კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, რონდელის ცენტრის მკვლევარს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.

- ბატონო კახა, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეთანხმებიდან გავიდა. ამ თემაზე ბევრი მოსაზრება უკვე გამოითქვა, მაგრამ ფაქტია, რომ მას ორი მთავარი განზომილება აქვს - პოლიტიკური და სამართლებრივი.

ალბათ სწორი იქნება, თუ ამ თემაზე საუბარს მომხდარის პოლიტიკური ასპექტებზე მსჯელობით დავიწყებთ და შემდეგ გადავალთ სამართლებრივ საკითხებზე.

თქვენ როგორ შეაფასებდით მმართველი პარტიის მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების პოლიტიკურ შემადგენელს?

- თუ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ვიწრო პარტიული ინტერესებიდან შევხედავთ, მხედველობაში მაქვს ის, გაიმარჯვებს თუ არა იგი მოახლოებულ არჩევნებში, შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება მათთვის სწორი იყოს.

მაგრამ, თუ მომხდარს ფართო პოლიტიკური მიზნებიდან შევხედავთ, ვგულისხმობ ქვეყნის პერსპექტივას, სტაბილურობას, საერთაშორისო პრიორიტეტებს და მიზნებს, ქვეყნის გრძელვადიან სტრატეგიასაც, მათ შორის „ქართული ოცნებისთვისაც“, რა თქმა უნდა, მომხდარი არასწორი გადაწყვეტილებაა და სერიოზულიც.

- უკვე ვიხილეთ მომხდარზე ევროპასა და ამერიკაში გარკვეული რეაქციები, მაგრამ საინტერესოა, თუნდაც ოკეანის გაღმიდან, ან ბრიუსელიდან როგორ შეიძლება ჩანდეს ჩვენში განვითარებული პროცესები და რა დასკვნები შეიძლება გააკეთონ ჩვენმა პარტნიორებმა?

- პირველი, რასაც ვხედავთ, მმართველი პარტიის მხრიდან 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლამ ამერიკაშიც და ევროპაშიც ჯერ დაბნეულობა გამოიწვია. „ქართული ოცნება“ და მთავრობა სულ კი აცხადებს, რომ მას და ქვეყანას ჰყავს დასავლელი პარტნიორები, მაგრამ, რაც მოხდა, სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი პარტნიორების უპატივცემულობა, მათ მიმართ აბსოლუტურად არაპარტნიორული დამოკიდებულება და ქცევა.

„ქართული ოცნება“ და მთავრობა სულ კი აცხადებს, რომ მას და ქვეყანას ჰყავს დასავლელი პარტნიორები, მაგრამ, რაც მოხდა, სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი პარტნიორების უპატივცემულობა, მათ მიმართ აბსოლუტურად არაპარტნიორული დამოკიდებულება და ქცევა

აქამდე, თითქოს ყველაფერში დამნაშავე „ნაცმოძრაობა“ იყო, არ აწერდა ხელს 19 აპრილის შეთანხმებას, მაგრამ ახლა „ქართულმა ოცნებამ“ აბსოლუტურად ყველა რეკორდები მოხსნა. საერთოდ მოახდინა შეთანხმების დენონსაცია, რომლის ერთერთი მედიატორი და ერთერთი მხარეც ევროპული საბჭო და მისი პრეზიდენტი გახლდათ.

პრაქტიკულად ევროპული საბჭო ევროკავშირია. ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს, ისევე წარმოადგენს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევროკავშირს. მოლაპარაკებებში ევროკავშირის გარდა ჩართული იყო ასევე შეერთებული შტატები. ამიტომ აშშ-ც შეიძლება იყოს განხილული როგორც მოლაპარაკებების მხარე.

19 აპრილის შეთანხმება არა იურიდიული, არამედ პოლიტიკური შეთანხმება გახლდათ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება დიდ პოლიტიკას, ამ ტიპის შეთანხმებებში ნებისმიერ სიტყვას აქვს მნიშვნელობა არათუ მთელ დოკუმენტს და მასზე ხელმოწერას.

შეთანხმებასაც რომ თავი დავანებოთ, საუბარია ევროკავშირისა და აშშ-ს მცდელობებზე შემდგარიყო 19 აპრილის შეთანხმება. ახლა ვნახეთ ის, რომ მმართველმა გუნდმა და მთავრობამ მათგან დამოუკიდებლად გამოაცხადა ეს შეთანხმება ანულირებულად და მისი დენონსაციის შესახებ გამოაცხადა. მოხდა ჩვენი დასავლელი პარტნიორების აბსურდული მიზეზით იგნორირება და მათი საკმაოდ სასაცილო მდგომარეობაში წარმოჩენა.

ევროკავშირსა და ამერიკასაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით უამრავი პრობლემა აქვს. გარდა ამისა, უამრავი საერთაშორისო პრობლემები არსებობს, რომლებსაც მათ უნდა მიხედონ. მიუხედავად ამისა, მათ დრო და ძალისხმევა არ დაუშურებიათ საქართველოში მომხდარიყო პოლიტიკური სტაბილიზაცია. როცა ასეთ ვითარებაში ქვეყნის მმართველი ძალა აკეთებს განცხადებას, ფაქტია, რომ მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში არასერიოზულად ნაბიჯად გამოჩნდება.

არ ვიცი რა რეაქცია ექნება ვაშინგტონსა და ბრიუსელს, მაგრამ ჯერჯერობით ვხედავთ, ისინი შოკში არიან.

- ვაშინგტონი და ბრიუსელი შოკიდან რომ გამოვლენ, მათი პასუხი სავარაუდოდ, როგორი იქნება?

- ვაშინგტონი და ბრიუსელი შოკიდან რომ გამოვლენ, ამის შემდეგ იქნება დასავლური პასუხი. დასავლური პასუხი არის რაციონალური, მშვიდი, მაგრამ ქმედითი და ხშირ შემთხვევაში მტკივნეული.

ვაშინგტონი და ბრიუსელი შოკიდან რომ გამოვლენ, ამის შემდეგ იქნება დასავლური პასუხი. დასავლური პასუხი არის რაციონალური, მშვიდი, მაგრამ ქმედითი და ხშირ შემთხვევაში მტკივნეული

- მტკივნეული ქვეყნისთვის იქნება თუ ქვეყნის მმართველი გუნდისთვის?

- მტკივნეული იქნება ორივესთვის, მმართველობისთვისაც და სამწუხაროდ, ქვეყნისთვისაც.

- დასავლეთის რეაქციაზე რომ თემა ამოვწუროთ კიდევ ერთი კითხვის დასმა მომიწევს. მომხდარი ბევრმა შეაფასა როგორც ევროპასა და ამერიკაზე, როგორც ჩვენს პარტნიორებზე უარის თქმა.

მეტიც, მომხდარი ბევრმა მიიჩნია იმის ოფიციალურ დადასტურებად, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვალა. თქვენთვის რამდენად მისაღებია ამგვარი შეფასებები?

- ყოველ შემთხვევაში დადასტურდა ის, რომ მმართველი გუნდისთვის არსებობს რაღაცეები, რაც უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ქვეყნის დასავლური კურსი.

- აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობების განცხადებაში ნათქვამია - „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მომავალი ადარდებს“...

- სანამ სენატის ეს განცხადება იქნებოდა, მე გუშინ დილით მივეცი ერთერთ ინტერნეტგამოცემას ინტერვიუ, სადაც ზუსტად იგივე აზრი გამოვთქვი.

ამ თემაზე საუბრისას მე მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ დასავლურ კურსზე მეტად პრიორიტეტულობა ეხება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ „ნაცმოძრაობასაც“. ბოლო პერიოდში „ნაცმოძრაობის“ მოქმედება იმავე სულისკვეთებისაა, როგორიც „ქართული ოცნების“.

მაგრამ, ახლა საუბარი არაა „ნაცმოძრაობაზე“. ის არ მართავს ქვეყანას და მას ვერ მოვთხოვთ იმდენ პასუხისმგებლობას, რომელიც ხელისუფლებას ადა მმართველ გუნდს აქვთ.

აშშ-ს სენატის კომიტეტის მსგავსი მოსაზრება გამოთქვა ევროპარლამენტარმა ქალბატონმა. მანაც ზუსტად იგივე თქვა, კერძოდ, - პოლიტიკური ძალები ეწევიან საშინელ თამაშს ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

ვფიქრობ, ეს ძალიან ზუსტი ფორმულაა და იგი ეხება არა მარტო მმართველ „ქართულ ოცნებას“, არამედ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას - „ნაცმოძრაობას“.

ფაქტია, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალების“ქმედებებში არც ჩანს ის, რომ მათთვის ქვეყნის და ხალხის ინტერესია პირველი რიგის ამოცანა. ორივეს ამოცანაა პოლიტიკურ ბრძოლაში გაიმარჯვოს ერთერთმა მათგანმა. არადა, ამასობაში, არაა გამორიცხული უპირველესად ქვეყნის ინტერესები დაზარალდეს.

„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალების“ქმედებებში არც ჩანს ის, რომ მათთვის ქვეყნის და ხალხის ინტერესია პირველი რიგის ამოცანა. ორივეს ამოცანაა პოლიტიკურ ბრძოლაში გაიმარჯვოს ერთერთმა მათგანმა. არადა, ამასობაში, არაა გამორიცხული უპირველესად ქვეყნის ინტერესები დაზარალდეს

- „ქართული ოცნების“ განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლა უკავშირდებოდა იმას, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ქვეყანაში არ შემცირებულა საზოგადოებაში პოლარიზაცია.

არადა, უკვე ვნახე, რომ ამ გადაწყვეტილებით ქვეყანამ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა სწორედ უკიდურესი პოლარიზაციისაკენ.

თქვენი დაკვირვებით ხელისუფლებამ რატომ გადადგა ნაბიჯი საზოგადოებაში არსებული განწყობების კიდევ უფრო პოლარიზაციისაკენ და რა შეიძლება იყოს ამის მიზანი?

- არავის ეპარება ეჭვი. რომ მომხდარი პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. მიზანი ხელისუფლების შენარჩუნებაა. ხელისუფლებისთვის ძალაუფლების შენარჩუნების ფორმულაა - ვინც ჩვენთან არაა, ჩვენს წინააღმდეგაა. პოლარიზაცია ხელს უწყობს მოსახლეობის პოლიტიკური ნიშნით მკვეთრად გაყოფას. ვინც „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს, ჩვენი მომხრეა, ვინც არ უჭერს მხარს, ჩვენს წინააღმდეგაა.

ისინი კი არ არიან, ვისაც შესაძლოა სხვა აზრი აქვს. პოლარიზაცია იძლევა შესაძლებლობას, რომ პროცესის რადიკალიზაციის ხარჯზე მოხდეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მობილიზაცია.

პოლარიზაცია იძლევა შესაძლებლობას, რომ პროცესის რადიკალიზაციის ხარჯზე მოხდეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მობილიზაცია

თუ თავის მიზნებს სწორად განსაზღვრავდა, პროცესის რადიკალიზაცია არც ოპოზიციას არ სჭირდებოდა. არ ვგულისხმობ მთელ ოპოზიციას. ვგულისხმობ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციით თავადაც იყო დაინტერესებული. ამგვარი სცენარით პროცესები განვითარება ხალხის და ქვეყნის ინტერესებში არანაირად არ შედიოდა.

- დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას მე-9 წელია მართავს, წინა 9 წელი ქვეყანას წინა ხელისუფლება მართავდა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ორივე მხარის ლიდერშიფს ან ავიწყდება, არ იცის, რომ თუ ქვეყნის ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსი არ იქნა, სახელმწიფო ვერც შედგება და ვერც იფნქციონირებს...

- არ ვიცი დაავიწყდათ თუ არ იციან, მაგრამ მე მგონია, რომ არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაცმოძრაობას“ არ შეუძლიათ ქვეყნის სხვანაირად, ანუ, ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსით მართვა.

პოლიტიკურ ძალებს შოროს ძირითად საკითხებზე კონსენსუსის მაგალითია ევროპა. ევროპის ყველა ძირითად ქვეყნებში კომპრომისული მმართველობაა. ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის რადიკალური დაპირისპირება ძალიან იშვიათია.

ევროპაში მხოლოდ ამ ბოლო დროს გამოჩდნენ ულტრარადიკალური ძალები. ევროპაში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ულტრარადიკალური ძალები პრაქტიკულად არც იყვნენ.

- არანაკლებ პრობლემურია მომხდარის სამართლებრივი ასპექტები. თუ ასე გაგრძელდა სათუო გახდება შეძლებს თუ არა პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას.

თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ როგორ განვითარდება პროცესები თუნდაც პარლამენტში?

- ფაქტია, რომ მას შემდეგ რაც 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი გუნდი გამოვიდა, ადრე არსებულმა კონსტრუქციამ ნგრევა დაიწყო. ის კონსტრუქცია იმისთვის იქნა მიღწეული, რომ ქვეყანაში სტაბილიზაცია მომხდარიყო. ასე მოხდა მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესს დიდი ვნებათაღელვა უძღოდა წინ და შინაგანი დაპირისპირება შენარჩუნებული იყო.

როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს. სამოქალაქო დაპირისპირება გარკვეული დოზით ჩვენ უკვე ვიხილეთ 5 ივლისს. წარმოდგენაც არ მინდა, რომ ამ პროცესმა მასშტაბური სახე მიიღოს. ის, რაც 5 ივლისს მოხდა იყო შედეგი იმისა, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის კომპრომისი არ არსებობდა. მეტიც, არსებობდა და არსებობს პრინციპი - ვინც ჩემთან არაა, ჩვენი მტერია.

რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში პასუხისმგებლობა მმართველ ძალაზეა. ხელისუფლებას ევროკავშირი დაეხმარა, ამერიკა დაეხმარა რომ კონსენსუსისკენ გადადგმულიყო ნაბიჯები და მას გარკვეული სტაბილიზაციისთვის მიეღწია.

ევროპისა და ამერიკის მცდელობების მიუხედავად დახმარებოდა ხელისუფლებას მიეღწია ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას, ვნახეთ, რომ ქვეყანის სტაბილიზაცია ხელისუფლებამ ვერ მოახერხა და ვერ შეძლო ქვეყნის მოსახლეობის გამთლიანება. თუ ასეთი მიზანი ხელისუფლებას არ აქვს, იგი სწორად არ მოქმედებს და არ შეიძლება იგი იყოს ხელისუფლებაში.

ევროპისა და ამერიკის მცდელობების მიუხედავად დახმარებოდა ხელისუფლებას მიეღწია ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას, ვნახეთ, რომ ქვეყანის სტაბილიზაცია ხელისუფლებამ ვერ მოახერხა და ვერ შეძლო ქვეყნის მოსახლეობის გამთლიანება. თუ ასეთი მიზანი ხელისუფლებას არ აქვს, იგი სწორად არ მოქმედებს და არ შეიძლება იგი იყოს ხელისუფლებაში

ქვეყნის ერთიანობა არ გახლავთ მხოლოდ შიდაპოლიტიკური საკითხი. ქვეყანის მოსახლეობის ერთიანობა ქვეყნის გადარჩენის საკითხიცაა. თუ ქვეყანაში აზრთა სხვადასხვაობა ზედმეტადაც კი მაღალი იქნა, პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია, ის ქვეყანა ვერ გადარჩება და დაიშლება.

ჩვენ ხომ აგრესიულ გარემოში ვცხოვრობთ. ჩვენს ირგვლივ უამრავი ქყეყანაა, რომლებსაც ჩვენს ტერიტორიებზე თვალი უჭირავთ. მათ შორის ერთი მსოფლიოში ერთერთი უდიდესი და ბირთვული ქვეყანაა.

კონკურენცია სხვაა, მტრობა სხვა. ასეთ ვითარებაში მოსახლეობის გაყოფა, გახლეჩვა და მტრობა ქვეყნის დაშლისკენ და დაბყრობისა და დამორჩილებისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა. ამგვარი ვითარება არც მმართველ ძალას გამოდგება და არც ოპოზიციას. მითუმეტეს ქვეყნის მოსახლეობას. ამგვარი აზროვნება სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მომავალზე მოკლევადიანი ხედვის ქონა.

ყველაფრის გარდა, ეს არის ის ჯინი, რომლის ამოშვება ბოთლიდან ხდება. მოსაზრება, რომ ასე მოვიგებ ადგილობრივ არჩევნებს და მერე დავასტაბილურებ ქვეყანაში ვითარებას, მცდარი აღმოჩნდება, რადგან ეს იმ ტიპის ჯინია, რომელსაც თუ გამოუშვებ, შემდეგ მას უკან ბოთლში რამოდენიმე წელშიც კი ვეღარ დააბრუნებ. ზოგი ქვეყანა ხალხის ამ ტიპის დაპირისპირებასა და პოლარიზაციაში ათწლეულობითაა ჩართული.

- შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ რასაც ახლა ვხედავთ, კიდევ კარგი, რომ ხალხი გაფაციცებით კი ადევნებს თვალს მოვლენებს, მაგრამ არ ერევა.

ვხედავთ იმასაც, რომ ორივე მხარე ძალიან ცდილობს ამ პროცესში ხალხის ჩართვას, მაგრამ, როგორც ჩანს, ხალხი უფრო მეტად იჩენს პასუხისმგებლობას და ამ პროცესს უყურებს და დუმს...

- ჩემი აზრით, ხალხი ვერ ხედავს იმ ლიდერებს, რომლებსაც მან შეიძლება მოუსმინოს, წაყვეს და ბოლომდე დაუჯეროს და ენდოს. ვერ ვიტყოდი, რომ ხალხი დაჭკვიანდა. მე უფრო ასე ვიტყოდი, აღარაა მარტივი ხალხის მოტყუება. შეიძლება ხალხი აიყოლიო, მაგრამ დიდი ნაწილი ვერა.

ვფიქრობ, სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალები გადავიდნენ რადიკალიზმზე. მათი აზრით, მხოლოდ უკიდურესი რადიკალური იდეებითა შესაძლებელი ხალხის კონკრეტულ ქმედებებზე დაყოლიება.

მაგრამ, ახლა ხალხზე მანიპულაციაც ასე მარტივად შეუძლებელია. ვფიქრობ, ახლა ისინი იმას აკვირდებიან, არსებობენ თუ არა ისეთი ლიდერები, რომლებსაც ხალხმა შეიძლება ბოლომდე დაუჯეროს. სამწუხაროდ, დამაჯერებლად ბევრი საუბრობს, მაგრამ ხალხი პოლიტიკაში ბრძენ ლიდერებს ვერ ხედავს.

მეოცე საუკუნის ერთერთ უდიდეს ესპანელ ფილოსოფოსს, ხოსე ორტეგა ი გასეტს დაწერილი აქვს შესანიშნავი წიგნი „მასების რევოლუცია“. მასში აღწერილია პროცესი, როცა ლიდერობა ხდება მასობრივი მოვლენა და ყველას შეუძლია გახდეს ლიდერი. ანუ, ნებისმიერი განათლების, გაქანების, რწმენის და ღირსების ადამიანს შეუძლია გახდეს ლიდერი. ასეთ ვითარებაში ხდება მმართველი კლასის დეგრადაცია.

ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, თუ ვინმე უხერხულად იგრძნობს თავს, მაგრამ მაინც ვიტყვი - ჩემი აზრით, დღევანდელ საქართველოში სახეზე გვაქვს ჩვენი მთელი პოლიტიკური კლასის სრული დეგრადაცია.

დღევანდელ საქართველოში სახეზე გვაქვს ჩვენი მთელი პოლიტიკური კლასის სრული დეგრადაცია

თუ პოლიტიკური კლასი ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ვერ აგვარებს, ე.ი. ისინი თავის საქმეს სათანადოდ ვერ ასრულებენ. მათი მთავარი საქმეა ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ხალხს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენენონ თავისი შესაძლებლობები და მოახდინონ თავისი რესურსების რეალიზაცია.

როცა ეს ვერ და ხერხდება, გამოდის პოლიტიკურ კლასს არ აქვს შესაბამისი დონე, გაქანება და შესაძლებლობა. როცა ხალხი ამას ხედავს, იგი ასე მარტივად ვეღარ დგება რომელიმე მხარეს.

- ახლა აქტუალური თემაა დარჩება თუ არა ოპოზიცია პარლამენტში. საუბარია იმ ნაწილზე, რომელიც ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმშია.

ვითარებაში, როცა როგორც მმართველმა გუნდმა თქვა, რომ გასულია თამაშიდან, ოპოზიციის ნებისმიერი რადიკალური გადაწყვეტილების შემთხვევაში კარგ სურათს კი არა, პრაქტიკულად აბსოლუტურად არაპროგნოზირებად ვითარებას ვიღებთ...

- დიახ, სამწუხაროდ, ასეა. პარლამენტიდან გასვლა-გამოსვლა ახლა ნამდვილად არ იქნება საქმის სასურველი შედეგით გადაწყვეტა. ასეთ შემთხვევაში ისევ პროცესის რადიკალიზაციას ვიღებთ და ისევ ვუბრუნდებით იმ სცენარს, რომელიც იყო ბოიკოტის სახით არჩევნების შემდეგ. ეს თითქოს გამოვიარეთ, მაგრამ ალა იმავე სცენარს ვუბრუნდებით. ვთქვათ, ასე მოხდა, მაგრამ გაუგებარია ამით ქვეყანა რას მოგებს?

მოკლედ, ძალიან რთული და არასახარბიელო სიტუაციაში რომ ვართ, ამაში გეთანხმებით. ამგვარი ვითარება შექმნილია პოლიტიკური ძალების არასწორი მოქმედებების გამო. საბოლოო ჯამში, ძალიან ცუდია, რომ ამით ხალხი და ქვეყანა ზარალდება. ასეთია მოცემულობა.

მოკლედ, ძალიან რთული და არასახარბიელო სიტუაციაში რომ ვართ. ამგვარი ვითარება შექმნილია პოლიტიკური ძალების არასწორი მოქმედებების გამო. საბოლოო ჯამში, ძალიან ცუდია, რომ ამით ხალხი და ქვეყანა ზარალდება

ჩემი აზრით, ასე იმიტომ ხდება, რომ ხალხს არავინ არაფერს ეკითხება. ქვეყანაში დემოკრატია ვითომ არსებობს, სინამდვილეში, რეალურად ხალხის აზრს არავინ უსმებს და იგებს. პირიქით, ხდება პოლიტიკური სპექტრიდან ხალხის აზრის მანიპულირება. პოლიტიკური ძალების ძალისხმევა იმაზე კი არაა მიმართული გაიგონ ხალხს რა უნდა, არამედ იმისკენ, რომ ადამიანების აზრები შეცვალონ ისე, რომ შემდეგ მათთვის ადვილი გახდეს იმავე ადამიანებით მანიპულირება.

- როცა მმართველმა გუნდმა 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ბევრმა ჩათვალა, რომ ამგვარი ნაბიჯის გადადგმა „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა იმისთვის დასჭირდა, რომ მოახლოებულ არჩევნებზე ჩატარებულიყო ვადამდელი არჩევნებიც. ანუ, ეს ნაბიჯი ვადამდელი არჩევნების დასანიშნად დასჭირდა მას.

მიუხედავად იმისა, რომ ამის ნიშნები ჯერ არ ჩანს, მაინც ვიკითხავ - რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ „ქართულმა ოცნება“ მართლაც თავად დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?

- ვფიქრობ, თავად „ქართულ ოცნებას“ ვერ გადაუწყვეტია რა ქნას - დანიშნოს ვადამდელი არჩევნები თუ არა. ჩემი აზრით, მას ამ თვალსაზრისითაც უნდა ჰქონდეს ხელები თავისუფალი.

ეს კობახიძის განცხადებაშიც გამოჩნდა, როცა თქვა, - ჩვენ 43%-ის აღების შემთხვევაში კი არა, იმ შემთხვევაშიც ჩავატარებთ ვადამდელ არჩევნებს, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ დავრწმუნდებით, რომ ოპოზიციაში არსებობს კოალიციური მმართველობისთვის მზადყოფნაო,

ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ამის ვალდებულება ექნება. ამგვარი ვალდებულება მას 19 აპრილის შეთანხმებით ჰქონდა. „ქართული ოცნება“ ახლა კი ამბობს, რომ მასზე უნდა იყოს დამოკიდებული ჩატარდება თუ არა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

„ქართული ოცნება“ ახლა კი ამბობს, რომ მასზე უნდა იყოს დამოკიდებული ჩატარდება თუ არა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

თუ მმართველმა გუნდმა ადგილობრივ არჩევნებზე დაინახა, რომ მოსახლეობა მას მხარს უჭერს, თან აქტიურად, მაშინ მართლაც არ გამოვრიცხავ, რომ თავად დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

- სხვათა შორის, ახლა ისიც აქტუალური თემაა, ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში...

- დიახ. ეს ის თემაა, რომელზეც ოპოზიციაში ახლა იქნება დიდი ბჭობა და დავა. ოპოზიციის უმეტესობა ემხრობა მოსაზრებას რომ მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. იმედია, ისინი ამას გააკეთებენ. ასე იმის გამო ვფიქრობ, რომ არა მგონია ბოიკოტმა შედეგი გამოიღოს.

თუ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, „ქართული ოცნება“ ადგილობრივ ორგანოებს მხოლოდ თავად დააკომპლექტებს. ეს კი შესაძლოა აღმოჩნდეს დიქტატურის საფუძველი.

ბელორუსი არჩევნების შემდეგ დიქტატურის გზით წავიდა. ჩვენთანაც ბევრი ფიქრობს ასე - თუ ეს ბელორუსმა შეძლო, ჩვენთან რატომ არ შეიძლება მოხდეს იგივე. თუ ოპოზიცია ამაში ხელს შეგვიწყობს, ჩვენც იმავე გზით ვივლით. რა, ქვეყანას ოპოზიციის გარეშე ვერ ვმართავთ?

დიქტატურაში, რა თქმა უნდა, ერთპარტიული მმართველობა ვიგულისხმე. არ არის გამორიცხული, რომ ახლა „ქართულ ოცნება“ ამ აზრს ეგუებოდეს. ამიტომ, არჩევნების ბოიკოტი შესაძლოა აღმოჩნდეს კონტრპროდუქტიული. ანუ მოხდეს ისე, როგორ ბელორუსშია ვითარება.

ბელორუსში ოპოზიცია პოლიტიკურ პროცესებში რეალურად არც მონაწილეობს, ისინი მმართველი ძალის მიერ არიან გარიყულები. ახლა ბელორუსში ერთპარტიული მმართველობაა და მას ერთი კაცი მართავს, რომელსაც მხარს რუსეთის პრეზიდენტი უჭერს მხარს და მას ასე მარტივად არავის დააჩაგვრინებს. არა გამორიცხული პროცესები საქართველოში ბელორუსის განვითარებული პროცესები მსგავსად განვითარდეს.

დღევანდელ ვითარებაში პოლიტიკური პროცესებისგან ოპოზიციური ძალების თვითიზოლირება ჩვენში მოვლენათა განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი იქნებოდა.

დღევანდელ ვითარებაში პოლიტიკური პროცესებისგან ოპოზიციური ძალების თვითიზოლირება ჩვენში მოვლენათა განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი იქნებოდა

ალბათ, ჩვენს ოპოზიციას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებიც ამას ეუბნებიან, რადგან ოპოზიციის თვითიზოლირება, ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო ტრენდი იქნება.

თუ ოპოზიცია თვითიზოლირებაში მოიქცევს თავს, თავის თავს პოლიტიკიდან თავად გარიყავს და ხელისუფლება თავს ბევრად უკეთესად იგრძნობს. სენტიმენტების დრო აღარ არის. ვერ ვხედავ, რომ ქვეყანაში იყოს იმგვარი განწყობა, რომ ჩვენში საზოგადოება პლურალისტური უნდა იყოს.

ევროპამ და ამერიკამ დააძალა ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერა. აღმოჩნდა, რომ მმართველ ძალას იგი სულაც არ სჭირდება, ისევე როგორც პლურალისტული პარლამენტი არ სჭირდება.

ევროპამ და ამერიკამ დააძალა ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერა. აღმოჩნდა, რომ მმართველ ძალას იგი სულაც არ სჭირდება, ისევე როგორც პლურალისტული პარლამენტი არ სჭირდება

თუ ოპოზიცია მოახლოებულ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება.

- ამგვარი რამ ქვეყნისთვის საკმაოდ მძიმე პერსპექტივაა...

- დიახ, ასეა, მაგრამ ამგვარი პერსპექტივა რომ შეიძლება გვქონდეს, ეს მოსახლეობამ უნდა დაინახოს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით