ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა კოვიდმიმღებ კლინიკებსა და ვაქცინაციის ცენტრებში, ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ დავით ბეგაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ირაკლი ტაბაღუა მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესსა და კოვიდმიმღებ კლინიკებში არსებულ მდგომარეობას, ადგილზე გაეცნო.
ქალაქის მერი, თავდაპირველად მარდალეიშვილის კლინიკაში, ქვემო ქართლის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მხარის რწმუნებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
ამასთან, რუსთავის მერი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში, ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, კლინიკა ,,რუსთავში“, რუსთავის მედიცინის სახლში და #2 სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრებშიც იმყოფებოდა.
,,რუსთავის კლინიკებში აბსოლუტურად ყველა საწოლი დაკავებულია, პაციენტების რაოდებონა საკმაოდ ბევრია. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვაქცინაციას სხვა ალტერნატივა არა აქვს. მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, რომ მიიღონ ეს გონივრული გადაწყვეტილება და ჩაიტარონ ვაქცინაცია. ქალაქში უკვე არის იმის ფუფუნება, რომ რეგისტრაციის გარეშეც მივიდნენ და ჩაიტარონ აცრა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.
დღეისათვის რუსთავში სამი კოვიდმიმღები კლინიკა ფუნქციონირებს, ინფიცირებულ მცირეწლოვან პაციენტებს მკურნალობენ ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოშიც. მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი, დღეისათვის ქალაქის ოთხ სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს, ხვალიდან კი ამცრელი პუნქტი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოშიც გაიხსნება. კოვიდ 19-ზე ტესტირება რუსთავის ყველა სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"