ფოთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

ფოთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

დარწმუნებული ვარ, მათი თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის და აუცილებლად ექნება შედეგი. მათი ხსოვნის წინაშე ჩვენი ვალია - არ შევეგუოთ და ვებრძოლოთ ოკუპაციას განათლებით, გონიერებით, ეკონომიკური განვითარებით, წინსვლით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვაჭარაძემ აღნიშნა, საქართველო დაკარგულ ტერიტორიებს აუცილებლად დაიბრუნებს.

„13 წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან. ეს ძალიან მძიმე და ამავდროულად საამაყო დღეა, როცა ჩვენ გვიწევს ჩვენი გმირულად დაღუპული გმირების საფლავზე მისვლა და პატივის მიგება.

ვუსამძიმრებ დღევანდელ დღეს მთელ საქართველოს და განსაკუთრებით გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს.

დარწმუნებული ვარ, რომ მათი თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის და აუცილებლად ექნება შედეგი. მათი ხსოვნის წინაშე ჩვენი ვალია - არ შევეგუოთ და ვებრძოლოთ ოკუპაციას განათლებით, გონიერებით, ეკონომიკური განვითარებით, წინსვლით. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს. ჩვენ ყველანი ერთად, ერთიან და მშვიდობიან ქვეყანაში შევძლებთ ცხოვრებას”, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ.

ამასთან, ფოთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს. ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აგვისტოს ომმა ფოთის 11 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავდა 80-ამდე ადამიანი.