ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021

მოსკოვში მოულოდნელად საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე ალაპარაკდნენ - “ეპიდვითარების დასტაბილურების შემდეგ გახდება შესაძლებელი”

"მე-4 ტალღა შესაძლოა ცუნამად გადაიქცეს" - სპეციალისტების შეფასებით, ქვეყანა წითელ ზღვარს გასცდა

***

მოსკოვში მოულოდნელად საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე ალაპარაკდნენ - “ეპიდვითარების დასტაბილურების შემდეგ გახდება შესაძლებელი”

“საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შესაძლოა ეპიდვითარების დასტაბილურების შემდეგ აღდგეს - ქართველ ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, იმის ფონზე, როცა დასავლეთის მაღალჩინოსნების ვიზიტები აქტიურად ხორციელდება, რუსეთი ცდილობს, რომ "კეთილი ნება" გამოავლინოს და "მათრახისა და თაფლაკვერის" პოლიტიკა ჩაატაროს, ნაწილი კი სკეპტიკურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ შესაძლოა ეს განცხადებაც "უკან წაიღოს", - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, მოსკოვში მოულოდნელად საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე ალაპარაკდნენ - “ეპიდვითარების დასტაბილურების შემდეგ გახდება შესაძლებელი”

"რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო "რია ნოვოსტთან" აღნიშნავს, რომ საქართველოსთან ფრენები ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების შემდეგ გახდება შესაძლებელი, მისი თქმით, 2019 წელს ავიამიმოსვლის აკრძალვა "იძულებითი ღონისძიება" იყო. "2019 წლის ივლისში რუსული ავიაკომპანიებისთვის დაწესებული აკრძალვა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს ტერიტორიაზე საჰაერო გადაზიდვების განხორციელებაზე, ცნობილი ანტირუსული პროვოკაციებით გამოწვეული იძულებითი ზომა იყო. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ზომები დროებითია. "იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაკვეთილი გამოიტანა მომხდარიდან, და კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების შემდეგ გაჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს დავუბრუნდეთ", - განაცხადა რუდენკომ, - აღნიშნავს გამოცემა.

"როგორც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, შეიძლება რუსეთმა ეს განცხადებაც უკან წაიღოს, თუმცა პანდემიის გათვალისწინებით, შესაძლოა ფრენების აღდგენა იმიტომაც აწყობდეს, რომ ფინანსური თუ სხვა შეზღუდვების გამო, რუსი ტურისტები შორს ვეღარ მიდიან. "ფრენების შეწყვეტამ ქვეყანა ეკონომიკურად რამდენად დააზარალა არ ვიცი, ეს ალბათ ეკონომისტების დასათვლელია, მაგრამ, ზოგადად ნებისმიერი ასეთი შეზღუდვა პირველ რიგში ალბათ მხოლოდ ეკონომიკაზე არაა საუბარი, იქ ხალხი ძალიან დიდ უხერხულობაში აღმოჩნდა, რადგან პირდაპირი ფრენა როცა არაა, როგორც ტურისტებისთვის ასევე ქართველებისთვის, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის. "კოვიდპანდემიის პირობებში რუსი ტურისტები ძველებურად ეგვიპტეში და სხვა ქვეყნებში ვეღარ მიდიან, მათაც გარკვეული შეზღუდვები აქვთ, კოვიდის გამო ხალხს თანხებიც აღარ აქვთ, როგორც წინათ ჰქონდათ და ამიტომ ურჩევნიათ, რომ უახლოეს ქვეყნებში იმოგზაურონ. „მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ყველაფერს აქვს თავისი დასასრული და ალბათ მათი აზრით ეს დასასრულიც მოვიდა, ვთქვათ, შეიძლება ფიქრობენ, რომ სადამდე უნდა იყოს ასე, მერე შესაძლოა ეს ქვეყანა შეეჩვიოს და ასეთი ტიპის აკრძალვა ისეთი ეფექტური აღარ გამოუვიდეთ. "თუ გავითვალისწინებთ იმ სიტუაციას, რაც საქართველოში ხდება, რუსეთისთვის დამატებითი კოზირივითაა, რომ ყოველ შემთხვევაში ეს განცხადების დონეზე, რომ გააკეთოს არაფერს არ კარგავს, მერე შეუძლია ესეც უკან წაიღოს, როგორც ბევრჯერ გაუკეთებია. ასე, რომ ეს განცხადება არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად მოხდება,"- განაცხადა კაკაჩიამ”, - განაგრძობს გამოცემა.

"ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით კი რუსეთი ამ შემთხვევაში რბილ ძალას იყენებს და დასავლელი მაღალჩინოსნების საქართველოში აქტიური ვიზიტების ფონზე "თაფლაკვერის და მათრახის" პოლიტიკას ატარებს. "რუსეთი ამ შემთხვევაში ე.წ. რბილ ძალას იყენებს, რომ თითქოს კეთილი ჟესტი აქვს, რომ გარკვეული მიმართულებით საქართველოსთან ურთიერთობები აღადგინოს, ამ შემთხვევაში საჰაერო მიმოსვლაზეა საუბარი. მიმოსვლის შეწყვეტა "გავრილოვის ღამის" შემდგომ პერიოდში მოხდა, ამიტომაც ახლა თითქოს ცდილობს, რომ თაფლაკვერის პოლიტიკა აწარმოოს. "რუსეთი ხან მათრახის, ხან თაფლაკვერის პოლიტიკას აწარმოებს, მაგრამ, ხანდახან ცდილობს, რომ ქართველების გულისმოსაგებად განაცხადოს, რომ შესაძლებელია, რომ ფრენები აღდგეს. „შესაძლოა ფრენების შეჩერებამ საქართველოს გარკვეული ზიანი მიაყენა, რადგან პანდემიამდე შემოსული რუსი ტურისტების ძირითადი მასა ამის გამო შედარებით შემცირდა, თუმცა, მაინც 2019 წელს ისეთი დიდი ზიანი ვერ მიაყენა, რადგან იმ დროს მოხდა ის, რომ საერთო ჯამში სხვა ქვეყნებიდან უფრო მეტი ადამიანი ჩამოვიდა. „იმ დროისთვის საქართველოს 9 მილიონი უცხოელი ვიზიტორი ეწვია, მათ შორის ტურისტები და ქვეყანამ დაახლოებით სამი მილიარდი დოლარის მოცულობის მოგება მიიღო, ამიტომაც ამ მიმართულებით დიდი ზიანი არ ყოფილა. „მას შემდეგ, რაც საქართველოში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატებია გააქტიურებული და მათი წარმომადგენლების ვიზიტები ხორციელდება, რუსეთი ცდილობს, რომ თითქოს საქართველოსთან მიმართებაში კეთილი ნება გამოავლინოს. იგივე გახელაძის საქმესთან დაკავშირებით რაც მოხდა, რომ მერე გაავრცელა, რომ ეს თითქოს მისი ე.წ. კეთილი ნება იყო" - განაცხადა ჩიტაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

"მე-4 ტალღა შესაძლოა ცუნამად გადაიქცეს" - სპეციალისტების შეფასებით, ქვეყანა წითელ ზღვარს გასცდა

"ქვეყანა ეპიდვითარების კუთხით წითელ ზღვარს გასცდა - ასეთია ეპიდემიოლოგების მოსაზრება ბოლო პერიოდში ქვეყანაში ვირუსის გავრცელების კუთხით არსებულ ვითარებაზე. ჯანდაცვის სისტემაში სრული მობილიზაციაა გამოცხადებული - კლინიკები და კოვიდსასტუმროები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანეს. კვლავ კოვიდპუნქტებად გადაკეთდნენ საავადმყოფოები, რომლებიც სხვა პაციენტებსაც იღებდნენ. რეკომენდაციები უცვლელია - ვაქცინაცია, პირბადე და სოციალური დისტანცია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "მე-4 ტალღა შესაძლოა ცუნამად გადაიქცეს" - სპეციალისტების შეფასებით, ქვეყანა წითელ ზღვარს გასცდა.

"მათი თქმით, არსებული მდგომარეობა არის SOS მდგომარეობა ეს არის მე-4 ტალღის დასაწყისი და მთავარია ეს ტალღა არ გადაიქცეს ცუნამად, რომელიც ძალიან ცუდ შედეგებს გამოიწვევს. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 592-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ბოლო 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევების რაოდენობა 2616-ია. კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით გაუარესებული ეპიდვითარების გამო ჯანდაცვის სამინისტრომ სრული მობილიზაცია გამოაცხადა. კლინიკები და კოვიდსასტუმროები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანეს, ის საავადმყოფოები კი, რომლებიც სხვა პაციენტებსაც იღებდნენ, კვლავ კოვიდპუნქტებად გადაკეთდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"პაციენტები კლინიკებსა და სასტუმროებში მოსახვედრად რიგში დგანან, ინფიცირებულთა ნაწილს ლოდინი კლინიკაში მოხვედრამდე სასწრაფო დახმარების მანქანებში ან საავადმყოფოების ეზოებში უწევთ. ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას აცრას და რეგულაციების დაცვას სთხოვენ, მათ შორის, კოვიდგადატანილ მოქალაქეებსაც - მათ ვაქცინაცია გამოჯანმრთელებიდან ერთ თვეში შეეძლებათ. ექიმები გარკვეული რეგულაციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ ვირუსის შეკავება შეუძლებელი იქნება და პაციენტების ნაკადს ვეღარ გაუმკლავდებიან. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა შრი-ლანკას წამყვანი უნივერსიტეტის კვლევა, რომლის თანახმად, ჩინური ვაქცინა "სინოფარმი" კორონავირუსის ე.წ. ინდურ შტამთან მიმართებით ეფექტურია”, - განაგრძობს გამოცემა.

"ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანაში ბავშვების ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ეპიდვითარების გათვალისწინებით, მობილიზებული რჩება ჰოსპიტლების ქსელი, ეპიდემიასთან ბრძოლის მთავარ მექანიზმად კი ვაქცინაციის პროგრამა რჩება: "მოიმატა პედიატრიული შემთხვევების რიცხვმა, იყო ერთეული შემთხვევები მძიმე მიმდინარეობის, სამწუხაროდ გარდაცვალებაც დაფიქსირდა ახალშობილებში, თუმცა, შემთხვევების უმეტესობა არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის. შედარებით გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციას ვაკვირდებით ბოლო პერიოდში, რაც საყურადღებოა. ჩვენთვის მთავარი მექანიზმი რჩება ვაქცინაციის პროგრამა. მობილიზებული რჩება ჰოსპიტლების ქსელი და მიდის მუშაობა სასტუმროების ქსელის გაფართოებაზე,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ. ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მოსახლეობას მიმართავს, რომ სიმპტომების მანიპულაციისგან თავი შეიკავონ საავადმყოფოში მოხვედრისთვის, რადგან სტაციონარში ჟანგბადდამოკიდებული პაციენტებისთვის არსებული ეპიდვითარების გამო, ადგილები აღარ არის”, - დასძენს გამოცემა.

"პაციენტების უმრავლესობას უნდა, რომ მოხვდეს საავადმყოფოში, რადგან ეშინია კორონავირუსული ინფექციის. ისინი ამძიმებენ თავის მდგომარეობას, სხვადასხვა სიმპტომებს სიმულირებენ იმისთვის, რომ მოხვდნენ სტაციონარში და შესაბამისად, იკავებენ იმ პაციენტების ადგილს, რეალურად ვისაც სჭირდება და არის ჟანგბადდამოკიდებული. ასეთი შემთხვევები სამწუხაროდ არის და მინდა მივმართო ადამიანებს, თუ ჩვენ გვეშინია კორონავირუსის და მას რეალურად აღვიქვამთ საფრთხეს როგორიც არის, ამისთვის არსებობს ვაქცინაცია და უნდა ავიცრათ. ხოლო თუ დაგვემართება დაავადება, გარკვეული პერიოდი გავჩერდეთ სახლში, მოვუსმინოთ ოჯახის ექიმს, მივიღოთ მისი რჩევები და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ექიმი შეაფასებს, რომ სჭირდება სტაციონარიზაცია, მაშინ მოხდეს პაციენტების ჰოსპიტალში გადაყვანა,"- თქვა ალექსანდრე გოგინავამ”, - წერს სტატიის ავტორი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა