შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ქვემო ქართლში ვაქცინაცია დღეისათვის მოსახლეობის მხოლოდ 3%-ს აქვს ჩატარებული

შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ქვემო ქართლში ვაქცინაცია დღეისათვის მოსახლეობის მხოლოდ 3%-ს აქვს ჩატარებული

ქვემო ქართლის რეგიონში, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეისათვის მოსახლეობის მხოლოდ 3%-ს აქვს ჩატარებული. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში მხარის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომელიც მარდალეიშვილის რუსთავის კლინიკაში ,,ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა.

შოთა რეხვიაშვილმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ჩაიტარონ აცრა, რადგან ვაქცინაცია და არსებული კოვიდრეგულაციების დაცვა, ეპიდემიის საბოლოოდ დამარცხების ერთადერთი გზაა.

,,საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ძალიან გამწვავებულია და მასობრივი ვაქცინაცია ერთადერთი გზაა ამ ეპიდემიის დასასრულებლად. მინდა მოვუწოდო ქვემო ქართლის, მთლიანად საქართველოს მოსახლეობას, რომ აიცრან და გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვების სიცოცხლეს, გაუფრთხილდნენ ჩვენი ქვეყნის მომავალს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს. დღეისათვის ქვემო ქართლის რეგიონში ვაქცინირებულია მთლიანი მოსახლეობის 3%, რაც ამ მასშტაბიდან გამომდინარე არ არის საკმარისი. არანაირი საფრთხე ამ ვაქცინას არ ახლავს, თავისუფლად უნდა მოვიდნენ ადამიანები სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ შეუფერხებლად ჩატარონ ვაქცინაცია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას მასობრივი ვაქცინაციისკენ“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული მარდალეიშვილის კლინიკაში რუსთავის მერთან ირაკლი ტაბაღუასთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ დავით ბეგაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ისინი კლინიკაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს გაეცნენ.