გიორგი ხვედელიანი - ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიშელის ხელშეკრულება კი არა, ქართველი ხალხის ნება გადაწყვეტს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის ხელისუფლების მიერ ანულირების შემდეგ, დასავლელი პარტნიორების მხრიდან მწვავე განცხადებები ისმის. როგორ განვითარდება პროცესები ქვეყანაში, რას ცვლის „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება და რა მოლოდინი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ წინასარჩევნოდ, ამ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი ხვედელიანს ესაუბრა.

- როგორ შეაფასებდით მმართველი პარტიის მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას?

- ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით ორი რამ აჩვენა. პირველი - ის შეშინებულია იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ შედეგი 43%-თან ახლოსაც კი არ არის და მეორე - უნდოდათ იმის ჩვენება, რომ მიუხედავად სახალხო მხარდაჭერის არქონისა, ხელისუფლებას მაინც შეინარჩუნებენ. თუმცა, ეს საქართველოში ვერავინ შეძლო და, რა თქმა უნდა, ვერც „ქართული ოცნება“ მოახერხებს.

ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიშელის ხელშეკრულება კი არა, ქართველი ამომრჩევლის ნება წყვეტს. აქედან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც ჩვენ ოქტომბრის რეფერენდუმში დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“, მათ მოუწევთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა შეთანხმების მათ მიერ ე.წ. “ანულირებას”. ერთადერთი რაშიც ამ ქმედებამ დაგვაზარალა ისაა, რომ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია საბოლოოდ შელახეს. სწორედ ეს გააკეთეს აღნიშნული გადაწყვეტილებით - თავზე გადაახიეს საერთაშორისო თანამეგობრობას მათთან დადებული პირობა. ქვეყნის იმიჯის კონსტრუირებას მრავალწლიანი მუშაობა და გაძლიერება სჭირდება, ჩამონგრევას კი ერთი დღე და ერთი განცხადება. აი, ამის გამკეთებელია ეს ხელისუფლება. ამით კარგად აჩვენებენ, რომ ყველაფრის მკადრებლები არიან, მაგრამ ნამდვილად არ გაუვათ. ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც ხალხი ერთად დადგება, ეს ხელისუფლება ძალას დაკარგავს, რადგან ხალხის მხარდაჭერის გარეშე ძალაუფლებაში ყოფნა ამ ქვეყანაში არავის გასვლია, მითუმეტეს, „ქართული ოცნების“ პროვინციალურ ავტოკრატიას არ გაუვა.

- როგორ ფიქრობთ, იმის მიუხედავად, მოაწერდა თუ არა „ნაცინალური მოძრაობა“ 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას ხელს, მოახდენდა თუ არა „ქართული ოცნება“ დოკუმენტის ანულირებას?

- რასაკვირველია, მოახდენდა. ეს ჩვენმა საერთაშორისო პარტიორებმაც იციან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ ხელშეკრულების ძირითად პათოსს შეუერთდა, პოლიტიკურად გაიზიარა და ამის საფუძველზე შევიდა პარლამენტში. ტექნიკურად ამ ხელშეკრულებას ხელი არ მოვაწერეთ, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ არ ვეთანხმებოდით ამნისტიის იმ მოდელს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა. დანარჩენი, ჩვენ ამ შეთანხმების პოლიტიკურ სულისკვეთებას აბსოლუტურად ვიზიარებდით, სწორედ ამის გამო შევედით პარლამენტშიც.

- შეიძლება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ საპარლამენტო მანდატის დატოვებამ არსებულ პოლიტიკურ რეალობაში რამე შეცვალოს?

-ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატი დატოვა იმიტომ, რომ თავიდან ბოლომდე რეფერენდუმის კამპანიაში ჩაერთო. ის არის მერობის კანდიდატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მან უნდა ჩაატაროს ეროვნული კამპანია. ნიკა მელიამ ვეღარ დაინახა იმ პარლამენტში ყოფნის აზრი, რომლის ლეგიტიმაცია ისედაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და ახლა კი საბოლოოდ ანულირდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელშეკრულების ანულირება მოახდინა. მიზეზი, რის გამოც პარტიის დანარჩენი წევრები პარლამენტში დარჩნენ, ტექნიკური ხასიათისაა, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ კონსტიტუციის ცვლილებაში მიიღონ მონაწილეობა. თორემ ამ პარლამენტში ყოფნას, აზრი არც ჩვენი პარტიისთვის აქვს და არც ხალხისა და ქვეყნისთვის.

- რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც საარევნოდ საქართველოში დაბრუნებას აანონსებს.

- მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნოდ ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს. მიმაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური კლიმატი კიდევ ერთხელ არ უნდა დაარღვიოს და არ უნდა მოახდინოს შეთითხნილი ბრალდებებით მასზე რაიმე სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. მიხეილ სააკაშვილმა უკვე სტრასბურგში შეიტანა სარჩელი, სადაც საქართველოს სასამართლოსა და პროკურატურას უჩივის იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მის წინააღმდეგ აამუშავეს. ის არის პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც აქვს მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა და მას უნდა ჰქონდეს თავისუფალი გადაადგილებისა და პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლებლობა იმ დოზით, რა დოზითაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს.

- როგორ შეაფასებდით 2 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შანსებს, რა მოლოდინი გაქვთ?

- ვფიქრობ, ძალიან დიდი შანსები გვაქვს და აქვს ჩვენს მერობის კანდიდატ ნიკა მელიას, რომელიც არის გამაერთიანებელი ფიგურა საკუთარი პოლიტიკური ბუნებით და ფართო ოპოზიციური სპექტრისა და საზოგადოების მხარდაჭერა აქვს. ჩვენ სრულიად ახალი თბილისის კოალიციური მართვა შევთავაზეთ საზოგადოებას. რაც უნდა იყოს გენერალური რეპეტიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, თუ როგორ უნდა წარდგნენ ოპოზიციური ჯგუფები არჩევნებზე და რა უნდა შესთავაზონ ქართველ ხალხს. ჩვენ ნამდვილად გადავედით იმ ფაზაში, როცა ქალაქიც და ქვეყანაც უნდა ვმართოთ კოალიციურად. ჩვენი მოდელი არის უპრეცედენტო, როდესაც მართლაც ჯანსაღი ძალების დაბალანსებულ კოალიციას ვთავაზობთ თბილისს.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი ნაბიჯი გადადგა ოპოზიციის ნაწილმა, როდესაც თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელია დასახელდა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ელენე ხოშტარია?

- ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, მჯერა, რომ ნიკა თბილისის ძალიან კარგი, მთელი ქალაქის და არა ერთი პარტიის მერი იქნება. ზუსტად იმავეს თქმა შემიძლია ელენე ხოშტარიაზე, რომელიც ერთი მხრივ, დაეხმარება და მეორე მხრივ, გააკონტროლებს ქალაქის მერიის მუშაობას. ის არის ერთ-ერთი გამორჩეული ოპოზიციური ლიდერი, რომელსაც საზოგადოების მაღალი ნდობა აქვს. მგონია, რომ კიდევ მეტი ადამიანი შემოუერთდება ამ გაერთიანებას, როგორც სამოქალაქო საზოგადოებიდან, ისე პოლიტიკური წრეებიდან.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ოპოზიციური ერთობის შენარჩუნება? როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა ოპოზიციური სპექტრი ერთიანი, თუნდაც ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების პერიოდში?

- რასაკვირველია, სხვადასხვა პარტიები განსხვავებული სიით წარდგებიან ამ არჩევნებზე, მაგრამ ძირითადი ძალები უკვე არიან ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას კანდიდატურის ირგვლივ გაერთიანებულები. რაც შეეხება ოპოზიციურ ერთობას, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვა პარტიებთან ერთად, შესთავაზეს ეს გაერთიანება საზოგადოებას, როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებში იმიტომ, რომ ჩვენ იგივე პრინციპით გვინდა ვიმოქმედოთ ყველა დიდ ქალაქში, იქაც გვყავდეს ერთიანი,ძლიერი კანდიდატები. მგონია, რომ „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად ეს არის მთავარი ცენტრი, რომელიც არის ინკლუზიურ პრინციპებზე ჩამოყალიბებული, არის დაბალანსებული მოდელი. ასეთი სტრატეგია გადამწყვეტია „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად. მეორე მხრივ, ეს ქვეყნის მართვისთვისაც უალტერნატივო მოდელია.

- როგორ აპირებთ საარჩევნოდ საკუთარი ხმების დაცვას? თქვენი შეფასეით, რამდენად მაალია არჩევნების მეორე ტურის გამართვის ალბათობა?

- ჩემი აზრით, მეორე ტურის ალბათობა არის. თუ პირველივე ტურში ვერ მოხერხდა ხელისუფლების კანდიდატის დამარცხება, მეორე ტურში გარანტირებულად გავიმარჯვებთ. 2020 წლისგან განსხვავებით, ჩვენ ბევრად უკეთ ვართ მზად ხმების დასაცავად. გასულ წელს, კოვიდ 19-ის გამო, ბევრმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ჩამოსვლა ვერ მოახერხა, სულ რამდენიმე ასეული დამკვირვებელი იყო. წელს კი, რამდენიმე ათასი დამკვირვებელი გვეყოლება. ვფიქრობ, ჩვენ ბევრად უფრო სერიოზულად მოვახერხებთ ხმების დაცვას, ვიდრე ეს გასულ წელს მოხერხდა.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით