"სინერჯი" 2021 წელს 7-მდე ახალი კომპანიის წილის შეძენას გეგმავს

"სინერჯი" 2021 წელს 7-მდე ახალი კომპანიის წილის შეძენას გეგმავს

როგორც „სინერჯის“ დირექტორის, პაპუნა ტოლიაშვილის, LinkedIn-ის პოსტიდან ირკვევა, "სინერჯი" მიმდინარე წელს 7-მდე ახალი მცირე და საშუალო ზომის კომპანიის წილების შეძენას გეგმავს.

მათგან 3 კომპანია უკვე შერჩეულია და შეთანხმების პროცესები სრულდება. ერთ-ერთია "უმალი" - თევზის გადამამუშავებელი ყველაზე დიდი ქარხანა ამიერკავკასიაში, რომელთანაც რამდენიმე კვირის წინ გაფორმდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება. მეორე კომპანია საცალო ქსელს წარმოადგენს ელექტროტექნიკის ბაზარზე, მესამე კი ღვინის ინდუსტრიაში წარმოების მასალების და დანადგარების წამყვანი იმპორტიორი კომპანიაა.

კითხვაზე, თუ რომელი სფეროს კომპანიების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს ახლა, პაპუნა ტოლიაშვილი პასუხობს:

„დარჩენილი 4 კომპანიის შერჩევის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე მათ არჩევას და წილების ყიდვის ორგანიზებას მოვასწრებთ.

პრიორიტეტად რჩება კვების და მსუბუქი მრეწველობის დარგი, განსაკუთრებით ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებები, რომელთა წლიური ბრუნვა პანდემიამდე 1 მლნ ლარზე მეტი იყო.

გვაინტერესებს განათლების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები, რომლებიც პანდემიამდე ან სასკოლო ასაკის ბავშვების არაფორმალურ განათლებაში იყვნენ ჩართული ან მოზარდების პროფესიულ-ტექნიკურ სწავლებაში მონაწილეობდნენ - ერთდროულად მინიმუმ 200 მოსწავლის სწავლების გამოცდილებით.

ჰორეკა სექტორიდან განსაკუთრებით საინტერესოა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც პანდემიამდე საქართველოში ტურისტების შემოყვანის და შიდა ტურების ორგანიზების გამოცდილება აქვთ, წლიური ბრუნვით 300 ათას ლარზე ზევით.”

სინერჯი კაპიტალის ზრდის კომპანიაა, რომელიც 2018 წლიდან ყიდულობს მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს და მათი ღირებულების ზრდაზე მუშაობს. ორგანიზაციას ამ დროისთვის 15 კომპანია ჰყავს პორტფელში.

(R)