უკრაინისთვის აქტუალურ თემებზე „“ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, ვლადიმერ ფესენკოს ესაუბრა.
- ბატონო ვლადიმერ, როგორც მოსალოდნელი იყო აშშ და გერმანიამ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მშენებლობის საკითხში შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების დეტალებზე მოგვიანებით იქნება ცნობილი, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ვაშინგტონი და ბერლინი ერთმანეთში იმ დეტალებს ათანხმებენ, რომლითაც უკრაინა ისე არ დაზარალდება, როგორც მოსკოვი თავიდანვე ვარაუდობდა.
როგორ შეაფასებდით აშშ-სა და გერმანიას შორის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მშენებლობის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას და რა შეიძლება მიიღოს უკრაინამ იმის სანაცვლოდ, რაც რუსული გაზის ტრანზიტი ევროპაში უკრაინის გავლით აღარ განხორციელდება?
- ის, რომ აშშ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მშენებლობას ხელს არ შეუშლიდა უკვე გაზაფხულზე იყო ცნობილი. ახლა მოხდა „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-თან დაკავშირებით მხარეების იმ პოზიციების ფორმალიზება, რომელიც ბაიდენსა და პუტინის შეხვედრაზე პრეზიდენტები შეთანხმდნენ.
მანამდე მერკელი და ბაიდენი შეთანხმდნენ აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობების აღდგენაზე. თავის დროზე ტრამპმა რუსულ და გერმანულ კომპანიებს სანქციები იმის გამო დაუწესა, რომ სურდა გერმანიაში ამერიკული ეკონომიკური ინტერესების ლობირება და თხევადი გაზის შეტანა. თან ამას მისსავე სტილში აკეთებდა.
გაზაფხულზე „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მშენებლობაში ჩართული კომპანიებისთვის სანქციების მოხსნა კიევისთვის არასასიამოვნო სიურპრიზი იყო, ისევე როგორც ის, რომ აშშ ამ მშენებლობას ხელს არ შეუშლიდა. მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარება უკრაინაში საკმაოდ კრიტიკულად იქნა შეფასებული.
გაზაფხულზე „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მშენებლობაში ჩართული კომპანიებისთვის სანქციების მოხსნა კიევისთვის არასასიამოვნო სიურპრიზი იყო, ისევე როგორც ის, რომ აშშ ამ მშენებლობას ხელს არ შეუშლიდა
იმის გამო, რომ აშშ-სა და გერმანიას უკრაინასთან პარტნიორული ურთიერთობები აქვთ, მათ გადაწყვიტეს უკრაინის მისამართით კეთილი ნების ჟესტის გაკეთება. საუბარია უკრაინისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიების შექმნა. გარკვეული კომპენსაციებისთვის გზების მოძებნა, რომ მომხდარი უკრაინაში ნაკლებად კრიტიკულად იქნას აღქმული.
- კონკრეტულად რა შეიძლება მიიღოს უკრაინამ?
- კონკრეტიკა საკმაოდ მარტივია. გერმანია და აშშ იღებენ ვალდებულებას მხარი დაუჭირონ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტს 2024 წლის შემდეგ. მანამდე შეთანხმება ისედაც მოქმედებს, რომელზეც ხელი რუსეთს 2019 წელს აქვს მოწერილი.
ახლა უკრაინის გავლით ევროპაში თვეში არანაკლებ 40 მილიარდი კუბური მეტრი მიდის. ახლა აქტუალური იყო უკრაინის სატრანზიტო საშუალებების მომავლის განსაზღვრა. ახლა უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტისათვის წელიწადში 1,5 მილიარდ აშშ დოლარს იღებს. ეს ცოტა თანხა არაა, მაგრამ ეს დანაკლისი უკრაინისთვის კატასტროფული არ იქნება. უკრაინა მას შემდეგ უკვე დაზარალდა, როცა „ჩრდილოეთ ნაკადი-1“ ამუშავდა.
ეკონომიკური რისკები გასაგებია, მაგრამ არსებობს პოლიტიკური რისკები. მას შემდეგ, როცა უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი აღარ იქნება, რუსეთს შეეძლება უკრაინის მიმართ მეტად აგრესიული იყოს და არა მარტო დონბასის მიმართულებაზე.
მას შემდეგ, როცა უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი აღარ იქნება, რუსეთს შეეძლება უკრაინის მიმართ მეტად აგრესიული იყოს და არა მარტო დონბასის მიმართულებაზე
2024 წლამდე და მას შემდეგაც რომ არ შეწყდეს უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი გერმანია ამ საკითხებზე მომუშავე თავის სპეცწარმომადგენელს დანიშნავს. უკვე ცნობილია, რომ ამ თემაზე მუშაობას მხარეები უკვე 1 სექტემბრიდან დაიწყებენ. მანამდე უკრაინისა და რუსეთის ამგვარ მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
რადგან „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის ფარგლებში რუსეთის ძირითადი პარტნიორი გერმანიაა, ბერლინი შეეცდება უკრაინის გავლით რუსული გაზის გარკვეული ნაწილის ტრანზიტი უზრუნველყოს.
გარდა ამისა, უკრაინას დაპირდნენ ე.წ. „მწვანე“ ფონდის შექმნას, რომელშიც 1 მილიარდი აშშ დოლარი იქნება მობილიზებული. გერმანიამ ივალდებულა 175 მილიონი აშშ დოლარის შეტანა. ამ ფონდიდან დაფინანსდება უკრაინაში ენერგეტიკული პროექტები.
იმ შემთხვევაში თუ რუსეთმა ვაშინგტონისა და ბერლინის მოთხოვნები არ შეასრულა უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტზე და ამ თემას კიევზე ზეწოლისათვის გამოიყენებს, აშშ და გერმანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დაუწესებენ. რამდენადაც ვიცი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ამ თემებზე აშშ-სა და გერმანიის გეგმების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი.
რბილად რომ ვთქვა, აშშ-სა და გერმანიას შორის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-თან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას კიევი არა თუ აღფრთოვანებით არ შეხვედრია, საკმაოდ კრიტიკულადაც აფასებს.
აშშ-სა და გერმანიას შორის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-თან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას კიევი არა თუ აღფრთოვანებით არ შეხვედრია, საკმაოდ კრიტიკულადაც აფასებს
- კიევს სურს ე.წ. „ნორმანდიულ ფორმატში“ ჩართულიყო აშშ, მაგრამ რუსეთი წინააღმდეგია. ამ მიმართულებით რამე სიახლე ხომ არაა?
- რუსეთი არ ამბობს, რომ იგი „ნორმანდიული ფორმატის“ ფარგლებში აშშ-ს მონაწილეობის წინააღმდეგია. პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ დმიტრი კოზაკმა ამ თემაზე ფრანგულ გამოცემასთან ისაუბრა.
ის არ ამბობს, რომ რუსეთი წინააღმდეგია, მაგრამ ერთ დათქმას აკეთებს - რუსეთი იმ შემთხვევაში იქნება წინააღმდეგი „ნორმანდიულ ფორმატში“ აშშ-მ მიიღოს მონაწილეობა, თუ შტატები უკრაინის მხარეზე იქნებიან და არაკონსტრუქციული პოზიცია ექნებათ. თუ ასე არ იქნა, რუსეთი ამ ფორმატში ამერიკელების მონაწილეობის წინააღმდეგი არ იქნებიან.
ადრე ამ ფორმატში აშშ-ს მონაწილეობის წინააღმდეგი გერმანია და საფრანგეთი იყვნენ და არა რუსეთი. უნდა ითქვას, რომ ამ პროცესში მონაწილეობისთვის ამერიკელები თავს მაინცადამაინც არ იკლავდნენ. მათ რუსეთთან ურთიერთობის არხი იყო სახელმწიფო დეპარტამენტი, კერძოდ ვიქტორია ნულანდი, რომელსაც კავშირი ჰქონდა ვლადისლავ სურკოვთან. ტრამპის დროს უკრაინის საკითხებში სპეცწარმომადგენლად დაინიშნა კურტ ვოლკერი, რომელმაც გააგრძელა სურკოვთან კონტაქტები.
ახლა ამერიკელებმა უნდა განსაზღვრონ თავად როგორ სურთ ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა. სხვათა შორის, ამერიკელები დონბასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში რუსეთთან მონაწილეობდნენ. ცალკე ურთიერთობდნენ რუსულ მხარესთან.
ახლა გაურკვეველია მიიღებენ მონაწილეობას თუ არა ამერიკელები „ნორმანდიულ ფორმატში“ დონბასის საკითხებზე. ჩემი აზრით, ეს საკითხი არც ისე პრინციპულია, მიუხედავად იმისა, რომ მათი მონაწილეობა პროცესს გამოაცოცხლებდა.
ახლა გაურკვეველია მიიღებენ მონაწილეობას თუ არა ამერიკელები „ნორმანდიულ ფორმატში“ დონბასის საკითხებზე. ჩემი აზრით, ეს საკითხი არც ისე პრინციპულია, მიუხედავად იმისა, რომ მათი მონაწილეობა პროცესს გამოაცოცხლებდა
„ნორმანდიული ფორმატი“ ჩიხშია და არა იმის გამო, რომ ამ პროცესში ამერიკელები არ მონაწილეობენ, არამედ იმიტომ, რომ რუსეთის პოზიციას ჰყავს შეყვანილი ეს პროცესი ჩიხში.
- რუსულ მედიაში არ ცხრება კამათი პუტინის სტატიაზე, რომელიც მან უკრაინას მიუძღვნა.
მასში თითქოს ახალი არაფერია, უკრაინის ბრძოლას გამოვიდეს რუსეთის კონტროლიდან პუტინი დასავლეთის მცდელობებს აბრალებს. მისივე მტკიცებით, დასავლეთს ყოველთვის სურდა „რუსებისა და უკრაინელების ერთობის“ დაშლა. იმავე სტატიაში პუტინი ვრცლად მიმოიხილავს უკრაინის ისტორიას და ამტკიცებს, რომ უკრაინის რეგიონები თავისი სურვილით ხდებოდნენ რუსეთის იმპერიის ნაწილები.
უკრაინაზე პუტინის სტატია რუსულ არმიაში აუცილებლად შესასწავლი გახდა. ამის შესახებ განკარგულება თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ გამოსცა. როგორ აღიქვა უკრაინამ პუტინის ეს სტატია და როგორია კიევის პასუხი ამავე თემაზე?
- უკრაინა პუტინის ამ სტატიას საკმაოდ კრიტიკულად შეხვდა. იგი შეფასებულ იქნა როგორც რუსეთის მორიგ იმპერიულ პოზიციად და უკრაინაში არსებული სიტუაციის არაადეკვატურ აღქმად. ყველა დონეზე ისმის კრიტიკა, ოფიციალურ დონეზე და სხვადასხვა წრეებში.
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საჭიროა პუტინის საპასუხო წერილი დაწერა და იმავე ფორმით პასუხის გაცემა. უკრაინაზე პუტინის სტატიაზე პრეზიდენტ ზელენსკის კომენტარი საკმაოდ გონებამახვილური და თავისი არსით მკაფიო იყო. მან რუსეთსა და უკრაინას შორის ძმური ურთიერთობები შეადარა კაენისა და აველის ძმურ ურთიერთობებს. ეს ბიბლიური ისტორია კი გვახსენებს რომ ერთმა ძმამ მეორე ძმა მოკლა.
უკრაინაზე პუტინის სტატიაზე პრეზიდენტ ზელენსკის კომენტარი საკმაოდ გონებამახვილური და თავისი არსით მკაფიო იყო. მან რუსეთსა და უკრაინას შორის ძმური ურთიერთობები შეადარა კაენისა და აველის ძმურ ურთიერთობებს. ეს ბიბლიური ისტორია კი გვახსენებს რომ ერთმა ძმამ მეორე ძმა მოკლა
ჩვენ კარგად გვესმის რომ ჩვენი ხალხების ისტორია ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობების ისტორიაა, მაგრამ ის თუ როგორ იქცევა ახლა რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში, ეს ყოვლად დაუშვებელია. ის რაც ხდება ახლა, ძმობასთან არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს. რუსეთის მხრიდან ვხედავთ აგრესიას, მკაცრ და დაუნდობელ ზეწოლასა და არათანასწორ ურთიერთობებს.
ამ სტატიაში ახალი არაფერია. პუტინმა მორიგჯერ განაზოგადა თავისი ანტიუკრაინული შეხედულებები იმპერიული პოზიციბიდან, ბევრი ისტორიული ფაქტებია დამახინჯებული და ასევე ბევრია ალოგიზმები. ამ სტატიამ კიდევ ერთხელ გვანახა ის, რომ პუტინს არ ესმის უკრაინაში მიმდინარე პროცესები და იგი კვლავ ანტიუკრაინულ ხედვებშია.
პარადოქსი კი იმაშია, რომ თითქოს ამ სტატიაში უკრაინის მიმართ მას კეთილი განწყობები აქვს, მაგრამ იმავდროულად მუქარის შემცველი მომენტებიც ბევრია. კერძოდ, საუბრობს იმაზე, რომ რუსეთი არ აღიარებს იმ საზღვრებს, რომელ საზღვრებშიც სსრკ-ს დაშლის შემდეგ უკრაინას აქვს. ფაქტობრივად საუბრობს უკრაინის მიმართ რუსეთის ტერიტორიულ პრეტენზიებზე.
რუსეთი აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ომს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამ ომის ნაწილია პუტინის ეს სტატიაც უკრაინაზე. ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიისთვის ემზადება.
- შეიძლება იმის თქმა, რომ მინისტრ შოიგუს მიერ რუსულ არმიაში ამ სტატიის სწავლების შესახებ გამოცემული განკარგულება სხვა არაფერია, თუ არა უკრაინასთან ახალი ფართომასშტაბიანი ომისათვის მზადება?
- ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტმა იცის. შოიგუს განკანგულება კი ნიშნავს იმას, რომ მას უნდოდა ხაზი გაესვა იმისთვის, რომ პრეზიდენტ პუტინისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. მეტიც, როგორი გენიალურია იგი და მისი სტატიები ისევეა შესასწავლი, როგორც თავის დროზე კომუნისტური პარტიის დადგენილებები და ბრეჟნევის ნაწარმოებები.
2014 წლის შემდეგ უკრაინას სულ აქვს იმის მოლოდინი თუ როდის გამოავლენს რუსეთი აგრესიას ჩვენს წინააღმდეგ. აზრი არა აქვს იმაზე მკითხაობას ომი იქნება თუ არა. მთავარია თუ როგორია უკრაინაში რეალურად სიტუაცია.
აზრი არა აქვს იმაზე მკითხაობას ომი იქნება თუ არა. მთავარია თუ როგორია უკრაინაში რეალურად სიტუაცია
გაზაფხულზე ძალიან გამწვავებული იყო ვითარება, ვგულისხმობ რუსეთის ძალების კონცენტრაციას უკრაინის საზღვრებთან. ახლა მალე ბელორუსში იქნება სამხედრო სწავლებები, მართალია ისინი რეგულარულად ტარდება, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი უკრაინისთვის რისკისა და საფრთხის შემცველია. განსაკუთრებით ახლა, როცა ბელორუსში ვითარება გართულებულია. ფაქტია, რომ უკრაინასთან მიმართებაში პუტინის პოზიციების გამო, რისკები მატულობს.
- ამას წინათ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა ზატულინმა განაცხადა - „უკრაინის ბედი წელს გადაწყდება“. სავარაუდოდ, რისი თქმა უნდოდა ამ განცხადებით დეპუტატ ზატულინს?
- შესაძლოა, ზატულინს უნდა იყოს რუსეთის ხელისუფლების რუპორი, მაგრამ ეს ასეა თუ არა, მგონი მან თავადაც არ იცის. ფაქტია ის, რომ ზატულინს ანტიუკრაინული შეხედულებები აქვს. მას უნდა რომ წელს დასრულდეს უკრაინის საკითხი, მაგრამ ეს მისი პოზიციაა.
ყველას უნდა ესმოდეს, რომ უკრაინის ბედი მოსკოვში აღარ გადაწყდება. ამიტომ უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული. უკრაინელი ხალხი თავად განსაზღვრავს ვისთან უნდა იმეგობროს და როგორ განვითარდეს.
ყველას უნდა ესმოდეს, რომ უკრაინის ბედი მოსკოვში აღარ გადაწყდება
- იგეგმებოდა პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი ვაშინგტონში, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო იგი გადაიდო. დამვირვებელთა ნაწილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ბაიდენ-პუტინის შეხვედრის შემდეგ, მას შემდეგ რაც აშშ აღარაა წინააღმდეგი აშენდეს „ჩრდილოეთ ნაკადი-2“, ზელენსკის ვიზიტს ვაშინგტონში აზრი არც აქვს.
თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია სავარაუდოდ როდის შედგება ზელენსკის ვიზიტი აშშ-ში და რა შედეგით დასრულდება იგი?
- სინამდვილეში ვითარება ასეთია - ბევრს სურს სურვილები რეალობად წარმოაჩინოს. თავად ფაქტია იმისა, რომ ზელენსკის ვიზიტი იგეგმება.
აშშ-სა და გერმანიას შორის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის გამო ერთობლივად შემუშავებული დეკლარაციაც იმის დასტურია, რომ აშშ-ს უკრაინაზე ხელი არ აქვს ჩაქნეული, როგორც ეს ძალიან ბევრს უნდა ასე იყოს. ასეა თუნდაც იმიტომ, რომ ეს აშშ ინტერესებში არაა.
რაც შეეხება აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებს, აქ საგულისხმოა ზელინსკის აშშ-ში ვიზიტის სავარაუდო თარიღი. აშშ-ში პრეზიდენტ ბაიდენს ახლა ბევრი აკრიტიკებს. მისი მისამართით კრიტიკა ბაიდენ-პუტინის შეხვედრის შემდეგ გაძლიერდა.
ზელისნსკის აშშ-ში ვიზიტის თარიღი თანხმდებოდა. თავიდან საუბარი იყო, რომ იგი ივლისის ბოლოს შედგებოდა, მაგრამ როდის არ ზუსტდებოდა. გუშინ უკვე გახდა ცნობილი, რომ იგი 30 აგვისტოს შედგება. საქმე იმაშია, რომ ამ დროს ამერიკელი კონგრესმენები შვებულებაში იქნებიან. ამ თემაზე ამერიკელი კონგრესმენების, მათ შორის თავად ბაიდენის დემოკრატიული პარტიიდან კონგრესმენების რეაქცია საკმაოდ კრიტიკული იყო.
როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაციაში არ უნდოდათ რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ ზელენსკის და მისი დელეგაციის წევრებს შეხვედრები ჰქონოდათ კონგრესმენებთან. ფაქტია, რომ ეს შიდაამერიკული პრობლემაა. რაც იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინის საკითხში, აშშ-რუსეთის ურთიერთობების საკითხებში ბაიდენს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.
როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაციაში არ უნდოდათ რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ ზელენსკის და მისი დელეგაციის წევრებს შეხვედრები ჰქონოდათ კონგრესმენებთან. ფაქტია, რომ ეს შიდაამერიკული პრობლემაა. რაც იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინის საკითხში, აშშ-რუსეთის ურთიერთობების საკითხებში ბაიდენს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს
ბაიდენს რუსეთთან ურთიერთობის ტაქტიკას უწუნებენ, ასევე იმას, თუ რა მასშტაბისა და დონის დახმარებას უწევს აშშ უკრაინას. ბაიდენს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ იგი პუტინისა და რუსეთის მიმართ ზედმეტად უხერხემლო პოლიტიკას ატარებს.
უკვე ცნობილია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაში არსებობს ორი ფრთა, ერთს აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ხელმძღვანელობს, რომელიც ბაიდენმა კლიმატის საკითხებში თავის სპეცწარმომადგენლად დანიშნა და რომელიც რუსეთთან დიალოგის გაღმავების მომხრეა. იგი ამას წინათაც იმყოფებოდა მოსკოვში.
მეორე ფრთას წარმოადგენს სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი და სხვები, რომლებსაც აშკარად პროუკრაინული პოზიციები აქვთ.
აშშ-ში ვიზიტი ზელენსკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ყველა ქვეყნის პრეზიდენტისთვის აშშ-ში ვიზიტი მნიშვნელოვანია. უკრაინული მხარე ამზადებს ამ ვიზიტს და სურს აშშ-სთან მიაღწიოს რიგ შეთანხმებებს, რომლებზეც ხელმოწერა ამ ვიზიტის ფარგლებში მოხდება.
ჯერაც გაურკვეველია შეძლებს თუ არა ვიზიტამდე ორივე მხარე ამ შეთანხმებებზე მუშაობის დასრულებას. სხვათა შორის, სწორედ ამის გამო გადაიდო ეს ვიზიტი რამოდენიმეჯერ. ფაქტია, რომ ოფიციალურ კიევს სურს ზელენსკის ვიზიტი თავისი შედეგებით წარმატებული და მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ქვეყნისთვის.
არავის ეპარება ეჭვი, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის მიღწეული შეთანხმებები კიდევ უფრო გააღმავებს ორ ქვეყანს შორის ურთიერთობებს.
“ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი