დუშეთის მუნიციპალიტეტმა უკრაინულ დელეგაციას უმასპინძლა

დუშეთის მუნიციპალიტეტმა უკრაინულ დელეგაციას უმასპინძლა

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა დნეპროპეტროვსკის მხარის სლობოჟანკას მუნიციპალიტეტის ოფიციალურ წარმომადგენლობასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა გამოცდილების გაზიარების მიზნით, რეგიონების ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალზე, პანდემიის პირობებში ერთობლივ სამომავლო ნაბიჯებსა და კულტურათაშორის გაცვლაზე ისაუბრეს.

„3 - დღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრები დუშეთის ღირსშესანიშნავ ადგილებს გაეცნენ , იმყოფებოდნენ საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ოძისში, ნახეს ციხე-სიმაგრე ანანური და ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი სოფელ ჩარგალში, დაესწრნენ დუშეთის კულტურის სახლთან არსებულ ანსამბლ "ქალილოს" გენერალურ რეპეტიციას და მონაწილეობა მიიღეს ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მიერ გამართულ ტრადიციული სამზარეულოს მასტერკლასში.

შეხვედრებს ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ინაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ზაქარია ხეხელაშვილი, მოწვეული კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში, ნოდარ კობიაშვილი, მერიის საინფორმაციო განყოფილების უფროსი, თინათინ ცოცხალაშვილი, ა(ა)იპ "დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის“ ხელმძღვანელი, ნადა ბიძინაშვილი, სლობოჟანკას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ივან კამინსკი, აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი ლიუდმილა ლაჰოდა, კომიტეტის წარმომადგენელი ვადიმ შიპონოვი, ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იური მელნიკი და ქალაქის მთავარი არქიტექტორი ნატალია პლიუშჩი.

მუნიციპალიტეტებს შორის სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.