კასპის პროფესიული კოლეჯის დირექტორმა მერაბ გოხელაშვილმა თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა

კასპის პროფესიული კოლეჯის დირექტორმა მერაბ გოხელაშვილმა თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ შეუერთდა.
როგორც გოხელაშვილი სოციალურ ქსელში წერს ყოფილი პრემიერის გუნდში ღირსება და პროფესიონალიზმი დაინახა, რაც მასში ძალიან დიდ სიმპატიას იწვევს.
„აქამდეც ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ქვეყნის მომავალი განვითარება განათლებულ საზოგადოებაშია.
ამაყი ვარ, რომ 1 წლის განმავლობაში კასპის პროფესიული კოლეჯი / Kaspi Vocational College-ს ვხელმძღვანელობდი. ძალიან მოკლე დროში, ჩემი გუნდის დაუღალავი შრომით, სამინისტროსა და დონორების ხელშეწყობით, ავაწყეთ და გავმართეთ კოლეჯი, როგორც ინსტიტუცია და შევძელით რეგიონში ახალგაზრდებისათვის თანამედროვე და საინტერესო პროფესიების შეთავაზება.
- ღირსება და პროფესიონალიზმი.
- აშენებული „სართულის“ პატივისცემა.
- შრომა საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ.
ეს 3 საკითხი არის პრინციპულად მნიშვნელოვანი არა დღეს და ხვალ, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე! სწორედ ეს გაიმეორა გახარიამ პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაციაზე და ჩემი დიდი სიმპატიაც დაიმსახურა!
ოჯახი და მეგობრები ჩემი ღირსებაა. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ვამაყობ ამით. ისინი არიან ყველგან, მათ შორის ერთმანეთთან „დაპირისპირებულ“ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებში. ამის გამო დავკარგოთ ერთმანეთი?! ეს წარსულში უნდა დავტოვოთ!
სამწუხაროდ, ჩემი დანიშვნიდან ზუსტად 1 წელში, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, მიწევს დავტოვო დირექტორის თანამდებობა სსიპ კასპის კოლეჯში და ჩემთვის საყვარელი საქმე, რომელსაც სიამოვნებით ვაკეთებდი. თუმცა წინ ბევრი საინტერესო გამოწვევა და მნიშვნელოვანი საქმეები საკეთებელი ჩვენი #საქართველოსთვის.
პ.ს. მადლობა კასპელებს გულთბილი მიღებისთვის და მთავარი მადლობა ჩემს უძვირფასეს თანამშრომლებს კოლეჯში“, - განაცხადა მერაბ გოხელაშვილმა.

























