თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში ეპიდვითარება საკმაოდ რთულია

აჭარაში ეპიდვითარება არის საკმაოდ რთული, თუმცა აბსოლუტურად მართვადი, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კონტროლი გამკაცრდა.
„ადგილზე იმყოფება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი და ჩვენს საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად დღეს დავაწესეთ ახალი შეზღუდვები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ერთის მხრივ შემცირდეს მობილობა, ასევე ინფექციის გავრცელების სისწრაფე. ამის პარალელურად, გამკაცრდა კონტროლი. შესაბამისმა უწყებებმა შეძლეს, მაქსიმალურად ეფექტურად იმ კონკრეტული ობიექტების გამოვლენა, რომლებიც არღვევდნენ შესაბამის რეგულაციებს და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, და მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მისივე თქმით, აჭარაში ვაქცინაცია ინტენსიურად მიმდინარეობს და შემდეგ დღეებში ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდება.
„დამატებით მობილიზდა ახალი კლინიკა, რომელიც გააჩენს დამატებით საწოლფონდს. ასევე, ვაქცინაციაც ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში შესაძლებელია ვაქცინის გაკეთება. მე მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ ამ შეზღუდვებთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, ყველას ვთხოვ, რომ ჩაიტარონ აცრა, ვინაიდან, ხელმისაწვდომობა გაზრდილია და კიდევ უფრო გაიზრდება შემდეგ დღეებში“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

























