ხმებს ვერ აგროვებს; "ლელო" ინიციატივით გამოდის, ოპოზიციაში დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნაზე. პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო კანდიდატებად კი მამუკა ხაზარაძე და გიორგი ვაშაძე მოიაზრება”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ოპოზიციას დიდი იმედი ჰქონდა, რომ დასავლეთი მთავრობას ყურს აუწევდა და სახლებში გაყრაში დაეხმარებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. შარლ მიშელმა გარკვევით უთხრა, დამშვიდდით, დაწყნარდით და მოემზადეთ არჩევნებისთვისო. რასაც დღეს ოპოზიცია აკეთებს, სრული პოლიტიკური სიგიჟეა, ქართული პოლიტიკისთვისაც იშვიათი, რადგან ჯერ არავის უნახავს პარლამენტში მაგიდაზე მორბენალი ფეხშიშველი დეპუტატი. სააკაშვილმა კი თქვა, რას ამბობთ, ეს ქალი სორბონაში სწავლობდაო... როგორც ჩანს, სორბონაში, სადაც საუკუნეების მანძილზე წარჩინებული ქართველები სწავლობენ, პოლიტიკურ გიჟებსაც შეუღწევიათ... რეალობის აღქმა ოპოზიციამ დიდი ხანია დაკარგა, ამიტომ ახალ-ახალი სიგიჟეები არ უნდა გაგვიკვირდეს" - ამბობს "რეზონანსთან" გვენეტაძე", – წერს სტატიის ავტორი.

ვის დაუპირისპირებს ოპოზიცია კახა კალაძეს და ექნება თუ არა რაიმე შანსი ოპოზიციის კანდიდატს

"ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებზე საბრძოლველად მთავარი ფალავანი თბილისის მერი კახა კალაძე უკვე მეორედ საბრძოლველად გამოიყვანა. მმართველმა გუნდმა კალაძე კვლავ მერობის კანდიდატად დაასახელა და ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ის გამარჯვებას მოიპოვებს. ოპოზიციას ახალი დილემა აქვს. ვინ უნდა დააყენონ მის საპირწონე ფიგურად, რომ კალაძის დამარცხება შეძლონ. ანალიტიკოსებიც და ოპოზიციის ნაწილიც „რეზონანსთან“ თანხმდება იმაზე, რომ კახა კალაძე შეუცვლელი ფიგურაა, რომლის დამარცხებასაც ოპოზიცია ვერ შეძლებს, მითუმეტეს თუ მას ერთიან კანდიდატად „ნაციოანლური მოძრაობის“ ლიდერი დაუდგება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ვის დაუპირისპირებს ოპოზიცია კახა კალაძეს და ექნება თუ არა რაიმე შანსი ოპოზიციის კანდიდატს

"ვრცელდება ცნობები, რომ პარასკევს ოპოზიციის ნაწილი ერთიანი კანდიდატის დასახელებას აპირებს. კერძოდ, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად ელენე ხოშტარია დასახელდება. იქნებიან თუ არა ისინი ერთიანი ოპოზიციური კანდიდატები ჯერჯერობით უცნობია. არაა გამორიცხული, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ამ გაერთიანებას არ შეუერთდეს. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კახა კალაძემ დაამტკიცა, რომ დედაქალაქისთვის საუკეთესო მერია. „ყველა იმ სექტორში და დარგში, სადაც კახა მოღვაწეობდა, ყოველთვის მისი ხელწერა იყო განვითარება და პროგრესი. კახას შთამბეჭდავი სპორტული კარიერა აქვს, მისი მოკაშკაშე ბიოგრაფია ჩვენთვის, ყველასთვის, საამაყოა კახას მიერ გადადგმული ნაბიჯები უკავშირდება მის 24-საათიან შრომას განვითარებაზე. ბოლო 4 წლის განმავლობაში კახა კალაძემ დაამტკიცა, რომ რომ იგი არის დედაქალაქის საუკეთესო მერი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე, მმართველი გუნდის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მიმართა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"კახა კალაძემ დაგმო ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც, მისი თქმით, სხვადასხვა ტელევიზიის ეთერიდან წლებია ისმის. „მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც, ჩვენს ქალაქში, სამწუხაროდ, განვითარდა 5 ივლისს. რასაკვირველია, ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს და ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ თქვენ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებასა და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა. არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელევიზიიდან, ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს - მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური, თუ სხვა ნიშნის გამო. ამიტომ, როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ყველას სურვილი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი - დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა,“ - აღნიშნა კალაძემ”, - განაგრძობს გამოცემა.

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მას კახა კალაძე გულზე არ ეხატება და მისი პრანჭვა სულაც არ მოსწონს, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხს ის მოსწონს. ამის მაგალითი კი ისაა, რომ ის წლებია მაღალ რეიტინგს „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის ყველაფრის მიუხედავად მაინც იკავებს. ის არის რეიტინგული ფიგურა და ოპოზიციას ეს მოსწონს თუ არა ამასთან შეგუება მოუწევს. „კალაძეს წლების განმავლობასი პრანჭვის მეტი არაფერი გაუკეთებია. სელფის ჯოხით დადიოდა და ვიდეოებს იღებდა. მიუხედავად ამისა, საზოგადოებას ეს კაცი მოსწონს. ამასთან ოპოზიციას შეგუება მოუწევს და რაღაცა უნდა მოიფიქროს. არავისთან საერთო რაღაცებზე საუბარს არ ვაპირებთ, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თუ ამ ხალხს ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციის საერთო კანდიდატები უნდოდათ, მაშინ ეს წყევლა-კრულვა და გინება არ უნდა დაეწყოთ. ბოკერიას დაკრულზე მთელი ოპოზიცია რომ დადიოდა, ხომ ნახეს სადამდედაც მივიდნენ. არ დაგვიჯერეს და არის აზელილი და დაზელილი ოპოზიცია. ძნელად წარმომიდგენია ისეთი ფალავანი ოპოზიციიდან, რომელიც შეძლებს კალაძისთვის კონკურენციის გაწევას. ეს არის წაგესბული ბრძოლა და ოპოზიციას მოგება გაუჭირდება“, - ამბობს ელისაშვილი „რეზონანსთან“. „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ კახა კალაძის საპირწონე მეტოქეს ვერ იპოვიან და ეს რთული იქნება. ამისთვის საჭიროა ოპოზიციამ იპოვოს იდეა, რომელიც „ოცნების“ საწინააღმდეგო იქნება და დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის უფრო მომხიბვლელი გახდება. ხვიჩია ფიქრობს, რომ ახლა ამ არჩევნებს ადამიანების შეჯიბრით ვერ მოიგებენ”, - დასძენს გამოცემა.

"თუ ჩვენ ადამიანებს ვარჩევთ, რომელი უფრო უკეთესი იქნება, კალაძის საპირწონე მეტოქის მოძებნას ოპოზიცია ვერ შეძლებს. ამიტომ ერთადერთი რითაც ამ ხელისუფლებას დავამარცხებთ, ესაა იდეა, რომ საზოგადოებას რას ვთავაზობთ. რისგან და რით იქნება განსხვავებული "ოცნების“ ხელისუფლებისგან. ეს უნდა ვაჩვენოთ ამომრჩეველს და არა ის, მასზე უკეთესი ვინაა. ოპოზიცია მხოლოდ სხვისი ცუდის ლაპარაკზეა გადასული. ხალხმა ისედაც იცის ვინ ცუდია და ვინ რისი გამკეთებელია. კარგი უნდა ვუთხრათ, რისი გაკეთება შეგვიძლია. თუ ჩვენ კალაძის დამარცხება გვინდა, მაშინ იდეაზე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ. როგორი იქნება ეს ქალაქი, მის მაცხოვრებლებს კალაძეზე უკეთესს რას ვპირდებით. ის კი არა, რომ გეი პრაიდს არ დავარბევთ და ჩავატარებთ. ეს არ იქნება საპირწონე იდეა,“ - ამბობს ხვიჩია „რეზონანსთან“. მისივე თქმით, როცა ხელისუფლებას თამაშში ოპოზიცია ყვება, მას ყოველთვის წააგებს. ამ საქმეში ისინი უფრო მომზადებულები არიან, ამიტომაც ოპოზიციამ ამომრჩეველს იდეა უნდა შესთავაზოს. ერთიდაიგივე ბრძოლის მეთოდები ხალხს ყელში ამოუვიდა, ამიტომაც კალაძეს წინ ვინც არ უნდა დაუდგეს, ის ნაცადი მეთოდით არჩევნებს მაინც მოიგებს”, - აღნიშნავს ავტორი.

"ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან” ამბობს, რომ კახა კალაძის წარდგენის შემდეგ ოპოზიციის სიტუაცია განსაკუთრებით თბილისში ყველაზე რთულად გამოიყურება. ძაბირაძე ამბობს, რომ აქამდე ოპოზიცია იმაზეც კი ვერ შეთანხმდა გადის თუ არა დედაქალაქის მერობის ერთიანი კანდიდატით და ვინ შეიძლება კალაძეს დაუპირისპირდეს. ნიკა მელია, რა თქმა უნდა, ოპოზიციაში ყველაზე რეიტინგული ფიგურაა, მაგრამ ის კარგად მიხვდა, რომ კალაძესთან ერთად დარჩენის შემთხვევაში არჩევნებს წააგებს. ამიტომაც სრულიად სწორი ტაქტიკა აირჩია და დედაქალაქის მერობაზე უარი თქვა. ძაბირაძეს მიაჩნია, რომ ახლა ოპოზიციას შანსი აქვს, ბოლოს და ბოლოს, წარადგინოს ერთიანი კანდიდატი და „ნაციონალებს“ უთხრან, რომ მათ არ დააყენონ. მისცენ საზოგადოებას არჩევანის გაკეთების საშუალება რათა „ნაციონალები“ და „ოცნება“ ერთმანეთის პრისპირ არ დარჩნენ.„ყველამ კარგად ვიცით, რომ „ნაციონალების“ და „ოცნების“ პირისპირ დარჩენა, ისევ ხელისუფლების მოგებას ნიშნავს. კი ბატონო, მელია ოპოზიციაში ყველაზე რეიტინგული ფიგურაა, მაგრამ ის კალაძესთან არჩევნებს წააგებს. მან ეს კარგად იცის, ამიტომაც ტაქტიკურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ოპოზიციას ვურჩევ ამ შემთხვევაში შეთანხმდნენ საბოლოოდ რა უნდათ და ხალხს აჩვენონ კონსოლიდაცია რაზე შეუძლიათ. ეს კაი ადამიანები ჯერ რა არჩევნებიც მოდის იმაზე ვერ შეთანხმებულან და რა ტექნიკური მთავრობა და ხელისუფლების დაკომპლექტება აუტყდათ. თბილისში ჯობია „ნაციონალებს“ უთხრან, რომ საკუთარი კანდიდატურა არ დააყენონ და კალაძესთან საერთო სხვა კანდიდატით წარსდგნენ. ნახოს დამოუკიდებლად რა შეუძლიათ. უბრალო საქმე იმაშია, რომ მეორე ტურიც თუ დაინიშნა, რისი დიდი მოლოდნიც არა მაქვს, კალაძე მაინც მოიგებს“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“. რაც შეეხება გავრცელებულ ხმებს, რომ კალაძე მერობის კანდიდატობას აღარ აპირებდა და ის შესაძლოა გახარიასავით ცალკე მოთამაშედ ვიხილოთ, ძაბირაძე ამას გამორიცხავს და ამბობს, რომ ეს იყო ხელისუფლებიდან ერთგვარი პოლიტკური ტაქტიკა და მანევრირება. რატომ უნდა ეთქვა წინასწარ ოპოზიციისთვის მერობის კანდიდატი იქნებოდა თუ არა. მათ ამით გარკვეული დრო მოიგეს და ოპოზიციის შიგნით გაურკვევლობა კიდევ ერთხელ შექმნეს. ახლა კი დრო აღარ რჩება იმისთვის, რომ ოპოზიცია ერთიან კანდიდატურაზე შეთანხმდეს”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა