დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა

22 ივლისს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნომ „ნამახვანჰესის“ ირგვლივ მიმდინარე მედიაციის პროცესის ამსახველი მორიგი პრესრელიზი გაავრცელა, რომლის თანახმად მედიაციის პირველი ეტაპისთვის არსებული მთავარი ამოცანები - საუბარია ხეობაში შექმნილი ვითარების დეესკალაცია და პოლიციის მიერ რკინის ჯებირების აღება, შესრულდა. ამავე დროს, პროტესტის მონაწილეებს საშუალება მიეცათ, გაშლილი კარვები გადაეტანათ შეთანხმებულ ლოკაციაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

მედიაციის შემდეგი ფაზა უკვე დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ „ნამახვანი ჰესის“ კონტრაქტორ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტისა და აღნიშნული პროექტის ირგვლივ არსებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტების განხილვას ითვალისწინებს.

მედიაციის პროცესის მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად, აუცილებელია, მასში ჩართულმა სხვა მხარეებმაც დაიცვან აღებული ვალდებულებები, რაც, პირველ ყოვლისა, ხეობაში გზის გახსნას და ძალადობრივ დაპირისპირებაზე უარის თქმას გულისხმობს.

უფრო მეტს მედიაციის მსვლელობისა და მიღწეული შედეგის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი გვეტყვის.

ბატონო დავით, მედიაციის პროცესის დაწყებიდან თვენახევარი გავიდა. რისი მიღწევა მოხდა ამ პერიოდის განმავლობაში და როგორ აფასებთ შექმნილ ვითარებას?

- დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ამ მნიშვნელოვანი თემით. რომლის მიმართ საზოგადოებრივი ყურადღება თითქოს მინავლდა. არადა, პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და მასში კვლავ აქტიურად არის ჩართული ყველა თავდაპირველი მონაწილე. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა საქართველოში 2021 წლის 12 ივნისს გაიმართა. მედიაციას წარმართავს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების მოგვარების ორგანიზაცია და მისი მხარეები არიან მთავრობისა და პროექტის მოწინააღმდეგები, რიონის ხეობაში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები და პროექტის მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაციები.

პირველი შეხვედრის შედეგები იმედის მომცემი იყო, რადგან შეთანხმდა საკითხები, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდა „ნამახვანი ჰესის“ პროექტის განხორციელება უსაფრთხოდ, გარემოზე და ადგილობრივ მოსახლეობაზე მინიმალური გავლენით. ჩვენი ამოცანა იყო, რომ გვეჩვენებინა ყველა კითხვაზე პასუხის მშვიდ ატმოსფეროში გაცემის შესაძლებლობა.

შეხვედრაზე შეთანხმდა, რომ დამოუკიდებელი სპეციალისტები გადაამოწმებდნენ პროექტთან დაკავშირებული საკვანძო დოკუმენტაციის ადეკვატურობას და სანებართვო პროცესების შესაბამისობას კანონმდებლობასთან და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან. ასევე შეთანხმდა, რომ რიონის ხეობაში დეესკალაციის ფარგლებში, მთავრობა გუმათში აიღებდა რკინის ჯებირებს და გახსნიდა ხეობაში შემავალ გზას. სანაცვლოდ, პროტესტის მონაწილეებს არ უნდა დაებლოკათ ნამახვანის ჰესის სამშენებლო მოედნები და ხელი არ უნდა შეეშალათ კომპანია „ენკას“ მუშახელისა და ტექნიკის გადაადგილებისთვის.

- სად დაფიქსირდა ის პირობები, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ?

- ეს შეთანხმებები ჯერ ჩამოიწერა შეხვედრისას დაფაზე და შემდგომში მედიატორმა ელექტრონული ფოსტით წერილობით მიაწოდა მხარეებს, რაც მედიაციის მხარეებს წერილობით არ გაუპროტესტებიათ და კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებიათ შეთანხმებული პუნქტების სისწორე.

მთავრობამ შეასრულა პირობა და შეთანხმებიდან რამდენიმე დღეში აიღო ჯებირები გუმათში. ამასთან, მთავრობამ პროექტის მოწინააღმდეგეებს შესთავაზა 13 ალტერნატიული ტერიტორია სოფელ ნამოხვანში, სადაც ისინი შეძლებდნენ გადანაცვლებას, გაშლიდნენ კარავს და აწარმოებდნენ მშვიდობიან პროტესტს იმგვარად, რომ ეს ხელს არ შეუშლიდა გზაზე გადაადგილებას. მას შემდეგ, რაც რიონის ხეობის დამცველები გადავიდოდნენ გუმათიდან მათ მიერ არჩეულ ტერიტორიაზე ნამახვანში, პოლიცია მთლიანად გახსნიდა გზას გუმათში იმ პირობით, რომ პროტესტის მონაწილეებისგან იქნებოდა მიღებული გარანტია, რომ ისინი უკანონოდ არ მოახდენდნენ ხეობის ბლოკირებას და იმოქმედებდნენ კანონის ფარგლებში.

ეს იყო გონივრული მოთხოვნა მთავრობის მხრიდან, რადგან პროტესტის ცალკეული მონაწილეების ქმედებები და საჯარო მოწოდებები აშკარად პროვოკაციული იყო და ნამოხვანში უსაფრთხოების მხრივ მნიშვნელოვანი გართულება და დაპირისპირება შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული. სწორედ ამ სცენარის პრევენციისთვისაა იქ ამ დროისთვის პოლიცია.

- როგორ განვითარდა მოვლენები შეთანხმების შემდეგ, რა მოხდა შემდეგ რაუნდებზე?

- მიუხედავად მთავრობის მიერ დეესკალაციის მიზნით გადადგმული ზემოაღნიშნული ნაბიჯებისა, რიონის ხეობაში არსებულმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უარი თქვეს, გადასულიყვნენ შეთავაზებული ცამეტი ლოკაციიდან რომელიმეზე, უარი თქვეს, დაედოთ პირობა სამშენებლო სამუშაოების ხელის არშეშლაზე და ამის ნაცვლად, მათ გააგრძელეს გუმათში გზის ბლოკირება კომპანია „ენკასთვის“.

მედიაციის პროცესის მიმდინარეობას მედიატორი ალბათ უკეთ შეაფასებს. მაგრამ ჩემი მხრივ, გეტყვით, რომ „ნამახვანი ჰესის“ მოწინააღმდეგე ჯგუფებმა მედიაციის პროცესში ადრე მიღწეული შეთანხმებების საწინააღმდეგოდ, მედიატორისგან მოითხოვეს უკვე მშენებლობის უპირობო შეჩერება, რაც მედიატორმა ცალსახად უარყო.

მედიატორი, ბატონი დირკ ბუშლე ცდილობდა, დაერწმუნებინა პროექტის მოწინააღმდეგეები, რომ კომპანია „ენკას“ ჰქონდა ყველა საჭირო კანონიერი ნებართვა მშენებლობის საწარმოებლად. შესაბამისად, მშენებლობის ძალის გამოყენებით გაჩერება უკანონო იქნებოდა. მისი თქმით, მშენებლობის მორატორიუმის საკითხი შესაძლებელია დამდგარიყო დღის წესრიგში მხოლოდ მესამე მხარეების მიერ ჩასატარებელი ზემოაღნიშნული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტთან არსებული დოკუმენტების გადამოწმება აჩვენებდა, რომ საჭიროა დამატებითი სერიოზული და მოცულობითი შესწავლები, ან რომელიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნა გამორჩენილი კომპანია „ენკას“ მიერ პროექტის მომზადების პროცესში.

იმედია, მედიაციის წესების დარღვევად არ ჩამეთვლება თუ ვიტყვი, რომ ბატონმა ბუშლემ კატეგორიული ფორმით წერილობით მოსთხოვა პროექტის მოწინააღმდეგეებსა და მათ მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციებს საჯაროდ დაეფიქსირებინათ პოზიცია, რომ ისინი „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის ფარგლებში გაემიჯნებოდნენ ძალადობას და სრულად სცემდნენ პატივს საქართველოს შესაბამისი კანონდებლობის მოთხოვნებს, რომელიც არეგულირებს პროტესტის გამოხატვის წესებს. ელექტრონული ფოსტით ეს მიმოწერა არსებობს და ადასტურებს ამ ყველაფერს.

ყველას გასაკვირად, მედიატორის ეს ელემენტარული მოთხოვნაც უარყვეს პროექტის მოწინააღმდეგეებმა. ამის შემდეგ უკვე საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ მათ საქმე აქვთ რადიკალურ ჯგუფებთან, რომელთანაც პრაქტიკულად შეუძლებელია კონსტრუქციული, ფაქტებზე დაფუძნებული, პრობლემის გადაწყვეტაზე ორიენტირებული დიალოგი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დესტრუქციის პირობებში, მედიატორს არ დარჩა სხვა გზა გარდა იმისა, რომ მკაფიოდ დაეფიქსირებინდა თავისი დამოკიდებულება კანონის დარღვევის შესახებ, გზის ჩაკეტვის უკანონო ხასიათთან დაკავშირებით და დეესკალაციის კომპონენტი ამით დაესრულებინა. მან განაცხადა, რომ მთავრობის შესაბამისმა კომპეტენტურმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ პროტესტის ფორმების კანონმდებლობასთან შესაბამისობა და მედიაცია უნდა გაგრძელდეს პროექტთან დაკავშირებული ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციის არსებითი განხილვით.

- ამ პროცესში როგორი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების როლი და პოზიცია?

-საგულისხმოა, რომ მედიაციაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია სრულად იზიარებს და ემთხვევა რიონის ხეობაში არსებული საპროტესტო აქციის მონაწილეთა შეხედულებებს და მიზნებს. არასამთავრობო ორგანიზაციებიც, ყოველგვარი აუცილებელი შესწავლების დასკვნებისა და შედეგების გარეშე ემხრობიან პროექტის მშენებლობის შეწყვეტას და ხანგრძლივ მოლაპარაკებებში შესვლას.

ამ დროს უნდა გვესმოდეს, რომ გაცემული ნებართვების და აურაცხელი რაოდენობის დოკუმენტაციის გადახედვა უკანა რიცხვით ვერ მოხდება. ეს კანონითაც არასწორია და უდიდესი დანახარჯს უკავშირდება.

- რა ეტაპზეა დღეს პროცესი და როგორ გაგრძელდება იგი?

- მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ბუშლესგან მედიაციის პირველი ფაზის შეფასების შესახებ, ჩვენ დაველოდებით პროცესში მონაწილე არასამთავრობოების მზაობას პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის არსებითი განხილვის გაგრძელების შესახებ, ხოლო საკუთრივ ხეობაში სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას არსებული რისკების შეფასებითა და გათვალისწინებით.

პარალელურად, ჩვენ დავუკავშირდებით კომპანია „ენკას“, რათა მედიაციის შემდგომ პროცესში მოხდეს მათი ჩართულობა, როგორც ეს აღნიშნულია ბატონი ბუშლეს განცხადებაში.

ცალსახად ვიტყვით, რომ საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მხარს უჭერს აღნიშნული საკითხის დიალოგის გზით მოგვარებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რათა საბოლოოდ ჯამში, მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ყველა მხარეს და რაც მთავარია, საქართველოს მომავალს წაადგება.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით