საქართველოს რეგიონალური პოზიციონირება ყარაბაღის კონტექსტის გათვალისწინებით: ცალკეული ასპექტები

საკითხის ზოგადი დახასიათება

სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკის ძირითად ვექტორს მშვიდობისა და სტაბილურობისათვის თანამშრომლობა, ასევე სომხეთთან და აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნების ხელშეწყობა წარმოადგენს. თბილისის მხრიდან ეს მიდგომა კიდევ ერთხელ ცხადად გამოიკვეთა ე.წ. ყარაბაღის მეორე ომის დროს.

კერძოდ, გამოვყოფთ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს 2020 წლის 3 ოქტომბრის განცხადებას, რომელშიც ქართულმა მხარემ დაბეჯითებით გაუსვა ხაზი კონფლიქტის „ცხელი“ ფაზის დაუყოვნებლივ მოგვარების აუცილებლობას.

თბილისმა კონკრეტული ზომები მიიღო: შეაჩერა აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთების გატარებასთან დაკავშირებით ნებართვების გაცემა. ასევე, კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შესთავაზა, მოლაპარაკებები საქართველოს დედაქალაქში ეწარმოებინათ.

ზემოთ აღნიშნული განცხადების კონტექსტში ორ პრინციპულ საკითხს გამოვყოფთ: 1. საქართველომ არამარტო კონფლიქტის მიმართ თავისი დამოკიდებულება დააფიქსირა, არამედ რეგიონში არსებული სიტუაციის ნორმალიზაციის პროცესში მონაწილეობის მზადყოფნაც გამოთქვა. 2. ამ განცხადებით საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ განუმარტა ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ ორ უმსხვილეს ეთნიკურ უმცირესობას საქართველოში სტაბილურობისა და მართლწესრიგის დაცვის აუცილებლობის შესახებ.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადება, ისევე როგორც ზოგადად საქართველოს პოლიტიკა კონფლიქტთან დაკავშირებით, ძალიან მოკლედ ასე შეიძლება შეფასდეს: ქართული მხარე მოქმედებდა რეგიონში არსებული რეალობის პირობებში და, ამ რეალობიდან გამომდინარე მიმართავდა მისი შესაძლებლობების მაქსიმუმს.

ყარაბაღის კონფლიქტის ნორმალიზაციის პროცესში შესაძლო ქართულ კომპონენტზე საუბრისას, მასმედიის სხვადასხვა საშუალებაში არაერთხელ დაისვა საკითხი დასავლეთ პარტნიორებთან თბილისის კოორდინაციის ხარისხის შესახებ.

ამ თემასთან დაკავშირებით კვლავ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მხრიდან ნებისმიერი ასეთი სახის კოორდინაცია თუ კომუნიკაცია მხოლოდ ზემოთ ნახსენები რეგიონში არსებული რეალობითა და თავად საქართველოს შესაძლებლობებით შეიძლებოდა განსაზღვრულიყო.

თუმცა, მთავარია, ამ კონკრეტულ თემაზე საუბრისას, ნათლად გავიაზროთ, რომ, სამხრეთ კავკასიის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კოორდინაცია დასავლეთთან არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დინამიკაზე.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საქართველოსა და დასავლეთის პარტნიორობა სათავეს იღებს ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდიდან, როდესაც მსხვილი სატრანსპორტო პროექტების (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთ კავკასიის გაზსადენი) განხორციელება დაიწყო.

აღნიშნულის გარდა, განსახილველად რელევანტურ საკითხს წარმოადგენს ობიექტური შეფასება იმისა, თუ რამდენად ძლიერია დასავლეთის ინტერესი და გავლენა სამხრეთ კავკასიაში. შესაბამისად, როდესაც თბილისის მიერ ამ ინტერესის გასაძლიერებლად მიმართულ ძალისხმევაზე ვსაუბრობთ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან გამოჩენილ არანაკლებ, თუ არა მეტ, მცდელობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიის თემასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის თანამშრომლობისა თუ კოორდინაციისათვის.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სატრანსპორტო მდგენელი

მთიანი ყარაბაღის შესახებ 2020 წლის 10 ნოემბრის შეთანხმება, ისევე როგორც ყველა მომდევნო დოკუმენტი, აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიებზე ახალი სატრანსპორტო დერეფნების მოწყობასა და განვითარებას ეხება.

ზემოთ აღნიშნული პროექტების დეტალებსა და სხვა მახასიათებლებს აღარ ჩავუღრმავდებით, შევეცდებით, ამ სტატიის ფორმატში განვიხილოთ შეიცავენ თუ არა ეს პროექტები რაიმე სახის რისკს თავად საქართველოს სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალისათვის.

არსებობს გარკვეული პესიმისტური შეფასებები, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ეს პესიმიზმი ე.წ. ქართული დერეფნების მნიშვნელობის შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით, გარკვეულწილად, გაზვიადებულია. შევეცდებით, უფრო კონკრეტულად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია გაჟღერებული საკითხის შესახებ:

I. საქმე იმაშია, რომ საუბარი ნებისმიერი მსხვილი სატრანსპორტო პროექტის ინიციატივაზე ვერ იქნება მხოლოდ გეოპოლიტიკური ე.წ. "ეს მინდა, ის არ მინდა" მსჯელობის საგანი. ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ესა თუ ის პროექტი ან ინიციატივა უნდა განხორციელდეს კონკრეტული ინვესტიციური მოდელის მიხედვით, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ კი ესა თუ ის გეგმა მკაფიო თვითკმარი ფინანსური რესურსით არ იქნა გამყარებული - პროექტი ვერ განხორციელდება, ან თუ განხორციელდა - ავანტიურის სახეს მიიღებს. ფინანსური მხარდაჭერის მზაობის გარეშე, იგივე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის თავთობსადენის, სამხრეთ კავკასიის გაზსადენისა თუ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მხოლოდ გეოპოლიტიკური გათვლებით მართვა ნამდვილად არ იქნებოდა საკმარისი.

II. გარდა ამისა, აუცილებელია აღინიშნოს კონკრეტული დერეფნის ან პროექტის შემდგომი ფუნქციონირების სტაბილურობისადმი ნდობის საკითხი. როგორც წესი, ამგვარი ნდობის ჩამოყალიბებას წლები სჭირდება და, რთული პროცესის შედეგად, პროექტი მისთვის დამახასიათებელ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ ელფერს იღებს. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ე.წ. ქართულმა სატრანსპორტო დერეფნებმა უკვე შეიძინეს სათანადო ხელწერა.

III. აუცილებელია აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის მონაწილეობით ახალი სატრანსპორტო დერეფნების მოწყობის შესახებ ცალკეული სახელშეკრულებო მუხლები ბუნდოვანი და გაურკვეველია. მაგალითად, ამ მუხლების ინტერპრეტაცია არ იძლევა აშკარა განცდას, რომ კონკრეტული სატრანსპორტო პროექტის განხორციელება შეთანხმების ხელმომწერი მხარეების მიერ ერთხელ და სამუდამოდ წინასწარ განსაზღვრულია. არანაკლებ მნიშვნელოვანია სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოების გარანტია, და ის, თუ რამდენად შეუძლია რუსეთის ფედერაციას შეასრულოს მიუკერძოებლი გარანტორის როლი.

IV. აქვე ყურადღებას გავამახვილებთ შემდეგ ასპექტებზე: საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნები, მოქმედი საზღვაო პორტის საშუალებით, უზრუნველყოფენ ტვირთების გატარებას შავიზღვისპირეთში, ასეთი ინტერმოდალური სისტემა კი, ინვესტიციების თვალსაზრისით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგანაც პირდაპირ გავლენას ახდენს სატვირთო გადაზიდვების ეკონომიკურ მდგენელზე.

V. ასევე, აუცილებელად უნდა აღვნიშნოთ საქართველოს გავლით სატრანზიტო დერეფნების მიმზიდველობის ორი ძალზე მნიშვნელოვანი ელემენტი. უპირველეს ყოვლისა, ესაა თავად საქართველოს პოლიტიკური სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ სისტემა იდეალურისგან შორსაა, მისი უპირატესობა უდავოა ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, საქართველოს კანონმდებლობის გამჭვირვალეობის, სიმარტივისა და იოლად გასაგები ხასიათიდან გამომდინარე. გარდა ამისა, საერთო სურათში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ დასავლურ ბაზრებთან საქართველოს ინტეგრაციის მაღალი ხარისხი მის სამხრეთ კავკასიელ მეზობლებთან შედარებით. უფრო მეტიც, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ასეთი მდგრადი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია დასავლელ პარტნიორებთან არა მხოლოდ საქართველოსთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან საკითხს, არამედ ბაქოსა და ერევნის ინტერესებშიც შედის.

რეგიონალური ძალაუფლებების ფაქტორი

ცხადია, პირველ რიგში საინტერესოა რუსეთისა და თურქეთის როლი ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებაში. რუსული ფაქტორი, ამ შემთხვევაში, მეტად სპეციფიკური გახლავთ. საქმე იმაშია, რომ რადგანაც რუსეთს სომხეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობები, აზერბაიჯანთან კი გარკვეული თანამშრომლობის ფორმატი აკავშირებს, მოსკოვი ვალდებული იყო ძალზე დელიკატური ბალანსი შეენარჩუნებინა. ფაქტობრივად, არც ერთი დაპირისპირებული მხარე რუსეთის მიმართ "მტრულად" განწყობილი არ ყოფილა და, შესაბამისად, რუსეთის ქმედებები უფრო აწონილ-დაწონილი და კომპლექსური უნდა ყოფილიყო, ვიდრე პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვა კონფლიქტებისა და ომების დროს. ალბათ, სწორედ ამ სპეციფიკურმა ფაქტორმა განაპირობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში რიგი „მოქნილი“ ფორმულირებებისა, რაზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ.

უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი განმსაზღვრელი და ძალზე მნიშვნელოვანი ასპექტი - ორბუნებოვანი, გნებავთ სამბუნებოვანი ფაქტორი - მოსკოვის ქმედებები კონფლიქტთან დაკავშირებით. აქ იგულისხმება ზოგადი ფონი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებისა, რომლებიც არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არამედ მსოფლიოს სხვა წერტილებშიც იკვეთებიან.

მიუხედავად მოსკოვის ანკარასთან თანამშრომლობის ტაქტიკური ინტერესებისა, რუსეთი მაქსიმალურად შეეცადა თურქეთის როლის ლიმიტირებას პოსტკონფლიქტურ პერიოდში. ასე მაგალითად, 2020 წლის 10 ნოემბრის შეთანხმება ცდილობს შეზღუდოს თურქეთის სამხედრო ელემენტი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვის მონიტორინგის თვალსაზრისით; ამასთანავე, რუსეთი შეეცადა მაქსიმალურად გაენეიტრალებინა თურქეთის მცდელობები მინსკის ფორმატში მისი (ისევე, როგორც აზერბაიჯანის) როლის გაფართოებასთან დაკავშირებით.

ახლა კი მოკლედ განვიხილოთ, თუ როგორი დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს თურქეთს ამ საკითხისადმი, რასაც მეტწილად ქართული გადმოსახედიდან შევაფასებთ. ჯერ ერთი, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. მეორე, ანკარა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში, ასევე, თანმიმდევრულად და ღიად უჭერს მხარს საქართველოს სწრაფვას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისკენ.

გარდა ამისა, საკითხის კონტექსტში იკვეთება საქართველო-თურქეთის ურთიერთობების სავარაუდო სპეციფიკა, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენის გავრცელების შეკავების კუთხით. აქვე უნდა აღინიშნოს თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანთან პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების სურვილი, ისევე როგორც ანკარის პრაქტიკული ხასიათის ინტერესი ერევანთან ურთიერთობების დალაგებასთან დაკავშირებით.

სამხრეთ კავკასია როგორც სამმხრივი ფორმატი?

არც ღირს კითხვის დასმა იმის შესახებ თუ რა სარგებლის მომტანი იქნებოდა სამხრეთ კავკასიის ქვეყანებისათვის მათი სამმხრივი თანამშრომლობის ნებისმერი სახის ფორმატი. მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების გარდა, ამგვარი პარტნიორობა სამხრეთ კავკასიას, ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში, ხარისხობრივად განსხვავებულ თვისებებს შესძენდა და, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს გახდიდა. სამწუხაროდ, არსებული რეალობა მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. ჯამში, სამხრეთ კავკასიის პარადიგმა ძირითადად საქართველო-სომხეთისა და საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობებით შემოიფარგლება.

აქედან გამომდინარე, განჭვრეტად მომავალში სამხრეთ კავკასიური სამკუთხედის თანამშრომლობის ხარისხი თბილისი-ერევნისა და თბილისი-ბაქოს თანამშრომლობის ხარისხით განისაზღვრება. განვმეორდებით და აღვნიშნავთ, რომ ამჟამად სწორედ ასეთია რეგიონის ”რეალური პოლიტიკის” მოცემულობა და, ჯერჯერობით, ამ რეალობის შეცვლის პერსპექტივა არ სჩანს. შექმნილი ვითარება ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც მინიმუმ სამხრეთ კავკასიის პოტენციური საყრდენის უმნიშვნელოვანეს როლს საერთო ეკონომიკურ სივრცეში. აქედან გამომდინარე, მით უფრო მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიდა რეფორმირებების შედეგი, ასევე საქართველოს საერთაშორისო ცივილიზებულ საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრესის ხარისხი.

ვიქტორ ყიფიანი - „ჯეოქეისის“თავმჯდომარე

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს