„M ვექტორის“ 2021 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია ონლაინ გაიმართა

მიმდინარე წლის 28 ივლისს მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურს „M ვექტორის“ 2021 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია ონლაინ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონკურსის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, მან ახალგაზრდებს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, კანცლერი მაგდა მაღრაძე, ფონდი „ქართუს“ თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, ფონდი „ქართუს“ პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის (EPRA) დირექტორი და "M ვექტორის" დამფუძნებელი მაია მიმინოშვილი, გასული წლის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული და KIU-ს ამჟამინდელი სტუდენტი ნიკოლოზ გოგოლაძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ 2021 წლის კონკურსის მონაწილეები, მათი მეგობრები და ოჯახის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.

უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ გამარჯვება მიულოცა პროექტის ფინალისტებს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია გააცნო და მომავალ სასწავლო წელს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტურზე მიიწვია. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონკურსი "M ვექტორის" და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ოლიმპიადების გამარჯვებულებს უნივერსიტეტში სწავლისა და ცხოვრების დაფინანსებას სთავაზობს.

"M ვექტორის" წლევანდელ კონკურსზე 923 მსურველი დარეგისტრირდა, მათგან დასკვნით ეტაპზე 123 გადავიდა, საპრიზო ადგილები კი 22-მა მოსწავლემ გაინაწილეს. საპრიზო ადგილებზე გავიდნენ ის მონაწილეები, რომლებმაც მაქსიმალური საკონკურსო ქულის (60 ქულის) 70 %-ზე მეტი მიიღეს. კონკურსის 2021 წლის შედეგებია:

I ადგილი - 60 ქულა - 2 გამარჯვებული

ll ადგილი - 54-58 ქულა - 4 გამარჯვებული

lll ადგილი - 43-51 ქულა - 16 გამარჯვებული

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ შემდეგი ჯილდოები/ტექნიკის ვაუჩერი:

I ადგილი - 3 000 ლარი

ll ადგილი - 2 000 ლარი

lll ადგილი - 1 000 ლარი

ამასთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონკურსის იმ გამარჯვებულებს, რომლებიც გადაწყვეტენ KIU-ში ჩაბარებას, საშუალება ექნებათ ისარგებლონ ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო და საცხოვრებელი გრანტებით, უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში.

კონკურსის შესახებ:

M ვექტორი მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების განვითარების ხელშემწყობი თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს მისადაგებული ფორმატის კონკურსია, რომელიც ორიენტირებულია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზე. „M ვექტორს“ საფუძველი 2020 წელს ჩაეყარა. კონკურსის მონაწილეებს არა მხოლოდ მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების გამოვლენას და ცოდნის გაღრმავებას, არამედ ამ ცოდნით კონკრეტული მათემატიკური პრობლემების საინტერესო გადაჭრის გზების მიგნებას სთავაზობს. „M ვექტორი“ იმ მეთორმეტე და მეთერთმეტე კლასელებსა და აბიტურიენტებზეა გათვლილი, რომლებსაც აინტერესებთ და უყვართ მათემატიკა, თუმცა პროექტი მკაცრს შეზღუდვას არ აწესებს - მასში მონაწილეობის მიღება უფრო დაბალი კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ.

კონკურსს აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU). პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების სამინისტრო. კონკურსის განმახორციელებელია საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია (EPRA). კონკურსის შესახებ დეტალები იხ.: www.mvector.ge“, - ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსისტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს