რუსთავში „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი“ შენდება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ბავშვთა უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ დავით სერგეენკომ, რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, რუსთავში მშენებარე „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი“ დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ცენტრის მშენებლობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურსა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე მიმდინარეობს.

„სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა საერთაშორისო დონორების, ძირითადად ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გამოყოფილი თანხით მიმდინარეობს. აქ შენდება ზოგადად შშმ ბავშვებისთვის სპეციალური ცენტრი, რომელიც აქცენტირებული იქნება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებზე, რაც ძალიან გასახარი და მისასალმებელია. ეს ცენტრი ყველა ტექნოლოგიის გათვალისწინებით შენდება, დამატებით, რა თქმა უნდა, ის პერსონალიც გადამზადდება, რომელიც აქ იმუშავებს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. რუსთავის მერიის ცნობით, პროექტის ღირებულება 779 750 ამერიკული დოლარია და მისი დასრულების შემდეგ სერვისის მიღების შესაძლებლობა 150 ბენეფიციარს ექნება.

„პროექტი რუსთავის მუნიციპალიტეტის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. ეს სარეაბილიტაციო ცენტრი, იქნება არა მხოლოდ რუსთაველებისთვის, არამედ ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეგიონის მასშტაბით მოემსახურება მსურველებს. ჩვენ მომავალშიც აქტიურად ვიქნებით ჩართულები, რათა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებმა მათთვის აუცილებელი სერვისის მიღება შეუფერხებლად შეეძლონ“, - განაცხადა რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ. რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ლარით აფინასებს რუსთავის შშმ პირთა დღის ცენტრს და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დაფინანსება მომავალშიც გაგრძელდება. ,,რუსთავის მუნიციპალიტეტი შშმ პირთა დღის ცენტრის ხარჯებს წლის განმავლობაში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარით ანაზღაურებს. ყველა მუნიციპალიტეტს აქვს სპეციალური პროგრამები და ვაუჩერის სახით გასცემს ამ ტიპის მომსახურებას. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრს ამ სახით შემოსავლი გაუჩნდება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად ბენეფიციარებს არ მოუწევთ თანხის გადახდა და უფასოდ ისარგებლებენ ცენტრის მომსახურებით“, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო